ეკლესიური სწავლება
დედაკაცი
ქალის ბუნება მამაკაცისგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ ის უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი – გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა თუ სხვა ახლობლის მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისგან განსხვავებული თვისება იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისთვის ამზადებდა. უპირველესად, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ ის ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე – ასევე, გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე გახლდათ. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს ახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისთვის, მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
გრძნობები
მინდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო! – ასე ამბობს სხეულის მონა, – და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობაშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებაზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს, არ უნდა და არც შეუძლია ამაზე ფიქრი (იხ. რომ. 8,7). მან იცის მხოლოდ სიამოვნებათა სხვადასხვაგვარი სახეობა, მარტო ამაზე შეუძლია საუბარი და მსჯელობა. რამდენი სიკეთეცაა დედამიწაზე, რამდენი მოთხოვნილებაც აქვს მის სხეულს, სიამოვნებათა იმდენი სრული სფეროა გრძნობებს აყოლილისთვის – თითოეული მათგანისთვის მასში ჩნდება განსაკუთრებული მიდრეკილება. ტკბილეულისმოყვარეობა, ძღომამდე ჭამა, განებივრება, კეკლუცობა, სიზარმაცე, გარყვნილება – მიდრეკილებები, რომელთა ძალაც უთანაბრდება ბუნების კანონთა ძალას. დაიწყებს ადამიანი გემოვნებით ტკბობას – ხდება გემოთმოყვარე; ფერთა თამაში ასწავლის მას კეკლუცობას; ხმათა მრავალფეროვნება – ლაქლაქს; ჭამის მოთხოვნილება უბიძგებს ძღომისკენ; თავდაცვის მოთხოვნილება – სიზარმაცისკენ; სხვა მოთხოვნილებები – გარყვნილებისკენ.
წმიდა თეოფანე დაყუდებული