როგორ გახდა წარსულის საიდუმლო ძმის მოკვლის მიზეზი
56 წლის არჩილ მ-შვილი ძმის, ლევან მ-შვილის განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან ძმას გულ-მკერდის არეში თოფით ორი ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე ასევე დაზარალდა 45 წლის კობა კ-ია, რომელსაც დაზიანება ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. დამნაშავე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება სამძებრო ღონისძიებების შედეგად შეძლეს.
რა გახდა მამაკაცის მიერ ძმის მკვლელობის მიზეზი, ამის შესახებ სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან გახდა ცნობილი. მკვლელობას ჰყავდა თვითმხილვლი – ძმების ნათესავი, 45 წლის კობა კ-ია, რომელიც არჩილ მ-შვილმა ფეხში დაჭრა. პირველი ჩვენება სწორედ დაზარალებულმა კობა კ-იამ მისცა გამოძიებას. ამონაწერი კობა კ-იას ჩვენებიდან: „არჩილი და ლევანი ჩემი მეზობლები არიან. არჩილი წლების გამავლობაში ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ბოლო ათი წელია, რაც ცოლის სახლში გადავიდა, თუმცა ჩვენს უბანშიც ხშირად მოდიოდა. არჩილი და ლევანი ნახევარძმები იყვნენ. დედის სიკვდილის შემდეგ, არჩილი ლევანის დედამ გაზარდა, თუმცა ძმებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე წლის წინ არჩილი ქურდობისთვის დააკავეს, მან ციხეში ოთხი წელი გაატარა, სწორედ მისი გათავისუფლების შემდეგ დაიწყო მისი კონფლიქტი უმცროს ძმასთან. ხალხში ამბობდნენ, რომ არჩილმა ქურდობა ლევანთან ერთად ჩაიდინა, მაგრამ ძმა არ ამხილა. ის ლევანზე განაწყენებული იყო. მის გამო პატიმრობა მე მოვიხადე და ჩემს ოჯახს არ დაეხმარაო. ამის შესახებ ჩემთანაც ჰქონდა ნათქვამი, თუმცა ხმამაღლა ამაზე საუბარს ყველა ერიდებოდა. ბოლო ერთი წელი ძმებს ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდათ, რამდენჯერმე ფიზიკურადაც იჩხუბეს. ლევანი ამბობდა, რომ კონფლიქტის მიზეზი იყო სანადირო თოფი, რომელიც მამამ მას აჩუქა. არჩილი კი ამტკიცებდა, რომ თოფი მისი საკუთრება იყო. ამის გამო იმდენჯერ იჩხუბეს, რომ ბოლოს ლევანმა თოფი ძმას მისცა და ამის შემდეგ ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ. მგონი, ამ ამბავში ცოლების მიზეზიც იყო – რძლებსაც დაპირისპირება ჰქონდათ. იმ საღამოს, როდესაც მკვლელობა მოხდა, მე და ლევანი ერთად ვიყავით მეზობლის ოჯახში, სუფრაზე. იქიდან ნასვამები წამოვედით. ჩემი სახლი ლევანის სახლის შემდეგაა. უკვე ბნელოდა ლევანის სახლს რომ მივუახლოვდით. ერთმანეთთან ვსაუბრობდით, როდესაც ხეივნიდან სიბნელეში ვიღაც გადმოხტა. ჯერ ვერც ვიცანი, რომ არჩილი იყო – ხელში თოფი დავუნახე. მივხვდი, რომ საშინელებას ჩაიდენდა. ხმის ამოღებაც ვერ მოვასწარი, ისე უცებ გაისროლა. ორჯერ ისროლა. ძალიან ახლოს იყო ჩვენთან, ოთხ-ხუთ მეტრში. პირდაპირ, მიჯრით ესროლა ძმას. ლევანი მოწყვეტით დავარდა ძირს. მაშინვე მივვარდი. გულმკერდიდან, თავიდან სისხლი სდიოდა. არჩილისთვის არც შემიხედავს, ყვირილი ავტეხე. უცებ კიდევ გავიგონე გასროლა – ვიგრძენი, რომ ფეხში ტყვია მომხვდა. ამ დროს მიწაზე დავარდნილ ლევანთან ვიყავი დახრილი და არ ვიცი, არჩილმა მე მესროლა თუ მესამე ტყვიაც ძმის მიმართულებით იყო ნასროლი. ხმაურზე ლევანის ოჯახის წევრები და მეზობლები გამოცვივდნენ. არჩილმა არეულობით ისარგებლა და იქაურობა მიატოვა. დაჭრილი ლევანი, რომელიც უკვე მომაკვდავი იყო, საავადმყოფოში წავიყვანეთ, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.”
არჩილ მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დაკავებულმა მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ძმა სადავო სანადირო თოფის გამო მოკლა. საქმის მასალების მიხედვით, ძმებს შორის მკვლელობის წინა დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოჩხუბარი ძმები მეზობლებმა გააშველეს, ლევანმა უფროს ძმას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. „მკვდარი დედაც კი გამილანძღა, ცოლ-შვილი მიგინა. ეს ვერ ვაპატიე. წლების განმავლობაში, რაც მე ციხეში გავატარე, ჩემს ოჯახს არაფრით დახმარებია, მე კი სასჯელი მის გამო მოვიხადე. ქურდობა თავის დროზე ლევამა ჩაიდინა, მაგრამ მე ავიღე საკუთარ თავზე. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ლევანი ვერ ხედავდა, რამხელა მსხვერპლი გავიღე მისთვის. მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. იმ ჩხუბის შემდეგ, გადავწყვიტე შურისძიება. საღამოს ცოლმა მითხრა, რომ მეზობლის სახლში ქეიფობდა, დაღამებას დაველოდე. ხეივანში ორი საათი ველოდე მის გამოჩენას, მეგონა, მარტო იქნებოდა, მაგრამ მასთან ერთად იყო ჩვენი მეზობელიც. ის გასროლის დროს ფეხში დაიჭრა, თუმცა, კობას დაჭრის განზრახვა არ მქონია. როცა ძმის მიმართულებით ორჯერ ვისროლე, აფექტში ვიყავი და მესამედ, უკვე ინსტინქტურად გავისროლე.“
სასამართლომ არჩილ მ-შვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ძმის მკვლელობისთვის, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.