კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უსახსოვრა სტალინმა ამერიკელ ჟურნალისტს იესოს ხატი

მას მერე, რაც საბჭოთა კავშირიდან გაძევებულმა ლევ ტროცკიმ ნახევარი მსოფლიო მოიარა თავშესაფრის ძებნაში, რადგან, სტალინის შიშით არავინ იღებდა, როგორც იქნა, მექსიკაში დაიდო ბინა და გაათასმაგებული ენერგიით, ღვარძლითა და შურით განაგრძო ანტისტალინური ცილისმწამებლური კამპანია. მეხიკოს გარეუბანში მან ფეშენებელური ვილა შეიძინა. მაღალი ღობით შემოსაზღვრა ტერიტორია. შეიარაღებული „გორილები“ (მცველები) დაიქირავა და ეგრეთ წოდებული, სტალინის ბიოგრაფიული წიგნის წერას შეუდგა, რომელსაც სათაურად უწოდა „სტალინი“. წიგნი ჯერ გამოცემულიც არ იყო (ტროცკის „სტალინი“ მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნის 90-იან წლებში გამოიცა), სტალინს კი უკვე, საბჭოთა დაზვერვის წყალობით, მის ხელნაწერთა ასლები ჰქონდა. საბჭოთა ბელადი გულდასმით გაეცნო ამ პასკვილს. შემდეგ ის საბჭოთა დაზვერვის ანალიტიკოსებს გაუგზავნა და ბარათიც თან დაურთო, რომელშიც ეწერა: „ყურადღებით გაეცანით, გააანალიზეთ და დასკვნის სახით მომახსენეთ, თუ რამდენად მავნეა ამ ხელნაწერების ფართოდ გამოცემა საბჭოთა კავშირის პრესტიჟისთვის“.
საბჭოთა უშიშროებაში, პირადად სტალინის მითითებით, ანალიტიკური სამსახური ფუნქციონირებდა და მისი ამოცანა იყო ყველაფერ იმის ანალიზი, რასაც შეიძლება, ზიანი მოეტანა საბჭოეთისთვის. თუკი დასკვნა დადებითი გამოვიდოდა, ანუ დადგინდებოდა, რომ ზიანი გარდაუვალია, ასეთ შემთხვევაში, ეს დასკვნა სპეციალური ოპერაციების სამმართველოში იგზავნებოდა. იქ კი გეგმა დგებოდა და სპეციალური ჯგუფი საწინააღმდეგო მოქმედებას ახორციელებდა. ვიზას კი ამ ყოველივეს თავად სტალინი აძლევდა. ტროცკის ხელნაწერების ანალიზის პასუხში ეწერა: „პასკვილი შეიცავს შეურაცხმყოფელ და ისტორიულად ყოვლად არასწორ დებულებებს ამხანაგ სტალინის შესახებ. წიგნის დაბეჭდვა ყოვლად დაუშვებელია და ავტორი ლიკვიდაციას უნდა დაექვემდებაროს“. სტალინს ეს დასკვნა ცნობილმა საბჭოთა მზვერავმა, მომავალში ამერიკაში გაქცეულმა ეიტინგონმა მიუტანა და უთხრა:
– აი, გაეცანით, ამხანაგო სტალინ. აქ ცალსახადაა მითითებული, რომ ობიექტი ლიკვიდაციას ექვემდებარება.
ბელადი დასკვნას გაეცნო და ეიტინგონს უთხრა:
– ესე იგი, ტროცკის მკვლელობას მთავაზობენ ჩვენი ანალიტიკოსები?
– ისინი არასდროს ცდებიან, ამხანაგო სტალინ და სრულიად ვეთანხმები მათ აზრს.
– ისე ხომ არ გამოვა, რომ თითქოს პირადი შურისძიებით ვაკეთებ ამას? – ეჭვი შეეპარა სტალინს. ეიტინგონმა კი მას მიუგო:
– არანაირად, ამხანაგო სტალინ. ჩვენ უნდა დავსაჯოთ საბჭოეთის უბოროტესი მტერი, რომელიც თავისი პასკვილით, უპირველესად, სახელმწიფოს ვნებს. თქვენ კი ამ შემთხვევაში, მაპატიეთ და მხოლოდ ინსტრუმენტად ჰყავხართ გამოყენებული.
– მეც მასე ვფიქრობ და ამიტომ, მწვანე შუქს ვუნთებ ამ ოპერაციას. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს საქმე უზადოდ უნდა გაკეთდეს, – თქვა სტალინმა, რაზეც ეიტინგონმა უპასუხა:
– რა თქმა უნდა, ამხანაგო სტალინ. ყველაფერი უმაღლეს დონეზე შესრულდება. ამ საქმეს პავლე სუდოპლატოვი მოჰკიდებს ხელს, მე კი მისი კურატორი ვიქნები.
ეიტინგონმა და სტალინის ტერმინატორად წოდებულმა პავლე სუდოპლატოვმა ჩვეული პროფესიონალიზმით მოჰკიდეს საქმეს ხელი. მათ მალევე შეარჩიეს საჭირო კანდიდატურა – ვინმე რამონ მერკადერი. სათანადოდ დაამუშავეს ის, ტროცკიზე გაიყვანეს. სტალინის უბოროტესი მტერი მერკადერმა წერაქვით მისსავე კაბინეტში მოკლა. როდესაც მზვერავებმა ბელადს საქმის შესრულების პატაკი ჩააბარეს, სტალინმა თქვა:
– აი, კიდევ ერთი ბოროტი, შხამიანი გველი გასრისა ისტორიის სამართლიანმა პრესმა. ყოჩაღ, „ჩეკისტებო“! თქვენ ისტორიას დაეხმარეთ სამართლიანობის აღდგენაში.
