წმიდა პანტელეიმონის სასწაულები
მართლმადიდებელ ეკლესიაში, ავადმყოფთა განკურნებისთვის მიღებულია წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონისადმი ლოცვის აღვლენა (კათოლიკურ ეკლესიაში ეს წმიდანი ითვლება ექიმთა მფარველადაც). ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, ეს მკურნალი ცხოვრობდა მესამე საუკუნის ბოლოს, ნიკოდიმიაში (რომის იმპერიის ერთ-ერთი ოლქი). მაშინ მას ერქვა პანტელეონი, რაც თარგმანში ნიშნავს „სიმაგრეს“, „მამაკაცს“. მომავალი მკურნალის დედა იყო ქრისტიანი და თავის მცირეწლოვან შვილს ხშირად უყვებოდა ქრისტეს შესახებ. დედა მალე გარდაიცვალა. ყმაწვილი დარჩა მამის მზრუნველობის ამარა, რომელმაც ბავშვს იმ დროისთვის საუკეთესო განათლება მისცა: პანტელეონმა სწავლა გააგრძელა კარის ექიმთან – უფროს სინესთან და მალე გადააჭარბა მასწავლებელს საექიმო ხელოვნებაში.
პანტელეონი ნებისმიერ ავადმყოფს ეხმარებოდა და სანაცვლოდ გასამრჯელოს არ ართმევდა. ერთხელ მას სახლში მიჰგვარეს უსინათლო, რომელმაც პანტელეონს განუცხადა, რომ ერთ დროს აუარებელი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მთელი ეს ავლა-დიდება სხვადასხვა ექიმს შეალია განსაკურნებლად. უსინათლო თავისი ქონების დარჩენილ ნაწილს შეჰპირდა პანტელეონს და თავის ბოლო იმედიც მასზე დაამყარა. მკურნალმა მიუგო მას: „მე არ მსურს გასამრჯელო შენგან, მაგრამ შემოწირულობა, რომლის გაღებასაც შენ აპირებ, დაურიგე გლახაკებს“, პანტელეონი შეეხო მის თვალებს და უსინათლოს მაშინვე დაუბრუნდა სინათლე...
იმპერატორმა მაქსიმილიანემ, რომელსაც არ სწამდა ქრისტე, პანტელეონი თავისთან მოიხმო. მისი ბრძანებით, დარბაზში მოიყვანეს ავადმყოფი ადამიანი და რომის ქურუმებმა დაიწყეს ლოცვა მის განსაკურნებლად, მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. საკმარისი გახდა, პანტელეონს სახელი ეხსენებინა იესო ქრისტესი და მოეხმო იგი ავადმყოფზე, რომ სნეული მაშინვე განიკურნა. ასეთი სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე, ხოლო ქურუმებმა პანტელეონის მოქმედება რომის ღმერთების შეურაცხყოფად აღიქვეს. იმპერატორმა დააძალა პანტელეონს, თაყვანი ეცა რომის ღმერთებისთვის, რაზეც მკურნალმა უარი განუცხადა. მაქსიმილიანემ ჯარისკაცებს უბრძანა, პანტელეონისთვის სხეული რკინის ლურსმნებით დაესერათ და სინათლის ალით მოეწვათ, მაგრამ, მკურნალის ლოცვის შედეგად, მათ ყველაფერი უცვივდებოდათ ხელიდან. მაშინ გადაწყვიტეს, იგი ქვიშაში ჩაეგდოთ, რომელშიც გამდნარი კალა დუღდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. შემდეგ მწვალებლებმა პანტელეონს ქვა შეაბეს კისერზე და წყალში გადააგდეს, მაგრამ, ყველას გასაკვირად, მკურნალი წყალში არ ჩაიძირა; თვით მტაცებელმა მხეცებმაც კი არაფერი ავნეს მას, როდესაც წმიდანი იმპერატორის ბრძანებით მათთან ჩააგდეს. იმპერატორმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა პანტელეონს – იგი გამხმარ ხეს მიაბეს. დიდმოწამემ ლოცვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ ჯალათმა მახვილი მოიქნია და... ახალი სასწაული: მახვილი ისე მოიღუნა, რომ არავითარი ვნება არ მიუყენებია წმიდანისთვის. და მხოლოდ მაშინ, როდესაც პანტელეონმა ლოცვის ბოლოს უფალს მოწამეობრივი გვირგვინი შესთხოვა – ციდან გაისმა ხმა, რომელმაც ცოტა სხვანაირად მიმართა მას: „პანტელეიმონ“, რაც თარგმანში ნიშნავს „ყოვლად მოწყალეს“. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჯალათმა მისთვის თავის მოკვეთა, რის შემდეგაც გამხმარი ზეთისხილის ხე ნაყოფით დაიფარა.
ეს მოხდა 305 წლის 9 აგვისტოს და მას შემდეგ ამ დღეს სრულიად საქრისტიანო დღესასწაულობს წმიდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს.