კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

აღარ მინდა, ვიყო კარგი გოგო
სულ პატარაობიდანვე დამჯერი, დამთმობი და გამგონი ბავშვი ვიყავი, თანაც არაჭირვეული და არაპრეტენზიული. ისე გავიზარდე, მშობლებისთვის ერთხელაც არ მითხოვია კანფეტის ყიდვაც კი, რომ აღარაფერი ვთქვა ტანსაცმელზე ან სათამაშოებზე, თუმცა ხშირად მომდომებია ახალი ნივთები. თუ თვითონ მიყიდდნენ რამეს, მადლობელი ვიყავი და თუ ჩემი უმცროსი ან უფროსი და მოინდომებდა ჩემთვის ნაყიდ საჩუქარს, უსიტყვოდ ვაძლევდი, იმის მიუხედავად, რომ თვითონაც ძალიან მინდოდა. ჩემს ასეთ საქციელს ყველა ისე შეეჩვია, რომ პრაქტიკულად აღარც არაფერს ყიდულობდნენ ჩემთვის; ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც ჩემი უფროსი დის ან ნათესავების შვილების გამონაცვალი მეცვა, ხშირად – ბიჭის შესაკრავიანი პალტოები, ჟაკეტები ან ქურთუკები. მოკლედ, თავიდანვე ასე აეწყო, რადგან იცოდნენ, რომ არაფერს მოვითხოვდი, არაფერს ვთაკილობდი და არაფერი მწყინდა, ბოლომდე ასე გაგრძელდა და დღემდე ეს განწყობა და ის პოზიციაა ჩვენს ოჯახში ყველასგან: „ამას მაინც არაფერი უნდა; ამას რაში სჭირდება; ეს მაინც ვერ მოიხდენს“ და ასე შემდეგ. არადა, სინამდვილეში, ყოველთვისაც ძალიან მინდოდა, მჭირდებოდა და მოვიხდენდი კიდეც, მაგრამ ზედმეტმა მორიდებამ და თავმდაბლობამ მეათეხარისხოვანი გამხადა ოჯახში და დღემდე ასე გრძელდება. სამაგიეროდ, თუ რამეა გასაკეთებელი, ყველგან „პატივს მდებენ“ და აცხადებენ, რომ მხოლოდ მე მენდობიან; რომ ჩემსავით ამას ვერავინ გააკეთებს... ანუ, სიტყვით „მაბამენ“, რომ უფრო მეტად მოვინდომო და, რაც მთავარია, გამიხარდეს, რომ იკადრეს და მენდნენ.
როცა დედა ან ბებია ვინმესთან ლაპარაკობენ ჩემზე და ჩემს დებზე, დაახლოებით ასეთი ტექსტი აქვთ ხოლმე: „თეკუნა (ანუ მე), რადგან დამთმობი და უპრეტენზიო ბავშვია. ისეთი კარგი გოგოა, რაც გინდა ჩააცვი, რაც გინდა აჭამე, რაც გინდა აჩუქე და სადაც გინდა, წაიყვანე, ყველაფერი მოსწონს, ყველაფერი უხარია და ყველაფერზე მადლობელია. სულაც რომ დაგავიწყდეს მისი არსებობა, მაშინაც კი არ შეგახსენებს თავს (სხვათა შორის, ასეთიც მომხდარა რამდენჯერმე), არის თავისთვის ჩუმად; ამ ორს კი (ანუ ჩემს დებს) შეუძლია, ჭკუიდან გადაგიყვანოს პრეტენზიებითა და ჭირვეულობით. არაფერი არ მოსწონთ, არაფერი არ ჰყოფნით“... და ასე შემდეგ. რაც შეეხება საჭმელს, აქაც იგივე დამოკიდებულება აქვთ: ჩემს დებს დღეში სამჯერ ეკითხებოდნენ, რა ვიყიდოთ და რა გავაკეთოთ საუზმეზე, სადილად და ვახშმადო, ჩემთვის კი ერთხელაც არ უკითხავთ, მიყვარდა და მომწონდა თუ არა ის კერძი, რასაც უკითხავად დამიდგამდნენ ხოლმე წინ. თუ არ შევჭამდი, არც მაშინ ჰქონდათ არანაირი რეაქცია – რატომ არ ჭამეო, უსიტყვოდ აიღებდნენ თეფშს და ან გადაღვრიდნენ, ან მემაწვნე ქალისთვის ჩაასხამდნენ ხოლმე ქილაში.
ჩემებს ასე ვთქვათ, „ხმარებაში შემორჩათ“ ერთი ფრაზა, რომელსაც დღემდე იყენებენ ხოლმე ჩემ მიმართ: „თეკუნა ისეთი კარგი გოგოა, ამას ყურადღებას არ მიაქცევს (ან: „... მაინც მოეწონება“; „... მაინც მადლობელი დარჩება“)“. პირველად ვამბობ ხმამაღლა, თანაც ასე საქვეყნოდ: აღარ მინდა, ვიყო კარგი გოგო! ყელში ამომივიდა ეს შემწყნარებლური ტონით ნათქვამი „კარგი გოგოა“, რასაც უკვე ცოტა სხვანაირად აღვიქვამ: „თეკუნა მაინც დებილია“... დავიღალე ამ კარგი გოგოობით! ამიტომაც, გადავწყვიტე, ხვალიდან აღარ ვიყო კარგი გოგო (რა თქმა უნდა, თუ გამომივიდა), რადგან ეს ნიშა თუ სტატუსი ჩემთვის უკვე სასჯელად და ბედისწერად იქცა. ხვალ დილიდანვე ვხვდები ცუდი გოგო და ამ აზრის გაცნობიერება საოცარ სიამოვნებას მგვრის. ვეღარ ვიტან კარგ გოგოებს, გაუმარჯოს თავხედებს, უზრდელებს, ჭირვეულებსა და პრეტენზიულებს! მათია ეს ქვეყანა!
თეა, 19 წლის.

скачать dle 11.3