კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაშია მოსალოდნელი რუსეთისგან ჯვრის წყალსაცავის დაკავება და ენგურჰესის მართვის მთლიანად ხელში აღება

მას შემდეგ, რაც აფხაზეთზე კონტროლი დავკარგეთ, ენგურჰესიდან სრულიად უანგაროდ ვამარაგებთ ელექტროენერგიით ჩვენებურ სეპარატისტებსა და ახლა უკვე ოკუპანტებსაც. ამ ბოლო ხანს ისიც კი გაირკვა, რომ გარკვეულ პერიოდებში ზემონახსენებ ორს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენი მთლიანად მიჰქონდა, თუმცა სულ ახლახან ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. არის თუ არა მართებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლების პარაზიტებად ქცევა და როდემდე უნდა კვებოს საქართველოს ბიუჯეტმა არასეპარატისტი მოქალაქეების ხარჯზე თავისი სეპარატისტი მოქალაქეები; გამოიღებს თუ არა ნაყოფს ასეთი თვითგვემა და როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს მსგავსი ანომალიური მდგომარეობა? – ამ თემებზე ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– რას ნიშნავს, რომ უფასოდ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან?
– ეს რიტორიკული და ფილოსოფიური დატვირთვის მქონე კითხვაცაა. გააჩნია, როგორ მივუდგებით ენგურს იქით მცხოვრებ მოსახლეობას: მათ განვიხილავთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უძღები შვილის პოლიტიკით მოქმედებენ, თუ, განვიხილავთ როგორც ნახევრად დამოუკიდებელი, ნახევრად აღიარებული, ანუ ჰიბრიდული სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც იდეაფიქსად აქვთ თავიანთი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა მაინც არ ამბობენ უარს იმ სიკეთეებისა და დოვლათის მოხმარებაზე, რასაც ქმნიან მათ ირგვლივ მცხოვრები ხალხები და სახელმწიფოები, რომელთა მიმართ მათ გავლებული აქვთ საზღვრები. იმიტომ რომ, საქართველოს ბიუჯეტიდან, მაგალითად, ჩვენ ვინახავთ იმ კატეგორიის მოსახლეობასაც, რომლებსაც მოცემულ მომენტში დოვლათის ფორმირებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვით: პენსიონერებს, ბავშვებს, მაღალმთიანი ზონების მცხოვრებლებს. თუ ამ კუთხით შევხედავთ ენგურს გაღმა მცხოვრებთ, მაშინ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება არის ბენეფიტი, სოციალური დახმარება, რაც ნიშნავს, რომ აპრიორი მივიჩნევთ ჩვენს მოქალაქეებად. მაგრამ, თუ ჩავთვლით, რომ ეს მიდგომა მთლად სწორი არ არის ეკონომიკურად და გავითვალისწინებთ, რომ იქაური მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობაა, მაშინ მათზე ამ შეღავათების გავრცელება გარკვეულ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს, თუ რატომ ხდება მათი სტიმულირება?!
ენგურს იქითა მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე, სულ მცირე, 2,5-ჯერ აღემატება ენგურს აქეთა მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას. თან, ტარიფი მათთვის 5-ჯერ უფრო დაბალია.
–  „მეტს მოიხმარენ” რას ნიშნავს? ჩვენზე მეტი მიაქვთ თუ რაოდენობრივად გამოდის მეტი, მოსახლეობის ოდენობიდან გამომდინარე?
– ენგურჰესიდან მათთვის მიწოდებული ელექტროენერგია, გაყოფილი მათი მოსახლეობის ოფიციალურ რაოდენობაზე, გვაძლევს საკმაოდ მაღალ ციფრს –  4 500-5 000 კილოვატსაათამდე, მოსახლეობის ერთ სულზე, მაშინ, როდესაც ენგურს აქეთ საქართველოში ეს მაჩვენებელი 1 800-2 000 კილოვატსაათის ფარგლებშია. თან, დენის საფასურის ამოღება, ანუ ადმინისტრირების მაჩვენებელიც, ძალიან დაბალია: ბევრი არც იხდის, მაღალია დანაკარგი; ის ქსელი, რაც დარჩა საბჭოთა პერიოდიდან, აღარ შეცვლილა და ამიტომ დანაკარგები და არამწარმოებლური ხარჯები ძალიან დიდია.
– ტარიფიც განსხვავებული გვაქვს. ისინი რამდენს იხდიან კილოვატსაათ ელექტროენერგიაში?
– იქ რუსული რუბლი ტრიალებს. მართალია, რუბლი ვარდნას განაგრძობს, მაგრამ ყველაზე ნორმალურ პერიოდში 1,3 ცენტის ფარგლებში იყო. თუმცა ამოღების  კოეფიციენტი 30-35 პროცენტის ფარგლებშია.
– ვის უხდიან ამ ჩვენ მიერ მიწოდებული და ჩვენი ხარჯით გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასურს?
