როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
რუაძე
გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამ გვარის მიწათმოქმედი წინაპრები მიწების გაწყლოვანებას ხელოვნური მეთოდებით ცდილობდნენ – უნდოდათ, წყლის არხები გაეყვანათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საქმეში დახელოვნებულები იყვნენ. რუ ქართულ განმარტებით ლექსიკონში ასეა ახსნილი: „სარწყავად გაყვანილი პატარა არხი, ასეთ არხში მიმდინარე წყალი“. ლოგიკურად, გვარი რუაძე სწორედ ამ ხელობის მიხედვით მიუღიათ.
ერთ-ერთი მოსაზრებით კი, თითქოს რუა იყო საკუთარი სახელი და სწორედ მან დაუდო სათავე რუაძეთა გვარს, რადგან ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები: რუამა, რუამ, რუმა; თუმცა, არც ერთი მათგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ასე მარტივად გადაწყდეს გვარის ეტიმოლოგიის საკითხი.
საქართველოში 770 რუაძე ცხოვრობს: გურჯაანში – 611, თბილისში – 84, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.
გუგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუგულა.
„სოფელ ჩხიკვათში მცხოვრები ვასილ გუგულაშვილი ნათლავს ქალიშვილს – ნინას. მიმრქმელი არის თანასოფლელი, იოსებ დავითაშვილი“.
საქართველოში 580 გუგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 213, კასპში – 137, გურჯაანში – 98. არიან სხვაგანაც.
ავგაროზიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ავგაროზი, რომელიც პატარა ნივთია და ცრუმორწმუნენი გულზე დაკიდებულს ატარებენ ავი თვალისგან დასაცავად.
„რკონელი ავგაროზი, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრისას ნახევარი მამულით გოშფარს ერგო“.
ავგაროზი იყო ჯერ მეტსახელი, შემდეგ კი საკუთარ სახელად იქცა.
შიდარელ გრიგოლ ავგაროზის ძე ანდრიაშვილს გულშარ დედოფალმა უბოძა თორმეტი ათასი თეთრი, რათა გულშარისთვის გადაეხადა აღაპი ქვათახევის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე დაევალა ონიას.
საქართველოში 27 ავგაროზიშვილი ცხოვრობს: ყვარელში – 20, თბილისში – 5, თელავში – 2.
დიდმანიძე
„ხელვაჩაურის სოფლები: აჭარისაღმართი და მარადიდი – დიდმანიძეების სამშობლო მხარეა, – წერდა ჟურნალისტი, აჭარელთა გვარების ქომაგი, ბატონი იოსებ ბექირიშვილი, – აქ, ქუთურეთში, ლომინაკენსა და ძაბლაკეთის უბანში, არის დიდმანიძეთა ადგილი, ნასახლარი, საძოვარი. აქ ბევრნი იყვნენ, ნაწილი დიდიძედაც იწერებოდა“. სოფელ ცხემლარაში დიდიძეები ახლაც ცხოვრობენ. სიტყვა „დიდი“ პოპულარული ყოფილა ამ მხარეში“. ასევე, გვაქვს გვარები: დიდებულიძე, დიდიმამისაშვილი, დიდიძე, დიდია, დიდიშვილი, თავდიდიძე.
ბერძნებიდან გვაქვს ნასესხები მამაკაცის საკუთარი სახელი – დიდია, რომელიც მეოთხე საუკუნიდან მომდინარეობს. ხოლო, ძველირანულად „მანია“ ნიშნავს მნიშვნელოვანს, ავტორიტეტულს. სახელ ნარიმანში, ნარი ირანულად ვაჟია, ხოლო მანი – გული. ეს ფორმა გვიანდელადაა მიჩნეული.
გადმოცემით, დიდიძიდანაა წარმომდგარი მაისურაძეთა ცნობილი გვარი.
საქართველოში 425 დიდმანიძე ცხოვრობს: ბათუმში – 91, ოზურგეთში – 38, თბილისში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით