როგორ ეხმარებოდა დუტა სხირტლაძე ნატალი მაჩიტიძეს თამამი სცენების გადაღებაში და როგორია მისთვის ხარისხიანი მამაკაცი
ნატალი მაჩიტიძე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სერიალ „მზარეულებში“, სადაც ის დუტა სხირტლაძეს უწევდა პარტნიორობას. მისმა გმირმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცოტა ხნის წინ კი ის ერთ-ერთი მაღაზიის სახე გახდა, რაც მისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
– ნატალი, როგორც მივხვდი, განსაკუთრებით გიყვარს ტატუები.
– ძალიან მიყვარს. ერთხელ თუ გაიკეთებ, მერე დაავადებასავითაა ტატუც და პირსინგიც – სულ გინდა დაიმატო. ტატუ-მასტერი აღმოვაჩინე, რომელიც მხატვარია და ზუსტად ვიცი, მის გარდა არავისთან გავიკეთებ. ცოტა ხნის წინ ლოტოსის ყვავილი დამახატა და ისეთი ლამაზი გამოვიდა... თან, კისერზე ტატუს გაკეთება ძალიან მტკივნეულია, მაგრამ შემოქმედებითად იმდენად ვიყავი ჩართული, რომ არაფერი მიგრძნია. ერთი მაქვს ხერხემალზე, მთელ სიგრძეზე – ინგლისურად: ჩემი წარსული მხდის სრულყოფილს. ეგვიპტური ჯვარი მაქვს ასევე – სიძლიერის სიმბოლო და ფეხზე პინგვინი. პინგვინი ერთადერთი ცხოველია, რომელიც თავისი პარტნიორის ერთგული რჩება. მეც მიმაჩნია, რომ ერთგული ვარ მეგობრების, ოჯახისა და რა თქმა უნდა, პარტნიორის. მგონი, ჩემი ქმრის ერთგული ვარ ისევ, 5 წელი გავიდა და მაინც ასე ვარ, პინგვინივით. თან, ცოტა ხნის წინ გავიკეთე ახალი ტატუ – free დავიწერე და მგონი, ჩამეკეტა კარმა, დავრჩი ასე – ფრიიი. თუმცა უხარისხოს მირჩევნია, საერთოდ არ იყოს. „ლიჟბი“ იყოს – ასე არ მინდა.
– როგორია შენთვის ხარისხიანი მამაკაცი?
– უნდა შევეფერებოდეთ ერთმანეთს. თავიდან ვიზუალმა უნდა მიმიზიდოს. არიან კარგი გარეგნობის, მაგრამ მერე, რომ დაელაპარაკები, მის ფასეულობებს გაიგებ, იქვე გადაესმევა ხაზი, ძალიან სხვაგან არიან. მაგალითად, სპორტსმენთა უმრავლესობას მხოლოდ კუნთები აქვთ© განვითარებული და რამე ღირებულზე ვერ დაელაპარაკები, ვერ გაეხუმრები. მე საკუთარ თავზეც ვხუმრობ და რომ გავეხუმრები და სახეს დამიკერავს – არ შემიძლია. მეც ჩემებური გიჟი ვარ. ხალხი სამსახურის შემდეგ რომ კვდება და ერთი სული აქვთ, სახლში წავიდნენ, მე კარაოკეში, დილის 6-ზე რომ მოვრჩები, იქიდან კიდევ კარგი მუსიკის მოსასმენად მივდივარ, ან საცეკვაოდ. ცოტა დარტყმული უნდა იყოს და უნდა ამყვეს ამაში. ჩემთვის მუსიკა, ცეკვა იმდენად არის ცხოვრებასთან შერწყმული და ცხოვრების ნაწილია, რომ მე თუ ეს ვერ გამიგო ადამიანმა, მირჩევნია, მარტო ვიყო.
– ამ ხუთი წლის განმავლობაში არავისთან გქონია ურთიერთობა?
– ბიჭების მხრიდან დღემდე ბევრი მცდელობაა, მაგრამ არავის ვუშვებ ჩემამდე. ალბათ, არ გამოჩნდა ის ერთი, თორემ, ეს ხომ ავტომატურად ხდება და არა დაგეგმვით. ისეთი ტიპი ვარ, თუ გრძნობა არ მაქვს, არაფერი მინდა. გრძნობის გარეშე კოცნაც და შეხებაც – ვერა. მაგრამ, ეს გრძნობა იმდენად აღარ მიჩნდება, მგონი, ფრიგიდული გავხდი. თან, ისეთი ადამიანი მომეწონება ხოლმე, რომ ნაკლებად არის შანსი. შეყვარებული ჰყავდა და ეს ჩემთვის უკვე დახურული თემაა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როცა ვინმე ბიჭთან მივდივარ, თუნდაც რაღაც სიმღერას რომ ითხოვს, გოგონები ისეთი დაძაბულები და შეშინებულები არიან, მინდა, მათ ვუთხრა, დავამშვიდო: არავის ბიჭი არ მჭირდება-მეთქი. არასდროს ვიქნები მესამე და შეუძლიათ, თავის ქმრებთან მშვიდად იყვნენ. მათ როგორც არ უნდა მოინდომონ, მე ქალი ვარ, ცოლი ვიყავი და სულ რომ ვგიჟდებოდე, მაინც ქალის პოზიციას დავიცავ.
– ასეთ დროს არ გიჭირს გრძნობების გაკონტროლება?
– შემიძლია გრძნობების კარგად მართვა. ყველაფერს ვაანალიზებ. თან, დედა ვარ, მარიტა მყავს და ყველაფერს მარიტაზე გავლით ვფიქრობ.
– კარმა ახსენე. გჯერა რეინკარნაციის?
– დეჟავიუსავით რომ გაქვს – ეს შეიძლება, ერთგვარად იყოს კარმის ნაწილი. პირადი ჰოროსკოპის შესადგენად ვიყავი და მითხრეს, წინა ცხოვრებაში კაცი იყავიო. ახლაც, ამ ეტაპზე, ცხოვრებაში ისე მაქვს კაცის როლი: ვმუშაობ, ვშრომობ კაცივით, უკვე კაცივითაც მაცვია, ხმაც დამიბოხდა, რომ მგონი, მართლა კაცი ვიყავი. სხვათა შორის, ისიც მითხრეს, კარგი იქნება, თუ უცხოეთში წახვალ და იქ ააწყობ კარიერას წამყვანის კუთხითო. მას მერე, ერთი წელი მიმყავდა გადაცემა. ახლაც კარაოკეში წამყვანი ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, ხალხი გაერთოს, კმაყოფილები დარჩნენ.
– ცოტა ხნის წინ სერიალ „მზარეულებში“ მონაწილეობდი, სადაც არც თუ ისე კარგი როლი გქონდა.
– რეჟისორმა მკითხა, ბათუმელი გოგოს როლს თუ შევასრულებდი. რაღაცეები რომ ვუთხარი, მაშინვე ამიყვანა როლზე. იმედია, ჩემი გმირი ისევ დაბრუნდება, რადგან, როგორც მეუბნებიან, ის სერიები, სადაც ვთამაშობდი, საკმაოდ რეიტინგული იყო. ეს ხალხი იმდენად სასაცილოა, ჩემი და დუტას სცენები რომ გავიდა, ამის მერე ჩემთან ეძებდნენ დუტას. მე მირეკავდნენ. ვეუბნებოდი: ხალხო, როლია, ცხოვრებაში არ ვართ ერთად. ვერ გამოვიდა ხალხი იმ აზროვნებიდან, რასაც თამაშობ, ისეთი რომ არ ხარ. მეც ან მკვლელის როლი მაქვს, ან ბოზის. ალბათ, გარეგნობიდან გამომდინარე ვერგები ასეთ ტიპაჟს. ჩემი ბავშვობის მეგობარი ბიგ-თიკო ამბობს ხოლმე: შენი გარეგნობა და შინაგანი სამყარო რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგანო.
– ყოველთვის ამბობდი, რომ არ გიყვარს თამამ სცენებში მონაწილეობა, არასდროს გაშიშვლდები კამერების წინ. ახლა, როდესაც ამ სერიალზე დათანხმდი, იცოდი, რომ ასეთ სცენებში მოგიწევდა მონაწილეობა?
– ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, არავის არაფერი უთქვამს. 7 სერია გადავიღეთ მანამდე და იქ მსგავსი სცენა არ ყოფილა. მაგრამ, უკვე ცოლად მოვყავდი, ასეთი სცენის გადაღება საჭირო იყო და აღარ გამოდიოდა უარის თქმა, გავაფუჭებდი ყველაფერს. ტექნიკურად მომიდგნენ, თან, ისე მარტივად გამოვიდა ყველაფერი. პირველი იყო ჩემთვის ასეთი სცენა. დუტას წლებია, ვიცნობ, გახსნილი, მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს და მასთან მუშაობა დიდი კომფორტია. სულ სიცილ-ხარხარით გადავიღეთ, თან, არაფერი ჩანდა. სხვა სერიებშიც იყო ცოტა თამამი რაღაცეები, შეხებები მკერდზე. მაგრამ, დუტასთან მუშაობა ისეთი კომფორტულია, ყველაფერი ხუმრობა-ხუმრობაში, სიცილში მიდიოდა. თან, გადამღები ჯგუფი იმდენად კარგია, მათთან ადრეც მიმუშავია, რომ არანაირი დისკომფორტი არ მქონდა. ამიტომ, რომ ამოიწურა ჩემი პერსონაჟი, გული დამწყდა. ქორწილის დღეს ვუღალატე დუტას, წამასწრო და გამაგდო. მერე ისევ დამაბრუნა, თუმცა გაიგო, რომ ჯადო გავუკეთე და ისევ გამომაგდო.
– რამდენჯერმე ახსენე, რომ ჩემგან შორენას ვერ გამოიყვანენო. რას გულისხმობდი?
– შორენას პატივს ვცემ და ყველგან ვიცავ. უბრალოდ, სადაც უნდა მოვხვდე, ყველგან შორენასთან ავლენენ პარალელს. შორენა ერთ-ერთი მსახიობია, რომელიც თამამ სცენებში თამაშობდა და მე ეს არ მომწონს, ოღონდ არა შორენაში, არამედ ჩემში. არ მინდა, მეც ეს გზა გავიარო, რადგან როგორც მსახიობი, ვეღარ ვითარდები, სულ ერთი და იგივე ტიპის როლებს გთავაზობენ, სადაც სულ უნდა გაიხადო. თორემ შორენას დიდ პატივს ვცემ, ლამაზი და კარგია. ბოლოსაც რომ გამომიგზავნეს სცენარი, პირველი, რაც ეწერა, სექსის სცენა იყო და იქვე დამთავრდა ყველაფერი. გახდაზე „წიკი” კი არ მაქვს მაინცდამაინც. თუ კარგი როლია და კარგად სათამაშო, გიღირს გაიხადო, მაშინ – ჰო. თანაც, ესთეტიკურად ლამაზი უნდა იყოს და არა ვულგარული.