ცეკვა-სიმღერა
რაც არ ეპატიება ხარს, ეპატიება იუპიტერს
თუმცა ბ-ნმა კორკოტაშვილმა რფ-ის საზოგადოებრივი არხის ეთერში, სახელდობრ, გადაცემა „საღამოს ურგანტში,“ გასული წლის ნოემბერში წაიღიღინა, ჩვენებურებმა ფაქტი მიმდინარე წლის თებერვილის მიწურულს დაგმეს, მოტივით – რუსეთი ოკუპანტია.
ცხადია, რუსეთი ოკუპანტია და ცეკვა-სიმღერაც პოლიტიკისგან შორსაა, მაგრამ, მაინცდამაინც, გულს არც მე მომეფონა ეს ამბავი, ოღონდ, არა იმდენად, რომ ხსენებული მოღიღინე მთლად ერის მოღალატედ შემერაცხა.
ამასობაში კი, სანამ, განსაკუთრებით, ფრონტის „ნაციონალური“ ხაზიდან პატრიოტული ისრები ცვიოდა, პათოსით: რას მიქვიან ოკუპანტთან სიმღერაო, გაირკვა, რომ ქ-ნმა ანანიაშვილმა მოსკოვში იცეკვა (და არცთუ პირველად 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ). ხოლო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბ-ნმა გრიგოლ ვაშაძემ (ქ-ნი ანანიაშვილის მეუღლემ) საზოგადოებას მიმართა და, ისინი, ვისაც რუსეთი ოკუპანტად მიაჩნია, თვე-ნახევარში საპროტესტო აქციაზე დაპატიჟა.
მომყავს ციტატა, ბ-ნი ვაშაძისა, რასაკვირველია, რათა უფრო ზუსტად გავარკვიოთ, ვის გულისხმობს „პატრიოტებში“: „ყველას – ვინც მიიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ოკუპანტთან თანამშრომლობა დანაშაულია, ყველას, ვინც ირჩევთ ევროპულ მომავალს, განვითარებასა და პროგრესს.“
მე არ ვიცი, მიაჩნია თუ არა ბ-ნ ვაშაძეს ოკუპანტის გულში ცეკვა თანამშრომლობად (თანაც – არც მეტი, არც ნაკლები, 25 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების დასაქცევ დღეს), მაგრამ ის ეჭვი კი დანამდვილებით ჩნდება, რომ საზოგადოების ადეკვატურობაში თავად მას დიდზე დიდი ეჭვი ეპარება. –