დედაქალაქის გადასარჩენად
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-7(790)
ჩიტოს გაეცინა და კაკუბავას უთხრა:
– და მაინც, პირველად თავში ის მოგივიდათ, რაც ახლა თქვით და მეც სწორედ ასე ვფიქრობ, ბატონო ვარლამ. რა თქმა უნდა, სხვა ვერსიების მოფიქრება და ახსნაც შეიძლება, მაგრამ თქვენი ვერსია თუ ბოლომდე არა, სიმართლესთან ყველაზე ახლოა. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, თბილისში მხოლოდ აბდულ-აზიზ ქემალი კი არაა, უფრო სწორად, იყო, არამედ ტერორისტთა მთელი ჯგუფია.
– რატომ გგონია?
– თუნდაც იმიტომ, რომ მოკლულ ქემალთან ის ზუხრა და მისი თანმხლები მამაკაცი იყვნენ დაკავშირებულები. ეს უკვე ჯგუფია.
– თანაც, სამივე „დატრუპეს“ და ძალიან მოკლე დროში, – თქვა კაკუბავამ და დაამატა, – კი, ჯგუფური მოქმედებაა და დანაშაულებათა სურათებიდან ჩანს, რომ მაღალკვალიფიციური, სპეციალურად მომზადებული შემსრულებლები მოქმედებენ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ჯგუფი მოქმედებს თბილისში? – ჰკითხა ვარლამს ჩიტომ.
– სავსებით შესაძლებელია ესეც, – დაეთანხმა კაკუბავა და დასძინა, – ტერორისტებისა და ქილერების მოქმედება ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს ძალიან აშკარად ჩანს ამ მკვლელობებშიც. ქემალის მკვლელობა რომ გვერდზე გადავდოთ, რომელიც დაჩეხილია, აბრეზადან დაწყებული – ზუხრამდე, ყველა მკვლელობა მაღალპროფესიულადაა შესრულებული, რასაც ერთი კაცის თუ არა, ერთი ჯგუფის ხელი ეტყობა.
– საინტერესოა, რა მიზნით მოკლეს აქ ის ტერორისტი.
– მე უფრო ის მაინტერესებს, რას იტყვიან ამის შესახებ ამერიკელები და, საერთოდ, რა ხდება... – კაკუბავა ჩაფიქრდა და პაუზის მერე თქვა, – კარგი რომ არაფერი ხდება, აშკარაზე აშკარაა.
– ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვისაა ეს აშკარა, – დაამატა რეზომ.
– ჰოდა, ჩვენი ამოცანაა, თუკი რაღაც ცუდი იგეგმება, აღვკვეთოთ. მანამდე კი მათი ჩანაფიქრია ამოსაცნობი.
– კი მაგრამ, როგორ, ბატონო ვარლამ? ჩვენ ხომ ამ საქმესთან, ფაქტობრივად, არც კი გვაქვს შეხება, – უფრო სწორად, ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
– კი, ასეა, მაგრამ რისთვის ხარ გამომძიებელი, თუკი ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებ? თანაც, რატიც აქ გვყავს და გამორიცხული არაა, სოსო ჯაფარიძეც მოგვემხროს. თუმცა, მასთან ხშირი კონტაქტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ არ გაიშიფროს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოაზრე გახდება.
– გეგმა გაქვთ, ბატონო ვარლამ?
– ყოველ შემთხვევაში, უპირველესად, იმ ზუხრასი და მისი თანმხლები პირის ნამდვილი ვინაობა უნდა დავადგინოთ.
– ხომ შეიძლება, აქ ისინი თავიანთი გვარებით არ მოქმედებდნენ? – თქვა რეზომ. კაკუბავამ კი მიუგო:
– ეგ არაა მთავარი. ზუხრა და ის კაცი ხომ ლეგალურად იყვნენ თბილისში... ზუხრა მაინც... თუმცა, შეიძლება, ის აქ სხვა გვარით იყო რეგისტრირებული. სწორედ ეგაა გასარკვევი. ამას რომ გავარკვევთ, შემდეგ ამ ძაფს მივყვებით და გამორიცხული არაა, სხვებზეც გავიდეთ. უფრო სწორად კი, სხვებზე რომ გავიდეთ, ამიტომაა მათი ვინაობის გარკვევა აუცილებელი.
