როგორ აღმოჩნდა საქართველოში 83 წმიდა ნაწილი, რომელთათვისაც სპეციალური მოოქრული ლუსკუმა დამზადდა და რა საჩუქარი გაუკეთეს რუსეთისა და უკრაინის პატრიარქებმა გოდერძი ბუკიას
ხობში, კერძოდ, სოფელ პირველ მაისში, ბათუს მთაზე ულამეზესი საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც მისი უწმიდესობის კურთხევით, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ბუკიამ ააშენა. 2013 წელს სამონასტრო კომპლექსს, რუსეთისა და უკრაინის პატრიარქების შეთანხმებით, მუდმივ მფლობელობაში გადაეცა კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული წმიდანების 83 წმიდა ნაწილი, რაც მთელი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.
გოდერძი ბუკია: ათეული წლების წინ ფოთში საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიმიწვიეს შევხვედრაზე, სადაც მისმა უწმიდესობამ შემომთავაზა, სხვადასხვა აქციებში მიმეღო მონაწილეობა. მაშინ მძიმე პერიოდი მქონდა ბიზნესისა და ზოგადად შემოსავლების მხრივ და ვუთხარი, რომ არ მქონდა ამის საშუალება. მაშინ პატრიარქმა ღიმილით მითხრა: შეეცადე და ღმერთი აუცილებლად მოგცემსო. ეს სიტყვები დღემდე მახსოვს და ის მთელ ჩემს ცხოვრებაზე აისახა. მართლაც, იმ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი, თუ რამე გამიჩნდებოდა, ეკლესიური საქმიანობისთვის მომეხმარებინა. რასაც ვწირავდი, იმაზე ათეულობით მეტი მოდიოდა სხვადასხვა პროექტიდან, ისეთიდანაც კი, საიდანაც არც ველოდი. ამის მერე გადავწყვიტე, ეკლესია ამეშენებინა. მეუფე გრიგოლისგან ავიღე კურთხევა, რომელმაც 2006 წელს აკურთხა ტაძრის საძირკველი. ღმერთმა ჩემი ოცნება აახდინა. ხობი უდიდესი და უძველესი ტრადიციების მქონე ქალაქია, ამიტომაც ავირჩიე ეს ადგილი ეკლესიის ასაშენებლად – ხობი, სოფელი პირველი მაისი, ბათუს მთა, სადაც ბავშვობა მაქვს გატარებული. ჩემს ბავშვობაში დღევანდელი საეკლესიო კომპლექსის წინ იყო სკოლა. როდესაც ბავშვები სკოლიდან ვიპარებოდით, ამჟამინდელი კომპლექსის ადგილას ვიმალებოდით, სადაც მაშინ მხოლოდ ხეები იყო. ამაღლებული ადგილიდან ვხალისობდით, როცა ვხედავდით, როგორ დარბოდნენ მასწავლებლები ჩვენ საძებნელად.
არქიტექტორი ვარ, მაგრამ რადგან ტაძრის დაპროექტებაზე არ მქონდა კურთხევა, ამიტომ მივმართე არქიტექტორ რეზო ჯანაშიას და ჩემს მეგობარ ნუგზარ ლომაიას, რომელსაც სამშენებლო კომპანია აქვს. მათი დახმარებით დავიწყეთ მშენებლობა. თავიდან მხოლოდ ეკლესიის აშენება იყო გათვალისწინებული, შემდეგ საეკლესიო კომპლექსი გახდა. სამი მფარველი ანგელოზი მყავს: წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და ღვთისმშობელი. ამიტომ იქ არის წმიდა ნიკოლოზისა და წმიდა გიორგის პატარა ეკლესიები, შუაში კი – ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების დიდი ეკლესია. ბოლოს უკვე ავაშენეთ საპატრიარქო რეზიდენცია. რადგან პატრიარქს სამეგრელოში არ ჰქონდა რეზიდენცია და მინდოდა, ეს ხობში ყოფილიყო. პატრიარქი რჩევებს სულ მაძლევდა, როგორი თბილი და რბილიც არის, ასეთივე თბილი და რბილი რჩევების მოცემა იცის. მეუფე გრიგოლი უფრო მეტად იყო საქმეში ჩართული. ჩემი პრინციპი გახლდათ, აშენებულიყო მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო და მართლაც ასე მოხდა. სოფლებში ბრიგადები იქმნებოდა, ხალხი თავისი სურვილით მოდიოდა – ქვას ქვაზე ადებდა, რათა ერთიანი ძალებით აეშენებინათ. საბოლოოდ, აშენდა უნიკალური კომპლექსი. საეკლესიო კომპლექსის კანკელები და ტრაპეზები ძმებმა ხარებავებმა შემოსწირეს. 2013 წლის 10 მაისს უნდა შემდგარიყო ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევა, სადაც პატრიარქი მიბრძანდებოდა. მივედი პატრიარქთან და ვთხოვე: რადგან აქეთ მოემგზავრებით, იქნებ ჩვენთანაც მოსულიყავით და თქვენს რეზიდენციაში ღამე გაგეთენებინათ-მეთქი. არავის ეგონა, რომ პატრიარქი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ ჩემი სჯერა, მენდობა და თქვა: რადგან ასე გინდა, ერთი დღით ადრე წამოვალო. მოკლედ, მთელი გეგმები შეცვალა. ეშმაკები, ხომ იცით, ყველგან არიან და აქაც შეგვექმნა სერიოზული პრობლემა. რეზიდენციას წყლის სამმაგი მომარაგება აქვს. როდესაც პატრიარქი მობრძანდა, აღმოჩნდა, რომ რეზერვუარები ცარიელი იყო და წყალიც არ მოდიოდა. ერთი ამბავი ატყდა: პატრიარქი ისეთ ადგილას მიიყვანეს, სადაც წყალი არ არისო და სხვაგან გამგზავრება გადაწყვიტეს. მაგრამ, პატრიარქმა განაცხადა: აქ ჩამოვედი და აქ უნდა დავრჩეო. მალევე ყველაფერი მოგვარდა. პატრიარქმა ფეხით მოიარა ყველაფერი. მითხრა: ეს რა გიქნია, ევროპა მოგიწყვია ჩემთვისო.
– რა გაითვალისწინეთ რეზიდენციის მშენებლობისას?
– უპირველეს ყოვლისა, მისი უწმიდესობის გემოვნება. საპატრიარქოს მხრიდან რეკომენდებული დიზაინერებისა და მხატვრების მიერ იყო ყველაფერი გაფორმებული და აბსოლუტურად დაცულია კანონიკა. განსაკუთრებით ლამაზია პატრიარქის ეზო, რომელსაც ცალკე შესასვლელი აქვს და ბევრი ლამაზი ხე, ბუჩქი და ყვავილია დარგული. თუ სადმე რამე ლამაზია, ყველაფერი იქ არის. პატრიარქმა საღამოს დაიძინა. ღამე რომ გაიღვიძა, მეც იქვე ვიყავი და ფეხით მოვიარეთ ყველაფერი, ძალიან მოეწონა. გადასახედიც აქვს, საიდანაც ზღვა და აფხაზეთი ჩანს. იქვეა ბიბლიოთეკა, სატრაპეზო, სენაკები, პატრიარქისა და მეუფის რეზიდენციები – ყველაფერი, რაც საჭიროა. ერთი წლის შემდეგ პატრიარქმა კომპლექსს ღვთისმშობლის ხატი აჩუქა – „მოალერსე“, რომელიც ტაძარშია დაბრძანებული. ყველა შეხვედრისას მეკითხება: როგორ არის საქმე, რა ხდება, ყველაფერი ხომ კარგად არისო. როცა მოისურვებს, შეუძლია, ჩაბრძანდეს და იქ ყველაფერი ისე დახვდება, როგორც საჭიროა. საეკლესიო კომპლექსს ჰყავს წინამძღვარი, მამა იაკობი – ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი. მეც, როგორც შემიძლია, ყველანაირად ვეხმარები.
– ამ საეკლესიო კომპლექსში დღეს ინახება კიევ-პეჩორის ლავრიდან ჩამობრძანებული წმიდანების 83 წმიდა ნაწილი, რომელიც კომპლექსის მუდმივ მფლობელობაშია.
