ნერვების დიეტა ანუ როგორ მოვერიოთ სტრესს კვებით
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრესის დროს ორგანიზმმა მიიღოს B ჯგუფის ვიტამინების საკმარისი რაოდენობა (მარცვლეული); ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3 (ნიგოზი, თხილი, ცხიმიანი ჯიშის თევზეული) და მაგნიუმი (ქატო, მზესუმზირა, ოსპი, ლობიო). B ჯგუფის ვიტამინები და ომეგა 3 ეხმარება ორგანიზმს დეპრესიის დაძლევაში, მაგნიუმი კი ხსნის კუნთების დაჭიმულობას. ასევე, რაციონში შეიტანეთ ანტიოქსიდანტები (კენკრა, მწვანილი). სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ზიანს აყენებს თავის ტვინის უჯრედებს, ანტიოქსიდანტები კი (C ვიტამინი და ასევე სხვა ვიტამინები) ხელს უწყობს ორგანიზმს, წინააღმდეგობა გაუწიოს კორტიზოლს.
ყურადღება: როდესაც ადამიანი ხანგრძლივად განიცდის სტრესს, მას უკვე უჩნდება გარკვეული მიკრონუტრიენტების, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი მათ დიდი რაოდენობით მოიხმარს, მათი შევსება კი მხოლოდ პროდუქტებით შეუძლებელია, საჭიროა მედიკამენტური პრეპარატების შეშველებაც, თანაც, არა პროფილაქტიკური, არამედ სამკურნალო დოზებით. B ჯგუფის ვიტამინების გარდა, რეკომენდებულია P და C ვიტამინები და მაგნიუმი, მაგრამ ისინი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა მას შემდეგ, რაც გაარკვევს, კონკრეტულად რომელი ნივთიერება აკლია თქვენს ორგანიზმს.
სტრესის დროს ზოგს უძლიერდება საჭმლის მოთხოვნილება, ზოგი კი საერთოდ კარგავს მადას. ეს რომ არ მოხდეს, ეცადეთ, ჭამოთ დღეში 6-7-ჯერ. თავიდან უფრო გაგიადვილდებათ თხევადი ან პიუტეს კონსისტენციის საკვები. მოამზადეთ სმუზი, ხილის კოქტეილები, ბოსტნეულის პიურე, მჭლე ხორცის ან ბოსტნეულის კატლეტი, პუდინგი, სუფლე – ანუ, რაიმე ნაზი, ერთგვაროვანი კონსისტენციის მქონე კერძები შეკაზმეთ სუნელებით – ისინი ხელს უწყობს კეჭის წვენის გამოყოფას. მიიღეთ მეტი სითხე (წყალი, ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, გაზგასული მინერალური წყლები). დღის განმავლობაში 2-3 ჯერ დალიეთ ბალახეულის ჩაი (უშაქროდ).
ეცადეთ, ჭამოთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვილად გშიათ. საუზმეშიც, სადილშიც და ვახშამშიც ჩართეთ ცილებით მდიდარი პროდუქტები – ისინი 4 საათის განმავლობაში ახანგრძლივებენ დანაყრების შეგრძნებას. არ დაგავიწყდეთ, ყოველდღე მიანიჭოთ საკუთარ თავს სიამოვნება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საკვებთან. ამ მიზნით შეგიძლიათ, ჩაიტაროთ სპა-პროცედურები, მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, მეგობრებთან ერთად გაისეირნოთ ბუნებაში ან, სულაც, ხელსაქმეს მოჰკიდოთ ხელი – მოქსოვოთ ან თუნდაც ხელსახოცი ამოქარგოთ (თუ, რა თქმა უნდა, გეხერხებათ). ერთი სიტყვით, დღეში ნახევარ საათს მაინც თუ დაუთმობთ დადებითი ემოციების მიღებას, ანტისტრესული დიეტა გაცილებით უფრო ეფექტური გახდება.
ძალიან მნიშვნელოვანია: მენიუდან ამოიღეთ ცხიმიანი და მარილიანი საკვები – ცხიმიანი კერძები ტვირთავს ღვიძლს, მარილიანი – რიტმიდან აგდებს თირკმელზედა ჯირკვლებს; ორივე ერთად კი დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონების გამოიმუშავებს.