კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ქორწინების პირველი ღამე უიღბლო ლადო გუდიაშვილისთვის და რა დაუჯდა მას კინაღამ სიცოცხლის ფასად

„მშობლები მთიელები იყვნენ. მამა – დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა – ელისაბედი – ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ. დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის ბოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟის – ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ... „ჩემმა ბავშვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”. მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე, ღობეებზედაც კი… მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას. მაგრამ, როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმს გრძნობდა... ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან...
1910 წლის აგვისტოში ლადო ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში მიაბარეს... „სამხატვრო სასწავლებლის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გელათში ექსკურსიაზე რომ წაგვიყვანეს: როცა ტაძარში შევედი, საოცარი განცდა დამეუფლა. ფანტასტიკური სანახავი იყო, მზე სარკმლიდან რომ ჭვრეტდა ღვთისმშობლის მოზაიკას. ეს მზის სხივი ისე საოცრად ანათებდა მას, რომ ცრემლის გორგალი ძლივს გადავყლაპე.“ გელათის ტაძარში განცდილი ემოცია წუთიერი აფექტი არ ყოფილა... მცხეთაში რომ ევლო, ველოსიპედი იყიდა და ყოველდღე ოცდაერთ კილომეტრს გადიოდა. ერთხელ ქარმა გზიდანაც გადააგდო და ხელი იტკინა... ფერწერისა და ქანდაკების სკოლა პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.  მონაწილეობა მიიღო „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” სამ უმნიშვნელოვანეს ექსპედიციაში: 1916 წელს ნაბახტევის ეკლესიის მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკების გადმოსახატად მოწყობილ ექსპედიციაში; ამის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესასწავლ ექსპედიციაში; 1917 წელს კი სამხრეთ საქართველოში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების – ოშკის, ხახულის, იშხნის, არხლის, ოთხთა ეკლესიის შემსწავლელ ექსპედიციაში, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. „ამ ფრესკებმა საკუთარი თავი მაპოვნინეს,“ – იგონებდა მხატვარი. „ლადო ფრესკებისათვის იყო დაბადებული, ფრესკა იყო მისი სამყარო, რომლის გახსენებაზე ჟრუანტელი უვლიდა ტანში, წონასწორობასაც კი ჰკარგავდა.“ – მოგვიანებით წერდა მხატვრის მეუღლე, ნინო გუდიაშვილი. ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, 1919 წელს თბილისში, დიდუბის ტაძარში მოეწყო გამოფენა, საუკეთესო მხატვრების გამოსავლენად, რათა ისინი დაოსტატების მიზნით, პარიზში გაეგზავნათ... გადაწყდა უცხოეთში გაეგზავნათ დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი. მათ თვე-ნახევარი დაჰყვეს ერთად რომში, სადაც მოინახულეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა – ვაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინა… მან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამ ვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, თუმცა, ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოს… გამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი. ლადოს წარმატება დღითი დღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის „პრადოს” მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი... ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა. ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა...  სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა – პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგ – მამასისხლად ყიდდა… არწმუნებდა: „თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს, როცა იწყება თქვენი აღიარება. თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა. თუ გინდათ ამაღლდეთ, დარჩით“... ,,მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს, მატისს. მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს”. 1926 წელს ლადო ფრანგული გემით დაბრუნდა საქართველოში... სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობით შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა. ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა – თუ მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელაია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარო, – იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძლისგან, – უპასუხა თამადამ. სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს… ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ, საქორწინო მოგზაურობის პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ. ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ – მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნეს ცოლ-ქმარი...
