კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-6(788)

 მაგიდასთან რამდენიმე ადამიანი იჯდა. ოთახში ახალშესულებს ყველამ მაშინვე მიაქცია ყურადღება. მათმა ინტერესით გაჯერებულმა მზერამ ლევანი გააღიზიანა და ცოლს შეუმჩნევლად მოქაჩა სახელოძე. ნანამ არ შეიმჩნია, გაიღიმა, თავდაჯერებული,  მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას და ლევანიც თან გაიყოლა.
– გაიცანით ეს ჩემი ქმარია. ლევან, ხელი ჩამოართვი ჩვენს მასპინძლებს, წარბის აწევით ანიშნა, მისთვის მიებაძა. ლევანი უხალისოდ დაჰყვა მის ნებას  და მთელი საღამო მოღუშული იჯდა, საერთო საუბარში ერთხელაც არ ჩართულა. მგონი, საერთოდაც არ უსმენდა, რას ლაპარაკობდნენ იქ მყოფნი. რატომღაც, გაბრიელა და მასთან გატარებული დღეები გაახსენდა და მთელ სხეულში ვნების ჟრუანტელმა დაუარა. იმის გაცნობიერებამ, რომ გაბი მოენატრა,  უარესად მოუშხამა გუნება. რამდენჯერმე ცოლს მაგიდის ქვეშ წაკრა ფეხი – წავიდეთო. ნანამ არ შეიმჩნია, თავაზიანად იღიმებოდა და შეუჩერებლად ლაპარაკობდა. მაგრამ მერე, როცა უკვე მანქანაში ჩასხდნენ, ლევანს რისხვა დაატეხა თავს:
– თუ შენ ყოველთვის ასე მოიქცევი ჩემს მეგობრებთან, ძალიან მაგრად ვიჩხუბებთ.
– იმიტომ, რომ ჩემს თავს შენი მეგობრები გირჩევნია?
– ნუ სულელობ, მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, შეგეძლო, უფრო თავაზიანად მოქცეულიყავი.
– მაინც, რა უნდა მექნა? არასდროს მინახავს ასეთი მოსაწყენი ხალხი, თანაც, ჩემთვის გაუგებარ რაღაცას ლაპარაკობდნენ. მით უმეტეს, რომ არავის ვიცნობდი. დავიტანჯე.
– სულ ასე იქნები, თუკი სურვილს არ გამოიჩენ, ვინმე გაიცნო. ძალიან გთხოვ, მეორედ ასეთი მჟავე სახით ნუ იჯდები და მეტი თავაზიანობა გამოიჩინე.
– კარგი, – პირქუშად დაეთანხმა ლევანი, –  მაშინ, შენც გამოიჩინე კეთილი ნება და დამეხმარე.
– რაში უნდა დაგეხმარო? – გაუკვირდა ნანას.
– ჩამრთე შენს საქმიანობაში. ჯერჯერობით მხოლოდ შენი თანმხლები ბუტაფორია ვარ, თითქოს ჩემით სიაცრიელეს ავსებდე. დარწმუნებული ვარ, სტივენი ასე არ იქნებოდა.
– ჰო, მართალი ხარ. მაგრამ, ეს მთლიანად მისი დამსახურება იყო და არა ჩემი. ტყუილად იბღვირები, მე მიყვარხარ და მინდა ჩემ გვერდით იყო ყველგან და ყოველთვის.
– მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებში შეგარცხვინე?
– არა უშავს, უკვე გაპატიე. შენ ხომ პირობა მიმეცი, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება?
– ვეცდები, – ჩაიბურტყუნა ლევანმა და ამოიოხრა. ისევ გაბრიელა გაახსენდა. როგორ არ ჰგავდა ნანას; არც  იმ სხვა ქალებს ჰგავდა, რომლებიც ლევანის ცხოვრებაში იყვნენ, მართალია, არც ისე მრავლად, მაგრამ  კაცმა რაღაც გამოცდილება მაინც დააგროვა ამ სფეროში. შეიძლება იმიტომ, რომ გაბის არაფერი სჭირდებოდა მისგან. ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტში, როცა მასთან იყო. „ნეტავი ახლა სად არის, ან ვისთან?” გაიფიქრა ლევანმა და ერთბაშად ისე მოუნდა გაბრიელას ნახვა, რომ უნებლიეთ შეაჟრჟოლა. მისი ეს ქმედება ნანამ თავისებურად ახსნა.
