როგორ მოატყუა ბაგრატ მეხუთემ თემურ ლენგი და რატომ გამოწვეს ეკლესიაში მონაზვნები და ბერები
1386 წელს საქართველოს შემოესია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და სასტიკი დამპყრობელი, უნიჭიერესი მხედართმთავარი, გათურქებული მონღოლების შთამომავალი, დაუნდობელი სუნიტი მაჰმადიანი – თემურ ლენგი (ლანგი). ლანგი ტაჯიკურად კოჭლს ნიშნავს. ის ახალგაზრდობაში ფეხში დაუჭრიათ და დაკოჭლებულა. ამიტომ უწოდეს ლანგ თემური – კოჭლი თემური.
ამ დროს თემურ ლენგსა და ოქროს ურდოს ყაენ თოხთამიშს შორის დიდი დაპირისპირება იყო. ჩინგიზ ყაენის შთამომავალი, უფლისწული თოხთამიში, რომელიც ისტორიაში ცნობილია იმით, რომ 1382 წელს მოსკოვი გადაწვა, ერთ დროს ოქროს ურდოდან გაიქცა და თავს თემურ ლენგთან აფარებდა. მრავალი ბრძოლის შემდგომ, თემურ ლენგის დახმარებით, თოხთამიშმა მოახერხა და ხელში ჩაიგდო ოქროს ურდოს ტახტი. თუმცა, ამის შემდეგ გადაწყვიდა, თავად ლენგ თემურს დაპირისპირებოდა. მან სცადა და დაასწრო თემურს, გადმოიარა ჩრდილოეთ კავკასია, ილაშქრა ჩრდილოეთ ირანში და თავრიზი დაარბია. ოქროს ურდო და თემურ ლენგის სახელმწიფო ამიერკავკასიასა და წინა აზიაშიც ერთმანეთის მეტოქე აღმოჩნდა, როგორც რუსეთის სტეპებზე. სამხრეთ კავკასიას ამ დაპირისპირებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თოხთამიში ცდილობდა, მის მხარეს ყოფილიყო საქართველო.
თემურ ლენგი შემოიჭრა საქართველოს ფარგლებში. ამ დროს სომხეთის ერთი ნაწილი ისევ საქართველოს ექვემდებარებოდა. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დასუსტებული იყო მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის გამო, თუმცა გიორგი ბრწყინვალის შემდეგ, საქართველომ ისევ დაიბრუნა კავკასიისა და წინაა აზიის რეგიონში ღირსეული სახელი.
ამ დროს საქართველოს მეფე იყო ბაგრატ მეხუთე, გიორგი ბრწყინვალის შვილიშვილი. ცოტა ხნით ადრე, 1365-1366 წლებში საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა, ისევე როგორც მთელ იმდროინდელ მსოფლიოში და უამრავი ადამიანი დაიღუპა. ამანაც დაასუსტა ქვეყანა. შავ ჭირს ემსხვერპლა მეფის პირველი ცოლი, დედოფალი ელენეც.
ამის შემდეგ მეფეს ცოლად მოუყვანია ტრაპიზონის კეისრის ასული – ელენე. ქართველთა მეფე კარგი სარდალი, მეომარი და მმართველი ყოფილა, რისთვისაც მისთვის ბაგრატ დიდი უწოდებიათ.
სომხეთიდან თემურ ლენგი მიადგა ქალაქ კარსს (ყარსი) და დაიკავა, რადგან ძალიან მრავალრიცხოვანი, გაწვრთნილი და თანამედროვედ შეიარაღებული ჯარი ჰყავდა. ამ დროს მას მიმხრობია სამცხის ათაბაგიც, რომელიც გულუხვად დაუსაჩუქრებია ლენგს. ეტყობა, ათაბაგმა იფიქრა, რომ მსოფლიოს უდიდეს დამპყრობელთან ომს აზრი არ ჰქონდა და ასე იყიდა თავისი სამთავროსთვის მშვიდობა, სავარაუდოდ, საქართველოს მეფესთან შეუთანხმებლად. ზამთარი თემურ დამპყრობელმა ყარსში გაატარა. გაზაფხულზე გადმოვიდა ქართლში და გადმოვლო აბოცი. გამოიარა თრიალეთი ისე, რომ წინ ვერავინ აღუდგა. მოაოხრა ყველაფერი, აიღო და დაანგრია ციხესიმაგრეები.
ბაგრატ მეფე გამაგრდა ტფილისში. კოჭლი თემური ძალიან გაბრაზდა, რომ ბაგრატ მეფე მასთან მორჩილების ნიშნად არ მივიდა და მოადგა ჩვენს დედაქალაქს.
ალყა კარგა ხანს გაგრძელდა. ბაგრატ მეფე და მისი მეომრები გამოდიოდნენ ციხიდან და ასე ებრძოდნენ მტერს. თემურ ლენგმა გაამართვინა საალყო მანქანები, რკინის ჩელტებით დაფარეს ისინი, რათა ცეცხლმოკიდებულ ისრებს ვერ დაეწვა და ქვებს არ დაეზიანებინა და შეუტიეს ტფილისს. მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ტფილისი თემურ ლენგის ჯარებმა აიღეს.
ბაგრატ მეფე, დედოფალი და უმცროსი უფლისწული დავითი ტყვედ აიყვანეს დამპყრობლებმა.
თემურ ლენგმა ბაგრატ მეფეს მოსთხოვა, უარი ეთქვა მისი მტრის, ოქროს ურდოს ყაენის, თოხთამიშის მოკავშირეობაზე და მის მხარეს გადასულიყო. გარდა ამისა, თემური ითხოვდა, ჩვენს ხელმწიფეს უარი ერთქვა მართლმადიდებლობაზე და მაჰმადიანობა მიეღო. სამაგიეროდ, თემური მეფეს გაათავისუფლებდა და საქართველოს ხელმწიფედ ისევ ცნობდა.
