პაემანი? – არც ისე საშიშია
წინასწარ განსაზღვრო, როგორ ჩაივლის პაემანი, რა თქმა უნდა, რთულია. მაგრამ, სასურველია, რაღაც მაინც ივარაუდო. მთავარი ამოცანაა, მოახერხოთ სიტუაციის მართვა, რათა პაემანი, რომელზეც ოცნებობდით, უკანასკნელი არ აღმოჩნდეს. მისთვის შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
* იფიქრეთ იმაზე, რომ ადგილი შესაფერისი იყოს. არ დათანხმდეთ პაემანს უკაცრიელ ადგილას, თუმცა არც ისეთი აირჩიოთ, სადაც ლამაზმანთა მთელი არმია დაგხვდებათ. ყველაფერს აჯობებს მყუდრო კაფე, კარგი გარემოთი და საზოგადოებით. თქვენ მიმართ მას მოწიწების გრძნობა უნდა გაუჩნდეს, რასაც გარემო უზრუნველყოფს.
* იყავით ბუნებრივი და თამამი. თავს ძალა არ დაატანოთ. გასაგებია, რომ გინდათ, ახალმა ნაცნობმა თქვენი საუკეთესო მხარეები დაინახოს. გარეგნობაზეც განსაკუთრებულად იზრუნეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. მაკიაჟის სიჭარბე ზოგჯერ კომიკურია.
* შეეცადეთ, საუბარი საინტერესო და პოზიტიური იყოს. არ „დაამძიმოთ“ პარტნიორი თქვენი პრობლემებით. ყველაფერს ერთბაშად ნუ მიაყრით. მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. შეიძლება, მის ხუმრობებაზე არ გეცინებოდეთ, მაგრამ შეეცადეთ, გაიღიმოთ, თითქოს მის იუმორს ხვდებით. კაცებს ეს ძალიან მოსწონთ და პლუსები მის თვალში გარანტირებული გექნებათ. პაემანი სულაც არ არის საშიში. მთავარია, მიხვდეთ, რომ ერთი შეხვედრით არაფერი წყდება.
რამდენიმე
ვერსია...
მფლანგველებზე
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ფულის ფლანგვას იწყებენ. ზოგს ეს ხასიათში აქვს, ზოგი კი გარე ფაქტორების ზემოქმედებით ხდება ზომაზე მეტად ხელგაშლილი. შეიძლება, ეს თვისება რამდენიმე ,,კატეგორიად” დავყოთ:
1. თუ დაკარგავთ საყვარელ საქმეს ან ვეღარ გაერთობით ჰობით, შესაძლოა, ჯიბეზე გაიკრათ ხელი და უაზროდ ხარჯოთ ფული.
2. ფულის ხარჯვა ზოგისთვის თავისი შრომის „ნივთმტკიცებაა“. ეს, რა თქმა უნდა, მითია და არ არის რეალური, მაგრამ ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ; ხოლო, თუ აცნობიერებენ, საკმაოდ გვიან – მაშინ, როცა საქმე ცუდად მისდით და ფინანსური პრობლემები უჩნდებათ. სხვათა შორის, ბევრი განიცდის, როცა გამომუშავებული ფულით ხელშესახებს ვერაფერს ყიდულობს და, ამიტომაც, ნელ-ნელა ხდება მფლანგველი – ყიდულობს ყველაფერს: ტანსაცმელს, ტექნიკას, ტელეფონს, ფეხსაცმელს და ამით იმშვიდებს თავს – აი, ჩემი შრომის ნაყოფიო.
3. ფულის ხარჯვა მოდუნებისა და რელაქსაციის კარგი საშუალებაა – ის ხსნის სტრესს და დროებით გვავიწყებს პრობლემებს. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს და ამან არ გაგვიტაცოს, ანუ, მაღაზია თქვენთვის არ გახდეს ზღაპრული სამყარო, ის ბრჭყვიალა მითი, რომელიც, როგორც წესი, ძალიან მყიფე აღმოჩნდება ხოლმე – ხელებში ჩაგემსხვრევათ და გულს გატკენთ.
4. ადამიანებს, მით უმეტეს ქალებს, არ უყვართ და აფრთხობთ რუტინა, გამოსავალს კი ბევრი ფულის ხარჯვაში ხედავენ – ამით იქმნიან ილუზიას, რომ სტატუსი აუმაღლდათ, რომ ცხოვრების კიბეზე ერთი საფეხურით ზევით აინაცვლეს. მართლაც ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა საფულეს ხსნი, იღებ ფულს და... ფრთხილად! უკანასკნელი ლარიც არ დახარჯოთ და მერე არ ინანოთ...
გახდი
წარმატებული!
ზოგიერთებს უმართლებთ, თანაც, ყველაფერში და ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში, უცხო თვალი სწორედ ასე ხედავს. ნუ შეგშურდებათ მათი. აჯობებს, ფიქრებისა და აზრების კონცენტრაცია მოახდინოთ, ხელები დაიკაპიწოთ და გახდეთ წარმატებული.
დაიწყეთ მოსინჯვით. რა არის ეს? ესაა, როცა საკუთარ თავს მარტო ერთ სფეროში არ ხედავთ და ცდილობთ, ბევრ ადგილას დამკვიდრდეთ. შეარჩიეთ რამდენიმე სფერო, გაითვალისწინეთ თქვენი ინტერესები – ისინი მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მუდმივად იზრუნეთ განვითარებაზე – გონება სულ უნდა მუშაობდეს. დღეს ძალიან ადვილია, სტრესულ გარემოში ჩავარდე და ვერ მოახდინო აზრების კონცენტრაცია, თქვენ კი ეს უნდა შეძლოთ – ხელიდან არ უნდა გაუშვათ შანსი, როგორც კი ის გაგიჩნდებათ. არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – დროული შესვენება და ტაიმაუტის აღება ძალების აღსადგენად. რა თქმა უნდა, შრომა ძალიან კარგია, მაგრამ დასვენება მაშინ უფრო საჭიროა, როცა შრომობ. სოციუმი საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს გვიყენებს და კოლოსალური ძალისხმევა გვჭირდება, რათა ისინი დავაკმაყოფილოთ. ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გამოიფიტოთ. ისწავლეთ ენერგიის დაზოგვა და თანაბრად გადანაწილება – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების გზაზე. საყვარელი ჰობი ენერგიის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა – როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, არ იღლები.
იყავით ყურადღებიანი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ. გამორიცხული არ არის, თქვენში რაღაც ტალანტი იმალებოდეს. დროულად აღმოაჩინეთ ის და განავითარეთ...
დამღუპველი
შოპინგი
შოპინგი საკმაოდ სასიამოვნო საქმიანობაა, თუკი ზომიერებას დაიცავთ. არსებობენ „შოპოგოლიკები,“ რომელთა მდგომარეობა სავალალოა. ვერ ამოდიან ვალებიდან, სახლი კი უამრავი უსარგებლო ნივთით ევსებათ.
არსებობს შოპინგის მართვის მთავარი პრინციპები: დაიწყეთ იმით, რომ შოპინგი რამდენიმე ეტაპად დაყავით, ანუ, ნუ შეეცდებით, ყველაფერი, რაც იმ მომენტისთვის გჭირდებათ და რაც არც ისე ძალიან გჭირდებათ, ერთბაშად იყიდოთ. ცდუნებას ვერ უძლებთ? ნუ წაიღებთ თან იმაზე მეტ ფულს, რამდენიც აუცილებლად დაგჭირდებათ.
გახსოვდეთ, ნივთის ღირებულება არ განისაზღვრება მხოლოდ ფასში, გაცილებით ღირებულია მისი სამომხმარებლო დანიშნულება. თუ ნივთს ამ კუთხით შეაფასებთ, „შოპოგოლიკად“ აღარ გადაიქცევით. მიუდექით საყიდლებზე სიარულს ინდივიდუალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა აჰყვეთ სხვას – მიმბაძველობა ამ საქმეში ძალიან ცუდია. ძალიან ბევრი ქალი ნერვიულობს იმაზე, რომ ხშირად ვერ ყიდულობს იმ ნივთებს, რომლებიც მოსწონს, რომლებიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება განათებულ ვიტრინებსა და დახლებზე. არ ღირს ამის გამო ნერვიულობა. არ შეიძლება, ცხოვრება გაიმწარო იმის გამო, რომ დღეს ვერ იყიდე ფეხსაცმელი... ერთი სიტყვით, ყიდვა თვითმიზანი არ უნდა გახდეს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.