– ჰო, ვხვდები, რომ შენთვის არც ისე სასიამოვნოა უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევს, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამიტომ, რაც მალე შეეცდები, გახდე გუნდის წევრი, მით უკეთესი.
– გუნდის წევრი? რომელ გუნდზე ლაპარაკობ? ნანა, ჯერ მხოლოდ უკან დაგყვები, არაფერში მრთავ და არაფერს მეკითხები.
– ჩაგრთავ, როცა დავრწმუნდები, რომ მზად ხარ ამისთვის.
– რანაირად, როცა იმასაც კი არ მეუბნები, რისი გაკეთება მომიწევს?
– ჯერ ვფიქრობ, – მხრები აიჩეჩა ნანამ, – კარგი, გვეყოფა საქმეებზე ლაპარაკი. ახლა კლუბში წავიდეთ და გავერთოთ.
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა წავიდეთ კლუბში და დავხარჯოთ ფული სხვაგან, როცა მშვენიერი ბარი გვაქვს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა.
ნანას ხმამაღლა გაეცინა:
– აი, ხომ ხედავ, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ იცი.
– მერე, მასწავლე, – ლევანმა ცოლს მხარზე მოხვია ხელი.
– აჩქარება არ ივარგებს, ნელ-ნელა გასწავლი, – მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ქალმა და მიახვედრა, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გენდობიო.
ლევანს გაბრიელას ვნებიანი, მსხვილი ტუჩები დაუდგა თვალწინ და მიხვდა, რომ მასთან გატარებული დღეების დავიწყებას ვეღარ შეძლებდა.
– ლევან, რაზე ფიქრობ? – სასიამოვნო ფიქრებიდან გამოარკვია ცოლის ხმამ.
– ჩვენზე.
– მერე, რას ფიქრობ ჩვენზე? – გამოაჯავრა ნანამ და გაიცინა.
– მინდა, შენც ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ.  
ქალმა ნაბიჯი შეანელა და ქმარს განცვიფრებით შეხედა:
– ლევან, ამას მართლა ამბობ?
– რა თქმა უნდა, – სერიოზულად დაუქნია თავი ლევანმა და ამოიოხრა, – რა არის, რომ არასდროს არ გჯერა ჩემი?
– მჯერა, უკვე მჯერა. ხვალ სერიოზულ მოლაპარაკებაზე მივდივარ და შენც წაგიყვან.  მართალი ხარ, დროა, საქმეს მოჰკიდო ხელი.
...ლევანს გვიან გაეღვიძა. ღამის კლუბში გართობის შემდეგ თავი უსკდებოდა. ვერ გაიგო, როდის ადგა ნანა. ქალი აშკარად სჯობნიდა გამძლეობაში.
– ნანა! – დაუძახა ხმადაბლა. ეგონა, ცოლი სააბაზანოდან გამოეპასუხებოდა, მაგრამ სიჩუმე არავის დაურღვევია. მაისური გადაიცვა და ფეხშიშველა გავიდა ვრცელ ჰოლში. პირველ სართულზე აპირებდა ჩასვლას, რომ ლაპარაკი გაიგონა და კიბის თავთან შეჩერდა. ქვემოთ მყოფნი მის დანახვას ვერ შეძლებდნენ, სამაგიეროდ, გარკვევით ესმოდა მათი თითოეული სიტყვა.
– მე უკვე გითხარი, რომ ჩემი გადაწყვეტილებები – ჩემი გადაწყვეტილებებია და შენ ჩარევის უფლება არ გაქვს! – ცოლის ხმის ამოცნობა არ გასჭირვებია ლევანს. იმასაც მიხვდა, რომ ნანა რაღაცაზე ძალიან იყო გაბრაზებული.
