რა „წამალი“ არსებობს ცოლ-ქმრის პრობლემების მოსაგვარებლად
ურთიერთობა უნდა ისწავლო, რადგან ეს ასე ადვილი არ არის. ადამიანებს, რატომღაც, ჰგონიათ, რომ სიყვარული სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის. სამწუხაროდ, რეალობა სხვანაირია და როცა გამოსავლის ძებნას ვიწყებთ, „გადარჩენის“ ღონისძიებები არც ისე ეფექტურია... ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი და თუ ამას მალე მივხვდებით, გაცილებით ადვილად შევძლებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დალაგებას.
მარიკა (37 წლის): ექვსი წელი ვიცხოვრე ქმართან სრულ იდილიასა და ჰარმონიაში. გვიყვარდა ერთმანეთი და ორი წელი ჩვეულებრივი შეყვარებულობის პერიოდი გავიარეთ. ფაქტობრივად, რვა წელია, ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მასზე ბევრი რამ არ მცოდნია.
– რას გულისხმობთ?
– ადამიანის, თუნდაც საყვარელი ადამიანის უკეთესად გაცნობას. მის ბუნებაში ჩაწვდომას. გააზრებასა და გაცნობიერებას იმისას, რომ როგორიც არის, ისეთი უნდა მიიღო. შეიძლება ფიქრობთ, რომ ამის გაკეთებას რა უნდაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ურთულესია. იმიტომ რომ, ამ ფრაზის არსს ვერ ვხვდებით. ვფიქრობ, დაოჯახებული წყვილები გამიგებენ. რატომღაც მგონია, რომ პრობლემები ყველას ერთნაირი გვაქვს. იცით, რა მიკვირს? რატომ ვართ ასეთი ბრიყვები და რატომ ვერ ვსწავლობთ ჭკუას, თუნდაც საკუთარ მაგალითზე და შეცდომებზე. იქნებ ვერ ვხედავთ ამ შეცდომებს. იქნებ ზოგჯერ ძალიან გვიან ვხვდებით, რომ ყველაფერი კარგად არ არის. ერთ დღესაც დადგა მომენტი, როცა ვთქვი – მორჩა, მეტი აღარ შემიძლია-მეთქი!
– იმის თქმა გინდათ, რომ ბედნიერი თანაცხოვრებისთვის სიყვარული საკმარისი არ არის?
– სამწუხაროდ, იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ჩვენ მას განვიხილავთ, ნამდვილად – არა! ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ქმარს ვეტყოდი, მოდი, გავშორდეთ-მეთქი.
– აქამდე რამ მიგიყვანათ. თქვენ რით ხსნით მიზეზს?
– წვრილმანებმა. გაგეცინებათ და სერიოზული მიზეზი არ ყოფილა. ძალიან რთულია სხვა, შენგან განსხვავებული ტიპაჟის ადამიანთან შეგუება. ახლა მრცხვენია ჩემი საქციელის. შეშლილივით ვყვიროდი და ნივთებს აქეთ-იქით ვისროდი. ქმარი ჩუმად მადევნებდა თვალს და თითებს ნერვიულად აწვალებდა. არ ამყვა. ეტყობა, მიხვდა, ზღვარზე რომ ვიყავი. სხვა დროს შემეკამათებოდა, თავს იმართლებდა, ან მე მამტყუნებდა, მაგრამ ამჯერად, ამოიოხრა და მითხრა: კარგი, გავშორდეთ. ეტყობა, სხვა ვარიანტი აღარ დაგვრჩაო... ეს რომ მითხრა, ცოტა დავფრთხი. მე ხომ გააზრებული არ მქონდა ჩემი სიტყვების შინაარსი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ბოლოს რაღაც ისე არ იყო, მაგრამ უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემს ქმარსაც ჰქონდა ნაფიქრი ამაზე. სხვანაირად ასე უცებ ხომ არ დამთანხმდებოდა?! ამიტომ სერიოზულად შემეშინდა.
– ანუ, რეალურად განქორწინება არ გინდოდათ.
– რა თქმა უნდა, არ მინდოდა. მე მიყვარს ჩემი ქმარი და მასთან დაშორება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. როცა მითხრა, კარგი, გავშორდეთო, გამაჟრიალა. მაშინვე უამრავი ეჭვი გამიჩნდა. იმაზეც კი ვიფიქრე, ამას, ეტყობა, ვიღაც ჰყავს-მეთქი. ფაქტია, თავადაც არ იყო მშვიდად და აწუხებდა ჩვენ შორის წარმოქმნილი გაუცხოვება.
– კონკრეტულ მიზეზებზე არ გილაპარაკიათ მასთან? იქნებ გულახდილ საუბარს მოეგვარებინა ეს პრობლემა?
– არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ორივე გავურბოდით ამას. მე ვერ ვხვდებოდი, როგორ დამეწყო ეს საუბარი, საიდან „შემომევლო“. თავი ვერ მოვაბი. შეიძლება, ეს ჩემი ბრალია. ხომ ამბობენ, ამინდს ოჯახში ქალი ქმნისო. ვერ ჩავედით სიღრმეში ვერც მე და ვერც ის. პრობლემის არსს ვერ ჩავწვდით. ვიცოდი, რომ მიყვარდა და ოჯახიც მჭირდებოდა, მაგრამ რეალურად, მტრებივით ვცხოვრობდით. უმნიშვნელო წვრილმანებზე ვედავებოდით და ვეკიდებოდით ერთმანეთს. ბოლოს დაუკრეფავშიც კი გადავდიოდით. მხოლოდ ურთიერთპრეტენზიები – მე ვეტყოდი: საერთოდ აღარ გაინტერესებ-მეთქი და ისიც მომახლიდა: შენგან თბილ სიტყვას ვეღარ ეღირსება კაციო. მერე ამაზე მე ავფეთქდებოდი – ყველაფერს გიკეთებ, ზედ გყვები, მთელი ოჯახი მე მაწევს... რაღა გინდა მეტი-მეთქი და იწყებოდა შეხლა-შემოხლა. ძალიან ვგიან გავაცნობიერე, რომ კაცს ნაკლებად აინტერესებს, როგორ ალაგებს ცოლი სახლს. მისთვის ინტიმი და სითბოა მნიშვნელოვანი. ურთიერთსაყვედურებით სულ ჩხუბამდე მივდიოდით და ამიტომაც ვერ ვზრუნავდით რეალური პრობლემის მოგვარებაზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი წყვილია ჩვენს მდგომარეობაში. გამოსავალს კი ისევე ვერ პოულობენ, როგორც მე. ის კი ვიცოდი, რაც არის ასეთი კრიზისების ფინალი, მაგრამ რად გინდა?!
– და, რა არის ფინალი?
– გეტყვით. კაცის იმედგაცრუება. ქალისაც – რა თქმა უნდა, მაგრამ, ქალები უფრო ამტანები და შემგუებლები ვართ. კაცმა უფრო მალე იცის ხელის ჩაქნევა ოჯახზე და გულის აყრა. რა ხდება ამ დროს? კაცი ეძებს განტვირთვის საშუალებას და მას გარეთ პოულობს. მით უფრო საშიში ხდება ეს ყველაფერი, თუკი ის შესაფერის გარემოში აღმოჩნდება და ხელისშემწყობი პირობებიც გაუჩნდება. მაგალითად, სხვა, მისით დაინტერესებული ქალი. ასეთები ჩვენ გარშემო ცოტანი არ არიან. ჩემი ქმარი სიმპათიურია, კარგი ადამიანი და კარგი სამსახურიც აქვს. ბევრი „მტაცებელი“ ქალისთვის ეს სრულიად საკმარისია, რომ ასეთი კაცის ხელში ჩაგდების სურვილი გაუჩნდეს. აი, ამ ყველაფერზე რომ დავფიქრდი, ლამის ცუდად გავხდი. მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები. მთელი ორი დღე ვაწვალე. მერე პირდაპირ ვკითხე, სხვა ქალი ხომ არ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში-მეთქი.
– მამაკაცები ასეთ დროს გულახდილები არ არიან.
– ვიცი. შეიძლება, მეტი დიპლომატია უნდა გამომეჩინა, მაგრამ ძალიან ვიყავი აღელვებული. ისე აღშფოთდა, გადაირია. მთელი ხმით ღრიალებდა. იძულებული გავხდი, დამეჯერებინა. ლოგიკას მოუხმე, მე გაგდებ? შენ შემომთავაზე გაყრა და ახლა სისულელეებს მაბრალებ. ავი, ანჩხლი და შტერი ქალი ხარო. ნერვებმა მიმტყუნა და ვიტირე. პატარა ბავშვივით ვბღაოდი და ვერ ვჩერდებოდი. მგონი, ამან მიშველა. ჩემს ქმარს გული მოულბა თუ შევეცოდე, არ ვიცი, მაგრამ მომეხვია და ჩამეხუტა. იმდენი ვეფერეთ ერთმანეთს, ლამის ხელმეორედ ავტირდი. რა სულელი ხარ. სიბრძნე გაკლია. არ იცი, კაცთან როგორ უნდა მოიქცე. ასაკი გემატება, ჭკუა კი – არა... რა გავაკეთო, როგორ გაგზარდოო. ამ დღის მერე ჩავუჯექი და ყველაფერი წავიკითხე, რაც კი ცოლ-ქმარს შორის კრიზისულ პერიოდებს ეხება. თურმე, რამდენი რამ არ მცოდნია. დიახ, ქალს მეტი ევალება და მოეთხოვება. მაგრამ, ამ მეტში ბევრი თეფშის გარეცხვას და ერთ საღამოს ჩვიდმეტი პერანგის გაუთოებას არ ვგულისხმობ. ემოციურად ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ურთიერთობა და ვეფეროთ ჩვენს ქმრებს. ეგენი ხომ ბავშვებივით არიან და როცა ცოლებიც ბავშვებივით ვიქცევით, სკანდალი გარდაუვალი ხდება. კიდევ კარგი, რომ მივხვდი ამას და ოჯახი გადავარჩინე.