რა თქმა უნდა, მაჰმადიანობის მიღებაზე ბაგრატ დიდმა უარი თქვა.
თემურ ლენგი ნადირობდა და ერთობოდა ყარაიაში. მერე ყარაბაღში გაემგზავდა და თან წაიყვანა საპატიო ტყვე, საქართველოს მეფე. რაღაც პერიოდი ბარდავში დაჰყვეს. თემური ისევ დაჟინებით ითხოვდა მეფისგან გამაჰმადიანებას.
მეფის უარით გაცეცხლებულმა გათურქებულმა მონღოლმა თავისი ჯარები შიდა ქართლის მოსაოხრებლად გააგზავნა. შიდა ქართლში თემურს აქამდე არ ულაშქრია.
თემურის ჯარებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულებს მბრძანებლის განკარგულება და შიდა ქართლი მოაოხრეს. უამრავი ადამიანი დახოცეს ან ტყვედ აიყვანეს. შემდეგ სვეტიცხოვლის წმიდა ტაძრის დანგრევას ცდილობდნენ – გამოუშალეს სვეტები, მაგრამ არ ჩამოიშალა არსუკიძის დიდებული ქმნილება, უფლის კვართის ტაძარი.
ქვაბთახევის (ქვათახევის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შეამწყვდიეს ბერები, მონაზვნები და გამოწვეს. დაარბიეს რუისის ღვთაების ეკლესია...
იქიდან კახეთში გადავიდნენ და ისიც მოაოხრეს...
საქართველოს აწიოკების შემდგომ სასტიკი კოჭლი შაქისკენ (ახლანდელი ჩრდილოეთ აზერბაიჯანი) გაემართა. იქაური და სხვა კავკასიელი თუ ირანელი მთავრები მორჩილების ნიშნად ეახლნენ და თაყვანი სცეს თემურ ლენგს.
ბაგრატ მეფე ისევ თან ჰყავდა თემურს და კვლავ მაჰმადიანობის მიღებას სთხოვდა, სამაგიეროდ, ჰპირდებოდა თავისუფლებას, საქართველოს დაბრუნებას, უამრავ საჩუქარსა და დიდ პატივს. ბაგრატ მეფემ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ფორმალურად მიეღო ისლამი.
ძალიან გაუხარდა თემურ ლენგს ბაგრატ მეხუთის ასეთი გადაწყვეტილება. დიდი პატივი სცა ჩვენს ხელმწიფეს, თავისი სახელმწიფო სამოსით შემოსა და უამრავი საჩუქარი გადასცა. მაშინ ბევრმა ტყვეობაში მყოფმა ქართველმა მიბაძა თავის მეფეს და მაჰმადის რჯულზე გადავიდა.
ძალიან წუხდა ბაგრატ მეფე, ძალიან განიცდიდა და ფიქრობდა: არ დავიძინებ, არც დავასვენებ ჩემს სხეულს, ვიდრე შურს არ ვიძიებო და საქმე ღმერთს მიანდო.
თემურ ლენგს შესთავაზა: ვინაიდან გავიგე თქვენი სარწმუნოების სიკეთე, ახლა გთხოვ, სრულიად დავუმორჩილო თქვენს რჯულს საქართველოს მოსახლეობა. თუ გსურს, მათი მოქცევა, მომეცი შენი ჯარი, წავალ ჩემი ქვეყნის კუთხეებს მოვივლი და გადმოვიყვან თქვენს სარწმუნოებაზე, მათ შორის მთიულებს, ოსებს, დვალებს, სვანებს, აფხაზებს და ყველას. მე დავარწმუნებ მათ თქვენი რჯულის სიკარგეშიო.
თემურ ლენგს ძალიან გაუხარდა ბაგრატ დიდის ასეთი განზრახვა, ურიცხვი საბოძვარი მისცა და 12 000 მხედარი გამოატანა საქართველოში.
ალბათ, თემური ამ ჯარით შეეცდებოდა, საქართველოს მთის გადმოსასვლელები შეეკრა ოქროს ურდოსთვის.
როცა საქართველოს საზღვრებს მოუახლოვდნენ, მეფემ მალულად გააგზავნა თავის მემკვიდრე გიორგი უფლისწულთან ერთგული აზნაური რუს ეგნატაანთი და შეუთვალა: „მოვდივარ ლანგ თემურის ჯარით. შეკრიბეთ ლაშქარი და წინ დაგვხვდით რომელიმე ვიწრო ხეობაში. წინიდან და უკნიდან თავს დავესხათ, დავხოცოთ და ვიძიოთ შური, იმის გამო, რაც დაგვმართეს“.
გიორგი უფლისწული დიდი მეომარი იყო – ნამდვილი მართლმადიდებელი. უცებ შეაგროვა ჯარი, გამოემართა ხელმწიფე-მამის გამოსახსნელად და ერთ ვიწრო ხეობაში დახვდა გამაჰმადიანებული მონღოლების ჯარს. ბაგრატ მეფე მზად იყო, უცებ გადავიდა შვილის ბანაკში და ლომივით შეუტიეს გამწარებულმა ქართველებმა მტერს. სრულიად გაჟუჟეს 12 000 თათარი ქართველებმა, ხოლო ჩვენებს თითქმის არ ჰქონიათ ზარალი.
ასე იძიეს შური ბაგრატ მეფემ, გიორგი უფლისწულმა და ქართველებმა თემურ ლენგის მიერ საქართველოს აოხრებისა გამო.
წინ უფრო დიდი და უფრო სასტიკი ბრძოლები იყო მოსალოდნელი.