– როდესაც საეკლესიო კომპლექსი ეკურთხა, ბევრი ხალხი მობრძანდა. მათ შორის ჩემი ოჯახის მეგობრებიც, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდნენ. ყველას სურდა, დასწრებოდა ამ დიდებულ დღეს. ერთ-ერთი, ჩემი მეგობრების ოჯახი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, რუსეთის პატრიარქ კირილთან და უკრაინის პატრიარქ ფილარეტთანაა ძალიან ახლოს. როგორც ჩანს, როდესაც მათ ნახეს სამონასტრო კომპლექსი, საპატრიარქო რეზიდენცია, ჩემი და პატრიარქის ურთიერთობა, ეს ამბავი აცნობეს საპატრიარქოს. ამის შემდეგ კი პატრიარქ კირილისა და პატრიარქ ფილარეტის გადაწყვეტილებით, საეკლესიო კომპლექსისთვის მუდმივ მფლობელობაში გადმომეცა წმიდანების 83 წმიდა ნაწილი. რა თქმა უნდა, მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უბრალოდ, ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს: რუსეთის პატრიარქ კირილისა და უკრაინის პატრიარქ ფილარეტის გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრაში დაბრძანებული წმიდანების 83 წმიდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში გადმოგეცათო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ თავიდან ვერც მივხვდი მის მნიშვნელობას, ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. მერე მეუფეს მოვუყევი, პატრიარქს. არავინ დაიჯერა, მათ შორის პატრიარქმაც – ასეთი რამ არ ხდება, შეიძლება, ერთი წმიდა ნაწილი მოგცეს ვინმემ საჩუქრადო. გავიდა გარკვეული დრო და აგვისტოში დამირეკეს: სოფრინოში, სადაც დიდი საეკლესიო წარმოებაა, მოოქრული ლუსკუმა უკვე დამზადებულია 83 წმიდა ნაწილის ჩასაბრძანებლად და მარიამობისთვის შეგიძლიათ, საქართველოში წააბრძანოთო. მაინც არავინ დამიჯერა ეს ამბავი და მეც ჩავთვალე: ხმა არ ამომეღო. მარიამობამდე ორი დღით ადრე, კვლავ დამირეკეს და მითხრეს: ყველაფერი მზად არის, ბერი მამა ანტონი გამოჰყვება ლუსკუმას და მარიამობას ხობში ჩააბრძანებთ წმიდა ნაწილებსო. იმ დროს მოსკოვში ვიყავი, დავრეკე საქართველოში, გავაფრთხილე ყველა. მარიამობას პატრიარქი სიონში წირავდა და მითხრეს: აქ მოაბრძანეთო. თბილისში გამომგზავრებამდე ლუსკუმა ჩემთან, სახლში მოაბრძანეს. მთელი ღამე არ მიძინია, ვეფერებოდი, ვკოცნიდი. მეორე დილით გამოვაფრინეთ, ბერ მამა ანტონთან ერთად წყნეთში, ჩემთან სახლში მიაბრძანეს. ხალხი მოდიოდა მოსალოცად. 28 აგვისტოს კი, დილით, მეც ჩამოვფრინდი და ლუსკუმა სიონში მივაბრძანეთ. კართან შეგხვდნენ მორჩილები და ხელში აიტაცეს. პატრიარქმა რომ ნახა, დაიჩოქა და აი, მაშინ ყველა დარწმუნდა, რომ ეს ნამდვილად მოხდა. შემდეგ, მთელი წირვის განმავლობაში, საკურთხეველში იყო დაბრძანებული. პატრიარქს არაფერი უთქვამს, მაგრამ სხვები მეუბნეობოდნენ: აქ ხომ არ დავტოვოთ – სიონში ან სამებაში და მერე, დღესასწაულზე გადავაბრძანოთ ხობშიო. მაგრამ, ბერმა მამა ანტონმა განაცხადა: ხობში უნდა ჩავაბრძანოთ, კურთხევა მაქვს – პირველი მაისის ეკლესიის მუდმივ მფლობელობაში უნდა იყოსო. პატრიარქმა საზეიმო ტრაპეზზე დაგვპატიჟა და შემდეგ გზა დაგვილოცა. ასე რომ, წამოვაბრძანეთ მარიამობას ხობში. უამრავი ხალხი ელოდებოდა. დიდი ზეიმით შეხვდნენ ისინი ამ უდიდეს სიწმიდეს, სადაც მეუფე გრიგოლი და მეუფე გერასიმე დაგვხვდნენ. მათ საზეიმო ლოცვა აღავლინეს. ეს დიდი იშვიათობაა და ამიტომაც, თავიდან დაუჯერებელი იყო. ყველას თავისი სახელი აწერია, სიაც ახლავს თან. სხვადასხვა ნაწილია, პატარა-პატარა.