1946 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გადაწყვიტა, ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძარი მოეხატათ. ამის თაობაზე თხოვნით მიმართა მხატვართა კავშირსაც და ლადო გუდიაშვილსაც. ორივე მხრიდან თანხმობა მიიღო.  ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა. „კეთილისმყოფელნი“ თავიდავნე არწმუნებდნენ, უარი ეთქვა ამ საქმეზე. მოშურნენიც გამოცოცხლდნენ და უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილს ბრალად საბჭოთა იდეოლოგიის ღალატი და ღვთის სიყვარული წაუყენეს, კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს. ცხრა თვისა და ცხრა დღის შემდეგ მოხატვა შეაწყვეტინეს. უარყოფილი მხატვარი თითქმის ათი წელი ჩუმად, თვალსმოფარებული მუშაობდა. ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს...  „საკუთარმა ცხოვრებამ მაჩვენა, რომ კეთილს ძალიან ხშირად გვერდიგვერდ მისდევს ბოროტება. როგორც კარგი მეგობრები, ისე დადიან ქვეყნად. რა დასამალია და ზოგჯერ ბოროტი სჯობნის სიკეთეს…“
***
„სიცოცხლეში თითქმის არავინ იძენდა მის სურათებს. ბევრს არ ესმოდა, მაგრამ ვისაც ესმოდა, ვინც იმთავითვე შესანიშნავად იცოდა მისი ფასი, არც ისინი ყიდულობდნენ. მოდილიანის სიკვდილის შემდეგ კი, თითქმის უსასყიდლოდ დაისაკუთრეს. მისი სურათების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშია თავმოყრილი… მახსოვს, ერთ დღეს „როტონდაში” გამოფენა უნდა გაემართათ. მოდილიანიმაც მოიტანა თავისი სურათები. იქვე დააწყო და მაგიდას მიუჯდა. ხელში ჩანახატების ალბომი ეჭირა, მოწყენილი იყო. მის წინ ისხდნენ ვიღაც ქალი და მამაკაცი. გადაშალა ალბომი და ეს ქალი ჩახატა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, მეორედ ჩახატა და ქალს გადასცა. ქალმა იუკადრისა: ეს მე არ ვარო, და უკან დაუბრუნა.
– ო, ეს ქალები, არაფერი რომ არ ესმითო, – გაბრაზდა და მე გადმომცა: აჰა, შენ გქონდესო… ამას წინათ ერთი ფრანგი იყო ჩემს სახელოსნოში. ნახა ეს ჩანახატები. ძალიან მოეწონა. ამათგან მხოლოდ ერთი ნახატიც რომ გაყიდოთ, დღეს საფრანგეთში, ნახევარ წელიწადს უზრუნველად იცხოვრებთო, – მითხრა... მუდამ მოწყენილი დადიოდა. ფერმკრთალი… მაშინ ის უკვე ავად იყო და ჩემს იქ ყოფნაში გარდაიცვალა.
მახსოვს, კაფეს პატრონს, ლიბიონს არაფერი გაეგებოდა მისი ხელოვნებისა, მაგრამ ხედავდა, როგორ იტანჯებოდა, სთხოვდა რომელიმე სურათს და სანაცვლოდ, სადილზე, ან ჭიქა ყავაზე იწვევდა...
ჟანა ებიუტერნი... ამადეო მოდილიანის ცხოვრების ერთგული თანამგზავრი, ვინც არ მოისურვა უმისოდ სიცოცხლე. მეც დამინახავს ჟანა ებიუტერნი, მოდილიანისთან ერთად რომ მიჰყვებოდა მონპარნასის ქუჩას.
მოდილიანის სიკვდილი ნამდვილი ტრაგედია იყო და ეს იმავე დღეს იგრძნო ყველამ...” 
***
„პარიზში რომ ვიყავი, ერთხანს ისე გამიჭირდა, ლამის ქუდი ჩამომეტარებინა ქუჩა-ქუჩა. ვიჯექი ჩემს მანსარდაში და ამაოდ ვიგონებდი ნაცნობებს, რომელთანაც ფულის სასესხებლად მიმესვლებოდა... შემოდგომა იყო, გვიანი შემოდგომა – თბილისური გვიანი შემოდგომასავით ზუნზლიანი და სევდის მომრევი... ხატვა არ მინდოდა. ვდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან და გავცქეროდი ჩამოჯანღულ ცას, სველ სახურავებს, ხავსმოდებულ კედლებს. ვნახოთ, ვიღაცამ დააკაკუნა. ვინ ეშმაკია-მეთქი, დაღრეჯილი მივედი კართან. გამოვაღე და… ცოტა არ იყოს, შევცბი. ახალგაზრდა ქალ-ვაჟი მწვეოდა. აი, კინოში რომ გვაჩვენებენ ხოლმე ბედნიერ ამერიკელ ახალგაზრდებს, სწორედ ისეთები... ბოდიშს იხდიდნენ და იღიმებოდნენ. მერე ქალი გამომელაპარაკა ფრანგულად – დიდად ზრდილობიანად და მოხდენილად: ჩვენ თქვენი ნამუშევრები გვინახავს, ბატონო მხატვარო... გავბედეთ და შეგაწუხეთ, იქნებ დაგვავალოთ და რომელიმე თქვენი ნახატის მფლობელნი გაგვხადოთო... მე აღარ ვიცოდი, რომელი სკამი შემეთავაზებინა, რომ საღებავით არ დასვრილიყვნენ. ძალიან მინდა, თქვენი სურვილის ასრულება, მაგრამ თქვენი საკადრისი არაფერი მაქვს-მეთქი, – მოვახსენე. ეს რომ გაიგონეს, შეწუხდნენ...  უბრალო, მცირე რამე მაინც, ბატონო მხატვარო, სულ უბრალო... ვიფიქრე, ოღონდ ახლა, როგორმე თავიდან მოვიშორო და, ჯანდაბას, მერე რაც იქნება-მეთქი, და ვეუბნები: ორი დღის შემდეგ შემოიარეთ-მეთქი. ხელად დაუბრუნდათ ბედნიერი ღიმილი...  მოიბოდიშეს და გამომეთხოვნენ. მე მოვბრუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი. მათი წასვლის შემდეგ, კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი ჩემი უბედობა. თბილისი გამახსენდა. ავიღე ფანქარი და ალბომში მოვუსვი. დავხატე მოცეკვავე ქართველი ქალი... დავხატე დაღლარა კინტო და საკინძეჩამოხეული ყარაჩოხელი... დავხატე ვირი თბილისის ქუჩაზე და იღლიაში სახრეგაჩრილი წყნეთელი… მერე მივეგდე და მივიძინე ნაცემი ძაღლივით. გავიდა ორი დღე და ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა ის ცოლ-ქმარი. ისევ ბედნიერნი, ხალისიანნი... ვაჩვენე ერთი ნახატი, მეორე, მესამე… თუ შეიძლება, რომ ყველა სურათი დაგვითმოთო. მე გამეცინა: რის დათმობა, აიღეთ, წაიღეთ-მეთქი... მამაკაცმა საქმიანად მთხოვა: მიბრძანეთ, რამდენი უნდა მოგართვათო. ჩემთვის ყველა ის ნახატი, ახლანდელ ფულზე რომ ვთქვათ, ათი თუმანიც არ ღირდა. აბა, ამაზე ხომ არ შევევაჭრებოდი.  – ინებეთ, ბატონებო, ფასზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, მე ქართველი გახლავართ-მეთქი.
მაშინ მამაკაცმა საბანკო ჩეკი ამოიღო, რაღაც დაწერა, ერთი ფურცელი ამოხია და გამომიწოდა. მე რომ ჩემი ქართველობა დამემტკიცებინა, ჩეკისთვის არც დამიხედავს, კარებამდე მივაცილე ცოლ-ქმარი და, როგორც კი თვალს მიეფარნენ, ადგილს მოვწყდი. ისე როგორ შეირცხვენდა კაცი თავს, ერთი სადილის ფული მაინც არ დაეტოვებინა-მეთქი. დავავლე ჩეკს ხელი, წავიკითხე და… ჩემს სიცოცხლეში ნამდვილი ლოცვით პირველად დავლოცე მდიდარი, ბედნიერი ხალხი. ჩეკში ეწერა, რომ ამის წარმდგენელს ათასი დოლარი მიეცემაო. (წყარო: ბურუსი).“

скачать dle 11.3