ვინ მოუწყო სტალინს თბილისში ღირსების სასამართლო
1907 წელს მეფის საწინააღმდეგო გამოსვლის მოწყობისთვის ბაქოში, ახალგაზრდა ქართველი რევოლუციონერი იოსებ ჯუღაშვილი, რომელსაც თანამებრძოლები კობას ეძახდნენ, „ოხრანკამ“ შეიპყრო და აზერბაიჯანის დედაქალაქის ცნობილ საპყრობილეში, ეგრეთ წოდებულ, „ბაილოვის ციხეში“ გამოამწყვდიეს. ციხე, თავისი გაუსაძლისი, მკაცრი რეჟიმით იყო სახელგანთქმული და იქიდან არასდროს არავინ გაქცეულა. მძიმე დაკითხვის შემდეგ, რომლის დროსაც კობას (სტალინს) ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, გოლიათმა ჯალათმა ზედამხედველმა სამირ საიდოვმა მას მარჯვენა მხარი ამოუგდო. თუმცა, გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად, 26 წლის კობას კრინტიც არ დაუძრავს. გმირულად იტანდა ტანჯვა-წამებას და მხოლოდ ჯალათ საიდოვს უთხრა: „საიდოვ, კარგად დაიმახსოვრე ეს დღე, როცა შენ მე ასე მაწამე და მაშინ გაიხსენე, როდესაც შენი წამების დღე დადგება...“
სტალინი რამდენიმე დღის შემდეგ ბაილოვის ციხიდან სასწაულებრივად გაიქცა. მან და მისმა ორმა მეგობარმა ციხის ბადრაგი დაატყვევეს და საკანში გამოკეტეს. იარაღი აართვეს, სამოსი გადაიცვეს და მრავალრიცხოვან შეიარაღებულ დაცვას ისე გაუძვრნენ ცხვირწინ, რომ ეჭვიც არავის შეპარვია. იმავდროულად, სტალინს მარჯვენა მხარი საშინლად სტკიოდა და არალეგალურ ბინაში ერთი კვირა მკურნალობდა. როდესაც მისმა მეგობარმა და ცნობილმა ბაქოელმა „ბოევიკმა“, რამიზ გუსეინოვმა შეიტყო სტალინის ტრავმის მიზეზი, მისგან უჩუმრად აიკაზმა და ჯალათ საიდოვს ჩაუსაფრდა. შემდეგ კი გაიტაცა, წამებით მოკლა და ბაქოს ცენტრში დააგდო. თან, წერილიც დატოვა, რომელშიც ეწერა: „კბილი – კბილის წილ. ჯალათებო, არაფერი შეგრჩებათ“.
„იავკაზე“ (კონსპირაციული ბინა) დაბრუნებულმა გუსეინოვმა მეგობარს შურისძიების შესახებ უამბო. ჩვეულებრივ გაწონასწორებულმა კობამ კი, რომელსაც ტკივილიც კი დაავიწყდა, ნატკენ მხარზე მაგრად დაირტყა ხელი და გუსეინოვს უთხრა:
– ეს რა ჩაიდინე, რამიზ. რა საჭირო იყო ასეთი სისასტიკე. მე მორალურ წამებას ვგულისხმობდი, როცა ეს იმ ჯალათს ვუთხარი და არა ფიზიკურს. ახლა კი, მთელი პოლიცია და „ოხრანკა“ ჩვენს ძებნას დაიწყებს და პრობლემები შეგვექმნებაო...
მართლაც, ჯალათი საიდოვის მკვლელობაში სტალინი დაადანაშაულეს. მისი დაჭერისთვის ჯილდოდ ათასი ოქროს მანეთი დააწესეს და ბაქო თავდაყირა დააყენეს. თუმცა, მხარნატკენმა კობამ და გუსეინოვმა, დროულად გამოაღწიეს აზერბაიჯანის დედაქალაქიდან და თბილისში ჩავიდნენ. საქართველოს დედაქალაქში კი არალეგალ მარქსისტებში უკვე კობას სისასტიკეზე ლაპარაკობდნენ. ასეთი რამ რევოლუციონერებს ეკრძალებოდათ და ვანო პატეიშვილის კონსპირაციულ ბინაში კობას ღირსების სასამართლო მოუწყვეს. მიუხედვად იმისა, რომ გუსეინოვი სიმართლეს ყვებოდა, მას არ დაუჯერეს და უთხრეს: დანაშაულს იბრალებო. ოცკაციან შეკრებაზე თითქმის ყველა კობას წინააღმდეგი იყო. განსაკუთრებით კი, ვინმე თამაზ მუსერიძე აქტიურობდა, რომელიც პროვოკატორი, „ოხრანკის“ მიერ შეგზავნილი დამსმენი იყო და პირდაპირი დავალება ჰქონდა მიცემული, კობა გაემტყუნებინათ. თუკი ეს არ მოხერხდებოდა, მაშინ მას (მუსერიძეს) ჩასაფრებული ჟანდარმებისთვის პირობითი სიგნალი უნდა გადაეცა და ყველას დააპატიმრებდნენ. გაქცევის მცდელობის შემთხვევაში კი, პროვოკატორ მუსერიძეს კობას ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა.
ღირსების სასამართლო ისე წარიმართა, რომ უმცირესობაში მყოფმა კობამ არა მარტო თავი გაიმართლა, გუსეინოვიც გაამრთლებინა. მუსერიძე კი გაშიფრა და პროვოკატორობაში ამხილა. დრო არ ითმენდა. მუსერიძემ შეიარაღებულ ჟანდარმებს ფანჯრიდან პირობითი ნიშანი მისცა და პატეიშვილის ბინაში ჩაფრები შეცვივდნენ. ატყდა სროლა, რომელიც გუსეინოვმა აუტეხა ჟანდარმებს, თან, სტალინთან ერთად გაქცევას ცდილობდა. მუსერიძემ კი „მაუზერი“ იშიშვლა და სტალინის მიმართულებით ისროლა. ერთგული გუსეინოვი სტალინს გადაეფარა. ტყვია გულში მოხვდა და იქვე დაიღუპა. კობამ თავისი „მაუზერიდან“ მუსერიძეს ხელები დაუცხრილა და მაინც მოახერხა გაქცევა.
მართალია, კობა ერთი თვის შემდეგ მაინც შეიპყრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, მაგრამ მუსერიძეზე თავდასხმა ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ არალეგალური, რევოლუციური მოღვაწეობისთვის გაასამართლეს. პროვოკატორ მუსერიძეს კი სტალინის ნასროლმა ტყვიებმა ორივე ხელი გაუხმო. მას ორივე ზედა კიდური მკლავში მოჰკვეთეს და ის სამუდამო ინვალიდად დარჩა.
საგულისხმო ფაქტია, რომ მუსერიძემ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და სტალინის მმართველობის პერიოდში, მას ინვალიდის პენსიაც კი დაუნიშნეს. მის შესახებ სტალინმა იცოდა, თუმცა ყოვლისშემძლე მმართველს ის არაფერში შეუზღუდავს. მიუხედავად იმისა, რომ მუსერიძემ სტალინზე თავდასხმა მოაწყო, ბელადმა ის ცოცხალი დატოვა. რამიზ გუსეინოვს კი სტალინმა თავის სამშობლოში ძეგლი დაუდგა. მისი სახელობის ქუჩა დააარსა და მის ცოლ-შვილს პერსონალური პენსია დაუნიშნა.