ვინ დააყენა თავდაყირა ანა დოლიძის ცხოვრება და რის „ფასს” იხდის ის მინისტრის მოადგილის პოსტზე
ერთი წელია, რაც ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მის საკურატორო სფეროს განათლება და სოციალური მიმართულება წარმოადგენს. ახალ პოზიციაზე ძველი ცხოვრებიდან ბევრ რამეს შეელია, თუმცა ხანგრძლივი, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ რეალობაში დაბრუნება, სულ არ აღმოჩნდა მისთვის ძნელი. როგორია ანა დოლიძის ცხოვრება კადრს მიღმა და რას „უჟღარუნებდა” ის ახალბედა ჯარისკაცებს, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც არც მაღალ პოზიციას შეუცვლია და არც იმ წლებს, კანადის „სამოთხეში” რომ გაატარა.
ანა დოლიძე: ამ პოზიციაზე მუშაობას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა – როცა დიდი ხანი არ გიცხოვრია შენს ქვეყანაში და წლების შემდეგ ბრუნდები, სახელმწიფო სამსახურში და თან, ასეთ მაღალ პოზიციაზე, ეს ბუნებრივიც არის. მე კარგად ვაცნობიერებდი, რატომ ვთანხმდებოდი აქ მუშაობას – დგება მომენტი, როდესაც შენი საქმიანობით უნდა შეიტანო ცვილილებები სახელმწიფოს მშენებლობაში არა გარედან, არამედ თავად იყო პროცესების მონაწილე. გახსოვთ, საქართველოში მუშაობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე დავასრულე და წავედი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კანადაში, უცხოეთში შვიდი წელი ვიცხოვრე. ეს წლები ძირითადად გავატარე წიგნებში და კითხვაში. კარგად შევისწავლე რა არის სახელმწიფო, ბიუროკრატია, განვითარება. ამას სხვებს ვასწავლიდი, შესაბამისად, ეს პოზიცია ჩემთვის იყო შანსი: რეალობაში დავნერგოთ ის, რაც კარგად ვიცოდი თეორიულად.
– გადამწყვეტი, ალბათ იყო თინა ხიდაშელის პიროვნული ფაქტორიც, ვისთანაც დიდი ხნის ახლო ურთიერთობები გაკავშირებდათ.
– რა თქმა უნდა. ჩვენ თანამოაზრეები ვართ პრინციპულ თემებზე ჯერ კიდევ არასამთავრობო სექტორიდან. ის სრულიად კომფორტული ლიდერი და თანამოაზრეა. მთავარია, ის ხალხი, ვისთან ერთადაც მუშაობ. თუ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ უნდა ააწყო სისტემა, უბრალოდ, ბევრ დროს დახარჯავ ისეთ წვრილმანებზე, რომელზედაც არ უნდა ხარჯავდე დროს. როდესაც ჩვენ აქედან წავალთ, სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ადამიანებზე, როგორც ეს წლების წინ იყო – ერთ ტიპი იღებდა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად, თავისი მოსაზრებით დაითხოვდა ან აიყვანდა თანამშრომლებს. მე, როგორც პროფესორმა კარგად ვიცი, რომ ასე სისტემა არ იქმნება. ჩვენ ვიღებთ წესებს, რომელიც გვზღუდავს ჩვენ და შეზღუდავს მასაც, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა აქ. სახელმწიფო მხოლოდ ასე იქმნება. ამას წინათ, დისკუსია მქონდა თემაზე, რომ ხუთოსნებს არ აქვთ შემოქმედებითი აზროვნება, სამოსნები კი არიან მაგარი ტიპები. იმიტომ რომ, სამოსანი ცდილობს, გამოძვრეს სიტუაციიდან, კარგად ლავირებს. მეცნიერებიდან ვიცი, რომ ბიუროკრატის შემთხვევაში ეს ასე არაა, მე ვარ ხუთოსნის ტიპაჟი – წარჩინებით მაქვს დამთავრებული ყველაფერი. ხუთოსანს მისცემ მოცემულობას და ის მაგრად გააკეთებს, არ გამოძვრება სიტუაციიდან. მაქს ვებერმა თქვა, რომ ბიუროკრატიის დანიშნულება შემოქმედებითობა არაა, ბიუროკრატია უნდა აეწყოს როგორც სისტემა. შემოქმედებითობა და მოძრაობა სხვა ფლანგიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ამ მიმართულებით.
