რატომ არის საშიში უმისამართო ფიქრი და შესაძლებელია თუ არა წარსული ბედნიერი წამების ხელმეორედ გამოწვევა
როგორც ამბობენ, ყოველი ჩვენგანი კონკრეტული ვარსკვლავის მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ როგორი ბედისწერის ვართ. ასევე, არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებითაც ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. უმისამართო ფიქრი კი არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლალი ამბობს, საჭიროა, გამოვიმუშავოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს.
ლალი: ადამიანი ფიქრის საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ ცხოვრებისეულ აზრს, რაც მის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და, ასევე, ფიქრის წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. შესაძლოა, ამაში ბევრი არ დამეთანხმოს და თქვას, სულ პრობლემების მოგვარებაზე ვფიქრობ და რატომ არ მიმართლებს, რატომ ვერ ვშოულობ ფულსო. მე კი გეუბნებით, რომ უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც არამიზნობრივი შრომა. უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს.
– ეს როგორ შევძლოთ?
– როდესაც კონკრეტულზე მიზანდასახულად ფიქრობთ, ამ დროს თქვენს ქვეცნობიერში ხდება აზრ-ფორმის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული პიროვნებისთვის. შეხედეთ თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, სიტუაციებსა და ადამიანებს ისე, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას. ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისეთი მიიღეთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს, ანუ, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ.
– ამბობენ, რომ სამყაროში არსებობს განზრახვებისა და სურვილების კანონი და, თუ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ის, მაშინ ოცნებებიც აგვიხდება. ეს მართალია?
– დიახ, არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი და მისი შესრულებით ადამიანს ოცნებები უსრულდება. აქ მარტივი წესია დასაცავი: უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე თქვენი სურვილები და ეს სია ყოველთვის თან ატარეთ – ჩანთით ან ჯიბით, მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასეთი წესით თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში. როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ თითოეული ჩვენგანი სამყაროზეა დამოკიდებული, სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ, ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება მიაქციონ ყველა წვრილმანს და ამით თავად დაიცავენ საკუთარ სიცოცხლესა და თავს შესაძლო საფრთხისგან.
– გამოდის, რომ ჩვენი ქცევა და აზრი გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და, რასაც სამყაროში ვგზავნით ჩვენი ენერგეტიკით, ის ბუმერანგივით გვიბრუნდება და თავისი შედეგები მოაქვს?
– დიახ, ადამიანის საქციელიც და აზრიც გარკვეული ენერგიაა და, გვინდა თუ არა, ჩვენდა უნებურად, ჩვენი აზრები და ქცევები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ იმკის, როცა უკვე გვიანაა რამის შეცვლა და გამოსწორება. ზოგადად, აზრობრივი ენერგია ძალიან საშიში ენერგიაა ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანისა შურს, ამით ის მას უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს: ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა და სწორედ ეს ენერგეტიკა უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ, თუ გსურთ, რომ არ ავნოთ სხვას, კეთილი შურითაც კი არასდროს შეგშურდეთ. აზრის მაგიას შეუძლია წარმატების მოტანა, მაგრამ მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. ამის სპეციალური ხერხები და მეთოდები კი ეზოთერიკაში არსებობს. მაგალითად, დაჯექით მშვიდ გარემოში და გაიხსენეთ ისეთი მომენტები და პერიოდები, როდესაც თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდით, ვინ იყვნენ თქვენ გვერდით, როგორ მოქმედებდით, რას ამბობდით, ფიქრობდით და ასე შემდეგ. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და, მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნამდვილად გაიხსნება. ასეთი აზროვნება სასიკეთოდ მოქმედებს და წარმატებებსაც აუცილებლად მალევე მოგიტანთ. აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც მეტად სწორად იხარჯება ენერგია და სწორ მიმართულებას აძლევთ მას, მით მეტად წარმატებული ხართ. იღბლიან ადამიანებს კი ეს ადვილად გამოსდით. ადამიანს ინტუიციურად მიეწოდება მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია ზოგჯერ შინაგანი ხმის, ზოგჯერ კი გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად. მოუსმინეთ საკუთარ „მეს“, ენდეთ თქვენს ინტუიციას, ყურადღება მიაქციეთ წინათგრძნობას და მოვლენები ასე გადააფასეთ. ზებუნებრივი ხმა ყველას ესმის, თუმცა მისი გაგება ბევრს არ სურს და ყურადღებასაც არ აქცევს. ბედისწერის ნიუანსების წინასწარ განჭვრეტა სულაც არ არის აუცილებელი, უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისთვის კარგი და რომელი გზით იაროს ცხოვრებაში.