კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბანალურობის მსხვერპლი

უილიამ პიდმონტ მესამე დიდხანს ეძებდა თავის ოჯახზე შურისძიების გზას და საშუალებას. უკვე ოთხი წელი გავიდა, რაც ის ოჯახის წევრებმა გარიყეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის არასასურველი ქალი მოიყვანა ცოლად. დიახ, დორისი დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა და მისი ოჯახი ვერაფრით მოიწონებდა თავს. მაგრამ უილიამისთვის ეს არ იყო მთავარი. დორისმა გამოაცოცხლა მისი დამყაყებული, მოსაწყენი, უინტერესო და სტერეოტიპებით გაძეძგილი  ცხოვრება. საოცარი ვინმე იყო, განსაკუთრებული, ამოუცნობი და ყველაფერში ორიგინალური...
დორისმა გაუღიმა.
– უკვე მოიფიქრე, რას ჩაიცვამ მასკარადზე? – ჰკითხა ქმარს.
– ჰო. მე ისეთი ჩანაფიქრი მაქვს, რომ ყველაზე მეტად დემონის კოსტიუმი მომიხდება.
– ფუ, რა ბანალურია! დემონის კოსტიუმში გამოწყობილი უძღები შვილი მიდის და ძარცვავს დედიკოს, – მოიღუშა დორისი, – რამე უკეთესი მოიფიქრე.
ქალიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ჭკვიანი და გონებამახვილი იყო. ფაქტია, რომ სწორედ დორისის წყალობით არ აღმოჩნდნენ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ უფულოდ და მშივრები. დორისი სწრაფად მიხვდა, რომ მისი ქმარი, გახამებულ, თეთრ საყელოში გაზრდილი ბიჭუნა, რომელმაც თავი გამოიდო სიყვარულის დასაცავად, ვერაფრით მოიპოვებდა საარსებო საშუალებას შრომით. ამიტომ მისი შინაგანი ნიჭის გააქტიურებაზე დაიწყო ზრუნვა და მალე ცოლ-ქმარი საკმაოდ დაოსტატდა ქურდობასა და თაღლითურ მაქინაციებში. კარგადაც მისდიოდათ საქმეები, მაგრამ უილიამს თავის ოჯახზე შურისძიების სურვილი არ ასვენებდა, თუმცა, კარგი გეგმა მაინც ვერ მოიფიქრა. არა და არ ჩაუვარდათ ხელში შესაფერისი მომენტი. და აი, უცებ გაზეთში გაჩნდა განცხადება, რომ პიდმონტები გრანდიოზულ საგაზაფხულო მეჯლისს აწყობდნენ კოსტიუმირებული წარმოდგენით. დორისმა მოახერხა და ერთ ქალბატონს, რომელიც მეჯლისზე იყო დაპატიჟებული, საფულე და მოსაწვევები მოჰპარა. ახლა მხოლოდ კოსტიუმების შეძენა იყო საჭირო, მაგრამ დორისმა ვერაფრით ვერ გადაწყვიტა, ვინ უნდოდა, რომ ყოფილიყო.
– დორის, ძალიან დიდხანს ხომ არ ფიქრობ? მეჯლისამდე ორი დღე დარჩა.
– დრო საკმარისია, მოვასწრებ. შენ ის მითხარი, მოახერხებ ფულისა და ოქროულის გამოტანას?
– რა თქმა უნდა. მაგაზე, შეგიძლია, მშვიდად იყო. ის სახლი ჩემი ხუთი თითივით ვიცი – მე ხომ იქ გავიზარდე და ყველაზე ხშირად მამის კაბინეტში ვიმალებოდი. ბევრჯერ დამინახავს, დედისგან ჩუმად როგორ ინახავდა ფულს შავი დღისთვის და არავის უმხელდა. იქ საკმაოდ ბევრი იქნება. დედაჩემსაც ბევრი ძვირფასი სამკაული აქვს. მთელი ცხოვრება იმის მეტი არაფერი უკეთებია, რომ მამაჩემთან მორიგი ჩხუბისა და შერიგების შემდეგ ახალ-ახალი ყელსაბამი ეყიდა.
– და ამ ყველაფერს ჩვენ ერთ საღამოს წამოვიღებთ? – ღიმილით ჰკითხა დორისმა.
– რა თქმა უნდა. მე ძალიან, ძალიან დიდხანს  ველოდი ამ დღეს სრულად როდის შეიგრძნობენ ჩემი დედიკო და მამიკო ისეთსავე დამცირებასა და იმედგაცრუებას, როგორიც მე განვიცადე. ყველაფერი კარგად იქნება.
– ჩვენ ხომ ისედაც არაფერი გვაკლია, – გაიცინა დორისმა, – ძალიან კარგად ვცხოვრობთ.
– ჰო, მაგრამ, ეს არ ამართლებს ჩემი მშობლების საქციელს. მათ მე სანაგვეზე მომისროლეს და პასუხს აგებენ ამისთვის. შენ მოიფიქრე, რას ჩაიცვამ.
– აუცილებლად რამე ორიგინალურს, – გადაიკისკისა დორისმა და ქმარს მოეხვია. აი, რა უყვარდა თავის ცოლში პიდმონტების საგვარეულო მამულში, ჩაკეტილ სივრცეში გაზრდილ ბიჭუნას – დორისმა მას ახალი სიცოცხლე შთაბერა და გამოაცოცხლა. ის ერთ დიდ დღესასწაულს ჰგავდა, აღსავსეს პოზიტივითა და ორიგინალურობით...
