თბილისის რომელ უბნებში შეინიშნებიან პედოფილები და რამდენად საგანგაშოა საქართველოში არასრულწლოვნებზე ძალადობის სიხშირე
ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანი გახდა საქართველოს მასშტაბით არსებული პედოფილიის საგანგაშო მდგომარეობა. თბილისის სხვადასხვა უბანში შეინიშნებიან უფროსი ასაკის მამაკაცები, რომლებიც მოტყუებით ცდილობენ მსხვერპლის სადმე შეტყუებას და, ხშირ შემთხვევაში, ახერხებენ კიდეც. რაც შეეხება რაიონებს, როგორც აღმოჩნდა, ხშირია არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის, სექსუალური ძალადობისა და დაფეხმძიმების შემთხვევები. თუმცა, სამწუხაროდ, უფლებადამცველთა თქმით, მოძალადეების პოვნა და სამართლებრივი პასუხისგება იშვიათად ხდება.
გიორგი ბურჯანაძე (ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე): პედოფილიის დღეს არსებული მდგომარეობა საგანგაშოა. ამ თემის გააქტიურების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტად დაინტერესდა აღნიშნულით. უკვე ჩვენებაც მივეცი და ამჟამად ბრალდებულის ფოტორობოტის შედგენა მიმდინარეობს იმ ბავშვების აღწერილობების საფუძველზე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.
– კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რომელ რაიონში რა სიტუაცია გვაქვს?
– თბილისში პედოფილიის შემთხვევების სიხშირე დაფიქსირებულია გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის რაიონებში და აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიაზე. ფაქტებს გვაწვდიან ბათუმიდან, კახეთიდან თუ სხვა რეგიონებიდანაც და გვეუბნებიან, რომ ხშირია ძალადობისა და დაფეხმძიმების შემთხვევები. აჭარაში ასეთი ადამიანებისთვის მიმზიდველი ადგილი ღამის კლუბები გახდა, სადაც ისინი ღიად და აქტიურად ერთობიან არასრულწლოვნების სექსუალური მომსახურებით. პედოფილები ავრცელებენ ინფორმაციას თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, რომ საქართველოში შემოსვლისას, კონკრეტულ ადგილას შეეძლოთ არასრულწლოვნებისგან სექსუალური მომსახურების მიღება. შემდეგ იქიდან ეს მომსახურე პერსონალი გადაჰყავდათ ბუნაგში, სადაც ეს ბავშვები მომსახურებას უწევდნენ. ეს პრობლემა დღესაც დგას დღის წესრიგში. არის შემთხვევები, როდესაც თანაკლასელმა ან მოძალადე ბიჭმა გადაუღო არასასურველი ვიდეო პატარა გოგონას და მერე დაიწყო დაშანტაჟება, რომ ამას გაავრცელებდა სოციალური ქსელით, თუკი მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. შედეგად, გვაქვს გაუპატიურების ფაქტები, მათ შორის – ჯგუფურისაც. ძირითადი გზა ესაა, თუმცა, ეს ბათუმის შემთხვევას არ ეხება. ბათუმში ძალადობის თემა პირდაპირ „ღიაა” – ბავშვები შედიან ასეთ კლუბში და ხდება მათგან სექსუალური მომსახურების მიღება, იქ არანაირი ძალადობა არაა. მაგრამ, ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის და მამისთვის, ესეც ძალადობის სახეობას წარმოადგენს, ვინაიდან, არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩართვა – იგივე პედოფილიაა. საზოგადოებამ მივიყვანეთ ეს ბავშვები იმ დონემდე, რომ 12 წლის ასაკში უკვე ცდილობენ, ფინანსური შემოსავალი სექსუალური მომსახურების გზით მიიღონ. ეს დიდი პრობლემაა, რომელზეც ყველა უწყებამ ერთად უნდა იმუშაოს.
– ქუჩაში რა მდგომარეობაა, სიფრთხილისკენ მოუწოდებდით გარკვეული უბნის მცხოვრებლებს?
– ქუჩაში საკმაოდ ხშირია პედოფილიის შემთხვევები. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსთაველზე მოძრაობს ასაკოვანი, დაახლოებით 60-65 წლის ჭაღარა მამაკაცი, რომელიც მიდის პატარა გოგონებთან და თავზე და მკერდზე უსვამს ხელს. შესაძლოა, ამ კაცს ცუდი განზრახვა არ აქვს, მაგრამ, იმდენად ხშირად დაფიქსირდა „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ უკვე ეჭვს იწვევს. ბავშვები ამბობენ, რატომღაც, მოდის, გვეფერება, ძველი წარმოების კანფეტს გვაძლევს და გვაქებსო. ერთი იმასაც ყვება: მითხრა, აქვე ვცხოვრობ, სახლი მაქვს დასალაგებელი და იქნებ წამომყვეო. ამიტომ ჩვენი მონიტორინგი გავააქტიურეთ. ისანსა და სამგორში, მოსკოვის გამზირზე, ფიქსირდება ხან შავი პალტოთი და ხან შავი ქურთუკით მოსიარულე ადამიანი. ეს უკანასკნელი შემჩნეულია გლდანის მესამე მიკრორაიონშიც და „ახმეტელის” მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც.
– ესაა დაუდასტურებელი შემთხვევები. დადასტურებული?
