ალიყურნატკეცი
ტერაქტების რკალში
გასულ კვირას თურქეთის გულში ტერაქტი მოხდა და თუ ტერაქტის ადგილმდებარეობას გავიხსენებთ (თურქეთის სამხედრო საერთო საცხოვრებელთან და პარლამენტისა და გენშტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე), აშკარაა, რომ თურქულ სახელმწიფოს ალიყური სტკიცეს.
ამიტომაც პრემიერ-მინისტრმა დავით ოღლუმ (ოდითგან ოსმალეთის იმპერიის აღორძინებაზე რომ საუბრობს) ბრიუსელში თავისი ვიზიტიც გადადო. ჩვენი მეზობლები ამ ტერაქტშიც ქურთულ კვალს ხედავენ, ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთელი ქურთების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და მხარდამჭერი რფ-ა, რომელსაც ფრიად დაძაბული აქვს ურთიერთობა თურქეთთან (მიზეზი თუ მიეცემათ, სიამოვნებით დაგლეჯდნენ ერთმანეთს), ვითარება არცთუ სახარბიელოა.
ამასობაში რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩრდილო კავკასიაში, სახელდობრ კი, დაღესტანში, დღისით და მზისით მოხდა ტერაქტი. თვითმკვლელ ტერორისტს თავი „ლადა-პრიორაში“ აუფეთქებია, თუმცა მსხვერპლი თურქეთთან შედარებით ნაკლებია – 2 დაღუპული და 17 დაშავებული. ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ისლამურმა სახალიფომ (ამის შესახებ ინფორმაცია თავიანთ „ტვიტერზე“ განუთავსებიათ).
თურქეთელი ქურთების არ იყოს, თურქეთთან მიმართებაში, ისლამურ სახალიფოსაც თავისი ანგარიშები აქვს რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, მაინც არაა სასიამოვნო ამ ტერაქტების რკალში ცხოვრება.