კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიქცია ნანა მირიანის მკერდმა ალენ დელონის ყურადღება და რატომ არ სჯერა მას იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ქართველის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) მრავალი წელია, წარმატებით მოღვაწეობს იტალიაში. მან 21 წლის წინ დატოვა საქართველო და, ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ, მსოფლიო აღიარება მოიპოვა, თუმცა, სამშობლოსთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია – ის თითქმის ყველა პრემიერასა და კონცეტზე ჩამოდის საქართველოში. ბოლო პერიოდში ქალბატონი ნანა აქტიურად იცავს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც სამართალდამცველები საკმაოდ მძიმე ბრალს უყენებენ. მომღერალი ამ საქმეში აქტიურობისკენ მოუწოდებს ქართულ მხარეს.

 ნანა მირიანი (ქავთარაშვილი): ჩემს ოჯახში მომღერალი არავინაა, მაგრამ მე ეს ნიჭი ბავშვობაშივე გამოვავლინე. ძალიან წკრიალა და უძლიერესი ხმა მქონდა და დედამ მირჩია, საოპერო მომღერალი გავმხდარიყავი. 15 წლისამ საოპერო სასწავლებელში ჩავაბარე და ნელ-ნელა გავიზარდე ამ კუთხით. 21 წლის წინ, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, საქართველოდან წამოვედი. მაშინ ჩვენთან ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და, ვხვდებოდი, რომ ვერაფერს მივაღწევდი. გავიარე კონკურსი და „ბუსეტოში“ კარლო ბერგონცის პრესტიჟულ აკადემიაში ჩავირიცხე. მასტერკლასები ქალბატონ რენატა სკოტოსთან და კარლო ბერგონცისთან გავიარე. ხალხი ოცნებობდა, რომ ამ ლეგენდარული მომღერლებისთვის თვალი მოეკრა, მე კი მათი მოსწავლე ვიყავი. ადრე იშვითად ჩამოვდიოდი საქართველოში, რადგან ძალიან რთული პერიოდი იყო. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი მდგომარეობა გამოსწორდა. 2005 წელს მე გავხსენი სეზონი ოპერაში აიდას როლით და, იმ დროიდან მოყოლებული, არ ყოფილა კონცერტი და პრემიერა, რომელსაც არ დავსწრებივარ.
– ბუნებრივია, ესწრებოდით 2015 წელს გამართულ პაატა ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ ღონისძიებასაც, რომლის დროსაც ალენ დელონს შეხვდით. პოპულარული გახდა თქვენი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მისი ყურადღება თქვენი გარეგნობითა და მკერდით მიიქციეთ.
– როცა მომეხვია, ეტყობა, მკერდში ჩამხედა, ფოტოგრაფებმაც ზუსტად ის მომენტი დაიჭირეს და გადაიღეს (იცინის). უცებ გავრცელდა ეს ამბავი – ნანა ქავთარაშვილის მკერდით მოიხიბლა ალენ დელონიო. ეს სურათი მეც მაქვს და ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ცოცხალ ლეგენდას ჩახუტებული ვყავარ და მკერდში მიყურებს. რა არის ამაში ცუდი? პირიქით, ამით ვამაყობ. მასთან შეხვედრა ჩემთვის უბედნიერესი წამები იყო. ყველას გვეხუტებოდა და გვეფერებოდა. ძალიან თბილი ადამიანია და ერთი წამითაც არ აუბზეკია ცხვირი.
– ქალბატონო ნანა, კარიერული წინსვლის პარალელურად, თქვენი პირადი ცხოვრება როგორ ვითარდებოდა?
