როგორ იმღერა მთვრალმა კუბელმა გოლიათმა „ოდოია“
1970 წელს მე და ჩემი მეწყვილე, წარმოშობით ზუგდიდელი ოთარ მანია, რომელიც ყოფილი მოჭიდავე იყო, „მურმა“ პოლონეთში მიგვავლინა. იქ სოციალისტური ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა სპორტული ფესტივალი ტარდებოდა სხვადასხვა სახეობაში. ოთარმა ჭიდაობის ტურნირი ბრწყინვალედ განვლო და ფინალს მიაღწია. იქ კი მას ბუმბერაზი კუბელი კაპიტანი „დაეჯახა“, რომელთანაც გამარჯვების მიზერული შანსიც კი არ ჰქონდა ოთარს.
– ჭიდაობის ქვეყნიდან ვართ და იქნებ პირველი პერიოდი მაინც გაუძლო, – ვუთხარი ოთარს.
– ვეცდები, – მომიგო მან და ხალიჩაზე გავიდა.
როგორც კი ორთაბრძოლა დაიწყო, კუბელი ხარივით ეტაკა ჩემს ძმაკაცს. ოთარმა კი მალულად თითი ატაკა თვალში, რომ შეტევა შეენელებინა. კუბელს მცირე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ორთაბრძოლაც განახლდა. თუმცა, უკვე ოთარი იყო გაცეცხლებული. ის კუბელს მიეჭრა. ხელები მძლავრად ჩაავლო და წამში ძირს დასცა – გოლიათს სუფთად მოუგო პირველივე პერიოდში.
– გილოცავ, ოთარ, მაგრამ როგორ მოახერხე ეს? შენ რომ გიყურებდი, გამძინვარებულ ვეფხვს ჰგავდი, – ვუთხარი ოთარ მანიას.
– გავცეცხლდი კი არა და, მადლობელი იყოს, რომ არ მოვკალი. თვალში რომ თითი ვატაკე, მეგრულად მითხრა: – „სკან დიდა ფხო...“ – მითხრა ჯერ კიდევ აღგზნებულმა ოთარმა.
ერთი სიტყვით, თურმე იმ კუბელს მოსკოვში უსწავლია და საერთო საცხოვრებელში სამეგრელოს მკვიდრ სტუდენტებთან ძმაკაცობდა, რომლებისგანაც მშვენივრად აუთვისებია მეგრული. დამარცხებული გოლიათი კუბელი საღამოს რესტორანში დავპატიჟეთ და რომ დათვრა, „ოდოია“ არ დასცხო!
ბეგლარ კედიას მონათხრობის მიხედვით