– მომისმინე. უფლებას ვერ მოგცემ, ყველაფერი გაანადგურო. ჩემგან წახვედი და არ შემიჩერებიხარ, მაგრამ, მისი პარტნიორად მოყვანა საქმეში რამ გაფიქრებინა? – ეს უკვე სტივი იყო და ლევანმა ყურადღება დაძაბა.
– გიმეორებ: ეს მარტო ჩემი საქმეა! – არ შეეპუა ნანა.
– შვილზე მაინც იფიქრე! რამდენი ხანია, რაც არ გინახავს? გინდა, შენმა ალფონსმა ცარიელი დაგტოვოს? თუ პარტნიორი გჭირდება, აქ არ ვარ? ან, საკუთარი შვილი დაიყენე გვერდით, ბოლოს ხომ მაინც მისი უნდა იყოს ყველაფერი!
– სტივ, ეს შენი საქმე არ არის! – ხმა გაიმკაცრა ნანამ, – და, წადი აქედან! თავი მომაბეზრე მაგ შენი ეჭვიანობით!
– არ ვეჭვიანობ, გესმის? ეს ეჭვი კი არა, მცდელობაა, რომ რეალობა დაგანახვო.
– სულელი გგონივარ? როგორმე გავარჩევ, რა არის ჩემთვის კარგი და რა – ცუდი.
– შეყვარებული ხარ. შეყვარებული ქალი კი ზოგჯერ სულელზე უარესია, – ვეღარ მოითმინა კაცმა.
ნანამ იფეთქა:
– რა თქვი?! ესე იგი სწორად მოვიქეცი, შენს თავს ის რომ ვამჯობინე. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა ხარ!
– მართლა? – კბილები გააღრჭიალა სტივენმა. ქალის სიტყვებმა მისი ყოვლისმომცველი მოთმინების ფიალაც კი აავსო, – იმ ღამესაც ასე ფიქრობდი? მეეჭვება...
ლევანმა ყურები ცქვიტა: რომელ ღამეს გულისხმობდა სტივენი? ნანამ მისი არყოფნისას სისუსტე გამოიჩინა და თავი ისევ ყოფილი ქმრის მკლავებში ამოყო?!
– ის ღამე შეცდომა იყო და, თუ ერთხელ კიდევ მიხსენებ, ჩემს სახლში ფეხს ვეღარ შემოადგამ.
– შენი სახლი... ჰო, ეს შენი სახლია, – ირონიულად ჩაიცინა სტივმა, – მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ სახლიც გქონოდა და მასთან ერთად ბევრი სხვა რამეც. ოდესმე მიხვდები, ვინ ვარ მე შენთვის, მაგრამ, ვშიშობ, გვიან არ იყოს.
– სტივენ, წადი, – მკვახედ მიუგო ნანამ.
– დაფიქრდი! დაფიქრდი, ძალიან გთხოვ.  
– სტივენ, წადი, – გაიმეორა ნანამ. მერე  ლევანმა სტივენის ამოოხვრა, მისი ნაბიჯებისა და კარის გაჯახუნების ხმა გაიგონა. ცოტა შეიცადა, მერე ნელა დაეშვა კიბეზე. ნანა სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
– სტივენი იყო? – ლევანი მასთან მივიდა და სიგარეტი გამოართვა.
– ყველაფერი გაიგონე? – ჰკითხა ქალმა ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
– ჰო. გამეღვიძა და ჩემს გვერდით არ იყავი. როდის მოასწარი სტივენთან დაწოლა? რობერტო, სტივენი... ახლაც არ უნდა ვიეჭვიანო?
– მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, – ნანამ კოლოფიდან ახალი ღერი ამოიღო და მოუკიდა.
– კარგი, მაშინ, იმაზე ვილაპარკოთ, რომ შენს ყოფილ ქმარს ალფონსი ვგონივარ.
