რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და საზოგადოების რომელ ფენებს შეექმნებათ პრობლემები
სულ ახლახან ავსტრიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეგვიყვანა, სხვათა შორის, განასა და მონღოლეთთან ერთად, რაც ავსტრიაში საქართველოს ელჩმა დადებითად და ვიზალიბერალიზაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან ავსტრიაში დევნილის სტატუსის მიღება მეტად გაჭირდება (ვინაიდან უსაფრთხო ქვეყანაა, რომელშიც პოლიტიკური ნიშნით არავინ იდევნება). ზოგადად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გულისხმობს, რომ საქართველოდან მიგრანტებს ევროკავშირი აღარ მიიღებს. ამის პარალელურად კი, უკვე მიღებულია კანონი, რის მიხედვითაც, საქართველო ვალდებულია, მიიღოს ლტოლვილები (ისევე, როგორც ევროკავშირი). ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე გვესაუბრება.
– ყველა მოვლენას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. როგორ აისახება სხვადასხვა სოციალურ ფენაზე უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?
– ავსტრიამ მხარდაჭერა გამოხატა და გვაღიარა უსაფრთხო ქვეყნად, თუმცა ძალიან კარგად იცის, როგორი უსაფრთხო ქვეყანაცაა საქართველო. ავსტრია, როგორც მე ვიცი, ლტოლვილებს არ იღებს აღმოსავლეთიდან, ჩაკეტილი აქვს თავისი საზღვარი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. პირადად მე უვიზო მიმოსვლაში დადებითს ბევრს ვერაფერს ვხედავ. რა მოჰყვება ამას? ჯერ ერთი, ჩვენი საზღვარი ისედაც ღიაა; თითქოს დაკეტეს, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი და ისევ გახსნეს. არადა, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ უნდა გავიდეს ქვეყნიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უამრავი დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ ვინმე აკონტროლებს ამას ჩვენს საზღვარზე?! ამას გარდა, ჩვენთან ძალიან ბევრი შემოდის სწავლის მიზნით: ინდოეთიდან, აფრიკის ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ასე შემდეგ. ახლა ირანიც დაემატება. როდესაც ასეთი ღარიბია ქვეყანა, ხშირია ფიქტიური შერეული ქორწინებები, რასაც ასიმილაციისკენ მივყავართ. მართალია, სტატისტიკურად საქართველოში 84 პროცენტი ქართველია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, გადავხედოთ მოსახლეობის სტრუქტურას: ჩვენი მოსახლეობა დაბერებულია და სჭირდება განახლება. 20 წლამდე ახალგაზრდობა მოსახლეობის საერთო რაოდენობის 18 პროცენტია. ჩვენს ახალგაზრდებს, მადლობა ღმერთს, აქვთ სწავლის მოტივაცია და ცდილობენ უცხოეთში წასვლას სასწავლებლად და ქორწინების ასაკი გადაწეულია, მაგრამ ვინც აქ რჩება, იოლად ებმება ანგარებითი ქორწინების მახეში. როდესაც საქართველოში შემოდის უცხოელი და იცის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს ევროკავშირში თავისუფლად შესვლის უფლება, ფიქრობს ანგარებით ქორწინებაზე. ვერავის მოსთხოვ პატრიოტიზმს, რომც მოსთხოვო, ამის გამო არავინ იკლავს თავს, ამიტომ ისეთი სიტუაცია შეიქმნა ქვეყანაში, რომ, ოღონდ თავი ირჩინოს და ყველაფერზე მიდის ხალხი.
– რატომ არის საფრთხე ეს შერეული ფიქტიური ქორწინებები?
– ჯერ ერთი, შერეული ქორწინება არის ფიქტიური, მაგრამ აქედან რომ შევა ევროკავშირში როგორც საქართველოს მოქალაქე, ხომ ნახავენ ისინიც, რომ განსხვავდება საქართველოს მოქალაქისგან გარეგნულად?! მეორე მხრივ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ დარჩება მოსახლეობა ქვეყანაში?! მიგრაციას ახასიათებს ასეთი კანონზომიერება: გასულის ადგილს იკავებს შემოსული.