– ზუხრას ვინაობას, ალბათ, რატი გვეტყვის. ამ საქმეს ხომ უშიშროება იძიებს და ვალდებულები არიან, იდენტიფიცირება მოახდინონ?
– მართალი ხარ, მაგრამ რატის შეიძლება, არც კი გაუმხილონ ეს ინფორმაცია და ჩვენ ჩვენი არხებითაც უნდა ვიმოქმედოთ.
– რატომ არ უნდა გაუმხილონ? – მხრები აიჩეჩა რეზომ, – რატი ხომ უშიშროების თანამშრომელია, თანაც, გამოძიებაშია ჩართული.
– ასე იმიტომ ფიქრობ, რომ უშიშროების პრინციპი არ იცი. დავიწყოთ იმით, რომ იქ ყველაფერს ასაიდუმლოებენ. შენ ეგ მილიცია, ბოდიში, პოლიცია ან პროკურატურა ხომ არ გგონია, სადაც უფროსიდან დაწყებული რიგითამდე, ყველამ ყველაფერი იცის? არა, ჩიტო, მასე არაა. მართალია, რატი ჩართულია გამოძიებაში, მაგრამ მას კონკრეტული მიმართულება აქვს. ის, აბრეზასა და მასთან დაკავშირებულ მკვლელობებზე მუშაობს. ამიტომ, სხვა ინფორმაციები რომ მოიკითხოს, ანუ სხვა საქმეში რომ ჩაყოს ცხვირი შეიძლება, საერთოდ ჩამოაშორონ ამ საქმეს. მიხვდი ახლა?
– გამოდის, რომ უშიშროებაში თავიანთ კადრებს ბოლომდე არ ენდობიან...
– მასეც შეიძლება იფიქრო, მაგრამ მე მაინც სხვანაირად ვიტყვი. ამ უწყებაში ბევრად უფრო მეტად იზღვევენ თავს, რომ ინფორმაციის გაჟონვა არ მოხდეს. თანაც, როცა ასეთი პრინციპით მუშაობ, „ჩეპეს“ შემთხვევაში, შიდა გამოძიების ჩატარება და „კროტის“ პოვნა ბევრად უფრო იოლია. კროტი, იცი, რა არის?
– თხუნელა, – თქვა რეზომ.
– თარგმანს კი არ გეკითხები, არამედ გადატანით მნიშვნელობას.
– ალბათ, ჩანერგილ აგენტს.
– ჩანერგილს, გადაბირებულს. მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ, აგენტს... ყოჩაღ, კარგად მიხვდი. ჰოდა, ასეთი მუშაობის პრინციპი აქვს უშიშროებას. თანაც, ერთი მოსაზრებაც მაქვს.
– რა მოსაზრება, ბატონო ვარლამ?
– არ მინდა, მეგობრებზე ცუდი ვიფიქრო, მაგრამ კონიუნქტურა უარყოფს ამ ცნებას.
– რას გულისხმობთ, ბატონო ვარლამ.
– უფრო სწორად, ვის, – თქვა კაკუბავამ.
– ვის? – გაიმეორა რეზომ.
– სოსო ჯაფარიძეს.
– ვერ ვხვდები, ბატონო ვარლამ.
– მოკლედ, რეზო, სოსო ჩემი მეგობარია. მასში ეჭვი არასდროს შემპარვია, არც ახლა მეპარება და ღმერთმა არ ქნას, რომ ოდესმე შემეპაროს. თუმცა, ჩვენც თავი უნდა დავიზღვიოთ. სოსო, დიდი და ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობის პირია. მით უმეტეს, რომ ამერიკელების პატრონაჟის ქვეშაა. არ გამოვრიცხავ, რაღაც მომენტში ჩვენი და მისი ინტერესები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს და ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად, – კაკუბავამ პაუზა გააკეთა. რეზომ კი ამით ისარგებლა და ჰკითხა:
– ვერაფერს ვხვდები, ბატონო ვარლამ.
