როგორ ამოწმებს ზოგიერთი ცოლი ქმრის ერთგულების ხარისხს
ნებისმიერ ურთიერთობას განახლება სჭირდება, მით უფრო, როცა საუბარია ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. ამბობენ, რომ რუტინა კლავს ყველაზე ძლიერ გრძნობასაც კი, მაგრამ „განახლებას“ ცოდნა და სათანადო გამოცდილება სჭირდება. გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხშირად და სტაბილურად უნდა აკეთოთ, მთავარი სხვა რამეა – დროულად იგრძნოთ ურთიერთობაში მომხდარი ცვლილებები; მიხვდეთ, კონკრეტულად რისი გაკეთებაა საჭირო და, რაც მთავარია, არ გადააჭარბოთ. ზომიერება განსაკუთრების საჭიროა იქ, სადაც გრძნობა და ემოციები ფიგურირებს.
თეონა (38 წლის): როგორი შეყვარებულიც არ უნდა იყოს კაცი, როცა სასურველ ქალს ცოლად ირთავს, აზარტს კარგავს და „მოეშვება“ ხოლმე. იცით, ხომ, ეს რასაც ნიშნავს? – ის ქალი, ვისზეც ირეოდა, იცვლება სტანდარტული სიტყვით „ცოლი“.
– „ცოლი” სიტყვაა და „შეყვარებული” – გრძნობა?!
– სამწუხაროდ, კაცები ცოლებს გრძნობად ვეღარ აღიქვამენ. გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, რომც არ დამეთანხმოთ, ფაქტს მაინც ვერსად გავექცევით – ცოლები რომ ვხდებით, ჩვენს მთავარ ხიბლს ვკარგავთ – არაჩვეულებრივებიდან ჩვეულებრივ ქალებად ვიქცევით ხოლმე.
– ქმრებიც ხომ ჩვეულებრივები ხდებიან?
– დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ, ქალები, რატომღაც არ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას და ის ჩვეულებრივი ქმრებიც გვიყვარს. შეიძლება, სულელები ვართ, მაგრამ ეს ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტად ჩავთვალოთ. იცით, რა მიკვირს? მარტო ქალები რატომ ვზრუნავთ ურთიერთობის გადარჩენაზე... მარტო ჩვენ რატომ ვიბრძვით ოჯახის კეთილდღეობისა და შენარჩუნებისთვის.
– მამაკაცებს ეს ყველაფერი არ აინტერესებთ?
– მამაკაცების უმრავლესობას, სტერეოტიპულად, დღესაც მიაჩნია, რომ ურთიერთობის გადარჩენასა და ოჯახის სიმტკიცეზე მარტო ქალმა უნდა იდარდოს და იბრძოლოს. ვფიქრობ, ამაში ლომის წილი ერთგულების მიმართ ჩვენს სტერეოტიპულ დამოკიდებულებასაც მიუძღვის: თუ ჩვენ, ქალები არ ვიზრუნებთ ერთგულების დაცვაზე და ქმრის ერთგულების სადარაჯოზეც არ დავდგებით, ოჯახი აუცილებლად დაგვენგრევა.
შიშისა და ნერვიულობის საფუძველი მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემი ქმრის ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა მისი გამოკვება გადაწყვიტა, ანუ, რატომღაც, ვალდებულება აიღო, ჩემი ქმრის კულინარიული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ეზრუნა. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ჩემმა ქმარმა გამომიჭედა ყურები მისი მომზადებული კერძებისა და ნუგბარების ქება-დიდებით და, ბუნებრივია, ავნერვიულდი.
– მარტო კულინარიული ოსტატობით არ გამოირჩეოდა, ალბათ ის ქალბატონი...
– მიხვდით... მზარეულის გარეგნობა ნამდვილად არ ჰქონდა. თანაც, გაუთხოვარიც ბრძანდება... მოკლედ, ძალიან გავბრაზდი და დავფიქრდი, როგორ მეშველა ამ პრობლემისთვის.
– მაშინვე იფიქრეთ, რომ თქვენს ქმარზე ნადირობდა?
– დიახ. რატომაც არა? ქალები იერიშზე არიან გადასულები. ოღონდ კაცი ჰყავდეთ გვერდზე და ყველაფერზე მიდიან. იმ ქალბატონს არაერთხელ შევატყვე სურვილი, ნებისმიერი საშუალებით დაეთრია კაცი...
– ანუ, იცნობდით?
– რა თქმა უნდა. ჩემი ქმრის თანამშრომლებს კარგად ვიცნობ. ის ქალბატონი შედარებით ახალია კოლექტივში. სად მქონდა გარანტია, რომ ჩემი ქმრის საყვარლად „დათრევა“ არ ჰქონდა განზრახული?! აბა, რას უზიდავდა სახლიდან ნაირ-ნაირებს, ვინ დაავალა?! არ გაგიგიათ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო?! ეს ნაწილობრივ სიმართლეა. მე ჩემი კავშირებით გამოვიკვლიე, რომ მარტო ჩემს ქმარზე ზრუნავდა ასეთი თავგამოდებით. იმ ოფისში სხვა კაცებიც არიან, რატომ იმათ არ ანებივრებდა „შარლოტკებით“, კექსებითა და ქათმის კატლეტებით? თანაც, ჩემი ძვირფასი მეუღლე საკმაოდ ღორმუცელაა. სასუნავზეც არ ამბობს უარს. დღეს კექსი, ხვალ კატლეტი... მერე სახლშიც მიიპატიჟებდა სადილზე და, რით დამთავრდებოდა ის სადილი, ვინ იცის.
– გამოდის, ქმრის ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ.
– კარგი რა, რომელ კაცს დაეფიცება ერთგულებაზე. ყველა მამაკაცი უნებისყოფო და უძლურია ქალური ხრიკების წინაშე. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, თუ ქალმა მოინდომა და მიზნად დაისახა, ნებისმიერ კაცს აცდუნებს. ძალიან ბევრი დღე ვიმტვრევდი თავს ფიქრით, როგორ მომევლო ამ პრობლემისთვის. შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. ხომ იცით კაცების ამბავი – ეგენი უკუღმა იქცევიან: როგორც კი ეჭვიანობას შეგატყობენ ან იმას მიხვდებიან, რომ ყურადღებით აკვირდები და ამოწმებ, უფრო ირევიან. ვერც იმ ქალბატონს „გავურჩევდი“ საქმეს – ამ დონის ნამდვილად არ ვარ. ან, რა საფუძველი მქონდა, რომ ჩემი ქმრის „შებმაში“ დამედანაშაულებინა. ხვდებით, ხომ, რა მინდოდა? – ძალიან დელიკატურად უნდა გამოვსულიყავი რთული სიტუაციიდან. იქნებ ჩემს ქმარს არც ჰქონდა თავის თანამშრომელზე ამ მხრივ ყურადღება მიქცეული და, მე რომ გავაქტიურებულიყავი, უნებლიეთ შემეძლო, მისით დაინტერესების პროვოცირება მომეხდინა – ისე შეხედავდა, როგორც ქალს და ვნების ობიექტს. მე ვიცი არაერთი შემთხვევა, როცა კაცი საერთოდ ვერ ამჩნევდა ქალს და, როგორც კი ცოლმა ამ ქალის გამო სკანდალი მოუწყო, იმიტომ, რომ რაღაც ეჭვები ჰქონდა, კაცი სრულიად ალოგიკურად მოიქცა და მერე დაიწყო მასთან ურთიერთობა. ზოგადად, ქალები ვხვდებით, როდის უნდა გავაქტიურდეთ და როდის უნდა მივიმწყვდიოთ ქმარი კუთხეში... სამწუხაროდ, ვგრძნობდი იმასაც, რომ ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობა ისეთი ვნებიანი და სიყვარულით სავსე აღარ იყო, როგორც ადრე. ხშირად ვკამათობდით და ვსაყვედურობდით ერთმანეთს. ბოლოს როდის ვუთხარით ერთმანეთს საალერსო სიტყვები, ეგეც კი დამავიწყდა. ამას აქამდე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი და არც ვნერვიულობდი, უცებ კი გავაცნობიერე, რომ რეალურად დავდექი საფრთხის წინაშე, რომ, შეიძლებოდა, ქმარი დამეკარგა. ცოლები მართლა ცუდ დღეში ვართ. ისე ვიღლებით, რომ, აღარც რომანტიკა გვახსენდება, აღარც სინაზე და ქალურობა. ეს კატასტროფაა, მაგრამ, მწარე რეალობა.
– ანუ, ქალებს არ გვაქვს უფლება, დავიღალოთ და მოვდუნდეთ?
– არა, თორემ, ამის მწარე შედეგებს ეგრევე მოვიმკით. თავი ხელში ავიყვანე და დავიწყე ჩემს ქმართან სამსახურში „შერბენები“, სხვადასხვა დელიკატესები... ეს მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა და მკითხა კიდეც, რა დაგემართა. ჩემთვის ასე როგორ მოიცალეო.
– მიხვდა, რომ ამას ეჭვიანობის გამო აკეთებდით?
– შეიძლება, მაგრამ ჩემთვის არ უთქვამს. რაც მთავარია, ის ქალბატონიც ვნახე და მივახვედრე, რომ ასე ადვილად არ დავთმობდი „ჩემს ტერიტორიას“. შტერი არ არის და პოზიციების დათმობა ამჯობინა. რაც მთავარია, მე ვნახე ჩემი ქმრის რეაქცია, როცა სამივემ ერთად მოვიყარეთ თავი და ჩვენ ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. მშვიდად იყო, არც გაწითლებულა და არც თვალების ცეცება დაუწყია. გამიხარდა – არ დავაგვიანე. ახლა უკვე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე. ერთი წუთითაც კი არ მოვდუნდები და ქმარს უყურადღებოდ არ დავტოვებ. ძნელია, მაგრამ ამას შევძლებ...