– როდესაც აქ დაინიშნეთ, იყო ბევრი საუბარი და ინტერპრეტაცია, რომ ქართული ჯარი ქალების ხელში აღმოჩნდა. გენდერული თემა აქ დისკომფორტს ქმნის?
– ეს იყო პირველი რეაქცია, რადგან ეს გახლდათ პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ქალი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ერთი წელი გავიდა და ყველა მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია – გერმანიის თავდაცვის მინისტრიც ქალია, ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრიც, ჩვენც ალბათ, იგივე მდგომარეობაში ვართ როგორც ისინი. მე ჩვეულებრივ დავდივარ ყველა ბაზაზე, ყველა ტიპის წვრთნაზე, სადაც ევალება წასვლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და იმის გამო, რომ ქალი ვარ, არანაირი დისკომფორტი არ მექმნება. საჯარო სამსახურს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ეტიკეტი, რომელსაც ვერ დაარღევ. ერთხელ მქონდა შემთხვევა, როდესაც სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე, მივხვდი, რაღაც ძალიან მაწუხებდა. ხელზე მეკეთა რკინის ორი სამაჯური, რომელიც ხელის ჩამორთმევის დროს, საოცარ ხმებს გამოსცემდა, ჟღრიალებდა. ოცდაათ კაცს რომ ჩამოვართვი ხელი, მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ მოვიხსენი ის სამაჯურები. ასე რომ, სამსახურში სამკაულების დრო დასრულდა (იცინის).
– სიმბოლური სამხედრო ფორმა გაქვთ?
– არა, სამოქალაქო პირი ვარ. სამხედრო ფორმა არ მაქვს, თუმცა ლეიტენანტი ვარ, როგორც ყველა, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრა აქვს გავლილი.
– როდესაც მოულოდნელად თქვენ უცხოეთში წახვედით, აქ ბევრს ლაპარაკობდნენ თქვენი გაუჩინარების გამო.
– კი, ეს იყო ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული წლები. თავდაცვის სფეროში არის ტრაექტორია, რომლითაც სამხედრო პირის ცხოვრება იგეგმება და რაც აგებულია პრინციპზე – ისწავლე, იმსახურე, ისწავლე და ასე შემდეგ. ჩემი ცხოვრებაც ასე წარიმართა და მე ვფიქრობ, ეს სწორია. 2007 წელს, როდესაც საქართველოდან წავედი, მქონდა დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. მაგრამ, შევეჯახე მაშინდელი საზოგადოებრივი, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ბევრ პრობლუმურ საკითხს და ვთქვი: მოდი, შემდეგ პერიოდს დავუთმობ ფიქრს. მთელი ის წლები მთავარი იყო წერა, კითხვა, ლექციების კითხვა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ, მოვიდა დრო, როცა უნდა დაბრუნდე „საბრძოლო ქვედანაყოფში” (იცინის). თავიდან ვცხოვრობდი ამერიკაში, გამიმართლა, რომ მოვხვდი სადოქტორო სწავლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო, კორნელის უნივერსიტეტში. შეხება მქონდა ისეთ ინტელექტუალურ სამყაროსთან და ისეთ საუკეთესო მეცნიერებთან, რომ ბევრჯერ მიფიქრია: ღმერთო, ეს მე ვარ, ამ სამოთხეში? არ გამეღვიძოს და არ აღმოჩნდეს, რომ ეს არაა მართალი! ეს იყო საოცარი სამყარო, განსხვავებული აქაურისგან, რაც იყო 2006 წელს, როდესაც მე ციხიდან მივრბოდი დემონსტრაციაზე, იქიდან საელჩოში, მერე სასამართლოში... უცებ ხვდები გარემოში, როცა არაფერზე არ უნდა იდარდო – აჰა, წიგნები და ისწავლე! საათობით გამოკეტილი ვიყავი წიგნებთან. სხვა გზა არ იყო. ვიპოვე ჩემი „რეცეპტი” – დილის ექვს საათზე, სიმშვიდეში ვიწყებდი მეცადინეობას. როდესაც პატარა ბავშვი გყავს, წერა დილით ადრე უნდა მოასწრო.
– ამერიკაში გაჩნდა თქვენი შვილი, ანდრო, რომელმაც ალბათ, თქვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა და თავდაყირა დააყენა.
– ანდრომ შეცვალა ჩემი ცხოვრება, წარმოდგენები, პრიორიტეტები. სანამ შვილი მეყოლებოდა, ჩემს თანამშრომლებთან ერთად მივლინებებში რომ დავდიოდი, სულ მიკვირდა, როცა ისინი ბავშვებისთვის ყიდულობდნენ ყველაფერს. კარგი რა, ვეტყოდი ხოლმე, თქვენთვისაც იყიდეთ რამე. ასეთი გავხდი ახლა მეც. როცა ბავშვი გიჩნდება, მერე ხვდები, რა არის მშობლის ცხოვრება. გადაწყვეტილებებს მარტო საკუთარი თავის გამო არ იღებ. ანდრო თავიდანვე კარგი ბიჭი იყო. ჩემი ცხოვრების თანამონაწილეა. ხშირად მომყავს სამსახურში – ყველგან, სადაც არის ამისი საშუალება. მაგალითად, პანკისშიც წავიყვანე. როგორც ყველა ბიჭს, ემოციურად მოსწონს ჯარი, ეს სამყარო.
– დედისა და მამის აქტიურ ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ანდრო თავის ასაკშიც სუპერაქტიური უნდა იყოს.
– კი, ძალიან ცოცხალი და აქტიური ბავშვია. ბევრ შეკითხვას სვამს, წინააღმდეგობის სურვილიც აქვს. გულისფანცქალით ველოდები მის გარდატეხის ასაკს. იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ბევრი დრო გავატარო ანდროსთან ერთად. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი „მსხვერპლი”, რასაც საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანი იღებს. ყველაფერი ერთად არ გამოდის. ძალიან მეხმარება ჩემი ოჯახი. ქართველებს ეს კარგი ტრადიცია გვაქვს – ნათესაობის დიდი ქსელი: ბებია, ბაბუა, ბიძაშვილი, მეზობელი. ყველა შენ გვერდითაა, ბავშვს თავისუფლად დაუტოვებ. ეს უცხოეთში არაა. იქ შენს ოჯახურ საკითხებთან მარტო რჩები. ამიტომაც, თან ბავშვი, თან მეცადინეობა, არ იყო იოლი. ჩვენ ვცხოვრობდით პატარა ქალაქ ითაკაში. ეს არის საუნივერსიტეტო, მშვიდი ქალაქი, დიდი ჩანჩქერებით, იდეალური სამყარო.
– ამ დროს საქართველოში პოლიტიკური პროცესები „გუგუნებდა”. არ გაკლდათ იქ, ჩანჩქერების იდილიაში ეს ხმაური?
– ამ პროცესებში ჩართულობის ნოსტალგია მუდმივად მქონდა. ჩამოსვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე. იმ პერიოდში მუდმივად ვწერდი საჯარო წერილებს. ეს იყო ჩემი საშუალება, რეაქცია გამომეხატა მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, წელიწადში ორჯერ, არდადეგებზე მაინც ვახერხებდი საქართველოში ჩამოსვლას. დისერტაციის დაცვის შემდეგ მე მივიღე შემოთავაზება კანადიდან, სადაც გავიარე გასაუბრება, კონკურსები. იმდენი კონკურსი მაქვს გავლილი – სამინისტროში ცნობილი ვარ, როგორც კონკურსების დიდი მოყვარული. ყველაფერზე ვითხოვ კონკურსის ჩატარებას, „სახელი” მაქვს გატეხილი (იცინის).
– კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?
– დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, უნდა შეძლო, დატკბე ადამიანური ურთიერთობებით, მეგობრებით, მაგრამ დრო არ არის განუსაზღვრელი. ჩვენ, საბედნიეროდ, უკვე ვაფასებთ დროს, რაც ასე მნიშვნელოვანია. ამ სამსახურს ახლავს თვითშეზღუდვა. როცა საჯარო გამოსვლა მიწევს, ვსაუბრობ, გარკვეულწილად, სახელმწიფოს სახელით. დღეს მე მაქვს იმ თავისუფლების დააახლოებით 3 პროცენტი, რაც ადრე მქონდა. ეს არის „ფასი,” რომელსაც იხდი ამ პასუხისმგებლობაში. თუ გინდა, რომ ამ პოზიციაზე იმუშაო, რაღაცეები უნდა დათმო. თავისუფალი დრო და გამოხატვის თავისუფლება, რაც ბევრად უფრო ნაკლებია – ეს არის ის, რასაც სახელმწიფო სამსახურის გამო თმობ. სხვათა შორის, როცა ამერიკასა და კანადაში ვცხოვრობდი, ლექციების წასაკითხადაც კი, ველოსიპედით დავდიოდი. აქ ასე თავისუფლად, ველოსიპედით ხომ ვერ ვივლი?! (იცინის).
– რაში არ ხართ ხუთოსანი?
– იმაში, რისთვისაც ვეღარ ვიცლი. მაგალითად, სამზარეულოში, რაც ძალიან უკვირს დედაჩემს. ამერიკაში სადილებსაც ვაკეთებდი და ნამცხვარსაც ვაცხობდი. მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ მცალია ამისთვის, თორემ სახლში გაკეთებულ სადილს რა ჯობია? კიდევ რაში არ ვარ ხუთოსანი? მე გაზრდილი ვარ დიდ ოჯახში, სანათესაო წრეში. აქაც კი ყველა მეორე დოლიძეა, თუმცა ეჭვიც არავის ეპარება, რომ მე ამაში არ მიმიძღვის „წვლილი” (იცინის). სამწუხაროდ, ვერ ვიცლი, ნათესავებისა და მეგობრებისთვის. თუმცა, ხშირად მინდა, ვნახო ისინი და მივესიყვარულო. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი უცხოეთში, რომლებსაც ძალიან უყვართ აქ, ჩემთან სტუმრობა. სულ ხუმრობენ ხოლმე ჩემი მორიგი მეგობრების სტუმრობაზე. გრაფიკია საჭირო, რომ ერთმანეთს არ დაემთხვნენ. თუ საქმე არ მოითხოვს, მე არ მიყვარს წასვლა. იმდენ ხანს ვიცხოვრე სხვაგან, ვიცი, რა არის სახლში ყოფნის ფასი. შეიძლება, ბევრი დისკომფორტი გაქვს, სულ საცობში ხარ, რაღაც აგვიანებს, შენს ფანჯრებთან შუაღამისას ვიღაც მღერის, მაგრამ სახლში ხარ. სხვათა შორის, ეს განცდა მიმძაფრდება, როცა ავღანეთიდან ჩვენი ჯარისკაცები ბრუნდებიან. თუ მაქვს დრო, ყოველთვის ვცდილობ, მათ დავხვდე. ხანდახან სიტყვებსაც ვერ ვპოულობ, ბურთი გამეჭედება ხოლმე ყელში. მე ვიცი, რა გრძნობაა სახლში დაბრუნება!