– ახლავე დაგიკონკრეტებ, – თქვა კაკუბავამ, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმა უმძიმდა, – გამორიცხული არაა. ვიმეორებ, არაა გამორიცხული, თუმცა არ მინდა, ეს დავიჯერო, რომ სოსომ, ისევ და ისევ კონიუნქტურული მოსაზრებით და ამერიკელების დაჟინებით, ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო რაღაცაზე თვალი დახუჭოს. ამიტომ, ჩვენ წინასწარვე უნდა გვქონდეს შეგროვებული მასალები, რომ მას ეს არ გავაკეთებინოთ. ან, ღმერთმა არ ქნას და, თუკი ასე მოხდა, ეს მასალები გამოვამზეუროთ.
კაკუბავა დადუმდა. რეზო გაოცებული მისჩერებოდა ვარლამს და შემდეგ თქვა:
– მე მგონი, რაღაცას კი ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა. ბოდიშს გიხდით, ბატონო ვარლამ, მაგრამ არ შეიძლება, უფრო დამიკონკრეტოთ?
– მაგალითად, ამერიკელების საფარქვეშ და კონტროლით მომუშავე ჯგუფი პატარა დესტაბილიზაციას გეგმავს აქ, რაც მათი ქვეყნის ინტერესში შედის. ეს გაიგო სოსომ და თვალი დახუჭა. ჩვენ კი საპირისპიროდ უნდა ვიმოქმედოთ. ხომ გახსოვს, რა მოხდა 2008-ში, რომელიც უკვე პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი?
– რას გულისხმობთ, ომს?
– ომის დროს რომ რუსები თბილისში შემოჭრას გეგმავდნენ და საფრანგეთის პრეზიდენტის საგანგაშო ზარზე – რუსებს დაელაპარაკეთ და აგრესია აღკვეთეთო, მან მიუგო, – თავი დაანებე, უფრო ღრმად შეიჭრნენო. ეს ხომ ნაწილობრივ საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა მაშინ.
– კი. მახსოვს, „ვიკილიქსში“ რომ გამოქვეყნდა, – თქვა რეზომ.
– ჰოდა, ჩემო კარგო, ამერიკელებს რუსების აქ შემოჭრა აწყობდათ, რომ საკუთარი პოლიტიკური დივიდენდები მოეპოვებინათ, მაგრამ ჩვენ გვაწყობდა?
– ასე რომ მომხდარიყო, ზღვა სისხლი დაიღვრებოდა.
– ჰოდა, მეც მანდ ვარ. მაშინ, თუ ასეთ რამეზე წავიდნენ და ასეთი მასშტაბებით, ახლა რატომ არ იზამენ ამას?
– კი ბატონო, დავუშვათ, იზამენ, მაგრამ სოსო ჯაფარიძე რატომ დახუჭავს ამაზე თვალს. ვისი პატრონაჟითაც არ უნდა მუშაობდეს, ის ხომ ქართველია. ბოლო-ბოლო, საღი აზრი ხომ გააჩნია და მოტვინავს, რომ ასეთ საქმეში გახლართვისთვის მას პასუხს მოსთხოვენ.
– სოსო წესიერი და ჭკვიანი კაცია, მაგრამ ისე მაღლა ზის. იქიდან კი შეიძლება, ვერც კი ჩასწვდეს უცებ საქმის ჭეშმარიტ არსს. ხოლო, როცა ჩასწვდება, შეიძლება, გვიან იყოს. თანაც, გვერდით საკმაოდ კარგად მომზადებული კონსულტანტი ჰყავს და რა იცი, რას „გაუჩალიჩებს“?
– ონილს გულისხმობთ?
– სწორედ მას.
– ძალიან აითვალწუნეთ ეგ ქართულენოვანი ამერიკელი, – გაეცინა ჩიტოს.
