თუ დასუსტებული ხართ, მცირე დოზით მიიღეთ ალკოჰოლიანი სასმელი
აუცილებელია, დროულად მიხედოთ საკუთარ თავს და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი – ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსს. როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ იჩქარებთ წამლების დალევას, ამ დროს უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.
თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ამ დროს სასარგებლოა ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას და, ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს. მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა კი ისევე კარგია, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული დღის რეჟიმით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.
თუ გიჭირთ გათბობა და გამუდმებით გაციებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს, კერძოდ, დილით მიირთვით კვერცხი ან შვრიის ფაფა და ისე გადით სახლიდან.
ასევე, მარცვლოვანი კულტურები შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს, რომლებიც ააქტიურებენ უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.
კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს, დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ და დაფქვით. დაამატეთ შაქარი ან მარილი გემოვნებით; ასევე, შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი ან ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.
ბრინჯის ფაფა და თევზი დღის აუცილებელი საკვებია
კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ. ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს საკვების უკეთ გადამუშავებაში ეხმარება; ასევე, აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს. ამიტომ, დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ჩაისა და ტკბილ სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
თევზი შეიცავს იოდს, ფოსფორს, ფტორს, A და D ვიტამინებს. ფოსფორი ადამიანის თავის ქალის შემადგენლობაში შედის და უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასა და მთლიანად ადამიანის ჩამოყალიბებაში. ასევე, მეტად სასარგებლო და საჭირო მიკროელემენტია ფტორი. მისი დეფიციტი იწვევს კარიესსა და ძვლის ქსოვილის დაშლას. ეს ნივთიერება ადამიანს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს. აგრეთვე, ის აუცილებელია ორგანიზმში ნახშირწყლების სწორი ცვლისთვის.
ვიტამინი A აუცილებელია კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად. ასევე, კანისა და ლორწოვანი გარსისთვის. ვიტამინი D კი, რომელსაც შეიცავს თევზის ქონი და შავი ხიზილალა, ბავშვებს რაქიტისგან იცავს, სასარგებლო და საჭიროა მოზარდებისთვისაც.
ჭარხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას, პიტნის ჩაი კი ძალების აღდგენაში გვეხმარება
ჭარხალი შეიცავს B ჯგუფის, C და PP ვიტამინებს, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის. ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ჭარხალში არსებული ბეტაინი აჩერებს სისხლძარღვთა სკლეროზის განვითარებას, ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, ხოლო უჯრედისი აძლიერებს კუჭის სეკრეციასა და ნაწლავთა პერისტალტიკას.
ჭარხალი სასარგებლოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან ის მდიდარია იოდით. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას. ჭარხლის წვენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიული დაავადების დროს. შეურიეთ მისი წვენი სტაფილოს ან ახალგამოწურულ ვაშლის წვენს და სვით ყოველდღე.
ასევე, თუ გსურთ, რომ ხანგრძლივი დროით მოახერხოთ ძალების მობილიზება, დილაობით ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მიირთვით პიტნის ჩაი. შეგიძლიათ, პიტნის გამხმარი ან ქორფა ფოთლები გამოიყენოთ, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ნაყენი ათი წუთი უნდა გააჩეროთ და შემდეგ დალიოთ.
როგორ დავიკლოთ წონაში და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ცხელი წყლითა და კაკაოთი
ალკოჰოლის მიღების დროს ადამიანი სითბოს შეიგრძნობს და ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია კიდურებში. ალკოჰოლის მიღების შემდეგ მაღალი არტერიული წნევით დაავადებულებიც უკეთ გრძნობენ თავს, რადგან ამ დროს სისხლის გადანაწილება უმჯობესდება, რაც კაპილარების გაფართოების ხარჯზე ხდება. ანალოგიური ეფექტით ხასიათდება ცხელი წყლის რამდენიმე ყლუპიც. მართალია, ის უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა, მაგრამ, შეგიძლიათ, რამდენჯერმე დალიოთ, მით უმეტეს, რომ ეს არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ. თუ ამ პროცედურას მუდმივად გაიმეორებთ, ეს ნაწლავების გააქტიურებასა და შარდის ბუშტის ტონუსის მომატებასაც გამოიწვევს. ამ მეთოდით მიღებული ცხელი წყლით ჭარბი წონისგანაც ადვილად გათავისუფლდებით.
