გრიფი – „საიდუმლოდ“
ანუ აშუღიდან – ჰააგის პროკურორამდე
ეს დღეც დადგა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებლები უკვე თბილისში არიან, თუმცა გვთხოვეს, რომ არ ავედევნოთ და მივცეთ მშვიდად მუშაობის საშუალება.
ამის პარალელურად, პროკურორმა ქ-ნმა ფატუმ უკვე გვაუწყა შემდეგი: „მოცემული გამოძიების არცერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება. ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალური“.
ეს გასაიდუმლოებულობა კი იმისთვის ყოფილა საჭირო (როგორც აგვიხსნეს), რომ გამოძიება იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.
ასევე, შევიტყვეთ, რომ საერთაშორისო გამომძიებლები მტკიცებულებებს სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. მეტიც, გარდა მოწმეებიის დაკითხვისა, ისინი შეაგროვებენ მასალებს და დაათვალიერებენ დოკუმენტებს.
ჩვენ, ბუნებრივია, წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ მოიპოვებენ ისინი მასალებს მეორე მხრიდან ან ვის დაკითხავენ მათგან, რადგან, ჯერ ერთი, ცნობილია, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები არავის უშვებენ ცხინვალის რეგიონში (როგორც ქართველი ექსპერტები განმარტავენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ ადგილზე დათვალიერება ცხადყოფს, თუ რომელი მხრიდან სროლის შედეგად დაინგრა ცხინვალი და ეს მიმართულება როკის გვირაბიდან მოდის) და, რაც მთავარია, რუსეთის ფედერაცია და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი უარს აცხადებენ საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე, მაგრამ, იმედია, ჰააგელებს ექნებათ ამ რეალობის გამანეიტრალებელი მეთოდები თავიანთ სამართლებრივ არსენალში.
ბუნებრივია, საწყენია, თუ გამოძიების მასალები არ გასაჯაროვდება, მაგრამ, რაკი ქართველების ეთნოწმენდა ისედაც აშკარაა, სავარაუდოა, რომ ის დამტკიცდება. ამიტომაც, ისღა დაგვრჩენია, თავი აშუღის პათოსით დავიმშვიდოთ: შენ ხილი ჭამე, მებაღეს რას კითხულობო?! –