– ამოღებული თანხა მიდის აფხაზეთის ბიუჯეტში და მის ფორმირებას ემსახურება. საინტერესო მდგომარეობაა: აფხაზეთის ბიუჯეტის სამ მეხუთედამდე ყალიბდება ადგილობრივი გადასახადების ამოღების ხარჯზე, დანარჩენი დოტაციაა რუსეთიდან მიღებული. ჩვენ მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ჰიბრიდული დატვირთვა აქვს. სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნული პროცესი ორგვარი დატვირთვისაა: ერთი მხრივ, ეს არის კონტრიბუცია, რომელსაც ქართული მხარე უხდის აფხაზურ და რუსულ მხარეებს, პლუს –  რეკეტი. რეკეტიც ეკონომიკური მოვლენაა, როდესაც გარკვეული სიძლიერის სუბიექტი ცდილობს, შედარებით სუსტისგან მიიღოს დამატებითი შემოსავალი. გასული საუკუნის 90-ანი წლების შუა ხანებში, როდესაც ავტომატიანები მეტროპოლიტენშიც კი ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მზესუმზირის გამყიდველსაც კი თავისი რეკეტიორი ჰყავდა. ჩავატარეთ სპეციალური კვლევა და მზესუმზირის ერთ გამყიდველზე დღეში რეკეტის საფასურად დაახლოებით ექვსი ჭიქა მზესუმზირა მოდიოდა. ასე რომ, აფხაზეთი არა მარტო ჰიბრიდული ტიპის წარმონაქმნია, არამედ მისი ქმედება და ელექტროენერგიის მოხმარების ეს ფორმა, შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ელექტროენერგიის კონტრიბუციულ-რეკეტული წაღება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ პერიოდში 100 პროცენტით მიჰქონდათ ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. რატომ ვაწოდებდით?
– სამწუხაროდ, საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში სეზონურ ფაქტორს დიდი დატვირთვა აქვს და, ზამთრის პერიოდში, გასაგები მიზეზების გამო, ჰესები მცირე რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ზაფხულის პერიოდში კი –  უფრო მეტს. ამიტომ საქართველო ერთდროულად არის როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი, ისე იმპორტიორი: ზამთრის პერიოდში შემოგვაქვს დაახლოებით 800 მილიონი კილოვატსაათი და ზაფხულში გაგვაქვს დაახლოებით 600 მილიონი, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი: შემოგვაქვს უფრო ძვირად, ვიდრე გაგვაქვს.
– რატომ არის ასეთი დისბალანსი? რატომ ვყიდულობთ უფრო ძვირად და ვყიდდით უფრო იაფად ერთსა და იმავე პროდუქტს?
– ჩვენ ჭარბად გვაქვს ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომლის თვითღირებულება შედარებით დაბალია ზაფხულის პერიოდში.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებისთვის? ჰიდროელექტროენერგიაც ხომ ელექტროენერგიაა?
– გააჩნია ხელშეკრულებას და ფასთა შორის ეს სხვაობაც დამატებითი ხარჯია. ვთქვათ, თუ ზაფხულში გავიტანეთ 100  მილიონი კილოვატსაათი და ზამთარში შემოვიტანეთ 100 მილიონი, ეს არ ნიშნავს, რომ ღირებულების მიხედვით სრული ბალანსია, ეს ნიშნავს, რომ 2,3-ჯერ მეტი თანხა გადავიხადეთ.
– ვისგან შემოგვაქვს და ვის ვამარაგებთ?
– ძირითადად ჩვენი მომწოდებელი და მიმღებია რუსეთის ფედერაცია და ელექტროენერგიის აღებ-მიცემობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდშიც არ შეჩერებულა.
– ანუ ეს ახალი კი არა, ძველი და სტაბილური რეალობაა?
– მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ უმნიშვნელო ცვლილებებით, რაც ვალუტის კურსის ცვლილების გამოა და არა სხვა მიზეზით.
– ცნობილია, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები გვაშანტაჟებენ, რომ გათიშავენ ენგურჰესს, რადგან მათ მხარესაა მართვის პულტი, მაგრამ, თუ ჩვენ გავთიშავთ კაშხალს, ბუნებრივია, დავზარალდებით, ოღონდ, ისინი ჩვენზე მეტად –  საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან. თუ უნდათ ელექტროენერგია, გადაიხადონ, რაც ღირს.
– თქვენი ლოგიკა გასაგები და მისაღები იქნებოდა, ჩვენ რომ საქმე გვქონოდა პროგნოზირებად და სამართლის პატივისმცემელ დიდ სახელმწიფოსთან, მაგრამ ჩვენ გვყავს ისეთი მეზობელი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმების აბსოლუტურად თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს თავის თავს.
– ამ შემთხვევაში გულისხმობთ რუსეთს?