– როდის ხდება მათი ტაძარში გამობრძანება?
– წმიდა ნაწილები ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველშია დაბრძანებული და დიდ დღესასწაულებზე, წირვებზე ხდება მათი გამობრძანება, რათა მომლოცველებმა მოილოცონ. ასევე, როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა მოდის, მათთვისაც გამოაბრძანებენ, რათა მასთან მიახლების საშუალება მისცენ.
– როდის შეხვდით პირველად პატრიარქს?
– პატრიარქს პირველად დიდი ხნის წინ შევხვდი, 90-იან წლებში. როგორც კი აქტიური საქმიანობა დავიწყე, სულ მიწევდა საპატრიარქოში მისვლა. მისი უწმიდესობაც გავიცანი და ნელ-ნელა დავახლოვდით. ჩვენი დაახლოება ერთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდება: მოსკოვში ცხოვრობს ძალიან ნიჭიერი, გამოჩენილი მხატვარი მიშა კულუმბეგოვი, რომელიც ცხინვალიდან არის. ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გავიცანით, სადაც ის სწავლობდა და მე ვმუშაობდი. შემდეგ მოსკოვში მომძებნა, დახმარება მთხოვა და მეც დავეხმარე ბევრ რამეში, რადგან ძალიან ნიჭიერია. ერთ დღესაც მითხრა: ხატი მაქვს, რომელიც ძალიან ძვირფასია. სამაჩაბლოს ომის დროს ეკლესია იწვოდა და დაწვას გადავარჩინე. ახლა მინდა, თქვენ გაჩუქოთო. მოსკოვში მომიტანა ხატი „საქართველოს დიდება“. შემდეგ ეს ამბავი პატრიარქს მოვუყევი და მან მითხრა: ძალიან კარგი იქნება, თუ ხატი ორიგინალი აღმოჩნდება – გრავიურა, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა და რამდენიმეღაა დარჩენილიო. მაშინ საზღვარზე არ გადმომატანინეს. ცოტა მოგვიანებით, ანუ 2005 წელს, როდესაც ფესტივალი ტარდებოდა, სპეციალური თვითმფრინავით გადმოვაფრინე ხატი. 2006 წლის იანვარში კი პატრიარქს დაბადების დღეზე ჩემმა შვილებმა – ლაკომ და ნათიამ მიართვეს. პატრიარქი გახარებული და გაოცებული დარჩა, რადგან ხატი ორიგინალი აღმოჩნდა. ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობა, დღეს კი ძალიან მენდობა, ყველაფერს მიყვება. რომ მხედავს, სახე უნათდებდა და მეფერება – მეც ამით გახარებული და გალაღებული ვარ. როცა ხობში მუსიკალურ ფესტივალს ვაწყობ, თუ შეუძლია, აუცილებლად ჩამოდის. ბოლო ფესტივალი თამარ გვერდწითელსა და ანსამბლ „რუსთავს“ მიეძღვნა. უნიკალური ანთოლოგია გამოიცა, რომელშიც ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებული 380 ქართული ხალხური სიმღერაა შესული, მათ შორის, 60 მეგრული სიმღერაა, 16 კომპაქტდისკი. მივუტანე პატრიარქს, მოეწონა და ისე გაუხარდა, რომ 25 ცალი კიდევ გავუგზავნე. სულ ვცდილობ, არაფერი მთხოვოს, თავად მივხვდე, რა სურს და გავაკეთო. ჩვენ, ყველანი ცოდვილები ვართ და მიუხედავად მისი ჩემდამი დადებითი დამოკიდებულებისა, ნდობისა, არასდროს მიფიქრია, პრივილეგიებით მესარგებლა. ვცდილობ, მაქსიმალურად ხშირად ვიყო ეკლესიაში. მადლობა შევწირო ღმერთს იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ბევრი რამ მეკეთებინა. ყოველ წელს ვიცვლი ჩანაწერების წიგნაკს და ყველას პირველ გვერდზე პავლე მოციქულის სიტყვებს ვაწერ, რომელიც ჩემი ცხოვრების პრინციპია: „ნუ ამაყობ, რომ სიკეთეს აკეთებ – ეს უფლის ნაბოძვარია. იგი ისე უხდება ადამიანს, როგორც კარგი სამოსი”.