რა ვიცით ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის შესახებ და რა პრობლემებს ვუქმნით ამ სფეროში მწირი ცოდნით ჩვენს შვილებს
ბევრს არ ესმის, რა საჭიროა ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის არსებობა. ზოგიერთი დედა კი, მიუხედავად იმისა, რომ შვილს გინეკოლოგიური პრობლემები აწუხებს, სავსებით შეგნებულად არ მიმართავს ექიმს, რადგან მიაჩნია, რომ ეს პრობლემები ზრდასრულ ასაკში უნდა მოგვარდეს. არის თუ არა ეს სერიოზული შეცდომა? – ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ექიმი, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი, მეანი ეკა თედოზაშვილი გვესაუბრება.
– ქალბატონო ეკა, საერთოდ, რა იცის ჩვენმა საზოგადოებამ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის შესახებ, ანუ, რატომ არის მწირი ჩვენი ცოდნა ამ სფეროში?
– სამწუხაროდ, ჩვენი მენტალიტეტიდან და საზოგადოებრივი შეხედულებებიდან გამომდინარე, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიის შესახებ ცოდნაც და ინფორმაციაც ძალიან მცირეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება გაუნათლებელია. პრობლემა ისაა, რომ ისინი გვერდს უვლიან ამ თემას, რადგან ერიდებათ და ამიტომ ეს საკითხი ტაბუდადებულია.
– რა პრობლემებს ქმნის ჩვენი უცოდინარობა ბავშვთა გინეკოლოგიაში?
– ჩვენი უცოდინარობა ამ საკითხში ავითარებს და აღრმავებს იმ პრობლემებსა და დაავადებებს, რომლებსაც ქალი ებრძვის უკვე ზრდასრულ ასაკში, რადგან მათი უმრავლესობა სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს. ხშირ შემთხვევაში, ბევრი ენდოკრინული და გინეკოლოგიური დაავადების, მათ შორის უშვილობის ფესვები, ბავშვობის ან მოზრდილობის ასაკში უნდა ვეძიოთ და ასეთი პაციენტი საკმაოდ ბევრი მყავს.
– მართალია თუ არა, რომ მოზარდთა გინეკოლოგიური პრობლემები გაცილებით რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია?
– მოზარდთა გინეკოლოგიური პრობლემები ძალიან ღრმა და რთულია, რადგან შერწყმულია სხვადასხვა ორგანოს პათოლოგიებთან. დაუყონებლივ საჭიროა არა მარტო გინეკოლოგიური პრობლემების, არამედ სხვა სისტემებისა და ორგანოების პათოლოგიების გამორიცხვა, მერე კი – მკურნალობა. ამიტომ ყველა დედას ვურჩევ, ჩვილობიდანვე მეტი ყურადღება მიაქციონ შვილების ჯანმრთელობას და დროულად მიმართონ ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგს; გაიარონ კვალიფიციური კონსულტაცია. მიიღონ საჭირო რჩევები; რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდა თაობის ჯანმრთელობა და რეპროდუქციული ფუნქცია.
P.S. ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგი ეკა თედოზაშვილი
ტელეფონი: 597 989 848.