როგორ განიცდის ადამიანის სულიერება მუტაციას და როდის ასწავლიან თანამედროვე მოძღვრები მრევლს უმეცრებას
როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან დღეს თანამედროვე მრევლი და სასულიერო პირები, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ჩვენი საეკლესიო ცხოვრება ერთად მოიაზრებს მრევლსაც და სასულიერო პირებსაც, რადგან ისინი განყენებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ. როდესაც ადამიანი ეკლესიაში დადის, მისთვის იდეაფიქსი უნდა იყოს ის, რასაც თავად ქრისტე ამბობს: ადამიანის ინდივიდუალური ფერისცვალება, მის მიერ საკუთარი დაცემული მდგომარეობის დანახვა, რომ მას სჭირდება მხსნელი ქრისტეს სახით და იღებს ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ქრისტეს, ქრისტეს მაგალითით იცხოვროს. აქ იწყება ადამიანის ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური, სულიერი, ინტელექტუალური პროგრესი, პროცესი, რომელიც დაუსრულებელია და, როგორ გააგრძელებს მას ადამიანი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. ეს დაუსრულებელი პროცესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ, რაც დრო გადის, უფრო მეტად დავუახლოვდეთ უფალს. სხვა იდეაფიქსი ქრისტიანისთვის არ არსებობს. შეიძლება, ადამიანს ყველაფერი ჰქონდეს მატერიალური, მაგრამ საერთოდ არ იყოს ქრისტიანი, ანუ წარმატების საწინდარი არ არის სარწმუნოება. სარწმუნოების გაიგივება წარმატებასთან, ანუ, მე იმიტომ მინდა გავხდე მორწმუნე, რომ წარმატებას მივაღწიო – ეს თავიდანვე აქსიომაა. ქრისტიანი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს, თუმცა, სამწუხაროდ, სწორედ ამაზე ფიქრობენ დღეს. მაგრამ, არ მინდა, თემას ძალიან დავშორდე. დღეს ჩვენს ეკლესიაში, საქართველოს ეკლესიურ ცხოვრებაში, ქრისტიანულ აზროვნებაში, პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ქრისტიანული შემეცნების სწორი გაგება, სწორი აღქმა, ერთიანი გამოხატულება. არ არსებობს ერთიანი კონცეფცია, რომელთან შეხებაც უნდა ჰქონდეს ადამიანს ეკლესიაში მოსვლისთანვე. ერთიან კონცეფციაში იგულისხმება საეკლესიო სწავლება, დოგმატები, საღვთისმეტყველო საკითხები, რითაც საბოლოოდ ყალიბდება ადამიანის პიროვნება. თუ როგორ უნდა იცხოვროს ყოველდღიურად ქრისტიანმა, უნდა ეზიაროს თუ არა ის ყოველკვირა თუ წელიწადში ოთხჯერ და ასე შემდეგ. ანუ ეკლესიაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და მას უნდა ახმაურებდეს ყველა სასულიერო პირი, მღვდელმსახური – ყველა, ვისაც აქვს უფლება, ამბიონიდან მრევლს ასწავლოს ჭეშმარიტება.
– სასულიერო პირების დიდი ნაწილი სხვადასხვა რამეს ასწავლის მრევლს. ერთი საკითხის შესახებ სამმა მღვდელმსახურმა შეიძლება სამი სხვადასხვა პასუხი გაგცეს.
– პირადობის მოწმობებზე რომ ვილაპარაკოთ: მიხვალ ერთ ეპისკოპოსთან, გეტყვის, რომ მათი აღება არ არის პრობლემა; მეორესთან მიხვალ, გეტყვის – არ შეიძლებაო; მესამე კი სულ სხვა რამეს გეტყვის, ანუ, ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ასეა ბევრ საკითხთან, მაგალითად, დედათა წესთან დაკავშირებით. ზოგი ამბობს, რომ ასეთ დროს არ შეიძლება ეკლესიაში შესვლა, ტაძრის ეზოშიც კი არ აჩერებენ ადამიანს; ზოგი – პირიქით, არ კრძალავს: შეუძლია, სანთელი დაიჭიროს, ჯვრისწერაში მიიღოს მონაწილეობაო, ეს კი გაურკვევლობას იწვევს. წმიდა მამათა სწავლებების უმეტესობა არ არის ისეთი აკრძალვითი, უარმყოფელი, რითაც დღეს ხელმძღვანელობენ და კრძალავენ. წმიდა მამები ამბობენ: ის, რაც ბუნებითია ადამიანისთვის, თავისთავად არ არის ცოდვა. ქალბატონს აქვს დედათა წესი, ეს მისი ბუნებითი მდგომარეობაა, ამიტომაც, ვერანაირად ვერ იქნება ცოდვა და ამით ის არ შეურაცხყოფს ღმერთსა და მის დიდებას. ამიტომ, ის აკრძალვები, რომლებსაც სასულიერო პირები ამ კუთხით აცხადებენ, არის მათი პირადი სწავლება. შეიძლება ეს თუ არ შეიძლება – თავად სასულიერო პირს უნდა აინტერესებდეს. სამწუხაროდ, დღეს ან არ აინტერესებთ ან არ იციან.
– და, როგორ შეიძლება, არ აინტერესებდეს ან არ ცდილობდეს სასულიერო პირი იმის გარკვევასა და სწავლას, რაც შემდეგ მრევლს უნდა გადასცეს, ასწავლოს, რათა მის დამაბრკოლებლად არ იქცეს?
