როგორ გაათხოვეს მარიამ დადიანი სამჯერ – ჯერ ბავშვობაში, შემდეგ 40 წლით უფროს მოხუცზე, ბოლოს კი, თავისზე უმცროს შვილობილზე
1597 წელს მანუჩარ პირველ დადიანს მშობიარობისას გარდაეცვალა პირველი ცოლი. მანუჩარმა ხელმეორედ იქორწინა სამცხის მთავრის ასულზე, რომელსაც თამარი რქმევია. თამარიც ჯაყელის ქვრივი ყოფილა. მისი პირველი ქმარი იყო გურიის მთავარი ვახტანგ პირველი გურიელი. ჯაყელის ქალსაც ჰყოლია შვილები პირველი ქორწინებიდან – ქაიხოსრო, რომელიც შემდგომში, რაღაც პერიოდი, გურიის მთავარიც გახდა და ერთი ქალიშვილი.
მანუჩარ დადიანსა და ათაბაგის ასულ თამარს ოთხი შვილი შესძენიათ: ერეკლე, იესე (იოსები), მარიამი და კიდევ ერთი ასული (მისი სახელი უცნობია).
მარიამ დადიანი უნდა დაბადებულიყო, სავარაუდოდ, 1605 წლიდან 1609 წლამდე. 1611 წელს მანუჩარ დადიანი გარდაცვალა და ტახტზე ავიდა მარიამის უფროსი ძმა, ლევანი.
1621 წელს ლევან მთავარმა თავისი და, მარიამი მიათხოვა გურიის მთავრის, მამია მეორის ვაჟს, ბატონიშვილ სიმონს (ამ დროს მარიამი მინიმუმ 12 წლის უნდა ყოფილიყო). ლევან მეორე თავისი დის გურიის მთავრის მემკვიდრეზე გათხოვებით, ცდილობდა, თავისი გავლენა გაევრცელებინა გურიაზე. მას მოკავშირეები სჭირდებოდა იმერეთის მეფესთან და აფხაზთა მთავრებთან ბრძოლაში.
1625 წელს გურიის სამთავრო ოჯახში მოხდა უბედურება. ძალაუფლებას მოწყურებულმა სიმონმა მოკლა მამა, მთავარი მამია მეორე და ტახტს დაეუფლა.
მთავარ ლევანს ტერორისტული აქტი მოუწყვეს შეთქმულებმა, რომელთა შორის იყო გურიის ახალი მთავარიც, მაგრამ უშედეგოდ. გააფთრებულმა დადიანმა ილაშქრა გურიაში, მამისმკვლელი სიმონის ჯარი დაამარცხა და დაიკავა გურია. მისი ბრძანებით სიმონს თვალები დასთხარეს და გურიიდან გააძევეს. ლევანმა თავისი და – მარიამი და დისწული – ოტია ოდიშში წაიყვანა. გურიელად დადიანმა დასვა კათალიკოსი მალაქია გურიელი.
სიმონ გურიელი ბერად აღიკვეცა და იერუსალიმში წავიდა. ძნელი სათქმელია, უყვარდა თუ არა მარიამს სიმონი, მაგრამ თანაგრძნობისა და გამხნევების წერილებს სწერდა იერუსალიმში დაყუდებულ უსინათლო ქმარყოფილს. მერე შეხვდა კიდეც, დიდი ხნის შემდეგ 1658 წელს სამშობლოში დაბრუნებულს.
მარიამი და მისი ვაჟი ოტია ლევან დადიანის კარზე ცხოვრობდნენ.
1632 წელს ქართლის სამეფო ტახტი შაჰ-სეფი პირველის ბრძანებით დაიკავა უკვე მოხუცმა, 68 წელს მიტანებულმა, გამაჰმადიანებულმა, სპარსეთში დაბადებულმა და იქ მოღვაწემ, დიდი მეფე ლუარსაბ პირველის შვილისშვილმა, მეფე დავით მეთერთმეტის (დაუთ-ხანის) ძემ, ქაიხოსრო ბაგრატიონმა, რომელსაც ხოსრო-მირზას სახელით იცნობენ. გამეფებიდან კი მას როსტომ ხანი ეწოდა. ის ითვლებოდა გურჯისტანის ვალად (შაჰის მოადგილედ). ქართველები როსტომ მეფეს უწოდებდნენ.
