უფასო იმიჯმეიკერი
ანუ უგრძნია კაცს
უნდა ვაღიარო, რომ ჩემს ყველაზე თამამსა და კრეატიულ მუზებს ჩვენი პრეზიდენტყოფილი აღვიძებს. ან კი როგორ არ გააღვიძებს, როდესაც ჭეშმარიტად გამორჩეულად გამაოგნებელია.
ჰოდა, რაკი არის, გასულ კვირას მეტად გამიმრთლა. გამიმართლა, ვინაიდან აწ კი ოდესის გუბერნატორმა, მაგრამ მაინც ჩვენებურმა ყოფილმა ქართულ მედიასივრცეში, სახელდობრ, „რუსთავი 2-ის“ ფლანგიდან კვლავ გაიბრწყინა.
გაიბრწყინა და განაცხადა: „ინტუიციურად არასოდეს შემშლია. 2012 წელს ჩვენ ყველა გამოკითხვით ვიგებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ წავაგებდით და ახლა რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ გამოკითხვები, ზუსტად ვიცი, რომ მოვიგებთ.“
ამის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ არანაკლებ სტაჟიანმა სახემ ბ-ნმა მაჭავარიანმაც (მიხეილი, რადგან ვანო სულ სხვა ფონდშია), შეაშველა ხმა და დაუბეჭდა: „თქვენ, რა, ეჭვი გეპარებათ, რომ არჩევნებს ჩვენ მოვიგებთ? ეს ასე იქნება და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.“
ერთ-ერთ „ობიექტურ მიზეზად“ ბ-ნი მაჭავარიანი (ისევ მიხეილი) შემდეგს აცხადებს: „ნაციონალური მოძრაობა“ 2000 წლიდან არსებობს. არჩევნების მოგებაში ის გამოცდილებაც დაგვეხმარება, რომელიც დაგვიგროვდა. უუნარო ხელისუფლების შემხედვარე მოსახლეობა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქმის კეთება ჩვენს პარტიას შეუძლია. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა სფერო გაანადგურა, მათ შორის – ჯანდაცვის.“
მე არ გადავეფარები ჯანდაცვის რეფორმას, როგორც ამბრაზურას, ვითარცა მატროსოვი (არ სჭირდება და იმიტომ), არც იმ საქმეებს გავიხსენებ, ბ-ნი მაჭავარიანის პარტიასთან რომ ასოცირდება, მაგრამ, სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის თავზე „ქართული ოცნების“ იმიჯმეიკერის ფუნქცია აუღია. მხოლოდ ისღა დაგვრჩა გასარკვევი: ენთუზიაზმით თუ მაინც ფასიანად?! –