რატომ ვერ მიაღწია თათია სამხარაძის ოჯახმა ქორწილამდე და როგორ დაუდგა ქმართან დაშორების შემდეგ მას გვერდში შალვა რამიშვილი
თათია სამხარაძის გმირებს მაყურებლის ყურადღება არასდროს აკლდა, თუმცა ბოლო დროს, „ილო ბეროშვილის შოუს“ გმირი ტასო ბარნოვა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ბუნებრივია, ინტერესი მატულობს, თავად თათიას კადრს მიღმა ცხოვრებისადმიც. აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, მისი პირადი ცხოვრება ისეთივე წარმატებით არ ვითარდება, როგორც კარიერა. გარკვეული მიზეზების გამო, ის მეუღლეს დაშორდა, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.
– თათია, როგორი რეაქცია აქვთ უცნობებს შენი დანახვისას?
– ძირითადად, თბილად მხვდებიან და ფოტოს გადაღება უნდათ. ახალი წლის პერიოდში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვიყავი დასთან, სიძესთან და სიძის მეგობართან ერთად. 15-16 წლის ნასვამი ბავშვები მოვიდნენ ფოტოს გადასაღებად. დაახლოებით შვიდნი იყვნენ და გადაღებისას სიძის მეგობარი გვერდით მედგა. მაინც, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ ბავშვები და წასვლისას მოაძახეს: ჩემს შეყვარებულთან ვინმეს ამდენი სურათი რომ გადაეღო, გავხევდი ცემაშიო (იცინის). სოციალურ ქსელშიც ბევრი მწერს. ერთი ტიპი მუდმივად სასიყვარულო ლექსებს მიგზავნის, მაგრამ ვინაა – არ ვიცი. არადა, დაახლოებით ერთი წელია, ყოველ კვირა მწერს. როგორც ჩანს, ძალიან გრძელვადიანი გეგმა აქვს. ერთხელ ვკითხე, ამ ლექსებს შენ წერ-მეთქი? თუმცა, არ მიპასუხა და მერე ისევ ლექსი მომწერა (იცინის).
– პროფესიით მსახიობი ხარ?
– არა. თეატრალური უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და GAU-ს პიარსკოლა მაქვს დამთავრებული. მეორე კურსიდან, საპარლამენტო არჩევნების დროს, „ქართული ოცნების“ შტაბის კრეატიულ ჯგუფში ვმუშაობდი. გამარჯვების შემდეგ, ცოტა ხნით არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ვიმუშავე და შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის შტაბის პიარის დეპარტამენტში გადავედი. სწორედ იქიდან გადმოვყევი შალვა რამიშვილს ტელევიზიაში, სადაც უკვე ყველამ იცის, რასაც ვაკეთებ.
– შალვა რამიშვილთან ერთად პოლიტიკაში წასვლის ცდუნება არ გაგიჩნდა, როცა პოლიტიკურ გადაცემაზე დაიწყო მუშაობა?
– შალვა წავიდა პოლიტიკურ წამყვანად, იმიტომ რომ, მას ის საქმე კარგად გამოსდის. მე ეს უფრო გამომდის, ვიდრე ის, რასაც ადრე ვაკეთებდი. ამიტომ, იქ დავრჩი, სადაც ვარ. ზოგადად, ძალიან არ მიყვარს დრესკოდი: ქუსლები, ქვედაბოლოები და პერანგები ჩემი არაა. ამიტომ, როცა პიარში ვმუშაობდი, მისი დაცვა ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა იყო (იცინის).
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდი.
– კი, შვიდთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. ქორწინებამდეც შვიდი თვე ვიყავით ერთად. მოკლედ, დაქორწინებაც და დაშორებაც ძალიან სწრაფად მოხდა. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, დროს მნიშვნელობა არ აქვს. რომეო და ჯულიეტას სიყვარული სულ სამი დღე გრძელდებოდა. ჩვენთან ყველაფერი სწრაფად და გამძაფრებულად მოხდა. რამდენადაც დიდი იყო სიყვარული, იმდენად დიდი აღმოჩნდა ტკივილი და რამდენადაც ტკბილი იყო დაქორწინება, იმდენად მწარე – განქორწინება. ოფოციალურ ქორწინებაში არ ვყოფილვართ. ხელის მოწერას გაზაფხულისთვის ვგეგმავდით და ქორწილიც უნდა გადაგვეხადა, მაგრამ იქამდე აღარ მივიდა საქმე. თანაცხოვრება ძალიან რთული აღმოჩნდა და მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ხასიათი გვქონდა. თან, ასაკობრივი სხვაობაც თავისას შვრება. ჩემი მეუღლე ჩემზე 12 წლით უფროსია და მისთვის დამთავრებული ეტაპები ჩემთვის ახლა იწყებოდა. შესაბამისად, ერთმანეთს ავცდით და დაშორების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. სხვა მხრივ, ის ფანტასტიკური პიროვნებაა. დღემდე ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ. უბრალოდ, თანაცხოვრება არ გამოგვივიდა.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– მისი ცუდი ყოველთვის მეწყინება და კარგი ყოველთვის გამიხარდება. ყოფილ ქმრებთან მეგობრობის კი არ მჯერა. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს კომუნიკაცია. თუ ადამიანს შორდები, ესე იგი, ურთიერთობაში რაღაც გატყდა და მის შეწებებას აზრი აღარ აქვს. ამ ეტაპზე გადაკვეთის წერტილებს ვერიდებით, რადგან ჯერ მაინც მტკივნეულია ეს ყველაფერი.