– დიახ. შეგახსენებთ, რომ 1999 წლის იუგოსლავიის კამპანიის დროს რუსეთმა თავისი, იუგოსლავიის ტერიტორიაზე მყოფი ჯარები გადაისროლა, დაიკავა პრიშტინას აეროპორტი და „ნატო“ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა ამ 400-კილომეტრიანი მარშით. არ მინდა, აპოკალიპტური სურათი დავხატო, მაგრამ, თუ ჩვენ მათ არ მივაწვდით ელექტროენერგიას, სად გვაქვს გარანტია, რომ რუსეთი არ გადმოსხამს დესანტს, რომ დაიკავოს ჯვრის წყალსაცავი და ენგურჰესის ექსპლუატაცია მთლიანად არ დაუქვემდებაროს თავის კონტროლს?! შეგახსენებთ, რომ დალის ხეობაში, სანამ ის საქართველოს იურისდიქციაში იყო, რუსეთმა რამდენჯერმე გადმოსხა დესანტი. ამდენად, ეს საფრთხილო საკითხია და ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი პოლიტიკური რისკების შექმნის უფლება. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს სახელმწიფო არის მუდმივი მუქარის რეჟიმში ჩვენ მიმართ და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. ასე რომ, ამგვარ გადაწყვეტილებას მე ცოტა მეტი სიფრთხილით მოვეკიდებოდი.
– მე გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ და შესაძლო ვარიანტებს განვიხილავ. მარტივად ვიტყვი და არაპროფესიულად: ისე დავაზიანოთ, რომ ვერაფერში გამოიყენონ და ენგურჰესმა ვერ შეძლოს ელექტროენერგიის გამომუშავება?
– ჩვენ მაშინ იმ ბიბლიური იგავის მიხედვით მოგვიწევს მოქმედება, როდესაც სურვილების შესრულებას დაჰპირდნენ, ოღონდ, იმ პირობით, რომ მეზობელს ორჯერ მეტს შეუსრულებდნენ და ისურვა, მე ცალი თვალი ამომთხარეთო.
– ესეც ვარიანტია, მგონი.
– მაგრამ ჩვენ ამ რეჟიმში ვერ ვიმუშავებთ. საქართველოს აქვს ელექტროენერგიის დეფიციტი. თან, ეკონომიკის განვითარებისთვის უფრო მეტი ენერგია გვჭირდება, მათ შორის, ელექტროენერგია. ამიტომ ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ მეტი ვაწარმოოთ; აფხაზეთთან კონფრონტაციის გზით წასვლაც არ იქნება მართებული, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ ისინი იქცევიან როგორც მოძალადეები, რომელთაც რეკეტის საშუალება აქვთ, მაგრამ, თუ უნდათ, ჩაეწერონ ცივილიზებულ სამყაროში, უნდა მოახერხონ ცივილიზებულობისთვის დამახსიათებელი ურთიერთობების დამყარება, თორემ, სულ ჩამორჩენის რეჟიმში იქნებიან და ეს ჩამორჩენა უფრო და უფრო გაიზრდება.
– ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენება იქნება გამოსავალი ამ შანტაჟიდან თავის გადასარჩენად? ბოლოს და ბოლოს, ენგურჰესიც ხომ ამორტიზდება?
– მე მაინც გარკვეულ სიფრთხილეს გამოვიჩენდი და, სანამ არ არის დარეგულირებული ურთიერთობები რუსეთთან, სანამ გარკვეული საფრთხეები მოდის მისგან, თავს შევიკავებდი საზღვრისპირა რეგიონებში დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისგან. ან არადა, ეს უნდა განახორციელოს დიდი ქვეყნების იმ სახელმწიფო კომპანიებმა, რომელთა უკან დგას თავიანთი სახელმწფიოების ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება.
– მაგალითად, ჩინეთმა?
– ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ამიტომ, თვითშემოქმედება ან მესამე სამყაროს კაპიტალის მეშვეობით რაღაც სწრაფი, მრავალმილიონიანი ბიზნესის წამოწყება  რუსეთის მადას ვერ შეაჩერებს.
– ხუდონჰესზე ამბობთ, რომელსაც თითქოს ინდოელები აშენებენ?
– რა თქმა უნდა. ასე რომ, ეს მომენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, თან, ჩვენ აქცენტი უნდა ავიღოთ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაზე და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების განვითარებაზე. ევროპაში დიდ ყურადღებას აქცევენ მზისა და ქარის ენერგიებს. დავიანგარიშე და, ჩვენ რომ თანამედროვე მსოფლიოს სტანდარტების ტექნოლოგიები გვქონდეს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო სფეროში, ტელევიზორით დაწყებული, შეგვეძლო, დაგვეზოგა თითქმის იმდენივე ელექტროენერგია, რისი გამომუშავების საშუალებაც გვექნება ხუდონჰესის ამუშავების შემთხვევაში. ამდენად, ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ: ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახსრებისა და რესურსების რაციონალური გამოყენება.

скачать dle 11.3