ყველანი – ველოსიპედებზე!
ანუ რა ბედი ელის დეკოლტეს?
შესაძლოა, იმიტომ, რომ საცობებს ვერაფერი მოვუხერხეთ: ან კი რა უნდა მოვუხერხოთ ისეთი, როდესაც ამ თბილისის ვიწრო-ვიწრო ქუჩებში დიდგაბარიტებიანი ავტოებით ვამჯობინებთ სიარულს და, ზედაც, მაინცდამაინც, არც მოძრაობის წესებს ვიცავთ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფი თბილისის ველოქსელის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს.
კონცეფციის მიზანი მეტად კეთილშობილურია. სახელდობრ, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, დედაქალაქში ეკოლოგიურად ჯანმრთელი სატრანსპორტო საშუალების, ანუ ველოსიპედის დანერგვა და, თანაც, წახალისება.
ამთავითვე ცნობილია, რომ ველოქსელის ძირითად მარშრუტებში სამი უბანი გამოიყოფა: ვაჟა-ფშაველას გამზირიდან პეკინისკენ; ჭავჭავაძის გამზირიდან ერეკლე მეორის ქუჩისკენ და ზაარბრიუკენის მოედნიდან აღმაშენებლის გამზირისკენ.
საპილოტე მარშრუტი კი ვაკის პარკის, „დედა ენისა” და რიყის პარკებს დააკავშირებს. ჯერჯერობით უცნობია, ველობილიკები ტროტუარებზე გაივლის თუ გზის სავალ ნაწილზე, თუმცა, თუ საცობებს გავიხსენებთ, გნებავთ, გზის სავალ ნაწილზე, გნებავთ – ტროტუარებზე (რომლებსაც ავტოები პარკირებით ავიწროებენ), რთული სათქმელია, ველოსიპედები მხოლოდ ეკოლოგიას გააუმჯობესებენ თუ მოძრაობას კიდევ უფრო გადატვირთავენ.
ამის პარალელურად, ევროპული ცხოვრების წესის კიდევ ერთი მიმართულებით დანერგვა იგეგმება (ჯერჯერობით მხოლოდ საზოგადოებრივი აქტივობის დონეზე) – კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა.
აქტივობები ფრიად მისასალმებელია: რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი მეტად საშურია (თამბაქოც კლავს და ავტოების გამონაბოლქვიც), იმედია, ამ ველოსიპედებითა და ჯანმრთელი ფილტვებით ჯანსაღ ხელფას-პენსიებამდეც ავმაღლდებით: ამ თუ არა, იმ ცხოვრებაში მაინც. –