გაღვთისმოსავებული
„ილოცე ძილის წინ, დეზდემონა“?!
თითქოს მოსაგვარებელი პრობლემები გვაკლდეს, შესაძლოა, უსაქმო კაცისა და მახათის ურთიერთმიმართების გამო, ან, სულაც, სხვა მიზეზით, აქტუალურობა შეიძინა საკითხმა, უნდა დაიწყოს თუ არა ლოცვით სასწავლო დღე სკოლებში, რაზეც მოქმედმა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია, რამაც ავანსცენაზე გამოსვლა მის ერთ-ერთ ყოფილ კოლეგასაც აიძულა. სახელდობრ, ბ-ნი შაშკინი (სხვათა შორის, არა მხოლოდ განათლების, სასჯელაღსრულებისა და თვით თავდაცვის ნამინისტრალიც), რომელიც არ ეთანხმება (განა შექსპირს) ქ-ნ სანიკიძეს, სადაც ის ამბობს, რომ მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება.
ვინაიდან, ბ-ნი შაშკინის აზრით, „არც მინისტრს და არც პედაგოგს უფლება არ აქვს, არც აკრძალოს და არც დააძალოს ლოცვა. ყველა ადამიანი, მათ შორის, ბავშვიც, არის პიროვნება, ის არის აბსოლუტურად თავისუფალი, დაიწყოს გაკვეთილი ლოცვით ან არ დაიწყოს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.“
თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ბ-ნი შაშკინის მინისტრობისას გამოჩნდა საქართველოს საჯარო სკოლებში პოლიციური ელემენტი – მანდატურების სახით (რასაც პედაგოგიკასთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც მე – იუპიტერთან), აწ კი იგივე ბ-ნი შაშკინი ბავშვის პიროვნული თავისუფლების საკითხს ჩაღრმავებია, ჩნდება ეჭვი, რომ მინისტრის სამი სავარძლიდან წამოდგომის შემდეგ მასში ღვთისმოსავსაც გაუღვიძია. –