– ანუ, თუ ჩვენები წავლენ ევროკავშირში, მათ ადგილს დაიკავებენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები?
– არ არის გამორიცხული. ერთი პერიოდი ჩამოდიოდნენ ჩინელები. ახლა ჩამოვლენ ირანელები. ხომ შეიძენენ აქ ქონებას? ხომ დასახლდებიან?! ამასაც თავი რომ დავანებოთ და დავუბრუნდეთ ფიქტიურ ქორწინებებს, რომელთა რაოდენობა გაიზარდა. ეს საშიშროება შარშანვე ვივარაუდე, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე დაიწყო ლაპარაკი. მით უმეტეს, ჩვენთან ქორწინება ძალიან გამარტივებულია, ისევე, როგორც განქორწინება. აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შემოსულები, როგორც კი დაქორწინდებიან ჩვენს ქალებზე, ავტომატურად ხდებიან საქართველოს მოქალაქეები.
– მაგრამ დაქორწინება როგორ უნდა გაართულოს სახელმწიფომ? ეს შესაძლებელია?
– დათქმები უნდა იყოს და შეზღუდვები მოქმედებდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე. მათ შორის, უნდა შესრულდეს კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა. ჩვენ გვყავს ეთნიკური უმცირესობები, რომლებმაც ნატურალიზაციის გზით მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მაგრამ დღემდე არ უსწავლიათ სახელმწიფო ენა, თუმცა ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. მეტიც, არანაირი პოლიტიკა არ ტარდება ამ მიმართულებით. პირიქით, დაიხურა სახელმწიფო ენის პალატა: ქართველებს გვავიწყდება უკვე ქართული ენა და სხვებს რა უნდა მოვთხოვოთ?! ამიტომ უნდა შეიზღუდოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ ბოლო ექვს თვეში 700-800 შერეული ქორწინებაა აღრიცხული. არ გადამიმოწმებია ეს ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ 400-მდე საქმეა აღძრული საქალაქო სასამართლოში ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. ანუ მტკიცდება, რომ ეს ქორწინებები იყო ფიქტიური. ესე იგი, იმ 800-მა ადამიანმა, რომლებმაც ფიქტიური ქორწინებები გააფორმეს, ჩაიდინეს თაღლითობა და ამის გამო ხომ უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა?! აშკარად გამოჩნდა, რომ იმ 400 უცხოელს უნდა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა იმისთვის, რომ შევიდეს ევროკავშირში.
– თუ ფიქტიური ქორწინებების მიზანი ისაა, რომ საქართველომ შეასრულოს სატრანზიტო როლი, ხომ მაინც წავლენ ის ფიქტიური ქმრები ევროკავშირისკენ, აქ ხომ მაინც არ დარჩებიან? ანუ ჩვენ რა დაგვაზარალებს მაშინ?
– ჩვენი იმიჯი შეილახება ევროკავშირში. საქართველო გახდება გამტარი ქვეყანა აფრიკისა და აღმოსავლეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, ამიტომ ევროკავშირი შეგვიზღუდავს ამ უფლებას. ამდენად, ჩვენ თავად უნდა შევზღუდოთ საქართველოს მოქალაქეობის გაცემა და მაშინ ეს გზა შეიზღუდება ან გახანგრძლივდება. მაგალითად, ამერიკაში შვიდი წელი სჭირდება მოქალაქეობის მიღებას.
– და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია.
– ეს შეზღუდვა ჩვენთანაცაა, მაგრამ არ მუშაობს. ხომ გვინახავს ამერიკული ფილმები, როგორ დასდევს საემიგრაციო სამსახური შერეულ ქორწინებებს, რომ დაადგინოს, ფიქტიურია თუ რეალური?! ჩვენ კი არ გვაქვს ისეთი სამსახური, რომელიც გააკონტროლებდა ემიგრანტების ნაკადებს. არადა, უნდა გამოვარკვიოთ, ვინ არიან, რას აკეთებენ. დიდი ხანია, ვამბობ, რომ მიგრაციული პოლიციის მაგვარი ორგანო უნდა შეიქმნას. უნდა ავამოქმედოთ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ.
– საქართველომ უკვე მიიღო კანონი, რის მიხედვითაც მას აქვს ვალდებულება, მიიღოს ლტოლვილები იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც საომარი მოქმედებებია და ასეთი სტატუსი გაიცემა ერთი წლის ვადით. ჩვენს დევნილებს რა ბედი ეწევათ, რომლებიც სწორედ საომარი მოქმედებების გამო იქცნენ დევნილებად?
– ძაღლი შინ არ ვარგოდაო, ისე მოგვდის. საკუთარი დევნილებისთვის ვერ მიგვიხედავს და სხვების ლტოლვილების მიღებას ვაპირებთ. ვსვამ კითხვას: აფხაზეთიდან დევნილს რატომ უნდა მოუხსნას ევროკავშირმა ლტოლვილის სტატუსი?! რით განსხვავდება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ჩვეულებრივი მიგრანტისგან? იმით, რომ მათ უკან დაბრუნების საშუალება არ აქვთ. ჩვეულებრივი მიგრანტი ან სასწავლებლადაა წასული ევროკავშირში, ან შრომითი მიგრაციის გამო და ნებისმიერ დროს შეუძლია უკან დაბრუნება. არის თუ არა გათვალისწინებული ეს მომენტი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისას? ხომ შეიძლება, მათ უკან გამოუშვან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები?! რატომ ართმევენ მათ პოლიტიკური დევნილის სტატუსს?! ისინი ხომ პოლიტიკური დევნილები არიან, რადგან სწორედ პოლიტიკური დევნის გამო გამოაძევეს თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან?! თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენი აღარ არის?! დახედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეა და, რადგან საქართველოში პოლიტიკურად არავინ იდევნება, უკან გამოუშვებენ. ასეთი მომენტები ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული?! ერთი სიტყვით, ბევრი პრობლემური საკითხია, რაზეც მსჯელობა აუცილებელია. ჩვენ კი ხელის ერთი მოსმითა და ჩაღუნული თავებით ვთანხმდებით ყველაფერზე.
– იმას ამბობთ, რომ, ვინც ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს ევროკავშირში, მათ უკან გამოაბრუნებენ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ?
– არალეგალებისთვის, სხვათა შორის, მისაღებია უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, იმიტომ რომ, უფლება მიეცემათ, ლეგალურად იყვნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. მაგრამ ერთ მაგალითს მოგიტანთ: თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა შვეიცარიაში და განაცხადა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ჩემს მეგობრებს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მოჰკიდეს ხელი და დეპორტაცია გაუკეთეს. გასაგებია, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ, თუ ვინ არის პოლიტიკური დევნილი, რადგან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან წასული ადამიანები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნილები არიან.
– მაგრამ ძალიან ბევრს ყალბი საბუთებით აქვს მიღებული პოლიტიკური დევნილის სტატუსი. მაგალითად, იყო ასეთი მეთოდი: ვითომ გამოაქვეყნეს კრიტიკული წერილი გაზეთში და ამის გამო იდევნებოდნენ. გაზეთის ქსეროასლს კი საელჩოში წარადგენდნენ „ნივთმტკიცებად“.
– დიახ, ძალიან ბევრი წავიდა ასე.
– და უსამართლობა რატომაა მათი დეპორტაცია?
– ვინც წავიდა, უნდა, რომ ისარგებლოს ლტოლვილის სტატუსით, რომ შეღავათები მიიღოს, მაგრამ რატომ არ გვინდა, ვთქვათ, რომ ევროკავშირში ჩვენი სეპარატისტული ტერიტორიებიდან მიდის მოსახლეობა პოლიტიკური დევნის გამო?! ისევ მინდა, დავუბრუნდე ფიქტიურ ქორწინებებს: გავა გარკვეული დრო და ის ქორწინებები გაუქმდება, ამით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ფიქტიური ქორწინებები მექანიზმია ვიღაცის ხელში.
– და, ამის პარალელურად, გვაქვს ვალდებულება, მივიღოთ ლტოლვილები სირიიდან.
– ეს კიდევ ერთი პრობლემაა. რა გარანტიაა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს არ შემოჰყვებიან ტერორისტები ისლამური სახელმწიფოდან?! ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, ფაქტია, რომ ვაჰაბიზმი ძლიერდება ქვემო ქართლში, აჭარაში, პანკისში და, ამ დროს, მუსლიმანური სამყაროდან იღებ ლტოლვილებს. ვართ მზად ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად?! იმას ვამბობ, რომ საშიშროება გვემუქრება დემოგრაფიული კუთხითაც და ტერორიზმის გავრცელების მხრივაც. ვიცით, ვინ შემოჰყვება სირიელ ლტოლვილებს?! ხომ ვხედავთ, როგორ იქცევიან ისინი ევროპაში?! საქართველო გერმანია არ არის. რასაც გერმანელი მოითმენს, იმას არ მოითმენს ქართველი. თქვენ წარმოგიდგენიათ, ქართველმა ახალგაზრდამ მშვიდად უყუროს, როგორ მიაყენებს შეურაცხყოფას ქართველ გოგონას უცხოელი ლტოლვილი?!
– მაგრამ დადებითი მხარეც ხომ აქვს ერვოპასთან უვიზო მიმოსვლას?
– რა აქვს დადებითი?!
– გარკვეული სოციალური ფენისთვის გამარტივდება ევროკავშირში წასვლა, მის ბაზარზე გესვლა, განათლების მიღება, მოგზაურობა.
– რა თქმა უნდა, რაც მეტი წავა სასწავლებლად ევროპაში, მით უკეთესი, მაგრამ ეს გამოიწვევს მეორე საფრთხეს: ტვინების გადინებას. ეს საშიშროებაცაა. დაბრუნდება უკან იქ ნასწავლი?! ან, არის მზად ქვეყანა, დაასაქმოს უცხოეთში განათლებამიღებული კადრები?!
– ისინი დიდი ენთუზიაზმით არ იტოვებენ კადრებს, იმიტომ რომ ადგილობრივებს არ გაუწიონ კონკურენცია სამუშაო ადგილებში.
– სხვა ქვეყანაში გადავა. იქ უმუშევრობის დახმარებას მაინც აიღებს, აქ რას მიიღებს?! ვშიშობ, შეგვექმნება უმუშევარი ტვინების არმია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ, ჩვენ კი ყველაფერში ვჩქარობთ. მეორე მხრივ, სოციალური ადაპტაციის პრობლემაც ექნებათ აქ ჩამოსულ ლტოლვილებს და პირადად მე ეს უფრო დიდი საფრთხე მგონია, ვიდრე ჩვენების ევროკავშირში გასვლა. ხომ ვიცით, რომ ჩვენი ძალიან ბევრი მომღერალი თუ პიანისტი სულ უცხოეთშია, წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ აქ და იმღერებენ.
– აბა, რა ქნან? აქ მაქსიმუმ რესტორანში თუ იმღერებენ და დაუკრავენ.
– ფიზიკოსმა აქ სად იმუშაოს? ვშიშობ, ისე არ გამოვიდეს, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა ევროპაში ისევ მეეზოვეებად და მომვლელებად არ იმუშაონ. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ინტეგრაცია წინსვლისა და პროგრესისთვის გვინდა, მაგრამ აქ, ადგილზეც უნდა გვქონდეს ბაზა.