– მე პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე, თუმცა, ევროპისთვის არასდროსაა გვიანი და, პრინციპში, უკვე საქართველოშიც სხვა მენტალიტეტია. ადრე, თუ ქალი 25 წლამდე არ გათხოვდებოდა, „დარჩენილს” ეძახდნენ. იტალიაში, საქართველოსგან განსხვავებით, გაუთხოვრობა ტრაგედიად არ ითვლება და ეს არც ჩემთვისაა პრობლემა. შვილი კი ჩემი პროფესიაა, რომელსაც თავს ვწირავ. თუმცა, გატაცებები საქართველოშიც მქონდა და ევროპაშიც. იტალიაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა მქონდა და უნდა შევუღლებულიყავით კიდეც. პროფესიით კარდიოლოგი გახლდათ, გარეგნობითაც მოვიხიბლე და არაჩვეულებრივ ადამიანადაც მეჩვენებოდა, მაგრამ, მერე ეჭვიანობა დაიწყო, თითქოს ჩემი გასტროლები და მოგზაურობები აღარ სიამოვნებდა. როცა მივხდი, რომ მასთან სიახლოვე ჩემს საქმიანობაში ხელს მიშლიდა, დავშორდი და ჩვენი ამბავი აღარ განვითარდა. ადვილი არ იყო, მაგრამ, მაინც ასე გადავწყვიტე. მე სცენა ვარჩიე მის, უფრო სწორად კი – დედამისის კაპრიზებს. ძალიან ძნელია, მომღერალს მეუღლე ჰყავდეს. იშვიათად ხდება, რომ ის ისე გიწყობდეს ხელს, როგორც საჭიროა. მაშინ ისე უნდა უყვარდე, რომ შენი საქმიანობაც შეიყვაროს. თუ თვითონ მუსიკოსი არაა, იმდენი ტვინი მაინც უნდა ჰქნდეს, რომ მიხვდეს, რამდენს ნიშნავს ეს საქმე შენთვის. ჩემთვის უსიმღერობა უჟანგბადობას ნიშნავს, ამიტომ, ვერაფრით ვერ დავუკავშირებ ცხოვრებას იმას, ვინც ამაში ხელს შემიშლის. როგორც ამბობენ, ჯობია, მარტო იყო, ვიდრე ცუდი მეუღლე გყავდეს გვერდით. ამიტომ, მეც მირჩევნია, მარტო ვიყო, თან, იტალიაში ეს პრობლემა არაა. თუმცა, გამორიცხული არაფერია და, შეიძლება, ხვალ ასეთი ადამიანიც შემხვდეს.
– ბოლო დღეებში აქტიურად ექომაგებით იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, რომელსაც მძიმე ბრალს უყენებენ. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ, რაშია საქმე?
– დიახ, უკვე რამდენიმე დღეა, იტალიურ ტელევიზიებში ქართველ ემიგრანტს საშინელ ბრალდებებს უყენებენ. რის გამოც ძალიან დიდი ტრავმა მივიღე და როგორც ქართველს, თავმოყვარეობა შემელახა. იასონ შავგულიძე 5 წლის განმავლობაში მუშაობდა ცნობილ იტალიელ რეჟისორთან, ფრანჩესკო ნუტისთან მომვლელად, რომელიც ახლა ინვალიდია და მეტყველებაც არ შეუძლია. ერთკვირიანი შვებულების დროს მისი ადგილი დაიკავა აფრიკელმა შემცვლელმა და მან ქართველ მომვლელს რეჟისორის წამებაში დასდო ბრალი. იასონ შავგულიძე დააპატიმრეს და ახლა სასამრთლო პროცესი მიმდინარეობს. ამ საქმეში ძალიან ბევრი საეჭვო დეტალია, რის გამოც, ვფიქრობ, რომ ქართველი მომვლელი უდანაშაულოა და აფრიკელის ბრალდება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მისი კომენტარი მოვისმინე და აბსოლუტურად აბდაუბდად ლაპარაკობდა. როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს მეტყველება არ შეუძლია, რაღაცნაირად ანიშნა, რომ იასონი მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწამებდა, რის გამოც ძალიან იტანჯებოდა. როგორც ვთქვი, იასონი რეჟისორთან ხუთი წელი მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში ფრანჩესკო ჩვეულებრივ ურთიერთობდა ძმასთან, ძმისშვილებთან და სხვა ახლობლებთან, ექიმებთან და მასაჟისტებთან. მასაჟისტთან ერთი საათი მარტო რჩებოდა და, თუ რამე აწუხებდა, თავისუფლად