შაჰ-აბას პირველის გარდაცვალების შემდეგ, ხოსრო-მირზა ტახტზე ასვლაში დაეხმარა აბასის შვილიშვილს, სეფის. ახალი შაჰი მისგან თავს დავალებულად მიიჩნევდა, ძალიან ენდობოდა და ძმას უწოდებდა როსტომს.
როსტომ ხანს მოუკვდა მეუღლე და მან ცოლად ითხოვა ლევან დადიანის და. ეს პოლიტიკური ქორწინება იყო და მიზნად ისახავდა იმერეთში, მეფე გიორგი მესამესთან გახიზნული ქართლ-კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის წინააღმდეგ მოკავშირის მოძიებას. იმერეთის მეფე გიორგი თეიმურაზ პირველის მძახალი იყო და ისინი ბუნებრივად იყვნენ მოკავშირები. ამ დროს დევნილი თეიმურაზი იმერეთში იმყოფებოდა.
მარიამის როსტომზე დაქორწინების შემდეგ კი, ლევანი თავისი სიძის მოკავშირე იქნებოდა. ეს აწყობდა იმერეთისადმი მტრულად განწყობილ ლევან დადიანსაც. როსტომმა და ლევანმა ძლიერი მოკავშირეები იპოვეს ერთმანეთის სახით. მათ უკან ირანიც იდგა. შაჰსაც აწყობდა ასეთი ვითარება – როსტომ ხანის გაძლიერება, ლევანის მოკავშირეობა. ეს ვითარება ირანის მოწინააღმდეგე ოსმალეთის წინააღმდეგაც გამოდგებოდა.
1634 წელს მარიამ დადიანი დანიშნეს მოხუც როსტომ მეფეზე, რომელიც მასზე დაახლოებით ორმოცი წლით უფროსი იქნებოდა. ლევან დადიანს დიდძალი საჩუქრები მისცა როსტომ ბაგრატიონმა, არც დადიანმა შეირცხვინა თავი და დიდი მზითვი გაატანა დას.
ქორწილის წინ როსტომი 30 000 ჯარისკაცით დასავლეთში გადავიდა. მის შესახვედრად დიდი ძალებით დაიძრა ლევან დადიანიც, რადგან ეშინოდათ, იმერეთის მეფე ხელს შეგვიშლისო.
იმერეთის მეფე გიორგი მესამემაც შეყარა ჯარი. მაგრამ, შეცდომა დაუშვა, ათი კაცით გაემართა მოწინააღმდეგის ბანაკის დასაზვერად. ეს შეიტყო დადიანმა, გააგზავნა რაზმი და შეიპყრო მეფე.
როსტომი ბავშვობიდან მაჰმადიანი იყო, რადგან სპარსეთში დაიბადა და დიდი თანამდებობები ეკავა იქ. ახლაც შაჰის მოხელედ, ვალად ითვლებოდა და მისი პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. მაგრამ, საქორწინო შეთანხმებით, მარიამს შეეძლო, ქრისტიანად დარჩენილიყო და ის ჩაითვლებოდა არა ჰარამხანის წევრად, არამედ ქართლის დედოფლად. დედოფალს შესაბამისი უფლებებიც ექნებოდა სამეფო კარზე.
მართლაც, მარიამ დედოფალი ყოველნაირად ცდილობდა, გამოეყენებინა თავისი მდგომარეობა და გაეტარებინა ქართული პოლიტიკა, რადგან იმ დროს ირანის ზეწოლით ქართლში მაჰმადიანური წესები მკვიდრდებოდა.
დედოფალი ცდილობდა ქართლში ქრისტიანობის განმტკიცებას. მან კარგად იცოდა, რომ საჭირო იყო ქართული კულტურის აღორძინება და ეს გზა მართლმადიდებლობაზე გადიოდა. საეკლესიო მამულების დიდ ნაწილს მან საგადახადო შეუვალობა მიანიჭა. სადედოფლო სოფლებში მეურნეობა ააყვავა. თანხები მიმართა ეკლესიის გაძლიერებისთვის. აღადგენდა მტრების მიერ დანგრეულ ეკლესია-მონასტრებს, ამკობდა ტაძრებს. მას შეუკეთებია სვეტიცხოვლის, ბოლნისის, რუისის, სიონის, ჯვრის, ურბნისის, მეტეხის, წილკნის, გარეჯის, იტრიას, ალავერდის, სამთავროს, მარტყოფისა და სხვა ტაძრები. ზოგიერთი მათგანი მოახატვინა კიდეც.
აგროვებდა, გამოისყიდდა, გადააწერინებდა და ამრავლებდა ქართულ ხელნაწერებს. 1633-1646 წლებში მისი დაკვეთითაა გადაწერილი მარიამისეული „ქართლის ცხოვრება“.
რაც ქრისტიანული თვალსაზრისით, ქართლის მეფეს უნდა გაეკეთებინა, აკეთებდა ქართლის დედოფალი.
მარიამ დედოფალი აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი პოლიტიკოსი და დიპლომატი. მისი ძალისხმევით შენელდა ირანის რადიკალიზმი ქართლზე, და გარკვეულწილად, დედოფლის მოქმედებამ შეანელა ირანელებისადმი კიდევ ერთი აჯანყების სურვილი, რადგან ქართველების დიდ ნაწილს მაინც გაუჩნდა არჩევნის თავისუფლება. უბრალო ხალხი ქრისტიანობასა და მამაპაპურ ტრადიციებს ერთგულებდა, დიდებულების ნაწილმა კი სპარსული ტრადიციით, ჰარამხანები მოიწყვეს, ყიზილბაშურ მოდას მისდევდნენ და მაჰმადიანური წესებით ცხოვრობდნენ.
როსტომის მეფობის ხანაში აღადგინეს სამოცდაათზე მეტი ნაოხარი სოფელი. აღადგინეს ციხეები, გაჰყავდათ არხები, გზები, აგებდნენ ხიდებს. გამართეს სახელოსნოები, სამღებროები, სასტუმროები, დუქნები და სხვა. ამ საქმეებშიც დიდ მონაწილეობას იღებდა დედოფალი მარიამი.
მარიამ დედოფლის ცხოვრებაში დიდი უბედურება მოხდა, გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი ოტია... შემდეგ მას და მის ქმარს გარდაეცვალათ ორი შვილობილი – ლუარსაბ და ვახტანგ ბაგრატიონები, რომლებიც ტახტის მემკვიდრეებად მოიაზრებოდნენ.
სულ ბოლოს როსტომ მეფემ იშვილა ვახტანგ (ბახუტა) მუხრანბატონი და გამოაცხადა მემკვიდრედ.
1658 წელს გარდაიცვალა როსტომ მეფე. ირანის შაჰ-აბას მეორის თანხმობით ქართლის ტახტზე ავიდა ვახტანგ მეხუთე, რომელმაც მაჰმადიანობა მიიღო და უწოდეს შაჰნავაზი.
შაჰის ბრძანებით, დედოფალი მარიამი ცოლად უნდა შეერთო ახალ მეფეს, შვილობილს. ვახტანგს უკვე ჰყავდა ცოლიც და შვილებიც, მაგრამ, სხვა გზა არ იყო, სხვაგვარად არ შეეძლოთ არც ახალ მეფეს, და არც ძველ დედოფალს. ეს ქორწინება ფორმალური იყო და „ესვა ორი ცოლი“.
მარიამ დადიანი რომ არ დათანხმებულიყო, მოუწევდა ირანში გამგზავრება და ვერც თავის პოლიტიკურ-ეროვნულ საქმიანობას განაგრძობდა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, შვილის სიკვდილის შემდეგ.
დაუღალავი მოღვაწე მარიამ დადიანი, რომლის შესახებაც წერდნენ, რომ თამარ მეფის მერე ასეთი მოღვაწე არ ყოფილაო, გარდაიცვალა 1683 წელს.