რატომ სძულდა ლავრენტი ბერია მარშალ ჟუკოვს და რა არ აპატია მას ცნობილმა მხედართმთავარმა
ცნობილი ფაქტია, რომ გამოჩენილ საბჭოთა მხედართმთავარს, მარშალ გიორგი ჟუკოვს, რომელსაც უშიშარი ადამიანის სახელი ჰქონდა მთელ მსოფლიოში, სიკვდილივით ეშინოდა ლავრენტი ბერიასი და ფარულად სძულდა ის. ეს კარგად იცოდა ხრუშჩოვმა და სწორედ ამიტომ დაეთანხმა ჟუკოვი მას ბერიას ვერაგულად დაპატიმრებასა და მკვლელობაში.
მკვლევარი ეგორ მატვიენკო წერს: „ჟუკოვს რომ ბერიასი ეშინოდა და ფარულად სძულდა, დადასტურებული ფაქტია. თუმცა, გიორგი კონსტანტინოვიჩს (ჟუკოვს) ლავრენტი პავლოვიჩი ყოველთვის ლოიალურად ეპყრობოდა და მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისმცოდნე ბერიამ მშვენივრად იცოდა „გამარჯვების მარშლის“ (ჟუკოვის) განწყობა მის მიმართ, ის არ იმჩნევდა ამას, მაგრამ ფხიზლად იყო, თავისი აგენტების მეშვეობით აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს და, სადაც არ უნდა ყოფილიყო ჟუკოვი, უსმენდა მას. მიუხედავად ტოტალური კონტროლისა, გადამწყვეტ მომენტში ბერიას სიფხიზლემ უმტყუნა და სწორედ ჟუკოვი გახდა ძლევამოსილი ბერიას ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უზომოდ აღზევებული და ბონაპარტისტულ ზრახვებში (ხელისუფლების მიტაცება სამხედრო გზით) შემჩნეული ჟუკოვი სტალინმა მოსკოვს მოაშორა და ურალის სამხედრო ოლქის სარდლად დანიშნა. ურალის ჩაკარგული მთების საიდუმლო სამხედრო ბუნკერებში კი იმ პერიოდში საბჭოთა ატომურ ბომბს ამზადებდნენ და ამ პროექტის კურატორი ლავრენტი ბერია იყო. ბომბის შესახებ იცოდა ჟუკოვმაც და ეს ორი მარშალი ხშირად ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს, რაც ამ ზესაიდუმლო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის იყო საჭირო.
ბერიას გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსები დიდ პატივს სცემდნენ და მის კომპეტენტურობასა და ორგანიზატორულ ნიჭს დიდად აფასებდნენ, მარშალ ჟუკოვს კი ვერ იტანდნენ, რადგან ის უხეში, არაკომპეტენტური და სალდაფონური თვისებების მქონე ადამიანად მიაჩნდათ. 1948 წლის აგვისტოში, ატომური ბომბის დამზადებამდე ერთი წლით ადრე, მორიგ ინსპექტირებაზე ჩასული ლავრენტი ბერია საბჭოთა ატომური პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ეგორ კურჩატოვმა კაბინეტში დაიმარტოხელა და უთხრა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, თქვენთან ერთი უმორჩილესი თხოვნა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ.
– გისმენთ, ეგორ ნიკოლაევიჩ, – მიუგო ბერიამ და ღიმილით დაამატა: – ალბათ, მორიგი სტუდენტი პატიმრის გათავისუფლება გსურთ, რომელმაც სტუდენტურ შეკრებაზე ზომაზე მეტი გადაკრა, ენა აუშვა და ფხიზელმა ჩეკისტებმა კი ის გამოამწყვდიეს, ხომ?
ცნობილი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას, ხშირად სტალინის გვერდის ავლით, საკუთარი პასუხისმგებლობით, სხვადასხვა პირის თხოვნის შედეგად, ლაყბობისთვის დაპატიმრებული ადამიანები ციხიდან გამოუყვანია. მათ შორის რამდენიმე ფიზიკოსი მან ეგორ კურჩატოვის თხოვნითაც გამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი იყო უნიჭიერესი ფიზიკოსი ლევ ლანდაუც. ლანდაუ ატომურ პროექტშიც მონაწილეობდა და შემდგომში მან ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
– არა, ლავრენტი პავლოვიჩ, ამჯერად საქმე ეხება არა უბრალო ადამიანს, არამედ ძალიან ცნობილ, დამსახურებულ, მაგრამ ჩვენს საქმეში არაკომპეტენტურ პირს.
ბერია კარგად მიხვდა, თუ ვის გულისხმობდა აკადემიკოსი. თუმცა პასუხი კურჩატოვისგან უნდოდა მოესმინა და მიუგო:
– ბრძანეთ, ეგორ ნიკოლაევიჩ, ვისზე გაქვთ საჩივარი.
– არ მიყვარს საჩივრები. ეს უფრო პირადი თხოვნაა და იქნებ როგორმე აგვარიდოთ თავიდან მარშალ ჟუკოვის გამოხტომები, რომელიც მხოლოდ ხელს გვიშლის საქმის კეთებაში.
– მაინც, რა ქნა ისეთი გიორგი კონსტანტინოვიჩმა? – დაინტერესდა ბერია.
– ჩვენთან ერთი მეცნიერი მუშაობს, ახალგაზრდა ბიჭია, ჯერ ოცდახუთისაც არ არის – სახაროვი ანდრეი (ლაპარაკია ანდრეი სახაროვზე, რომელმაც შემდგომ ნობელის პრემია მიიღო ფიზიკაში, მოგვიანებით კი ცნობილი დისიდენტი გახდა).
– ვიცი. ანდრეი დიმიტრის ძე, ხომ? – სიტყვა გააწყვეტინა კურჩატოვს ბერიამ, რომელიც ატომური პროექტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს პირადად იცნობდა, მათი რანგის მიუხედავად.
– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ, სწორედ ის. ჰოდა, ეს ადამიანი მათემატიკურ გამოთვლებზე მუშაობს – თავისი პატარა კაბინეტი აქვს და იქ აწარმოებს გამოთვლებს. ამ ხუთი დღის წინ, შუაღამისას, მოულოდნელად მოგვადგა ჟუკოვი. მე მგონი, გადაკრულშიც კი იყო და, გვითხრა, ინსპექტირება უნდა ჩავატაროო.
– ინსპექტირებაო?! – გაეცინა ბერიას, რადგან ამის უფლება სტალინის გარდა მხოლოდ მას ჰქონდა.
– დიახ, – დაუდასტურა კურჩატოვმა და დაამატა: – ჰოდა, ჟუკოვმა ყველა კაბინეტი დაიარა და გაოცებულ, საქმით დაკავებულ მეცნიერებს სულელურ კითხვებს უსვამდა. ბოლოს სახაროვთან შევიდა და ჩაძინებული რომ დაინახა – ის კი სამი დღის უძინარი იყო – თავზე დააცხრა, უყვირა, წაიყვანა და დისციპლინის დარღვევისთვის ჰაუპტვახტში ჩასვა.
– ჰაუპტვახტში?! – გაოცდა ბერია.
– დიახ, ჰაუპტვახტში. მართალია, მეორე დღესვე გამოუშვა, მაგრამ, რად გინდათ, მან იქ ორმხრივი ფილტვების ანთება აიკიდა. ახლა კი ლაზარეთში წევს და ქმედითუუნაროა. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს პროექტს მეცნიერული პოტენცია მოაკლდება და... – კურჩატოვმა ხელი ჩაიქნია და დადუმდა.
ბერიას აშკარად დაეტყო გაღიზიანება, თუმცა თავი მოთოკა და კურჩატოვს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა. შემდეგ ანდრეი სახაროვი ლაზარეთის პალატაში პირადად მოინახულა. ექიმს ელაპარაკა და დაავალა, განსაკუთრებით ეზრუნა ამ პაციენტის გამოჯანმრთელებაზე. მეორე დღეს კი, ბერიას ბრძანებით, სახაროვის სამკურნალოდ უამრავი მედიკამენტი ჩამოიტანეს და ცნობილი ექიმიც ჩამოვიდა სპეცავიარეისით, რის შედეგადაც მომავალი აკადემიკოსი მალე განკურნეს.
კურჩატოვთან საუბრისა და სახაროვის მონახულების შემდეგ, ბერიამ ჟუკოვს თავის კაბინეტში უხმო, რაც სუბორდინაციით იყო გათვალისწინებული და მშვიდად უთხრა მას:
– გიორგი კონსტანტინოვიჩ, დიდადაა დაფასებული თქვენი წვლილი ჩვენს საერთო, დიად გამარჯვებაში, ამიტომ, მოდი, ჩრდილს ნუ მიაყენებთ თქვენს სახელს და საბჭოთა სახელმწიფოს გაძლიერებას ხელს ნუ შეუშლით...
მარშალი ყველაფერს მიხვდა და უხმოდ დატოვა ბერიას კაბინეტი. ერთი კვირის შემდეგ კი სტალინმა ის სხვაგან გადაიყვანა სამუშაოდ, რაც, სავარაუდოდ, ჟუკოვმა ბერიას არ აპატია...“