კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ადარებენ მადამ ტიუსოს ნანა ბედიაშვილს და როდის გადასცა მან პატრიარქს თავისი გაკეთებული თოჯინა

თოჯინა უსულო ნივთია და მას არანაირი ემოცია არ გააჩნიაო, ნამდვილად ვერ იტყვით ნანა ბედიაშვილის კოლექციის ნახვის შემდეგ. თითოეული ფოჯინა არის პერსონაჟი, საოცრად მეტყველი ხასიათებითა და ისტორიით. მოღიმარი, ლამაზი, ნაზი, ფერადი თოჯინები ცვილის ფიგურების სამყაროში გადაგიყვანენ, მათ შემქმნელს კი თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ქართველი მადამ ტიუსო.”
– ქალბატონო ნანა, როგორ დაიწყეთ ეს საქმიანობა?
– ჩემმა მეგობარმა გააკეთა ნაჭრის მარიონეტი, რომელსაც სახე ძალიან ლამაზი ჰქონდა, ხელები კი – ცოტა უხეში. გადავწყვიტე, უფრო ნაზი და დახვეწილი ხელები გამეკეთებინა. იმ პერიოდში უშუქობა იყო და სანთლები გვენთო ხშირად, სანთლის ჩამონაღვენთს ვათამაშებდი ხელში,  რაღაც ფორმას ვაძლევდი, მაგრამ, სანთელი, ხომ იცით, მალე კარგავს ფორმას. სახლში რემონტი მქონდა და, გადავწყვიტე, „შპაკლი” შემერია სანთლისთვის. ისე სასიამოვნოდ ითლებოდა ეს მასალა, რომ, ხელი კი არა, თავი გავაკეთე. მერე სახის გამომეტყველებაც დავხვეწე და უფრო ღრმად ჩავერთე ამ საქმეში. თავიდან ზღაპრის გმირებით დავიწყე – წითელქუდა, ფიფქია გავაკეთე. მარტო ფიფქია საკმარისი არ იყო და ჯუჯებიც მივამატე. ასე დავიწყე თოჯინების დამზადება.
– პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ხართ. რატომ ხელოვნების სფერო არ აირჩიეთ?
– არ ვიცი, მაშინ უფრო რთულად მეჩვენებოდა აკადემიაში ჩაბარება, თან, ცოტა „ჩაწყობაც” უნდოდა (იცინის). ფრანგული ძალიან მიყვარდა. სკოლაში რომ დავიწყე ამ ენის შესწავლა, იმის მერე მოხიბლული ვიყავი. ექვსი წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით. რაც შეეხება ხელოვნებას, რომ გითხრათ, ბავშვობიდან ვხატავდი-მეთქი, ტყუილი იქნება. საერთოდ, მომწონდა ხატვა, მაგრამ განსაკუთრებული ამ სფეროში არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, მასწავლებელი რასაც დაგვავალებდა, სიამოვნებით ვაკეთებდი და სულ ხუთიანებს ვიღებდი (იცინის). ხატვა არ ვიცი, უბრალოდ, შეიძლება, რაღაცა გადმოვხატო და მივამსგავსო. ხატვასთან სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს – რაღაც შიშივით; მგონია, რომ ვერ გავაკეთებ. ალბათ, უფრო მოქანდაკის ნიჭი მაქვს, ვიდრე მხატვრის.
– არც თქვენს მშობლებს ჰქონიათ ხელოვნებასთან ან ხელსაქმესთან შეხება?
– არა, დედაჩემი მხოლოდ კერავდა. კერვა და ქსოვა მეც მეხერხება. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ჩემი შეკერილი პალტოთი დავდოდი, მერე მეგობარსაც შევუკერე და ძალიან მოსწონდა. მაშინ არ იყიდებოდა ტანსაცმელი და, რაც მომეწონებოდა, ვცდილობდი, შემეკერა, თუმცა თოჯინებისთვის ცოტა მეზარება კერვა.
– თოჯინის დამზადების პროცესში საყვარელი საქმე რომელია? როგორც ჩანს, ტანსაცმლის შეკერვა არა.