– ხუმრობა იქით იყოს და, ინტუიცია მკარნახობს, სწორედ ეგ ქართულენოვანი ამერიკელი და ვაშინგტონიდან ასე სასწრაფოდ ჩამოფრენილი ოთხეული სხვა თამაშს თამაშობენ. მათი გეგმის ამოცნობაა საჭირო. ერთი სიტყვით, სოსოს უნდა დავეხმაროთ. მაგრამ ისე, რომ საქმის კურსში არ იყოს. მე მას ჩემი სიტყვა ვუთხარი. დახმარება შევთავაზე და თუკი საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამს, შეთანხმებულად ვიმოქმედებთ. ისე კი, ყველა შემთხვევაში, მოქმედებაა საჭირო. თანაც, ძალიან სწრაფი, ფრთხილი და ეფექტური.
– ყველაფერს მივხვდი, ბატონო ვარლამ. ახლა ის მითხარით, მე რა მევალება, – თქვა რეზომ.
კაკუბავამ ჩიტოს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– მე შენ ბოლომდე გენდობი, ისევე, როგორც რატის.
– მეც ისევე გენდობით ორივეს, როგორც საკუთარ თავს, – სიტყვა გააწყვეტინა ჩიტომ კაკუბავას, რომელსაც არ უყვარდა ასეთი რამ. თუმცა, ამჯერად არ დაუტუქსავს ხელქვეითი და უთხრა:
– უპირველესად, ეს საუბარი ჩვენ შორის უნდა დარჩეს და მხოლოდ რატის გავანდოთ. ახლა კი ტელეფონები ჩავრთოთ. რატის დავუკავშირდეთ და გავარკვიოთ, რა ხდება. მართალია, ღამის ოთხი საათია, მაგრამ არ მგონია, სახლში წასულიყო. თუ სცალია, შევხვდეთ და დაველაპარაკოთ.
***
როგორც კი რეზომ და კაკუბავამ მობილურები ჩართეს, ჩიტოს ტელეფონზე შეტყობინება შემოვიდა: „დამირეკე“.
– ნახევარი საათის წინ გამოუგზავნია, – თქვა რეზომ და ძმაკაცს დაურეკა. მან კი უთხრა:
– რატომ გქონდა გამორთული? მოვკვდი რეკვით.
– დამიჯდა, – იცრუა ჩიტომ და ჰკითხა:
– ხომ მშვიდობაა?
– არც ვარლამი მპასუხობდა. უფრო სწორად კი, მასაც გამორთული ჰქონდა.
– ალბათ, სძინავს.
– ტელეფონს რომ არ თიშავს?
– შეიძლება, იმასაც დაუჯდა. რა ხდება, ხომ მშვიდობაა? – გაიმეორა ჩიტომ.
– უბრალოდ, იქ რომ არ დამხვდით, დაგირეკეთ და გამორთული რომ გქონდათ, ვიფიქრე, ხომ მშვიდობა აქვთ-მეთქი.
– მშვიდობაა, მშვიდობა. სად ხარ ახლა?
– სახლში მივდივარ მანქანით. შენ?
– მეც სახლში მივდივარ, – უპასუხა ჩიტომ რატის.
– მოიცა, ეგ როგორ, ტელეფონი სად დატენე?
– ერთ ადგილზე ვიყავი და იქ.
– ახლა სად ხარ?
– შენ? – კითხვა შეუბრუნა ჩიტომ.
– სანზონაში. პლატონას დუქანთან.
– მეც ახლოს ვარ და თუ დამელოდები, მალე მოვალ. ერთად წავიდეთ სახლში.
– ტაქსიში ხარ?
– ჰო.
– კარგი. გელოდები, – მიუგო რატიმ და ტელეფონი გათიშა.
– წავედით პლატონას დუქანთან. ყველაფერი გავიგე, – უთხრა ვარლამმა ჩიტოს და მანქანა ადგილიდან დაძრა.
რატის სამსახურებრივი „ბეემვე“ გზის პირას იყო გაჩერებული. ვარლამმა გვერდით ამოუყენა მანქანა და გაოცებული ყოფილი ხელქვეითი თავისთან მოიხმო. რატი სწრაფად გადაჯდა კაკუბავას ავტომობილში. უკანა სავარძელზე მოთავსდა და იკითხა:
– რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
– ჯერჯერობით კი. რა ქენი, რატი, დაკითხე ალაჩკა მგელაძე? – ჰკითხა ვარლამმა.