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჰგონიხარ სტივენს? შენ ჩემი ქმარი ხარ და არა სტივენის.
– და მაინც, ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. რატომ მიღალატე სტივენთან?
ნანას ჩაეცინა:
– არ გეჩვენება, რომ უსამართლო ხარ? ჯერ ერთი, როცა ეგ მოხდა, სტივენი ოფიციალურად ჩემი ქმარი იყო; მეორეც, მაშინ ჩემ გვერდით არ იყავი.
– ანუ, რა გამოდის, რამდენჯერაც შენ გვერდით არ ვიქნები, იმდენჯერ სხვა კაცს უნდა ჩაუწვე ლოგინში? ვერ უნდა დაგტოვო? – გულწრფელად აღშფოთდა ლევანი.
ნანამ მხრები აიჩეჩა:
– ჰოდა, შენც ნუ დამტოვებ.  
- მანქანა  მომეცი, ცოტას გავივლი, ეს უნდა გადავხარშო. შენ მე ჭკუიდან შემშლი!
ქალმა უხმოდ დაუქნია თავი. თუმცა, როცა ჩაცმული ლევანი სახლიდან გადიოდა, მიაძახა:
– დიდხანს ნუ დაიკარგები. ისეთიც არაფერი მომხდარა!
ბევრი არ უფიქრია, გეზი პირდაპირ იმ ბარისკენ აიღო, სადაც ერთმანეთი პირველად ნახეს. იმედი არ ჰქონდა, რომ გაუმართლებდა. გაბრიელას ძებნას აზრი რომ არ ჰქონდა, ხვდებოდა. მანქანას გადარეულივით მიაქროლებდა. მოსწონდა სისწრაფე. ისიც მოსწონდა, რომ თუნდაც მცირე დროით დაიხსნა ნანასგან თავი. ახლა გაბი სჭირდებოდა...
ბარში იმაზე გაცილებით მეტი ხალხი იყო, ვიდრე იმ დღეს. ლევანმა იქაურობა მოათვალიერა. გაბრიელა იქ არ იყო. დახლთან შუა ხანს მიტანებული რამდენიმე  ქალი იჯდა. ყველანი მისკენ შებრუნდნენ და ინტერესით დაუწყეს ყურება. ლევანს შეაჟრჟოლა. ერთბაშად ისე დაფრთხა, როგორც თინეიჯერი ბიჭი, რომელიც პირველად აღმოჩნდა კახპასთან პირისპირ, შიშველი და დარცხვენილი. ბარმენს ერთი ჭიქა სუფთა ვისკი შეუკვეთა, სულმოუთქმელად გამოცალა და გარეთ გამოვიდა.
სანაპიროზე არავინ იყო. დაიხარა, ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა და ქვიშიან ნაპირს ფეხშიშველი გაუყვა. სად უნდა ეპოვა გაბი? რა თქმა უნდა, შეეძლო, კოტეჯთან მისულიყო. მაგრამ, დარწმუნებული არ იყო, რომ გაუმართლებდა – გაბიმ ხომ თავად უთხრა, ერთ ადგილას დიდხანს არ ვჩერდებიო.
– სილა ნამიანია, შეიძლება გაცივდე...
ლევანი შემობრუნდა. გაბრიელა თვალებმოჭუტული უყურებდა და თითქოს დასცინოდა.
– შენ აქ ხარ? კი, მაგრამ, რანაირად მომაგენი?
გაბიმ გადაიკისკისა:
– შენ ისევ ისეთი სულელი ხარ? ჭკუა ვერ ისწავლე? ბარში ვიყავი და ვერ შემამჩნიე.
– შეუძლებელია. იქ ხომ შენს მოსაძებნად შემოვედი.
– ესე იგი, ცუდად მეძებდი, – ისევ აკისკისდა გაბრიელა. მასში რაღაც შეცვლილიყო. ლევანი ერთბაშად ვერ მიხვდა. მხოლოდ მერე, როცა გოგოს მოეხვია, აღმოაჩინა, რომ გაბრიელას თმა მოკლედ შეეკრიჭა და შეეღება.
– გიხდება, – უთხრა ღიმილით, – თმა ასე გიხდება. ძალიან სექსუალური და, ამავე დროს, ბავშვური ხარ.
– ამის სათქმელად მეძებდი?
– არა, მომენატრე.
– კარგი, რა! ამჯერად ვის გამოექეცი, ცოლს თუ საყვარელს?
– გაბრიელა, მართლა მომენატრე. რა კარგია, რომ არსად წასულხარ.
– კითხვაზე არ მიპასუხე.
– ამას არა აქვს მნიშვნელობა, – ხელი ჩაიქნია ლევანმა და ჯიბიდან აწკრიალებული მობილური ამოიღო. ნანა ურეკავდა. ხმა გაუთიშა და ისევ შარვლის ჯიბეში ჩაიტენა. იცოდა, ამის გამო ცოლთან თავის მართლება მოუწევდა, მაგრამ გაბისთან შეხვედრა ამად ღირდა.  
– ისევ მარტო ცხოვრობ? – ჰკითხა და მკერდზე მოუსვა ხელი.
– მარტო როდის ვცხოვრობდი? არა, საყვარელო, მე მარტო არასდროს ვარ. წახვედი შენ და ადგილი გათავისუფლდა, მაგრამ დიდხანს ვერ დარჩებოდა ცარიელი.
– საქმროს შეურიგდი? – გული დასწყდა ლევანს.
– ეგ შენ შეურიგდი ცოლს და ამას შენს თითზე წამოცმული ბეჭედიც მოწმობს. მე ვისაც ვტოვებ, სამუდამოდ ვტოვებ.
ლევანმა ხელისგულებში მოიქცია მისი სახე და ხანგრძლივი, მომთხოვნი კოცნით დაუფარა. გოგო წინააღმდეგობას არ უწევდა, გაუნძრევლად იდგა და მშვიდად იღიმოდა.
– ვინ ხარ ასეთი იდუმალი და უცნაური... რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? – ეჩურჩულებოდა კაცი და ეფერებოდა.
             * * *
კახამ მანქანის საბარგულიდან  საბავშვო ეტლი გადმოიღო და კიბე მსუბუქად აირბინა.
– ჯერ არ დაბადებულა და უკვე ძალიან ანებივრებ, – ღიმილით მიეგება თეონა და ლოყაზე აკოცა.
– ჰო, აბა რა, ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს, – კახამ ეტლი იატაკზე დადგა და ქალს მოეხვია. ისიც  ჩაეხუტა და სახე მის მკერდში ჩამალა.
– ზოგჯერ ძალიან მეშინია, – თქვა ჩურჩულით.
– რისი გეშინია? – კახამ ნიკაპი აუწია და თვალებში ჩააშტერდა, – თეო, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.
– არ ვიცი. ბედნიერი ვარ და მეშინია.
– ნუ სულელობ. უნდა იყო  კიდეც ბედნიერი, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
– ჰო, მაგრამ, რას იტყვიან? ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ამაზე.
– თეო,  ხომ გითხარი, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ-მეთქი. ნუღარ ფიქრობ ამაზე.
– უცებ ლევანი რომ ჩამოვიდეს? ხომ არ დავურეკოთ და დაველაპარაკოთ?
– რისთვის? – მხრები მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა კახამ. ქალისთვის არ უთქვამს, რომ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, თვითონაც ხშირად ფიქრობდა ამაზე.
– ჩვენი ამბავი თუ ეცოდინებოდა, უფრო მშვიდად ვიქნებოდი.
კახას კინაღამ წამოსცდა, ლევანმა უკვე ცოლი მოიყვანაო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი და ინანა, რომ მაშინვე არ უთხრა თეოს ყველაფერი. „თუ ინებებს და დარეკავს, ვეტყვი, რასაც ვაპირებ,” – ამ გადაწყვეტილებამ ცოტა დაამშვიდა  და თითქოს გულზეც  მოეშვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3