– არაერთია. იგივე ისანი-სამგორის შემთხვევა, როდესაც 4 წლის გოგონაზე მეზობელი ძალადობდა. მოგვიანებით გოგონას 7 წლის ძმამ თქვა, რომ ეს კაცი მათთან შედიოდა, ძმას კანფეტის სანაცვლოდ გარეთ უშვებდა და ოთახში ამას აკეთებდა. ის ადამიანი დღესაც არ დაუპატიმრებიათ, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებულია. პოლიციის თქმით, ის ხშირად იცვლის საცხოვრებელს და მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ასევე გვიკავშირდებიან დასავლეთ საქართველოდან და გვეუბნებიან, რომ 12-13 წლის გოგონა, მეზობლის ქმრისგან დაფეხმძიმდა. ერთ-ერთ სოფელში კი ბავშვს პირუტყვი გაუდენია საძოვარზე და მასზე მენახირე ძალადობდა. ბევრი რაიონიდან გვეუბნებიან, ჩვენთანაც ანალოგიური ხდება და, ძალიან გთხოვთ, ყურადღება მოგვაქციეთო. თუ თბილისში დამნაშავის იდენტიფიცირებაა რთული, სოფლებში ძირითადად იციან, ვინც სჩადის ამას, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ხშირად დაზარალებულის ოჯახს უწევს საკუთარი სახლიდან გადახვეწა, იმდენად გაუსაძლისი ხდება მათი მდგომარეობა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან ქალი თავისი შვილიანად გადაიხვეწა ბათუმში, რადგან ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდა და დაფეხმძიმდა. თბილისშიც ბევრი დაზარალებულია გადახვეწილი. ერთ რაიონში ბავშვმა პირდაპირ დაადო ხელი მოძალადეს და მთელი სოფელი ცელებით და ნაჯახებით დარევიან, მაგრამ, შედეგად, სამართალდამცველებმა დამნაშავეზე ერთ-ერთ თავდამსხმელს აგებინეს პასუხი ხულიგნობისთვის. სოფელი აღშფოთებული იყო: ბავშვზე იძალადა, მის გასამართლებას მოვითხოვდით და კიდევ ჩვენზე მოხდა ზეწოლაო. არ გამკვირვებია, რადგან, თუ ადამიანი დააშავებს, კანონი მის დასჯას ითვალისწინებს, ლინჩის წესით გასამართლების უფლება კი არავის აქვს, ემოციური მდგომარეობის მიუხედავად. მათაც ვუთხარი: ჯობია გონივრულ ქმედებებზე გადავიდეთ-მეთქი, მაგრამ ხალხი გაგიჟებული იყო: რომელ გონივრულობაზეა საუბარი, როცა სკოლაში მიმავალ 13 წლის გოგოს ხან სასიმინდეში შეათრევდა, ხან სად და, თვეების განმავლობაში ძალადობდა მასზე, რად უნდა ამას სასამართლოო?! თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი ოპერატიულად.
- რეალურად, როგორ ხდება ამ საგანგაშო მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლა და რამდენად შედეგიანია გატარებული ღონისძიებები?
– ვერც ჩვენ, ვერც სამართალდამცველი, ვერც მშობელი და ვერც გარემო ვერ ვახერხებთ, სამართლებრივად მოვერგოთ აღნიშნულ ფაქტორს, ისევ და ისევ, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. თემის მაქსიმალური აფიშირება და დაზარებულების საჯარო იდენტიფიცირება მათთვის ძალიან მძიმეა – შეიძლება, ისინი უფრო მეტი ჩაგვრისა და დაცინვის მსხვერლი გახდნენ. თემის ნაკლებ აფიშირებით კი ხდება კრიმინალების წახალისება, რომ იგივე დანაშაული ახლა სხვა რაიონში ჩაიდინოს. ამიტომ მათ სწრაფად და კანონის სრული დატვირთვით უნდა აგონ პასუხი. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: რამდენიმე წლის წინ თბილისში, მიუსაფარ ბავშვთა ერთ-ერთ სახლში, 7 წლის ბიჭი გააუპატიურა ამავე დაწესებულების 17 წლის აღსაზრდელმა. გაირკვა, რომ ჯგუფური ძალადობაც ხდებოდა. მაშინ მსხვერლი დაიტანჯა, იმდენად ხშირად ფიგურირებდა პრესაში მისი სახელი. მოძალადეების დასჯა კი არ მომხდარა, ისინი, უბრალოდ, გაირიყნენ საზოგადოებისგან, მაგრამ 7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის სამართლებრივად პასუხი არ უგიათ. როცა ბავშვი უპატრონოა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი სახელის აფიშირება არ მოვახდინოთ, მაგრამ, როცა ძალადობის მსხვერპლს საკუთარი ოჯახი ჰყავს, ისინი, რა თქმა უნდა, თვითონვე ერიდებიან ამაზე საუბარს და, ამბობენ, რომ დამნაშავეს თვითონვე გაუსწორდებიან. ეჭვიც არ მეპარება, რომ დაზარალებული ოჯახი მოძალადეს პასუხს აგებინებს, მაგრამ, არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ შემდეგ მათ კანონის სრული სიმკაცრით აგებინებენ პასუხს. ამიტომ, აფექტურ მდგომარეობაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა არამიზნობრივად მიმაჩნია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებ.