ფერადი გრძნობები
წარმოიდგინეთ, რომ გრძნობებს სხვადასხვა ფერი აქვს. დავუშვათ, მრისხანება წითელია; ცისფერი – სიმშვიდეა; ყვითელი – შფოთვას გამოხატავს; შავი – ნაღველს; ფორთოხლისფერი – ბედნიერებას; მწვანე – სიხარულს... ხოლო ოქროსფერი – ყველაფერი წესრიგშია! ოჰ, ზოგჯერ როგორი წითელი ხართ ხოლმე! ვერც წითელი და შავი ფერის შეხამება გაგამხიარულებთ და გასიამოვნებთ. უნდა შევეცადოთ და უფრო „გავფერადდეთ“. მაგალითად, ნუ „გავწითლდებით“ ჩუმად, ნურც შავ ფერში „ჩავიკეტებით“ – ეს საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გრძნობა რეალურია და განუყოფელი ჩვენი ყოფიერებისგან. უბრალოდ, „წითელ“ და „შავ“ ფერებთან ერთად, ჰარმონიაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ და შევეცადოთ, მეტი მწვანე, ოქროსფერი და ფორთოხლისფერი „ჩავრთოთ“ ჩვენს ცხოვრებაში. დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. მიეცით ემოციებს მეტი თავისუფლება და ნახავთ, როგორ მოგეშვებათ. მათთან ერთად თქვენც გათავისუფლდებით და გაიხსნებით... სხვათა შორის, ბავშვები სწორედ ასე აზროვნებენ და ისინი ჩვენზე გაცილებით ბედნიერები არიან.
დიახ, მე ასეთი ვარ
ჩაცმა ხელოვნებაა. თუ ამ ხელოვნებას ფლობ, მაშინ არც ადამიანების გულის მოგება და წარმატების მიღწევა გაგიჭირდება. დაიწყეთ იმით, რომ დაიჯერეთ მარტივი ჭეშმარიტება – ყველაფერი თქვენ ხელშია როცა ამას გააცნობიერებთ, მიხვდებით, როგორ შეიფუთოთ... დეტალების კორექცია ყოველთვის შეიძლება. შეარჩიეთ თქვენი ინდივიდუალური სტილი. მასში გაერთიანებული უნდა იყოს მოდის ელემენტებიც. თუმცა, არსებობს დაუწერელი წესი – მოდაშია ის, რაც გიხდება. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ მოდის აყოლა დამღუპველია. არავითარი ზედმეტი დეტალები. სისადავე ყოველთვის უფრო მომგებიანია. მთავარია, ნებისმიერ სამოსში დარჩეთ ისეთად, როგორიც ხართ. ჩაცმაში უნდა იკვეთებოდეს თქვენი ხასიათი, ინტელექტი, გემოვნება და განწყობა.
დაუმატეთ ამ ყველაფერს ის, რაც სხვებს არა აქვთ – ინდივიდუალურობა. მაშინ ნამდვილად მოახდენთ სასურველ ეფექტს.
ნებისმიერ სამოსში თავი კოფმორტულად უნდა იგრძნოთ. არ დაიძაბოთ და არ შეიქმნათ უხერხულობა. მარტო იმიტომ, რომ ტანსაცმელი ლამაზია ან მოდაშია, არ უნდა ჩაიცვათ. თქვენს სტილთან არაფორმალური დამოკიდებულება უნდა გქონდეთ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ყოველთვის დარჩეთ იმად, რაც ხართ... გარდერობი ხშირად განაახლეთ, თუნდაც შარფით ან აქსესუარით. სიახლეები თავდაჯერებულობას გვმატებს. ყველა ქალს სჭირდება, იყოს თავდაჯერებული, რათა არ გაუჭირდეს, თავის მომხიბვლელობაში დაარწმუნოს მამაკაცი.
ყველაფერი
კონტროლით...