– გამომეტყველების მიცემა მიყვარს. საერთოდ,  სახეს სხვადასხვა მეთოდებით აკეთებენ. მე მხოლოდ ხელით ვმუშაობ, სხვაგვარად არ შემიძლია – არ გამომივა ისეთი, როგორიც მინდა. აუცილებლად უნდა ჩავწვდე კონკრეტულ თოჯინას, რაღაც გრძნობა, გამომეტყველება უნდა მივცე. ერთნაირი სახის თოჯინები არ მომწონს. სხვათა შორის, ადრე მეუბნებოდნენ, რომ მოწყენილები იყვნენ ჩემი თოჯინები. მიყვარს ფორმის მიცემა, ტანის ჩამოთლა. აი, მათი ჩაცმა კი არ მიყვარს – ეს უკვე იძულებითი საქმეა. თავიდან არ ვაქცევდი ჩაცმულობას ყურადღებას, მერე კი, სხვა, გადაპრანჭულ თოჯინებს რომ შევხედე, ვცადე, შემეცვალა რაღაც, მაგრამ არ გამომდის. მე თვითონაც არ მიყვარს გაპრანჭვა და, ალბათ, ჩემი ხასიათიც ჩანს თოჯინებში.
– უცხოეთში თუ გაგიტანიათ თოჯინები? ვიცი, რომ „ქართველ მადამ ტიუსოს“ გეძახიან.
– უცხოეთში არასდროს გამიტანია, მაგრამ უცხოელებს აქ უყიდიათ. ერთი ჩემთან სახლში მოვიდა და ისე შეიძინა. ფოლკლორის ცენტრში ქართველ მეთოჯინეებთან ერთად ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ პერსონალური გამოფენა არ მქონია. პირველი გამოფენა მქონდა ერთ-ერთ კაფეში – ყველა თოჯინა წარმოვადგინე. ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნეტავი რატომ მოსწონდათ ისინი. უკვე დავხვეწე და ადრინდელი ნამუშევრები დიდად აღარ მომწონს (იცინის). ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ ქართველი მადამ ტიუსო ხარო. ისე, რომ ვთქვა, ასე მომიხსენიებენ-მეთქი, ასე არაა. თან, ვერც შევადარებ ჩემს თოჯინებს ტიუსოსას, იქ უფრო მაღალ დონეზე და სულ სხვა ტექნოლოგიით ამზადებენ.
– დიდი ხანია, რაც საკუთარ თავში ეს ნიჭი აღმოაჩინეთ?
– საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე – 2000 წელს. ჩემი თავი ნამდვილად ვიპოვე ამ სფეროში და მას შემდეგ გულით, სულითა  და მთელი არსებით ვარ ჩართული ამ საქმიანობაში.
– სულ თავიდან ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ახალ საქმიანობას?
– ჩემს მეუღლეს გაუკვირდა, რომ ნახა, მაგრამ მოეწონა. როცა მოსწონთ, არ ბრაზდებიან და გეხმარებიან (იცინის). თავიდან სამზარეულოში ვმუშაობდი და, ხან ჩაიდანი მიშლიდა ხელს, ხან – ქვაბი. ჩემები მეხმარებოდნენ, არ მიშლიდნენ ხელს. ზოგჯერ ხდებოდა, როცა რაღაც ისე არ იყო ამ საქმიანობის გამო, მაგრამ, არ მსაყვედურობდნენ – ალბათ, მოსწონთ და იმიტომ; თან, მეც იმდენად ჩართული ვარ, ვერ მიბედავენ რამის თქმას (იცინის).
– რამდენ თოჯინას ითვლის თქვენი 16-წლიანი კოლექცია? ისეთი ფიგურები გაქვთ გაკეთებული, როგორებიცაა: ნიკო ფიროსმანის მეეზოვე და მარგარიტა, ჩარლი ჩაპლინი...
– სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია. თან, ზოგი გავაჩუქე, ზოგი გავყიდე. საბოლოო ჯამში, 100-ზე მეტი მექნება, დაახლოებით 150-მდე. თვითონ ფიროსმანის გაკეთება მინდა, მაგრამ, შეიძლება ისეთი არ გამოვიდეს. ძალიან მიყვარს ჩარლის კეთება, სამი ჩარლი მაქვს გაკეთებული. პატრიარქის ფიგურაც გავაკეთე და სამებაში გამოფენის დროს თავად გადავეცი საჩუქრად.

скачать dle 11.3