– დავკითხე, ბატონო ვარლამ. რა ხდება, ხომ მშვიდობაა? – გაიმეორა რატიმ.
ვარლამმა და ჩიტომ თავიანთი მობილურებიდან ელემენტები ამოიღეს და რატის ანიშნეს – შენც იგივე გააკეთეო. როდესაც რატიმაც ამოიღო ელემენტი, კაკუბავამ მას ჰკითხა:
– რატი, მე და ჩიტოს გვენდობი?
– საკუთარი თავივით, ბატონო ვარლამ, – უყოყმანოდ მიუგო ყოფილ უფროსს პეტრიაშვილმა. მერე კი დადუმდა და მოსასმენად მოემზადა. მიხვდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვათ.
კაკუბავამ პატარა პაუზა გააკეთა და რატისაც იგივე უთხრა, რაც ცოტა ხნის წინ ჩიტოს. ბოლოს კი ჰკითხა:
– რას იტყვი, რატი, გაოცებული ხარ ჩემი სიტყვებით?
– სულაც არა, ბატონო ვარლამ, – ჩაეცინა რატის. შემდეგ ჩაფიქრდა და თქვა, – სულ რაღაც სამი დღის გადასული ვარ უშიშროებაში და ჩემგან, ალბათ, არაეთიკურიცაა მსგავსი დასკვნების გაკეთება, თუ საერთოდ შეიძლება ასეთი რამ, მაგრამ ამერიკელები არც მე მომდიან თვალში, საეჭვოებად მეჩვენებიან. აი, სოსო ჯაფარიძე კი ნამდვილად კარგი კაცი ჩანს.
კაკუბავას გაეცინა და რატის ჰკითხა:
– მაინც, რამ დაგაეჭვა ამერიკელებში. მათ ხომ შენ ძალიან მოეწონე და „ეფბეერის“ აკადემიაში სასწავლებელ რეკომენდაციას შეგპირდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე თითქმის მოგვარებულია?
– უშუალობა ცუდი რამ არაა, მაგრამ სწორედ ჩემ მიმართ ასეთი უშუალობა და შეიძლება ითქვას, ფამილარობა, მაეჭვებს. რატომღაც მგონია, რომ ამ ყველაფრის უკან რაღაც იმალება.
– ბოლო-ბოლო, ქრისტეს მიმართავდნენ შენობით და ონილს რომ ასე დაუძახო, რა არის ამაში დასაძრახი?
– დასაძრახი, შეიძლება, არაფერია, მაგრამ რაღაცნაირად არ მჯერა მისი უშუალობის და მგონია, რომ თამაშობს. ამ თამაშს კი გარკვეული მიზანი აქვს – რა? ჯერ ვერ ვხვდები, – უთხრა რატიმ კაკუბავას, ჩაფიქრდა და დააყოლა, – რაღაც მგონია, რომ ონილი და ვაშინგტონიდან ჩამოფრენილი ოთხეული ცდილობენ, იმაში დაგვარწმუნონ, რომ მაწანწალების მკვლელობებს არც ერთმანეთთან აქვთ კავშირი და არც ტერორისტ აბდულ-აზიზ ქემალის მკვლელობასთან. არადა, ეს ამბები ფაქტებითაც უკავშირდება ერთმანეთს და გარემოებითაც.
– კი. მასეა. გეთანხმები, – დაუდასტურა კაკუბავამ, რატიმ კი განაგრძო:
– თანაც, ერთი ახალი ამბავია, რომელმაც შეიძლება, მრავალ რამეს მოფინოს ნათელი.
ჩიტომ და ვარლამმა ყვრები ცქვიტეს. კაკუბავამ ყოფილ ხელქვეითს ჰკითხა:
– რა ახალი ამბავი?
რატის ეშმაკურად გაეცინა და თქვა:
– კოჩია გვაზავასთან ერთი ოპერი მუშაობს – ვაჟა სურმანიძე.
– ვინ ვაჟა სურმანიძე – კოჩიასთან არ ვმუშაობდით მე და შენ და ასეთი არ მახსოვს. ახალია? – სიტყვა გააწყვეტინა ძმაკაცს ჩიტომ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში