რა ოდენობის კრედიტები აქვს გამოტანილი ბანკებიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე 1983 წელსაა დაბადებული ქალაქ გორში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო 2000-2004 წლებში, სპეციალობით – „ფინანსები და საბანკო საქმე“. 2008-2010 წლებში კი გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა. მისი შრომითი ბიოგრაფია 19 წლის ასაკში დაიწყო, ანუ 2002 წელს შპს „კომპიუტერული სამყაროს“ ფინანსურ მრჩევლად, საიდანაც 2005 წელს საჯარო სამსახურში გადაინაცვლა, კერძოდ, 2006 წლამდე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს სპეციალისტი. მომდევნო წელს იმავე დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს უფროს სპეციალისტად დაწინაურდა. 2007-2008 წლებში კი მთავარი სპეციალისტიც გახდა. 2008 წლის ივლისში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, იმავე წლის 27 ოქტომბერს კი – ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსად. ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.
ბ-ნი კაკაურიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, რომელიც მან საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის კანდიდატის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა დედა – ქეთევან ქობლიანიძე, მამა – რევაზ კაკაურიძე და მამიდა – ლამზირა კაკაურიძე (ბ-ნ კაკაურიძეს თავისი ხელით შევსებულ დეკლარაციაში თავისი და ოჯახის წევრების დაბადების რიცხვები, რატომღაც, ბრჭყალებში აქვს ჩასმული).
იმხანად ოჯახის წევრების უძრავი ქონება შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ბ-ნ რევაზს ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, მუხიანის დასახლებაში (100 000 ლარად ღირებული), მიწის ორი ნაკვეთი ზესტაფონისა და გარდაბნის რაიონებში (5 000-5 000 ლარად ღირებული) და საცხოვრებელი სახლი ზესტაფონის რაიონში (30 000 ლარი); ქ-ნ ლამზირას კი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე (300 000 ლარი). ბ-ნი რევაზი, ასევე, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, როგორც შპს „მეგობრობის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ისევე, როგორც ქ-ნი ქეთევანი და ორივემ სამეწარმეო საქმიანობით, 18 000-18 000-ლარიანი შემოსავლები მიიღო. ხოლო გიორგი კაკაურიძის საჩინოვნიკო წლიურმა ხელფასმა 46 097 ლარი შეადგინა.
ბ-ნი კაკაურიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან უკვე ფინანსთა მინისტრის მოადგილის რანგში შეავსო. მისი ოჯახის ზემოჩამოთვლილ წევრებს დაემატნენ – 1985 წელს დაბადებული მეუღლე ადა ექიზაშვილი და ორი შვილი: 2014 წელს დაბადებული რეზი და 2015 წელს დაბადებული ნიკოლოზი. ზემოჩამოთვლილ უძრავ ქონებას კი შეემატა გიორგი კაკაურიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთი კარალეთში (6 000 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, ცუცქრიძის ქუჩაზე (38 კვ. მ.) და ქ-ნი ქეთევანის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა თბილისში, კუმისის ქუჩაზე (35 კვ. მ.). სამეწარმეო საქმიანობას კი ახლა უკვე ოჯახის სამი წევრი ეწევა: ბ-ნმა რევაზმა, როგორც შპს „მეგობრობის“ დირექტორმა – 4 425 ლარი მიიღო, ქ-ნმა ქეთევანმა, როგორც ინდმეწარმემ, 5 652 ლარი; ხოლო თავად გიორგი კაკაურიძეს, როგორც შპს „მეგობრობის“ პარტნიორს, ლარიც არ აუღია. შპს „მეგობრობის“ პარტნიორია, ასევე, ქ-ნი ქეთევანიც.
ბ-ნმა კაკაურიძემ 2014 წლის განმავლობაში, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, 82 212 ლარი აიღო წლიურ ხელფასად. 2015 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „თი ბი სი ბანკიდან“ 65 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა; მანამდე კი 2013-ში – 10 500 ლარი „საქართველოს ბანკიდან“, რომლის მომსახურებაც 2014-ში 4 825 ლარი დაუჯდა.