წვეულების საღამოს პიდმონტების მამულიც და სასახლეც ერთიანად იყო გაბდღვიალებული. უამრავი სტუმარი ირეოდა და ყველა საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილიყო. „წითელ დემონად“ ქცეული უილიამი ცოლს მოუთმენლად ელოდა. დორისი ტაქსით მივიდა. მანქანიდან ის მთლიანად შავებში გამოწყობილი გადმოვიდა. თავიც შავი ხელსახოცით ჰქონდა შებურული, მხოლოდ თვალები მოუჩანდა, პირის ადგილას კი მოზრდილი, მრგვალი სარკე ჰქონდა მიწებებული. უილიამმა შეხედა და გაოგნდა:
– დორის, ვინ ხარ?
– შენ! – მხიარულად უთხრა ქალმა, – შემომხედე, ვის ხედავ?
– ჩემს საკუთარ თავს.
– ჰოდა, მეც სწორედ ეს მინდოდა. ახლა მე „ყველა“ ვარ.
– ამ ელასტიკურ შარვალსა და ყელიან მაისურში საოცრად სექსუალურად გამოიყურება შენი სხეულის ფორმები. მართლა ძალიან ჭკვიანი და ორიგინალური მყავხარ, საყვარელო, – შეაქო ქმარმა, – აი, მე კი კარგად ვერ გავთვალე – უკვე ექვსი „დემონი“ მოვიდა წვეულებაზე. ბანალური და საზიზღარი ვარ.
– ნუ სულელობ. მთავარია, არავინ გიცნოს, – გაამხნევა დორისმა, – აბა, წინ! დიდი საქმეები გველოდება...
უილიამმა და დროისმა ჯერ მდიდრულ მისაღებ დარბაზში იტრიალეს და ხალხს ათვალიერებდნენ. დორისს ინტერსით აკვირდებოდნენ მამაკაცები და აღტაცებულ მზერას არ აშორებდნენ. უილიამის უფროსი ძმა, ჯორჯიც კი რამდენჯერმე მივიდა მასთან, გამოელაპარაკა და კოსტიუმი შეუქო. ჰკითხა, ვინ ხარო და ქალმაც უპასუხა – ვისაც ჩემში, ამ სარკეში ხედავო და გაოგნებული დატოვა...
– დროა... – წასჩურჩულა უილიამმა და ანიშნა, გაჰყოლოდა. ჯერ მამამისის კაბინეტში შევიდნენ. უილიამმა კედელზე დაკიდებული სურათის უკან ჩაშენებული, შპალერგადაკრული კარადა გამოაღო. დასტებად გამოიღო ფული და კოსტიუმის შიგნით, ჯიბეებში ჩაიტენა. შემდეგ ქალბატონის, უილიამის დედის ბუდუარ საძინებელში გადაინაცვლეს. აქ სეიფი პატარა, მორთული დივანის ქვეშ იყო დამონტაჟებული. უილიამი დედის ბუდუარის მაგიდასთან მივიდა...
– ჩემი დედიკო კრეატიულია. აქ დაწყობილი ნელსაცხებლების რაოდენობა იქნება ის ციფრ-კოდი, რომელიც სეიფს გააღებს. არავითარი გონებამახვილობა, მხოლოდ ბანალური ერთფეროვნება...
სეიფი მართლაც ადვილად გაიღო. დორისმა და უილიამმა ის სწრაფად გამოაცარიელეს და სწორედ ამ დროს ვიღაცის ფეხის ხმა გაისმა. უილიამმა მოასწრო და მაგიდის უკან დაიმალა. დორისმა ის მოახერხა, რომ მძიმე ხავერდის ფარდასა და შავი ხის კარადას შორის ჩადგა... მისის პედმონტი ოთახში ნადირობის ქალღმერთის სამოსით შემოშრიალდა, თავისი ბუდუარის მაგიდასთან მივიდა და უცებ გაოგნებული შემოტრიალდა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა იმ ადგილისკენ, სადაც დორისი იდგა და ჩააშტერდა. უილიამს სუნთქვაც კი შეეკრა: რა მოხდებოდა ახლა? მოხდა სრულიად მოულოდნელი რამ – ქალი შეტორტმანდა და ძირს მოცელილივით დაეცა.
– ჩქარა, წავიდეთ! – უილიამმა ხელი სტაცა ცოლს და იქით წავიდა, საიდანაც მსახურებისთვის განკუთვნილი კარი ეგულებოდა.
– რა მოუვიდა დედაშენს?
– შოკი... ყოველთვის სუსტი ნერვები ჰქონდა. ის ვერ მიხვდა, რატომ დაინახა სიშავეში თავისი თავი და გულმა უმტყუნა... რას იზამ, მე მხოლოდ მისი გაქურდვა მინდოდა.... ეტყობა, დემონის როლი ჩემზე კარგად შეასრულე... ბოროტი არ ვარ, მაინც ვუსურვებ გადარჩენას, თუმცა, ეჭვი მეპარება – პიდმონტები არისტოკრატი ხალხია, გულის შეტევით სიკვდილი კი ძალიან არისტოკრატიულია, თუმცა, შეიძლება, ცოტა ბანალური...

скачать dle 11.3