წლის დასაწყისი იდეალური დროა იმისთვის, რომ დაამყაროთ წესრიგი ფიქრებში, გრძნობებსა და საქმეებში. უპირველესად, უნდა გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც ზედმეტად მიგაჩნიათ. ქაოსი მხოლოდ დროებითაა სასიამოვნო. ხშირი ქაოსი ყოველდღიურობაში სტრესად გარდაიქმნება, რაც სულაც არ არის კარგი. თქვენ უნდა შეძლოთ და გააკონტროლოთ ეს.
გაიხსენეთ, როგორ ვიქცევით სისტემატურად – ვაწყობთ გეგმებს და ვპირდებით საკუთარ თავს, რომ ეჭვი აღარ შეგვეპარება წარმატებაში. არავითარი ყოყმანი – ვიქნები მიზანდასახული, ძლიერი და პრინციპული. ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც მინდა... მაგრამ გადის დრო და ვხვდებით, რომ ეს დროც ფუჭად გავიდა.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვისწავლეთ დროის მართვა. სწორედ ამიტომაც, ჩვენი გეგმები ხშირად ვერ იქცევა რეალობად.
დროის ორგანიზება უნდა ისწავლო და ამის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. რით დავიწყოთ? წვრილმანით: დააკვირდით, რა გაკარგვინებთ ფუჭად დროს. ანუ, იფიქრეთ, რაში გადის თქვენი დღე. შეიძლება, აქამდე ამაზე არ დაფიქრებულხართ. იქნებ შეგიძლიათ, დრო გაცილებით უკეთ და ნაყოფიერად გამოიყენოთ?! დარწმუნებული იყავით, ამას მოახერხებთ. თუ მობილიზაციას ვერ ახერხებთ, ჩამოწერეთ დღის განმავლობაში აუცილებლად მოსაგვარებელი საქმეები. უნდა ეცადოთ და ყველაფერი მოასწროთ. პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვევით და მალე ნახავთ, როგორ გააკონტროლებთ ყველაფერს – დროსაც და საკუთარ ცხოვრებასაც.
ნელ-ნელა,
ნაბიჯ-ნაბიჯ
წარსულის რევიზია, თუნდაც „ცალი თვალით“ ძალიან სასარგებლოა. გამოიყენეთ პრაქტიკული „მაგია“. მაგალითად, ჩამოყალიბდით და განსაზღვრეთ პრიორიტეტები.
1. ცვლილებები კარიერაში – კარგი იქნება ეს თუ არა?! – დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. იქნებ ამბიცია არ გყოფნით ან პირიქით, ზედმეტად გაქვთ.
2. მოულოდნელი წინსვლა კარიერაში – ამჯერადაც უნდა დაფიქრდეთ. ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა. მზად ხართ ამისთვის?
3. სიყვარული... და კიდევ ერთხელ სიყვარული – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყოლოდათ?! არ გყავთ ჯერ? მით უმეტეს, თუ ის ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, ესე იგი, ცუდად გიძებნიათ.
4. მუდმივად ემზადებით სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, ისეთმა ვინმემ გაგახაროთ, სულ რომ ვერ წარმოგიდგენიათ. მთავარია, ამისთვის მზად იყოთ.
5. ფლირტი აუმჯობესებს და ამყარებს ურთიერთობას. როცა მამაკაცი ხედავს, რომ შესაძლოა, დაკარგოს ქალი, მაშინვე მოქმედებას იწყებს. ფიქრობს, სად დაუშვა შეცდომა და თავის საკუთრებას ყველა საშუალებით ებღაუჭება.
6. ყოველი დილა დაიწყეთ იმაზე ფიქრით, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება თქვენ მხარეს იქნება. მსგავსი იზიდავს მსგავსს, ანუ, განწყობა ქმნის რეალობას.
7. ძველი აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის: ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მზადაა ცვლილებებისთვის – ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ბედნიერებაც მოვა.