– ერთ შედარებას მოვიტან: მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება აცხადებდეს პედაგოგი, რომ მას ხშირად უწევს ტესტირების ჩაბარება, რაც მისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან აკნინებს მას ფსიქოლოგიურად. ასეთი და უფრო პათოლოგიური მდგომარეობა გვაქვს სასულიერო პირებთან. ვაჟბატონმა, რომელსაც ჯვარი დაჰკიდეს, შემოსეს, სამღვდელო ოლარი გადააფარეს, წაუკითხეს დიაკვნად ან მღვდლად კურთხევის ლოცვა, ამ დღიდან დაიჯერა, რომ მასწავლებელია, რომელსაც სწავლა აღარ სჭირდება და მისი პირიდან უკვე სულიწმიდა ღაღადებს. ეს უკვე საკმაოდ დიდი პრობლემაა. როგორც პედაგოგი, ექიმი და, ასევე, სხვა პროფესიის ადამიანები, სასულიერო პირიც ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს. როდესაც მოძღვარი უმეცარია, შესაბამისად, მრევლიც უმეცარია, რადგან მას უმეცრებას ასწავლის. ის მრევლს ვერაფრით ვერ უმკურნალებს, რადგან თავად არ შეუძლია განკურნება და მისი მრევლიც ღრმა დაბნეულობაში იქნება, განკურნებაც შეუძლებელი გახდება და ამას ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. დღეს, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით უფრო ჯანსაღად აზროვნებენ ის ადამიანები, ვინც ეკლესიაში არ დადიან, ვიდრე ისინი, ვინც ეკლესიაში დადიან – ეს არის ყველაზე სამწუხარო. ქრისტიანი, უპირველეს ყოვლისა, განათლებულ ადამიანს ნიშნავს, რადგან ქრისტეს სინათლე შეაქვს ადამიანში. როცა ადამიანი უმეცარია, გაუნათლებელია, არ ცდილობს განვითარდეს, მასში ეს ცოდნა, სინათლე, ვერ შევა. რადგან ვერ შევა, შემდეგ ადამიანის სულიერება განიცდის მუტაციას და, ცდილობს, თავისი გამრუდებული წესები და შეხედულებები დაამკვიდროს. ორჯერ და სამჯერ სამწუხაროა, რომ მოძღვარი ხშირად ადამიანებს მხოლოდ ეკლესიაში დგომას სთხოვს და არა განათლებას, განვითარებას.
– სასულიერო პირები ამ ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებენ. განათლებული პიროვნების მართვა არ არის ადვილი, რასაც ვერ ვიტყვით გაუნათლებელ ადამიანზე, რომელიც ბრმად მიჰყვება მოძღვარს.
– ეს ორმაგად კარგია იმ მოძღვრებისთვის, რომლებსაც არ უყვართ განათლებული ადამიანები, რადგან, თუ ადამიანი განათლებული იქნება, ის მიხვდება მის აბდა-უბდას და იმას, რომ სასულიერო პირს არა სულიწმიდა ალაპარაკებს, არამედ თავისივე დაცემული ბუნება. შესაბამისად, დადგება დრო, როდესაც დატოვებს ასეთ მოძღვარს და წავა იმასთან, ვინც შედარებით უკეთ იცის სულიერი საკითხები, თეოლოგია. ამიტომაც, გაუნათლებელ სასულიერო პირებს არ სჭირდებათ განათლებული მრევლი. მე ვიცნობ ისეთ მოძღვრებსაც, ძირითადად უფრო რეგიონებში, რომლებიც გოგონებს სწავლას უკრძალავენ: რად გინდა, მაინც უნდა გათხოვდე და სახლში დაჯდეო. ისინიც, სამწუხაროდ, ემორჩილებიან, რაც ორივეს მხრიდან გაუნათლებლობა და სრული სიბნელეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასულიერო პირი, სახარების მიხედვით, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, უნდა იყოს იდეალური ერისკაცი; მისი დანიშნულებაა, ადამიანი მიიყვანოს ქრისტესთან. ქრისტესთან კი გაუნათლებელი, სულით, გულითა და ინტელექტით უმეცარი ვერ მივა. გამოდის, რომ ადამიანი ავტომატურად მიდის სასულიერო პირთან, რომელიც არ არის ქრისტე და მას ძალიან ბევრი რამ ეშლება. მე თუ ადამიანი ქრისტესთან არ მიმყავს, ჩემთან მიმყავს, ესე იგი, ჩვენ ორივენი ჯოჯოხეთისთვის ვართ განწირულები. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს და აქედან გამოსავალი ერთია – განათლების მიღება, რაშიც მხოლოდ ქრისტიანული თეოლოგია არ მოიაზრება. შეგვიძლია, საერო განათლებით მივიღოთ უამრავი ინფორმაცია – ცუდიც და კარგიც, წავიკითხოთ ბევრი რამ და სახარება გამოვიყენოთ ამ ყველაფრის ერთგვარ ფილტრაციად, რომელიც დატოვებს იმას, რაც ჩვენთვის აუცილებელი და მისაღებია, რომ იყო კარგი ადამიანი, იყო ქრისტესთან ახლოს და ქრისტეს მეგობარი.