ტროცკის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ბევრი გაზეთი და ჟურნალი ღიად სდებდა ბრალს სტალინს. თუმცა, ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ტროცკის ხელნაწერების გამოქვეყნება ვერცერთმა კერძო თუ სახელმწიფო გამომცემლობამ ვერ გაბედა და წიგნის პუბლიკაცია ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გადაიდო... მალე ომიც დაიწყო. მსოფლიო ცეცხლში გაეხვია და ტროცკისთვის არავის სცხელოდა. მხოლოდ ომის მერე წამოიწია კვლავ ტროცკის საკითხმა და ისევ წერდნენ – ტროცკის მკვლელობა სტალინის შეკვეთა იყოო... ხოლო ამერიკელმა ჟურნალისტმა ქალმა, სამანტა ჯადმა თავისი ვრცელი ინტერვიუს დროს სტალინთან საბჭოთა ბელადს ჰკითხა:
– ბატონო სტალინ, მართალია, რომ ლევ ტროცკი თქვენი ბრძანებით მოკლეს?
სტალინს გაეცინა და ჯადისთვის მოულოდნელად თქვა:
– ყველაფერს ღმერთი განაგებს და მის ნებას ვერავინ აღუდგება წინ. მე კი ნამდვილად არ გამიცია ასეთი ბრძანება. ეს ტყუილია.
სტალინის სიტყვებმა ჟურნალისტს ტროცკის თემა დაავიწყა და რესპონდენტს გაოცებულმა ჰკითხა:
– თქვენ ხომ კომუნისტი ხართ. კომუნისტები კი ღმერთს უარყოფენ. თქვენგან მისმა ხსენებამ ძალიან გამაკვირვა. მორწმუნე ბრძანდებით?
– მე მწამს დიადი საბჭოთა ხალხის, რომელმაც უძლიერესი სახელმწიფო ააშენა და ფაშიზმი გაანადგურა, – თქვა სტალინმა, მცირე პაუზის შემდეგ კი დაამატა, – რაც შეეხება თქვენს გაკვირვებას, ალბათ, უფრო მეტად გაგიკვირდებათ, რომ მე სასულიერო განათლება მაქვს მიღებული და საბჭოეთის პატარა ქალაქში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, სასულიერო სკოლა დავამთავრე. იქ კი, ძირითადად, ქრისტიანულ მოძღვრებას გვასწავლიდნენ. უნდა გითხრათ, რომ არც თუ ისე ურიგო მოსწავლე ვიყავი.
სტალინის პასუხმა ჯადს საბოლოოდ გადაახვევინა ტროცკის თემიდან და სტალინს უთხრა:
– იქნებ ჩვენს მკითხველს უამბოთ რომელიმე საინტერესო ეპიზოდი თქვენი იმ პერიოდის ცხოვრებიდან?
სტალინი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ჟურნალისტს უთხრა:
– საქართველო, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, რუსეთის იმპერიის პერიფერიაზე მდებარეობდა. ხალხის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მძიმე შრომით ირჩენდა თავს და ღმერთის შემწეობის იმედით ცოცხლობდა. უბრალო, ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი. მამაჩემი ფეხსაცმელებს კერავდა. კარგი ხელოსანი იყო და ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. დედაჩემი კი დღედაღამ შრომობდა. უნდოდა, განათლებული ადამიანი ვყოფილიყავი და მისი დაჟინებით მოვხვდი სასულიერო სკოლაში. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ, როგორც ყველა ბავშვს, ბევრი კითხვა მქონდა. ერთხელ, როდესაც მასწავლებელმა თქვა, ღმერთი ყოვლისშემძლეაო, მე მას ვუთხარი:
– ღმერთს თუ შეუძლია, ისეთი ქვა შექმნას, რომელსაც თვითონაც ვერ ასწევს-მეთქი?
მასწავლებელს ენა ჩაუვარდა. დირექტორი მოიყვანა და დამსაჯეს. მუხლებზე დამაყენეს ხატის წინ და გაკვეთილები რომ დასრულდა, კიდევ სამი საათი უნდა ვმდგარიყავი დაჩოქილი. მე კი ვიდექი, ჩემს კითხვაზე ვფიქრობდი და პასუხს ვერ ვპოულობდი. სასჯელის დრო თითქმის ამოწურული იყო, როცა ჩემმა თანაკლასელმა და მეგობარმა მოირბინა და სახლში წამიყვანა. ჩვენს პატარა სახლში მეზობლები იყვნენ შეკრებილები. რომ შევედი, ტახტზე მწოლიარე, მკვდარი მამა დავინახე. ის ვიღაც დაჩაგრულს გამოესარჩლა და დანით მოკლეს, – სტალინმა პაუზა გააკეთა. ჟურნალისტს თვალი თვალში გაუყარა და დაამატა – კითხვა, რომელიც ბავშვობაში დავუსვი მასწავლებელს, ჩემთვის დღესაც აქტუალურია და პასუხს ვერ ვპოულობ.
სტალინთან ინტერვიუ ამ პასუხით დასრულდა და სამანტა ჯადი რომ სამშობლოში მიფრინავდა, თვითმფრინავში ჩასხდომის წინ, მას მოოქრულ ჩარჩოში ჩასმული იესოს ხატი გადასცეს, რომელიც ჟურნალისტს სტალინმა უსახსოვრა.

скачать dle 11.3