ძილი და სილამაზე
ცნობილია, თუ გსურთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, უნდა გამოიძინოთ. მაგრამ, თურმე, მარტო გამოძინება არ კმარა. ჯერ ერთი, საჭიროა ძილის წინ კანის მოვლა და, გარდა ამისა, რეკომენდებულია დასაძინებლად ღამის 11 საათამდე დაწოლა – სანამ ორგანიზმში ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება დაიწყება. ის არა მარტო განდევნის უძილობას, არამედ ეხმარება კანს აღდგენაში. მელატონინის გამომუშავების პიკი მოდის 23 საათიდან დილის 4 საათამდე პერიოდში. და თუ ღამის კრემს დაწოლამდე 1 საათით ადრე წაისვამთ, განახლების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართება. მაშინაც კი, თუ თქვენ ძალიან გვიან, შუაღამის შემდეგ წვებით დასაძინებლად, ღამის მკვებავის 23 საათამდე წასმაზე მაინც ნუ იტყვით უარს.
ღამის კრემებს არ ყოფენ კანის ტიპის მიხედვით, რადგან მათ ერთი ამოცანა აქვთ – შექმნან საჭირო პირობები უჯრედების განსაახლებლად. ამასთან, თითოეული კრემი შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომლებსაც აქვთ დამატენიანებელი, მკვებავი და გამამკვრივებელი ზემოქმედება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მათგანი სჭირდება თქვენს კანს და ისე გააკეთოთ არჩევანი. წაისვით კრემის თხელი ფენა, 15-20 წუთის შემდეგ კი აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, რომ არ გქონდეთ ნიღბის შეგრძნება. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სახის მასაჟის დროს.
დილა მშვიდობისა! ვერ გამოიძინეთ და ამიტომაც ვერ გამოიყურებით კარგად? არსებობს კანის გამოცოცხლებისა და შეშუპების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება: დაიბანეთ პირი, ოღონდ, არა მხოლოდ წყლით, არამედ, გამოიყენეთ თქვენ მიერ შერჩეული გამწმენდი საშუალება – გელი ან ქაფი. ღამის განმავლობაში ფორებიდან გამოიყოფა ტოქსინები და კანის ცხიმის ნაწილაკები, რომლებიც კანს მორუხო ფერს აძლევს, მაგრამ, როგორც კი ამ ნაწილაკებს მოიშორებთ, კანი ნათელ ელფერს იძენს.
დილით გაღვიძებისას თვალების ქვეშ ლურჯი ლაქები შენიშნეთ? სანამ ქუთუთოებზე წაისვამთ, კრემი 10 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ყინვა გააძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას და სილურჯეები იკლებს. თუ თვალების ქვეშ ტომსიკებით გაიღვიძეთ, გაიკეთეთ საფეთქლების მსუბუქი მასაჟი: საჩვენებელი და შუა თითებით 7-ჯერ ნაზად მიაჭირეთ თვალების შიდა და გარე კუთხეებზე, ოღონდ, კრემის წასმის შემდეგ.
გარდა ზემოთ თქმულისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ კიდევ ერთი მარტივი რჩევა: ნუ შეეჩვევით ბალიშში სახეჩარგულ ძილს. ეს ჩვევა ასაკში ნაოჭებს შეგმატებთ. ამიტომ, ეცადეთ, ზურგზე დაძინებას შეეჩვიოთ.