როგორ გადაურჩნენ „ტიტანიკის“ ტრაგედიას სოფიო მეტრეველის შვილები და რა უთხრა მას ირლანდიელმა მწერალმა ვანო სარაჯიშვილის შესახებ
საზოგადოებაში „საქართველოს ბულბულის” ვანო სარაჯიშვილის გამოჩენამ ბევრი ქართველი ქალის გული ააფორიაქა. ეს გასაკვირი არც არის – ამბობენ, იშვიათად, თუ რგებია ვინმეს ღვთისგან ისეთი ხმა და გარეგნობა, როგორიც ვანო სარაჯიშვილს ჰქონდა. იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. საქართველოს სახალხო არტისტსა და ლირიკულ-დრამატულ ტენორზე გამიჯნურებულ ქალთა რიცხვი უზარმაზარი იყო. თუმცა, ალბათ, ისეთი თავდავიწყებითაც არავის ჰყვარებია, როგორც სოფიო მეტრეველს – ულამაზეს გიმნაზიელ გოგონას. რომ არა საბედისწერო სიყვარული, არც სოფიო მეტრეველის საბედისწერო დრამა დატრიალდებოდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისი რომანტიკული ამბების ქალაქი იყო. ამ პერიოდში ბვერი უცხოელი ჩამოდიოდა სტუმრად საქართველოში, განსაკუთრებით კი – თბილისში. ერთ-ერთი მათგანი იყო ირლანდიელი მწერალი პატრიკ ო’ნილი. მისი ბიოგრაფიიდან ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა, მისი სიყვარულისა და საბედისწერო დაღუპვის ამბავი გახმაურებულია. პატრიკ ო’ნილს საქართველოში ყოფნისას გაუცნია ვანო სარაჯიშვილზე გამიჯნურებული სოფიო მეტრეველი, რომელიც ერთი დანახვით შეჰყვარებია. აღსანიშნავია მათი შეხვედრის ადგილი. იმ პერიოდში თბილისში არსებობდა მაღაზია „ცოდნა“, რომელიც სოსიკო მერკვილაძეს ეკუთვნოდა. თავიდან სოსიკოს მაღაზია ფართლეულის იყო, შემდეგ კი გადაკეთდა „სოსიკო მერკვილაძის გამომცემლობა, წიგნის მაღაზია „ცოდნად”. „ცოდნა” დიდ საქმეს აკეთებდა გამომცემლობაში აკაკის, ილიას, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნიკო ლომოურის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვათა წიგნები იბეჭდებოდა. სოსიკო მწერლების დიდი ქომაგი და დამხმარე გახლდათ. აკაკი გამორჩევით უყვარდა. საქართველოს უგვირგვინო მეფეს სოსიკოს ბინაში ოთახიც კი ჰქონდა მიჩენილი. ცნობილია, რომ აკაკის განსაკუთრებით მოსწონდა ცისფერი და ამიტომ ოთახიც ცისფრად შეაღებინა... სოსიკოს მაღაზიაში საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი იყრიდა თავს. მოდიოდნენ თბილისში ჩამოსული სტუმრებიც, რომლებიც პატივს სცემდნენ ქვეყნის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებას. სწორედ ამ მიზეზით შეივლიდა ხოლმე წიგნის მაღაზიაში პატრიკ ო’ნილი. ერთ დღესაც, ირლანდიელ მწერალს ამ მაღაზიაში თვალი მოუკრავს ულამაზესი სოფიო მეტრეველისთვის, რომლის მიმართაც წრფელი სიყვარული გასჩენია. აქედან იწყება სოფიო მეტრეველის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია. პატრიკს გაუგია სოფიოს მიჯნურობის ამბავი და ამიტომ გადაუწყვეტია, ტყუილითა და ცბიერებით შეერთო ცოლად. მაშინ ვანო სარაჯიშვილი იტალიაში იმყოფებოდა – კასტეანოს ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ბელკანტოს ხელოვნებას (1906-1908 წლებში). ასევე, კონცერტებს მართავდა იტალიის სხვადასხვა საოპერო თეატრში. პატრიკ ო’ნილმა ისარგებლა ამ შემთხვევით და სოფიოს უთხრა, ვანომ იტალიაში ცოლი შეირთოო. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, საბრალო გოგონას გონება დაუკარგავს და გულწასული დაცემულა. პატრიკს მზაკვრული გეგმა კარგად ჰქონია დასახული: როცა სოფიო იმედგაცრუებული და გაწბილებული დაინახა, დრო არ დაუკარგავს და ცოლობა უთხოვია. რასაკვირველია, ვანოზე შეყვარებულ სოფიოს გათხოვება, თანაც ირლანდიელზე, არც უფიქრია, მაგრამ სიცრუე მიზანში მოხვდა და ყმაწვილი ქალი ირლანდიელს ცოლობაზე დათანხმდა. თუმცა, მათი დაქორწინების პირობა შემდეგი იყო: თუ შვილები ეყოლებოდათ, დედის გვარზე უნდა ყოფილიყვნენ. ო’ნილს იმდენად უყვარდა სოფიო და იმდენად ჰქონდა მისი ცოლად შერთვის სურვილი, რომ უარი არ უთქვამს. ისინი საქართველოში შეუღლდნენ და შემდეგ ირლანდიაში გაემგზავრნენ. მაშინ ირლანდიაში რთული მდგომარეობა იყო, ომი მძვინვარებდა და ამიტომ ახალდაქორწინებულებმა საფრანგეთში გადაწყვიტეს ცხოვრება. წლების შემდეგ, როცა სოფიოს უკვე ორი შვილი ჰყავდა, საფრანგეთშივე შეიტყო, რომ ვანო სარაჯიშვილს ცოლი არ შეურთავს, თვითონ კი სიცრუის მსხვერპლი აღმოჩნდა. გამწარებულმა ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა ქმარს სამშობლოში დაბრუნება. პატრიკი უარზე იყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ სოფიო სამშობლოში მის გარეშეც დაბრუნდებოდა. მან კიდევ ერთხელ მოატყუა სოფიო და, არა საქართველოში, არამედ ამერიკაში წაიყვანა მალულად, თანაც ბავშვების გარეშე. არავინ, იცის, რატომ გააკეთა მწერალმა ეს – შვილების დასასაკუთრებლად თუ ცოლის შესანარჩუნებლად. დედას მოწყვეტილ პატარებს რომ არ მოეწყინათ, უკან დაბრუნებულმა მამამ, შვილები „ტიტანიკით“ წაიყვანა სამოგზაუროდ, მაგრამ მოგზაურობა ტრაგიკული აღმოჩნდა, თუმცა, პატარა მეტრეველები ბედისწერამ დაიფარა – ო’ნილმა მოახერხა მათი ჩასმა სამაშველო ნავში, თვითონ კი დაიღუპა. ბავშვებს დედა ორი თვის შემდეგ მოუძებნეს. რა ბედი ეწიათ პატარა მეტრეველებს, ამაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს; მთავარი ის არის, რომ უცხოეთში გადახვეწილი კიდევ ერთი ქალი ბედისწერამ არ გაწირა, თუმცა, სოფიო საქართველოში აღარ დაბრუნებულა – ირლანდიაში აღესრულა...
ეს ამბავი, გარკვეულწილად, იდუმალებით არის მოცული. სამწუხაროდ, ძალიან ჭირს დოკუმენტური მასალის მოპოვება როგორც სოფიოს თბილისურ ოჯახსა და ცხოვრებაზე, ისე მისი ქმრის თბილისში ჩამოსვლასა და მოგზაურობაზე. ალბათ, ირლანდიიდან ჩამოსული კაცი ისე არ დატოვებდა თბილისს, ფოტო რომ არ გადაეღო, თუმცა ამ მასალას დიდი ძიების შემდეგაც ვერ მივაკვლიეთ.