კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანისთვის იქნება უფლის სამსჯავრო საშინელი და რატომ არის დღეს ზოგიერთის მარხვისადმი დამოკიდებულება უარყოფითი

დიდმარხვას წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ოთხ კვირას მოიცავს. ის მეზვერისა და ფარისევლის კვირის მსახურებით იწყება, რომელიც მოიცავს 22-28 თებერვლამდე პერიოდს  და ყველიერის კვირით მთავრდება; მეორეა დიდი მარხვის ძირითადი პერიოდი, რომელიც ექვს კვირას მოიცავს და ბზობის კვირით მთავრდება; მესამე პერიოდი კი ვნების შვიდეულია, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მთავრდება. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერიოდი ადამიანისთვის, რომელიც დიდმარხვის შენახვას აპირებს და როგორ უნდა გაატაროს მან ეს კვირები, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– მამაო, დიდმარხვას წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი. პირველი არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. რა მნიშვნელობა აქვს ამ კვირას მორწმუნე ადამიანის რელიგიურ ცხოვრებაში?
– ვისაც აქვს სურვილი, შეინახოს დიდი მარხვა, მან აუცილებლად უნდა გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი. ამიტომაც, ეკლესიამ განაჩინა ოთხი განსაკუთრებული კვირიაკე, რომლებიც დიდმარხვას წინ უძღვის და რომელიც იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირით. ამ დროს ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, არის თუ არა ის მზად, შეინახოს მარხვა, არის თუ არა მასში სიმდაბლე, სინანული. ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე ან სურვილი სიმდაბლისა, ბუნებრივია, მას არანაირი მარხვა არ სჭირდება და არ სჭირდება მას მაცხოვარი. ერთადერთი ცოდვა, რითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა, ხოლო ანგელოზი – სასუფეველში, ეს იყო მედიდურობა, ეს იყო საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულება, მოხიბვლა საკუთარი მდგომარეობით, ღმერთისგან განშორება, ღმერთის გარეშე ღმერთობა. ადამიანი უნდა ევედრებოდეს ღმერთს და აღიარებდეს საკუთარ ცოდვებს. მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში შენდობა ითხოვეთ ადამიანებისგან, უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე, იყავით თავმდაბლები, ითხოვეთ სიმშვიდე, სიყვარული; არ განიკითხოთ სხვა, იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ.
– ძალიან ბევრი ადამიანი ბრკოლდება და აცხადებს: რისთვის არის საჭირო ამხელა მზადება მარხვისთვის, ასეთი მკაცრი მარხვა, ამდენი მეტანია, აღსარება, ზიარება?
– სანამ ადამიანის სული ცოცხალია, ცისქვეშეთში მყოფი მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. ადამიანი ჯერ სულიერად კვდება, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, განეშორება ღმერთს, დაეცემა და მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად, ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. ამიტომ, რომ არ ვიყოთ ცოცხალი, მოსიარულე გვამები – სულის გარეშე, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავიცვათ დიდი მარხვა. „უძღები“ – დაკარგულს, გაძევებულს ნიშნავს; ეს არის ადამიანი, რომელიც დაღუპული, წარწყმედილი იყო, მაგრამ მიხვდა თავის დანაშაულს და დაბრუნდა მამასთან. თუ ადამიანი საკუთარ თავში ჯერ სიმდაბლეს მოიძიებს, მერე მოიპოვებს, ჩავარდება სინანულში, ექნება სურვილი, დაბრუნდეს მამასთან, ის დაბრუნდება ეკლესიაში, ღმერთთან. მესამე კვირა არის საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე, რომლის შესახებ მაცხოვარი გვასწავლის: როდესაც ძე კაცისა მოვა, ის მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს, ხოლო მარცხნივ – თხებს. ანუ, ვინც იყო მორჩილი, მოინანია საკუთარი ცოდვები, მშიერს აპურებდა, საპატიმროში პატიმრებს მოინახულებდა და ქველმოქმედი იყო, მისთვის სამსჯავრო იქნება მსუბუქი, მიუტევებს უფალი ცოდვებს, ეტყვის კურთხეულ სიტყვებს: „წარვედით საუკუნო ნეტარებაში!“ ის ადამიანები, რომლებიც მშიერს არ აპურებდნენ, საპატიმროში არ ნახულობდნენ პატიმრებს, სნეულებს არ ანუგეშებდნენ, არ იყვნენ ქველმოქმედნი, თხებს ჰგვანან, ასეთი ადამიანები სამსჯავროზე მოისმენენ: „წარვედით ჩემგან საუკუნო სატანჯველში!“
– მეოთხე კვირა კი უკვე არის ადამის სამოთხიდან გამოძევების კვირიაკე.
– დღეს ადამიანების დამოკიდებულება დიდი მარხვისადმი უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. დადებითი თვალსაზრისით, მარხვა განიხილება როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ, არა უგვიანეს, ბზობის კვირისა. ამ მოვალეობების შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას. ის უკვე აღარ არის სინანულისა და განახლების განბანა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღვთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. იმის მაგივრად, რომ დავსვათ ისეთი კითხვები, როგორიც არის: როგორ ვიმარხულოთ? რა არის დიდი მარხვა? – ჩვენ მხოლოდ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. გაცილებით მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე. საეკლესიო ცხოვრების ადრეულ ისტორიულ პერიოდში ეს საღვთისმსახურო წესი მოკლებული იყო დღევანდელ საზეიმო ხასიათს. დიდი მარხვის განმავლობაში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ოთხშაბათსა და პარასკევს მოითხოვება საჭმლისგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე. ამიტომაც დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისთვის, რომელიც დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრეს იარაღს წარმოადგენს, ისევე, როგორც მარხვის სწორად დაცვა. ქრისტეს სწორედ მარხვის დროს შეხვდა სატანა, მოგვიანებით კი იესომ თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დამორჩილდეს შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ. საბოლოო ჯამში, მარხვა ერთი რამ არის: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს ან უნდა მივაღწიოთ იმ სიცოცხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და შიმშილის საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ ეს დამოკიდებულება არ არის ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება; რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის შიმშილია.  „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“ – აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით, მაგრამ, ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით; ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს; ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას; იყავით მათ მიმართ გულგრილები. აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგან ჩვენც თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც ხშირად შეუგნებლად იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქცევით, რომლებიც ნელ-ნელა ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ ამქვეყნად; რადგან ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, სიტყვებმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე – ძალაც. სანამ ადამიანის სული ცოცხალია – ცისქვეშეთში მყოფი, მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს.

скачать dle 11.3