– რამდენი ხანია, რაც დაშორდით?
– ნოემბრის დასაწყისში დავშორდით. ეს იყო ყველაზე რთული, რაც კი შეიძლებოდა, ცხოვრებაში დამმართნოდა. განშორება ძალიან ძნელად გადავიტანე. საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი, რომ რამე გამეკეთებინა. განსაკუთრებით ტელევიზორში გამოჩენა მიჭირდა. თუმცა, ვჩანდი, იმიტომ რომ, ტელევიზიას ჩანაწერებითაც შეუძლია მუშაობა. თორემ, იმ პერიოდში სამი კვირა სახლში ვიყავი, ფარდები ჩამოვუშვი და ძირითადად, ვტიროდი. ამ ყველაფერმა სამ კვირაში გადაიარა, რაშიც უდიდესი როლი ჩემმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა შეასრულეს. განსაკუთრებით შალვა დამიდგა გვერდში. ტელევიზია შენს სამკვირიან გლოვას არ დაელოდება და ამიტომ, მინდა, შალვა რამიშვილს თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, ჩემს მეგობრებსაც, რომლებმაც სპეციალურად აიღეს შვებულებები, რომ გვერდით მყოლოდნენ.
– ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– მშობლები ჩემი ოჯახის დანგრევას ძალიან რთულად შეხვდნენ. ასაკით უფროსები არიან და მათთვის ეს ტრაგედიაა. თუმცა, გამიგეს და სახლში დამაბრუნეს. ახლა ისევ მშობლიურ სახლში ვცხოვრობ.
– ქმართან დაშორების შემდეგ, ალბათ, შენი თაყვანისმცემლები გააქტიურდნენ.
– არა. ან, შეიძლება, ყურადღებას არ ვაქცევ. გაშორების შემდეგ ახალი არავინ გამიცვნია. ამ ფაქტით გამოწვეული ჭრილობები ჯერ ახალია და მგონია, ურთიერთობის ნებისმიერი მცდელობა ამ ჭრილობაზე მარილის დაყრა იქნება და მეტი არაფერი. ამიტომ, თავს ვიკავებ.
– ვალენტინობასთან დაკავშირებით შენი ძალიან სასაცილო ვიდეო გავრცელდა. თვითონ როგორ გაატარე ეს დღე, განსაკუთრებული საჩუქარი თუ მიგიღია, ზოგადად, ვალენტინობას?
– ვალენტინობას „მისტერ ვალენტინის” კონკურსის გადაღებაზე ვიყავი და სიუჟეტს ვამზადებდი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი იყო და არც საჩუქარი მიმიღია. ზოგადად, მახსოვს, ერთხელ უცნობმა მომართვა საჩუქრები დიდი პარკით, რომელშიც ყველაფერი ვარდისფერი იყო: შამპანური, ვარდები, სუნამო და გულის ფორმის შოკოლადები. მაგრამ დღემდე არ ვიცი, ვისგან იყო.
– ტასო ბარნოვა რამით გგავს?
– საერთოდ არა, თუმცა ხუთი სკოლა მაქვს გამოცვლილი და ბევრ მისნაირ გოგოს შევხვედრივარ. ასეთები ნამდვილად არსებობენ ჩვენ გარშემო და ტასოს საშუალებით ხაზს ვუსვამთ, თუ რა სასაცილოა სნობური შეხედულებები, ამიტომაცაა ეს გოგო კომიკური. ხოხბის გარდა, ყველა ჩამოსულია, ვინ და როდის? – ამაზე აქცენტის გაკეთება კი, ნამდვილად სნობიზმია.
– შენ როგორი გოგო ხარ? მაგალითად, საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?
– კი. ძალიან გემრიელ საჭმელებსაც ვაკეთებ და დალაგებაც მიყვარს. ეს ნერვებს მიმშვიდებს. მაგრამ, სახლში, სადაც საყვარელი დედაჩემია, არაფერს ვაკეთებ (იცინის). იმიტომ კი არა, რომ არ ვიცი, უბრალოდ, სამსახურის გამო ამისთვის აღარც დრო მრჩება და აღარც ძალა. თორემ, როცა გათხოვილი ვიყავი, ხაჭაპურსაც ვაცხობდი და კომპოტს ვხარშავდი. არ მესმის გოგოების, რომლებიც ამბობენ, კვერცხის შეწვა არ შემიძლიაო. თუ საჭირო გახდება, ყველას ყველაფერი შეგვიძლია. ოჯახის საქმეების კეთება ბავშვობიდან მეხერხებოდა. სკოლაში რომ ვსწავლობდი, მშობლები მუშაობდნენ. სახლში რომ მოვდიოდი, კარს მეზობელი მიღებდა. მე თვითონ კი საჭმელსაც ვიცხელებდი, კარტოფილსაც ვიწვავდი, მჭადსაც ვიცხობდი. მერე ჩემს თეფშს გავრეცხავდი და სამეცადინოდ ვჯდებოდი. არადა, სულ ექვსი წლის ვიყავი. პარალელურად, ძალიან კარგადაც ვსწავლობდი და სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე.