როგორ ზრუნავს ირინა ქაცარავა მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების ხმის შენარჩუნებაზე და როგორ ეხმარებოდა ის ნანი ბრეგვაძესა და ფოლად ბულბულოღლის
ფონიატრია ოტოლარინგოლოგიის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს, რომელიც შეისწავლის ხმასთან დაკავშირებულ დაავადებებს, იკვლევს ხორხის პრობლემებს, ახდენს დიაგნოსტიკას, სახავს მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პრევენციის გზებს. ფონიატრია მხოლოდ მომღერლებთან, ვოკალისტებთან არ არის დაკავშირებული. ის საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, ქირურგიასაც.
ირინა ქაცარავა (ივანე გომართელის ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, ექიმი-ფონიატრი): ჩემი მიმართულება იყო ოტოლარინგოლოგია. ვმუშაობდი ამ განხრით. ვმორიგეობდი, ოპერაციებს ვაკეთებდი. ერთ დღესაც ბატონმა ოთარ ქაჯაიამ მითხრა: ბევრი ქირურგია საქართველოში, განსაკუთრებით ოტო-ლარინგოლოგი. ფონიატრია კი არ არსებობს. შენ იქნები პირველი, ვინც მას დანერგავსო. წლების წინ კონსერვატორიაში მუშაობდა ფონიატრი, ქალბატონი სოფიკო, რომელიც იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. პირველი, რაც გავაკეთე, მივედი კონსერვატორიაში და იქ დავიწყე მუშაობა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. სასწავლებლად წავედი სხვადასხვა ქვეყანაში. ვცდილობდი, ბევრი რამ შემესწავლა და როცა საქართველოში დავბრუდი, უკვე დაავადებული ვიყავი ფონიატრიით. ვთქვი: ეს მიმართულება უნდა განვითარდეს საქართველოში-მეთქი, რისთვისაც დღეს ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო. კონსერვატორიაში მუშაობისას ჩემთან მოვიდა დათო გომართელი, რომელსაც ხმასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რაც გაციებით იყო გამოწვეული. სწორედ მან გადაწყვიტა, ეს სფერო უნდა განვავითაროთო. მალევე მან, ექიმ მერაბ თევზაძესთან ერთად, დააარსა „ივანე გომართელის ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის ცენტრი“, რომლის დირექტორიც ვარ მე. ცოტა ხნის წინ გავხდი ევროპის ფონიატრიის ასოციაციის წევრი, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მუდმივად ვეკონტაქტები ამ სფეროში მომუშავე წამყვან სპეციალისტებს.
კონსერვატორიაში დავიწყე ვოკალის სწავლა – ვოკალის გაკვეთილებს, მისაღებ გამოცდებს ვესწრებოდი. თავიდან მომღერლებთან ურთიერთობა ძალიან გამიჭრიდა, უზომოდ ამბიციურები არიან, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. ასევე, ცხოვრების რიტმი აქვთ ძალიან დატვირთული. ხმა მათთვის ბრილიანტია, მთელი ცხოვრება და რამეს თუ არასწორად გააკეთებ, არასდროს გენდობიან. ამიტომ, ერთგვარად ფსიქოლოგის ფუნქციაც შევითავსე. ზოგჯერ საათ-ნახევარიც კი მჭირდება ერთ ადამიანთან. ხმის წარმოშობას მხოლოდ სახმო აპარატი არ განაგებს, არამედ, ასევე, ტვინი, მუცელი, დიაფრაგმა, ენდოკრინული ჯირკვლები. პაციენტი ზის, მეუბნება რაღაცას და ზუსტად ვიცი, ამ ყველაფრის უკან სხვა პრობლემებიც არის. უბრალოდ, ერიდება და არ მეუბნება. ამიტომ გამოვნახე მათთან ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა და აქედან გამომდინარე, ჩემი ყველა პაციენტი ჩემი მეგობარია.
– ვინ იყო კონსერვატორიაში თქვენი პირველი პაციენტი?
– პირველი პაცინეტი ნინო სურგულაძე იყო. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში მოღვაწე ბევრი საოპერო ვარსკლავი დადის ჩემთან. ღელვა ყველაზე მეტად მაშინ დამეუფლა, როცა ნატალია ქუთათელაძემ მითხრა: ხვალ ბებოს კონცერტი აქვს, დახმარება სჭირდება და უნდა მოვიყვანო შენთანო. ისე ვინერვიულე, პანიკამ შემიპყრო. მაგრამ, როგორც კი ქალბატონმა ნანიმ კარი შემოაღო, ყველანაირი კომპლექსი წამიერად მომიხსნა. მთელი კონცერტის განმავლობაში კულისებში ვიდექი და მაქსიმალურად ვცდილობდი, დავხმარებოდი – ეს უცხოეთში უკვე მიღებული წესია და ამას სასწრაფო ფონიატრიული დახმარება ჰქვია. როდესაც თბილისში მომღერალი გრიგორი ლეპსი ჩამოვიდა, მას არ ახლდა თავისი ფონიატრი და უცბად დასჭირდა. მივედი სპორტის სასახლეში, კულისებში ვიდექი და ვეხმარებოდი. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შემდეგ იყო ფოლად ბულბულოღლი, რომელსაც 70 წლის იუბილე ჰქონდა. მას კონცერტამდეც ვმკურნალობდი და კულისებშიც ვეხმარეობდი. დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. თვითონ ძალიან ცნობილი ფონიატრი ჰყავს, რომელიც მოსკოვში, დიდ თეატრში მუშაობს, მაგრამ იმ დროს ვერ მოახერხა ჩამოსვლა. სამაგიეროდ, ბატონი ფოლადი შემპირდა, რომ მას აუცილებლად გამაცნობს. ასევე, ლადო ათანელიც, რომელთანაც მომიწია მუშაობა, შემპირდა, რომ გერმანიაში თავის ფონიატრს შემახვედრებს. ის ძალიან ცნობილი სპეციალისტია. თამარ ივერსაც არაერთხელ დავმხმარებივარ, ასევე მაია ბარათაშვილს. დღეს ორივე ჩემი მეგობარია. დათო გომართელი, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, სხვადასხვა პროექტის მონაწილეები, გამარჯვებულები ხშირად მოდიან ჩემთან. მაია ჯაბუას ვარსკვლავის გახსნაზეც ვიყავი და ვეხმარებოდი.
– საოპერო მომღერლები ხშირად დიდ ყურადღებას აქცევენ ხმას, კვებას, ხმამაღლა არ საუბრობენ, შეფუთულები დადიან ზამთარში, მაგრამ მაინც ემართებათ ხმასთან დაკავშირებული პრობლემები. რა არის ამის მიზეზი?
– ხმის ჩახლეჩის ან დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც მწვავე ლარინგიტია, რომლის დროსაც ხმა შეიძლება, დაიკარგოს, მაგრამ ორ კვირაში აუცილებლად უნდა აღდგეს. თუ ეს ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია, პაციენტი მივიდეს ექიმთან, მით უმეტეს, თუ ის მწეველია ან ონკოლოგიური დაავადება აქვს გენეტიკაში. ასევე, ძალიან სერიოზული პრობლემაა რეფლუქსი, ანუ გულძმარვა. რეფლუქს-ლარინგიტი სერიოზული დაავადებაა, რომელიც ქრონიკულია და ახასიათებს რემისია, რეციდივი. შესაბამისად, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ხმის დაკარგვა ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუსა და ხახის ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა, თამბაქოს წევამ, დიდი დოზით სპირტიანი სასმლის მიღებამ. თამბაქოს კვამლში არსებულმა მავნე მინარევებმა კი, სისხლძარღვების შეშუპებასთან ერთად, შესაძლოა, იოგებზე სიმსივნური წარმონაქმნებიც განავითაროს. ხმის დაკარგვას ნევროზიც იწვევს – საკმარისია, ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული სტრესი, რომ არამდგრადი ნერვული სისტემის პატრონებმა მყისიერად დაკარგონ ხმა. ამ დროს აუცილებელია ნევროლოგის, ასევე, პირადი ფსიქოლოგის ჩართულობა. დისფონია, ანუ ხმის დაკარგვა, შეიძლება, ჰორმონული დისბალანსიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ქალებში, მენოპაუზის დროს.
– როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ხმას?
– აუცილებელია ბევრი სითხის მიღება – დღეში დაახლოებით 2-3 ლიტრი, ასევე, სწორი კვება. გაზიანი სასმელები აზიანებს და აღიზიანებს ხორხს. კარგია შავი ღვინო, 200 მილილიტრი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ არ გაწუხებთ გასტრალური რეფლუქსი. ყველაზე მთავარი კი – სწორი სიმღერის ტექნიკაა. თუ სწორად არ ვმღერით, სწორ რეგისტრში, სწორი პოზიციით, ეს აუცილებლად შეგვიქმნის პრობლემას. საოპერო მომღერლები კარგ ტექნიკას ფლობენ, სუნთქვაც დარეგულირებული აქვთ, მაგრამ პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, კუჭთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, განსაკუთრებით ქალებში 40 წლის ზემოთ.
– ბავშვებს ხშირად ამღერებენ საკმაოდ პატარა ასაკში. ამან შეიძლება, გამოიწვიოს სახმო იოგების დაზიანება?
– არ არის რეკომენდებული პატარა ბავშვების ვოკალური დატვირთვა. ბავშვმა სიმღერის შესწავლა შეიძლება 6-7 წლის ასაკიდან დაიწყოს, მხოლოდ მსუბუქი დატვირთვით. გარდატეხის, ანუ ეგრეთ წოდებული მუტაციის, პერიოდი დაახლოებით 11-დან 16 წლამდე მიმდინარეობს და ამ დროს სიმღერა არ არის სასურველი, განსაკუთრებით მაღალი ნოტების აღება. ეს იწვევს ზეწოლას და ხმოვანი იოგების დაზიანებას, რომლებიც იმ დროს გარდატეხას განიცდიან. ამ ყველაფერს კი აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს პედაგოგი და ფონიატრი. ხშირია შემთხვევა, როცა მუტაციის პერიოდში ბავშვი განაგრძობს სიმღერას, რის შედეგადაც შეიძლება, ხმოვან იოგებზე განვითარდეს კვანძები, რაც ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც საჭიროებს. მინახავს 9 წლის ბავშვი, რომელსაც იოგებზე ჰქონდა მომღერლის კვანძები, რადგან მას პედაგოგი აძალებდა მაღალი ნოტების აღებას. ამიტომ ბავშვებს პატარა ასაკში გამღერება უფრო ხშირად უნდა ვაკეთებინოთ, ვიდრე დავტვირთოთ. მას იოლი და სწორი რეპერტუარი უნდა შევურჩიოთ. გოგონების შემთხვევაში, მუტაციის პერიოდი უფრო მარტივად გადაილახება, თუმცა მათთანაც საჭიროა სიფრთხილე და კონტროლი. მიხარია, რომ დღეს ვთანამშრომლობ ბევრ პედაგოგთან, მათ შორის ქალბატონ დოდო დიასამიძესთან, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. ისინი ყოველთვის გადიან ჩემთან კონსულტაციას.
– რამეს უკრძალავთ თქვენს პაციენტებს?
– სიგარეტს და დიდი დოზით ალკოჰოლს. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია მაქვს, როცა სცენაზე გასვლის წინ კონიაკს სვამენ, თან რაღაცეებს ურევენ. მე მყოლია პაციენტები, ასე რომ იქცეოდნენ და კონიაკის გარდა, იყენებდნენ გარკვეულ პრეპარატებს, რომ ხელოვნურად კარგად ემღერათ. ამის გამო კი იოგებზე სისხლჩაქცევები გაუჩნდათ, რასაც ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა, კარგა ხნით სიჩუმე და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც დასჭირვებიათ. ამიტომ, ყველას ვურჩევ: ეს არ გააკეთოთ, თვითმკურნალობა, მით უმეტეს არყით, ალკოჰოლით, საერთოდ დაუშვებელია. ასე შეიძლება, ისეთი დონის დაზიანება მიიღოთ, სულ დაკარგოთ ხმა. პირადად მე, არ ვარ მომხრე, რომ ვოკალისტმა შეუფუთულმა იაროს და ნაყინი არ ჭამოს. პირიქით, ნაყინიც უნდა ჭამოს, მზესუმზირაც, ცოტ-ცოტა ყველაფერი... უბრალოდ, დააკვირდეს – რამე ხომ არ აძლევს ალერგიას. ზოგადად, საუბარი უფრო მეტად აღიზიანებს იოგებს, ვიდრე სიმღერა, რადგან ხშირად არ ვიცით, როგორ ვისაუბროთ სწორად. ამიტომ, ყველამ უნდა ილაპარაკოს მისთვის კომფორტულ რეგისტრში – არც ჩურჩულით, არც ყვირილით. ტელეფონზე საუბარი განსაკუთრებულად აღიზიანებს იოგებს, რადგან, როცა ადამიანს ვერ ხედავ, ემოციებსაც შესაბამისად ვერ გამოხატავ. გიწევს ხმის აწევა, ემოციური საუბარი და ეს ცუდად მოქმედებს იოგებზე. ასევე, უნდა მოერიდოთ კლუბებში, ხმაურიან ადგილებში სიარულს, სადაც ასევე, ხმამაღლა გიწევთ საუბარი. ჩვენთან ცენტრში, როგორც აღვნიშნე, არის ხმის თერაპევტი. ის პაცინეტებს უდგენს, თუ რომელი რეგისტრია მისთვის სწორი, თუნდაც სალაპარაკოდ, სასიმღეროდ და შემდეგ სპეციალური სავარჯიშოების დახმარებით, ხდება პრობლემების გამოსწორება.
– კონიაკის გარდა, ხშირად უმ კვერცხს მიირთმევენ და ამბობენ, ეს ხმისთვის ძალიან კარგიაო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– კვერცხი, უბრალოდ, ატენიანებს ლორწოვან გარსს და მისი უმად მიღება, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის საშიშია.
– ხორხის სიმსივნის დროს, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ადამიანები ხმას კარგავენ. თუ არის ასეთ დროს ხმის აღდგენა შესაძლებელი?
– ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს, თუნდაც, როცა ხდება ხორხის მთლიანად ამოკვეთა, შესაძლებელია რეაბილიტაცია – ეს უცხოეთში მიღებულია და პაციენტს ჩვეულებრივ შეუძლია საუბარი. ამ კუთხითაც მუშაობს ჩვენს ცენტრში ხმის თერაპევტი. ჩვენი მკურნალობის მეთოდი უკვე ბევრ ქირურგს გავაცანით, რომლებიც პოსტოპერაციულად გვიგზავნიან პაციენტებს, მათ შორის ონკოლოგიურს და შედეგები, რა თქმა უნდა, არის.
– საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი, რომ – გლანდების ოპერაციის შემდეგ, ადამიანი ხშირად კარგავს ხმას, ეცვლება ხმის ტემბრი. ამის გამო ხშირად მომღერლებიც უარს ამბობენ ასეთი ოპერაციის გაკეთებაზე. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს და გლანდების ოპერაცია ბავშვებსაც თუ უქმნის ხმასთან დაკავშირებულ პრობლემებს?
– მცდარი ვერსიაა ის, რომ ტონზილექტომიის შემდეგ, ზიანდება ხმოვანი იოგები. რა თქმა უნდა, ყველა ოპერაციას ახლავს გართულებები და ტონზილექტომიასაც, თუმცა, ხმის დაკარგვასთან ეს არაფერ კავშირშია. ვოკალისტებში მაქსიმალურად ვიკავებთ თავს ოპერაციული ჩარევისგან, რადგან პოსტოპერაციული პერიოდი ხანგრძლივია. შემდგომში კი, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს აწუხებთ სიმშრალე, ეგრეთ წოდებული ატროფიული ფარინგიტი, რაც მომღერლისთვის სერიოზული დისკომფორტია. მაგრამ, თუ ტონზილექტომია აუცილებელია და ჯდება იმ ჩვენებებში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა მოწოდებული, უნდა განხორციელდეს კიდეც.