შეეძლო, მისთვის ეთქვა. მასაჟისტის თქმით, იასონსა და ფრანჩესკოს შორის ცუდი ურთიერთობა არასდროს შეუმჩნევია, პირიქით, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათო. გასაკვირია, რაღა იმ ერთი კვირის განმავლობაში გაანდო ნუტიმ ვიღაც აფრიკელ მომვლელს წინა მომვლელის ძალადობის შესახებ, მანამდე რატომ არავის არაფერი უთხრა?! თან, ამ ქართველს ძალიან დადებითად ახასიათებენ. აქ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს და, ყველა, ვინც მას იცნობს, ამბობს, რომ იასონი ალალი და პატიოსანი ადამიანია, მას ასეთი რამის ჩადენა არ შეუძლიაო. ამ ბიჭს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს და მათ სარჩენად არის წამოსული იტალიაში. ქართველი ბიჭები როგორი თავმოყვარეები არიან, იცით და, მომვლელად რომ დაიწყებს მუშაობას, ესე იგი, ის ცუდი ადამიანი არაა. თორემ, სხვაგვარ სამსახურსაც იპოვიდა ფულის საშოვნელად და მოხუცის მოვლას არ აირჩევდა. ახლა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და იასონს ადვოკატი იცავს. ამბობს, რომ არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებენ. მისი ადვოკატის სიტყვები რომ მოვისმინე, ზუსტად იგივე თქვა, რასაც მანამდე მე ვამბობდი. პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ საქმე ისე არაა, როგორც ის აფრიკელი ამბობს. ამბობენ, რომ ამას განგებ აკეთებს, სასურველი სამსახურის ხელში ჩასაგდებად. როგორც ჩანს, მოიხიბლა, როცა ნახა, რომ ფრანჩესკო ნუტი კარგ გასამრჯელოს იხდიდა და, გადაწყვიტა, ქართველი მომლელის ადგილი ამ გზით დაეკავებინა. იმასაც ამბობენ, რომ ასე ნუტის ძმის დავალებით იქცევა, რომელსაც ქონებრივი ინტერესი ამოძრავებს, რადგან, ქართველი მომვლელი ძალიან დაუახლოვდა და შეეჩვია რეჟისორს, რაც, ალბათ, მის ოჯახს არ სიამოვნებდა და, შესაძლოა, ოჯახური ინტერესების გამო გადაწყვიტეს მისი მოშორება. მოკლედ, ძალიან ჩახლართული ამბავია და, არ ვიცი, რომელი ვერსიაა მართალი, მაგრამ, აუცილებელია, სიმართლე დადგინდეს. ყოველ შემთხვევაში, იასონის მიმართ გაჟღერებული ბრალდება აბსოლუტურ ცილისწამებად მიმაჩნია მეც და ბევრ ქართველსაც, რომლებიც აქ მუშაობენ. ამ საქმეს ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს ფაქტი ძალიან ცუდად მოქმედებს აქ მყოფი ქართველების თავმოყვარეობაზე. ყველა ქართველი ანგელოზი არ არის, ძალიან ბევრი სჩადის აქ დანაშაულს, მათი მხრიდან ხშირია ქურდობის შემთხვევები, მაგრამ ასეთი შემთხვევები  მასობრივი არაა. ახლა ტელევიზორი ვეღარ ჩამირთავს, ყველა საინფორმაციოში ქართველი მომვლელის შესახებ გადმოსცემენ ინფორმაციას, რადგან, ფრანჩესკო ნუტი ძალიან ცნობილი რეჟისორია და ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სამწუხაროდ, არავინ გამოჩნდა, რომ ამ ბიჭს გვერდით დაუდგეს; მგონი, მარტო მე ვყეფ – უშველეთ-მეთქი. აქ მყოფი ქართველები კი უდგანან გვერდში, მაგრამ მათ არაფერი შეუძლიათ. საკონსულომ და საელჩომ უნდა მიიღოს ზომები, თორემ, შეიძლება, უდანაშაულო ქართველი დაისაჯოს. აქ ძალიან ბევრი ემიგრანტია უპატრონოდ. ყველა შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში და უდანაშაულოდ დაისაჯოს. სახელმწიფომ  ამის წინააღმდეგ ზომები არ უნდა მიიღოს?! სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

скачать dle 11.3