კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედაქალაქის გადასარჩენად

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹50-6(488)

 კოჩია გვაზავა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი იყო და სულ რაღაც ხუთ წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად. სოსო, ჯაფარიძე და ზურაბ გეგეშიძე კი ოცდახუთ წუთში მოვიდნენ. ტატა ბეშქენაძეს და ნონა პირველს ჯაფარიძემ ბოდიში მოუხადა და თავაზიანად სთხოვა შემთხვევის ადგილის დატოვება, თან დააყოლა:
– ძალიან გთხოვთ, ამ ამბავს ნურავის გააგებინებთ, რომ ძიებაში ხელი არ შეგვეშალოს.
შეშინებულმა ქალებმა თავიანთ ბინებს მიაშურეს, ჯაფარიძემ კი კაკუბავას ჰკითხა:
– კი მაგრამ, ვარლამ, აქ როგორ აღმოჩნდით?
კაკუბავამ პოლკოვნიკს ყველაფერი დაწვრილებით უამბო და თან, დააყოლა:
– პროფესიონალების ნამუშევარია. ჩემგან შენ არაფერი გესწავლება, მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი ცუდი სუნი უდის, გირჩევ, ყველა სხვა საქმე გადადო და ამას მიხედო.
– სამ დღეში ხუთი მკვლელობა, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ და მათკენ მომავალ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსს რომ მოკრა თვალი, კაკუბავას უთხრა:
– კოჩიასთან ამ საქმის განხილვა არ გვინდა და მე დაველაპარაკები.
– კარგი, – დაეთანხმა კაკუბავა და პოლიციის უფროსთან საუბრისთვის რომ აერიდებინა თავი, რეზოსთან და რატისთან მივიდა, თან ჯაფარიძის სიტყვები გადასცა მათ.
კოჩია გვაზავა სოსო ჯაფარიძეს მიუახლოვდა და ჰკითხა:
– ბატონო სოსო, რამე სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, რადგან პირადად თქვენ ხართ აქ?
– სწორედ ესაა დასადგენი, ჩემო კოჩია და შენ და შენი ბიჭები უნდა დაგვეხმაროთ ამაში, – მიუგო ჯაფარიძემ.
– თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, ბატონო სოსო. თქვენ მხოლოდ მითხარით, რა უნდა გავაკეთო და მთელ ქალაქს ყურებზე დავაყენებთ, – რიხიანად თქვა გვაზავამ, ჯაფარიძემ კი უთხრა:
– აუცილებლად, ჩემო კოჩია. როგორც კი თქვენი მობილიზება გახდება საჭირო, მაშინვე გეტყვი. ახლა კი ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, ბატონო სოსო.
– წუთი-წუთზე ექსპერტები მოვლენ და ვინმე ყოჩაღი ოპერი დააყენე დერეფანში, რომ ზედმეტი ხალხი არ გააჭაჭანონ აქ. თანაც, ნურც შენები ივლიან ზედმეტად.
გვაზავა სწრაფად გავიდა სადარბაზოში, ოპერი ყალიჩავა იხმო და მეგრულად მისცა დავალება. შემდეგ ბინაში დაბრუნდა და ჯაფარიძეს უთხრა:
– ყველაფერი მოვაგვარე, ბატონო სოსო. ბინაში კოღოც კი ვერ შემოფრინდება უნებართვოდ.
სანამ კოჩია გვაზავა თავის ოპერებს მოძღვრავდა, სოსო ჯაფარიძემ ალა მგელაძეს დაურეკა და გააფრთხილა, რომ მასთან დაკითხვაზე გამომძიებლები მივიდოდნენ. ამიტომ, ჯაფარიძემ კოჩიას უთხრა:
– ამ ბინის პატრონს იცნობ?
– როგორ არა, ალაჩკა მგელაძეა ამ ბინის ხაზეიკა. გათხოვდა და ახლა თემქაზე ცხოვრობს, ქმართან.
– ალა მგელაძის თემქის მისამართი თუ იცი?
– ვიცი, როგორ არ ვიცი.
– ჰოდა, თუ კაცი ხარ ჩემი გამომძიებლები მიიყვანე მათთან –  ზურაბ გეგეშიძე და რატი პეტრიაშვილი, ალა უნდა დაკითხონ.
– ვიცნობ მე რატის. ჩიტოც აქაა და ორივემ ჩემთან აიდგა ფეხი, – განაცხადა პოლიციის უფროსმა და ოდნავ ნაწყენი ტონით დაამატა, – ვნახე ორივე წეღან. გამიხარდა. გამოველაპარაკე, მაგრამ სიტყვა ვერ დავაძვრევინე ბიჭებს.
– მათაც იმდენი იციან, რამდენიც ჩვენ. ტყუილად გწყინს, ჩემო კოჩია. თანაც, ძალიან დატვირთულები არიან და ეტყობა, გადაიღალნენ, – მიუგო ჯაფარიძემ. შემდეგ გეგეშიძე და რატი იხმო და მათ უთხრა:
– აი, ბატონი კოჩია წაგიყვანთ ალა მგელაძესთან და აბა, თქვენ იცით.
 კოჩია და თავისი ხელქვეითები რომ გაისტუმრა, ჯაფარიძემ კაკუბავა მოიხმო და უთხრა:
– მაინც რას ფიქრობ, რაში უნდა იყოს საქმე?
– შენ რას ფიქრობ? – კითხვა შეუბრუნა კაკუბავამ.
– ებრაელივით, კითხვაზე კითხვით მპასუხობ, – გაეცინა ჯაფარიძეს, – შენი თქმის არ იყოს, ვფიქრობ, ყველა დანარჩენი საქმე უნდა გადავდო და ამ საქმეს მივხედო. ასეთი ჩახლართული საქმე ჯერ არ მქონია და ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება. მაგრამ, ეს ჩვენ შორის დარჩეს.
– სოსო, შეიძლება, გკითხო?
– მკითხე, – გაუკვირდა ჯაფარიძეს.
– ნახევარი სიმართლე არ მაწყობს. ან პირდაპირ მეუბნები, რომ საიდუმლოა და ვერ მიპასუხებ, ან ბოლომდე ხსნი კარტებს. თუ გაწყობს, გკითხავ. თუ არა და, მაშინ – არა.
– მკითხე, – მტკიცედ, მაგრამ მშვიდად მიუგო კაკუბავას ჯაფარიძემ.
– უპირველესად,  მითხარი, ასე რატომ დაადეს ყველაფერს თათი ამერიკელებმა და ყველა მოკვლეული მასალა თუ სამხილი რატომ მიაქვთ?
– მაგას რა მიხვედრა უნდა, შე, კაი კაცო?
– მიპასუხე. ვერ ვხვდები და გისმენ.
– იმიტომ, ვარლამ, რომ ამერიკელებს უფრო მეტი საშუალება აქვთ. უფრო სწრაფად და ეფექტურად გამოიძიებენ ამ საქმეს.
– დავუშვათ, მართლა მასეა. შენ ის მითხარი, აბდულ-აზიზ ქემალის სიკვდილს რატომ არ ახმაურებენ?
– გვთხოვეს, რომ გამოძიების დასრულებამდე არ გავახმაუროთ, – თქვა ჯაფარიძემ და მორიგი კითხვა რომ აერიდებინა თავიდან, დაამატა, – ეს კი გამოძიების ეფექტურად ჩატარებით ახსნეს. ანუ, სხვა ტერორისტები რომ არ გააქტიურდნენ შურისძიების მიზნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის... რომ სხვა ტერორისტებიც დავაკავოთ ამ პერიოდში და მოსალოდნელი პოტენციური საფრთხე ბოლომდე განეიტრალდეს.
– გასაგებია, – ჩაეცინა კაკუბავას. ჯაფარიძემ კი უთხრა:
– აშკარად გეტყობა, რომ ამერიკელები გულზე არ გეხატება და რატომ?
– მე არ მომწონს ჩვენ მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება. იქნებიან ეს ამერიკელები, ჩინელები თუ სხვები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თორემ ამერიკელებს რას ვერჩი.
– რუსებს რატომ არ ახსენებ? – გაეცინა ჯაფარიძეს.
– ხომ გითხარი, – სხვები-მეთქი. მათში რუსებიც იგულისხმება, ინდიელებიც და საერთოდ, ყველა, – სიცილითვე მიუგო კაკუბავამ.
– „კტო პლატიტ, ტოტ ი ზაკაზივაეტ მუზიკუ“ (ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს), – წაურუსულა ჯაფარიძემ, – ამერიკელებს მნიშვნელოვანი თანხები აქვთ ჩადებული უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად ჩვენთან. ყველანაირად გვეხმარებიან და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ არც ბომბები სკდება თბილისის ქუჩებში და არც ავტომატებით შეიარაღებული ტერორისტები ხოცავენ ადამიანებს კაფეებსა თუ სავაჭრო ცენტრებში.
– მასე რომ არ ხდება, კარგია, – თქვა კაკუბავამ. ჯაფარიძემ კი პათოსით დაამატა:
– კარგი კი არა, შესანიშნავია! ამ პრობლემას ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ უმკლავდებიან – საფრანგეთი, რუსეთი... იგივე ამერიკაშიც კი უჭირთ.
ვარლამს სახიდან ღიმილი გაუქრა. ჯაფარიძეს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:
– აბდულ-აზიზ ქემალს თბილისში რა უნდოდა?
სოსო ჯაფარიძე ამ კითხვას არ ელოდა და შეცბა. პაუზა გააკეთა, ჩაფიქრდა და თქვა:
– როგორც ეტყობა, სხვაგან უკეთესი დასამალი ადგილი ვერ იპოვა.
– იცოდი, რომ ძებნილი ტერორისტი აქ იმალებოდა?
– არა, რას ამბობ?! – მხრები აიჩეჩა ჯაფარიძემ.
– მერე, რატომ? ეს ხომ  შენი უშუალო და უპირველესი მოვალეობაა?
– კი არის, მაგრამ ამ დონის ტერორისტები ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ხომ არ არიან, რომ ასე იოლად გაიშიფრონ?.. როგორც ხედავ, მოახერხა შემოპარვა და ფსკერზე დაწოლა.
– როგორ მოახერხა. აბა, ამერიკელების მიერ შექმნილი უსაფრთხოების სისტემა და სიწყნარეო...
– მე ხომ ისიც ვთქვი, რომ თავად ამერიკელებსაც კი უჭირთ თავიანთ ქვეყანაში ამ პრობლემასთან გამკლავება და საერთოდ უპრობლემო ქვეყანა მსოფილოში არ არსებობს. მთავარია, გაგვიმართლა და დროზე ჩავავლეთ ამ ძაფს ხელი. ახლა კი ყველაფერი ჩვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. რა, არ მეთანხმები?
– ჩემო სოსო, განსხვავებულ უწყებებში მუშაობის მიუხედავად, ორივეს ერთი მიზანი გვაქვს და ესაა ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა. პროფესიონალი ხარ და მე მგონი, არც მე მაკლია გამოცდილება. თუკი რამეში გამოგადგები, მზად ვარ, დახმარებისთვის. ნუ მიწყენ, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ. შენ თვითონ, იქნებ ამერიკელების გვერდის ავლით გაარკვიო, თუ როგორ მოხვდა თბილისში ძებნილი ტერორისტი და იქნებ ამერიკელების ყველა დასკვნას გაეცნო ამ საქმესთან დაკავშირებით. ჰო და, თუ ამას მოახერხებ, ვფიქრობ, სწორი დასკვნების გამოტანა არ გაგიჭირდება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული. მე კი, გიმეორებ, მზად ვარ სამსახურისთვის და თუკი საჭიროდ ჩათვლი ჩემს დახმარებას, შეგიძლია, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიხმო.
ჯაფარიძე ყურადღებით უსმენდა ვარლამს, რომელმაც კარს გახედა და თქვა:
– აი, ექსპერტებიც მოვიდნენ...
ვანო გურგენიძე და ქეთი სასტუმრო ოთახში შევიდნენ. იქ შეკრებილებს მიესალმნენ და ოთახის დატოვება სთხოვეს. ჯაფარიძე და კაკუბავა წინ მიდიოდნენ, ჩიტო – ოდნავ უკან. ქეთიმ ის შეაჩერა და ჰკითხა:
– რეზო, რატი სადაა?
– თემქაზე, – მიუგო ჩიტომ.
– იქ რა უნდა?
– იმ ბინის მეპატრონე უნდა დაკითხოს.
– კარგი. მოგვიანებით შევხვდებით, – თქვა ქეთიმ. შემდეგ კრიმინალისტის ჩემოდანი გახსნა და მუშაობას შეუდგა.
ჯაფარიძე და კაკუბავა ეზოში ჩავიდნენ და პოლკოვნიკის „ჯიპთან“ შეჩერდნენ. რეზო მოშორებით დადგა. უფროსის მანქანას მიეყრდნო და გააბოლა.
– მოკლედ, ასეა, ჩემო სოსო და ჩემი დახმარების იმედი გქონდეს, თუ, რა თქმა უნდა, დაგჭირდა. ახლა კი, შენი ნებართვით, წავალთ. მთელი დღეა, ვმუშაობთ და ძალიან დავიღალეთ, – უთხრა კაკუბავამ ჯაფარიძეს. გამოემშვიდობა და რეზოსთან ერთად წავიდა.
ვარლამი, ჩვეულებისამებრ, დინჯად მართავდა ავტომანქანას, თან რეზოს შეკითხვებს ელოდა, მაგრამ ჩიტო დუმდა. პაუზა რომ გაგრძელდა, კაკუბავამ ჩიტოს ჰკითხა:
– რა ჩუმად ხარ, ბიჭო?
– რამე უნდა ვთქვა? – ეშმაკურად მიუგო რეზომ.
ვარლამმა ალმაცერად გადახედა ხელქვეითს და უთხრა:
– დავიჯერო, არ გაინტერესებს, რაზე ველაპარაკე ჯაფარიძეს?
– თუ საჭიროდ ჩათვლით, თვითონ მეტყვით.
ვარლამს გაეცინა.
– კარგია, რომ ასეთი თავშეკავებული ხარ და ცნობისმოყვარეობას არ ამჟღავნებ.
– არა და, ჩვენი პროფესიის ადამიანი  ცნობისმოყვარე უნდა იყოს, – დაამატა ჩიტომ.
– ამერიკელებზე ვესაუბრე, – თქვა კაკუბავამ და მანქანას სიჩქარე გამოუცვალა.
– ამერიკელებზე?
– ჰო, და ჩემი აზრი გამოვთქვი მათზე.
– რა გიპასუხათ?
– მე მგონი, სოსოც ჩვენნაირად ფიქრობს, თუმცა ეს ხმამაღლა არ უთქვამს, – თქვა კაკუბავამ. მანქანა გზის პირზე შეაჩერა და რეზოს მიუტრიალდა, – მაინც ვერ ვხვდები, აბდულ-აზიზ ქემალს თბილისში რა უნდოდა. კაცი საერთაშორისო ძებნილი იყო ტერორიზმისთვის და თბილისში „იწვა ფსკერზე“. რუსეთში რომ ყოფილიყო, კიდევ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ თბილისში?
– თბილისში ყოფნა რატომაა ასე გასაკვირი?
– იმიტომ, ჩიტო, რომ საქართველო და განსაკუთრებით კი, თბილისი, ამერიკელების საგანგებო კონტროლის ქვეშაა და მათ გარეშე აქ ჭიანჭველაც ვერ შემოვა. აქ კი, უცებ ერთ-ერთი, ყველგან ძებნილი ტერორისტი აღმოჩნდა.
– ბატონო ვარლამ, შეიძლება, ერთი თამამი აზრი გამოვთქვა?
– იმიტომაც გავჩერდი, რომ ვილაპარაკოთ. აბა, გისმენ.
ჩიტომ მობილურიდან ელემენტი ამოიღო. იგივე გააკეთებინა ვარლამს და უთხრა:
– ბატონო ვარლამ, შეიძლება, სისულელეს ვჩმახავ, მაგრამ ეგ აბდულ-აზიზ ქემალი თავად ამერიკელებმა ხომ არ ჩამოიყვანეს აქ?
კაკუბავას გაეცინა.
– ეგ მონაჩმახი კი არა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებისა თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ლოგიკური კითხვაა. შენ წარმოიდგინე, რომ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის მაინც.
– თუ ეს ასეა, იბადება კითხვა – რა-ტომ? – დამარცვლა რეზომ.
– ეგ ბევრად უფრო რთულად პასუხგასაცემი კითხვაა და მილიონი რამ შეიძლება, იფიქრო.
– მაგალითად?
– თუნდაც ის, რომ ამერიკელებს რაღაცისთვის სჭირდებოდათ ეგ ტერორისტი. მასზე ძებნა გამოაცხადეს, თავად კი ჩვენთან გადამალეს, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა მის აქ ყოფნას – ეს ერთი. აქ ძებნილ ტერორისტს უფრო იოლად გააკონტროლებდნენ – ეს ორი და მესამე და უმთავრესი – იმ ტერორისტის გამოყენებას ამ რეგიონში აპირებდნენ და აქვე ჰყავდათ... თუმცა, კიდევ მრავალი ვერსიის მოფიქრება და დასაბუთება შეიძლება, – თქვა ვარლამმა.  
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3