ცხელი წყლით ადვილად შეძლებთ გულის არითმიის, ტკივილის, ქოშინის, კუჭის შეკრულობისა და უძილობის დამარცხებას. მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს ენერგიას მატებს და საერთო მდგომარეობის ნორმალიზების საფუძველი ხდება. აადუღეთ ონკანის წყალი, შემდეგ შეაგრილეთ და ისევ გააცხელეთ. დალიეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, 4-5 ყლუპი. ეს ორგანიზმში უვარგისი ნივთიერებების დაგროვებას უშლის ხელს და ჯანმრთელობის გაკაჟება-შენარჩუნებაშიც გვეხმარება.
ასევე, ცხელი კაკაო ადამიანს იცავს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია და, ასევე, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს.
თუ ყოველდღიურად სვამთ კაკაოს ფხვნილისგან მომზადებულ სასმელს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.
ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს საშიში შედეგებისგან თავის დასაცავად მიირთვით ბევრი ხილი
შინაგანი ორგანოების, მათ შორის – კუჭ-ნაწლავის არასწორი მუშაობა, ვიტამინების უკმარისობა, არაბალანსირებული კვება, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მიღება უარყოფითად აისახება სახის კანზე. ამ დროს კანი კარგავს ბუნებრივ სიჯანსაღეს, ელასტიკურობას და ფერმკრთალდება. ახალგაზრდული და ჯანმრთელი იერი დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი მარტივი წესები:
* ტკბილი სასუსნავი სწრაფად მოგიკლავთ შიმშილს და აღგიდგენთ ენერგიას. თუ სადილი გამოტოვეთ და უკვე რამდენიმე საათიც გავიდა, გირჩევთ, ჭამა სწორედ ტკბილეულით დაიწყოთ. მაგალითად, მიირთვით შოკოლადის ფილა, კანფეტი, ტორტის ან ნამცხვრის ნაჭერი ან ნაყინი. ეს დაეხმარება ორგანიზმს, სწრაფად აღადგინოს სისხლში გლუკოზის საჭირო რაოდენობა და შიმშილის გრძნობაც შეგიმსუბუქოთ.
* 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ოდნავ შემთბარი თაფლი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე. ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და უჯერი ცხიმოვანი მჟავები არა მარტო აახალგაზრდავებს კანს, არამედ აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასაც.
* ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს საშიში შედეგებისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფაქტორებისგან რომ დავიცვათ თავი, საჭიროა, დიდი რაოდენობით ხილი მივირთვათ. თუმცა, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დღის რომელ მონაკვეთში რა რაოდენობით და რა ხილს ვჭამთ, მაგალითად:
ბანანის ჭამა კარგია შუადღისას, რადგან მასში შემავალი ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები სწრაფად აღადგენენ გონებრივ და ფიზიკურ ძალებს. ერთი ცალი ბანანით თქვენს ორგანიზმს მთელი დღის სამყოფი ენერგია შეემატება.
ვაშლი კარგია სადილის წინაც და სადილის შემდეგაც. ამ ხილს შეუძლია კუჭის წვენის გამოყოფა. ამიტომ, სადილის წინ და შემდეგ მიირთვით თითო ვაშლი – ეს სრულიად საკმარისი იქნება მომნელებელი სისტემისთვის.
ყურძენი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ. ის ხსნის გადაღლილობას და დაძაბულობის დროს ნამდვილი წამალია. მათ, ვისაც გონებრივი შრომა უწევთ, აუცილებელია, ხშირად ჭამონ ყურძენი ან ქიშმიშით ჩაიკოკლოზინონ პირი.
ქლიავი მიირთვით საღამოს. მისი ჭამა კარგია მათთვის, ვისაც ნაწლავების მოდუნება აწუხებს ან დიდხანს უწევს ჯდომა და ისე მუშაობა. შეგიძლიათ, დღეში 25 ცალი ქლიავი ან მისი ჩირი მიირთვათ.
* უმჯობესია, კივი საუზმემდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ჭამოთ. შეგიძლიათ, მისი წვენიც დალიოთ ფორთოხლის წვენთან გაზავებული. კივი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ამით ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს.
გრეიპფრუტი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ მას ხშირად იყენებენ სამკურნალოდ. მასში შემავალი გლიკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.
გრეიპფრუტის ერთი ნაყოფი სავსებით აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნას C ვიტამინზე. მის ნაყოფში არსებული ბიოფლავონოიდების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიკურობას, ამაგრებს წვრილ კაპილარებს, აფერხებს სისხლჩაქცევების რისკს, აუმჯობესებს ადამიანში თვითშეგრძნებას. ამიტომ, გირჩევთ, ეს ხილი საუზმის დროს მიირთვათ. ასევე, გრეიპფრუტი აუმჯობესებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს. ეს ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ნარინგინს, ანუ სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელების პროცესს, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას და აჩქარებს ზედმეტი ცხიმების წვას.