მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: მიცვალებულს ზოგი მესამე დღეს, ზოგი – მეხუთე, ზოგიც მეშვიდე დღეს კრძალავს. არსებობს თუ არა ქრისტიანული წესი, თუ რომელ დღეს უნდა დაიკრძალოს გარდაცვლილი?
პასუხი: როგორც წესი, ქრისტიანებს მესამე დღეს კრძალავდნენ მუდამ. მეშვიდე დღეს დაკრძალვა საერო ტრადიციაა, რაც ბევრ უხერხულობას ქმნის. დაკრძალვის გადადება ჭირისუფალს სულიერი ძალებისგან ფიტავს, ახლობლის გარდაცვალების დროს კი, მთავარი მისი სულისთვის ზრუნვაა, რასაც ჭირისუფალი სწორედ დაკრძალვის გახანგრძლივების გამო ვერ ახერხებს ხოლმე.
კითხვა: რამდენად სასარგებლოა აღსარების ხშირად თქმა?
პასუხი: აღსარების ხშირად თქმა აუცილებელია, რადგან ადამიანი თავის ცოდვებს მალე ივიწყებს. მოძღვართან განდობით კი, მათი ამოძირკვა შესაძლებელია. გარდა ამისა, როდესაც აღსარებას ხშირად ვამბობთ, ანუ ვინანიებთ ერთ ცოდვას, შემდეგ ვხედავთ მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ. ასე, ადამიანი ეჩვევა, პასუხი აგოს თავის ცოდვებზე და არ გაუჭირდება წარდგეს უფლის სამსჯავროზე.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ცოლ-ქმარმა ერთი ბავშვი მონათლოს?
პასუხი: რადგან ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარი ვერ მონათლავს ერთ ბავშვს.
კითხვა: როგორ განვასხვავოთ სიზმარი და გამოცხადება ერთმანეთისგან?
პასუხი: ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება გამოცხადების საკითხს, რადგან ბოროტსაც შეუძლია, ადამიანის წინაშე წარსდგეს ანგელოზის სახით და აცდუნოს. მსგავსი შემთხვევის დროს აუცილებელია, მოძღვართან საუბარი და მისი ლოცვა-კურთხევა.