რატომ ელაპარაკებოდა ვლადიმირ პუტინი ყველაზე ხშირად ტელეფონით მიხეილ სააკაშვილს და რა იფარება რუსეთის სიძულვილის შირმის უკან
ისე მოხდა, რომ სიძულვილი ქართველებისადმი ჩვენებური სეპარატისტების სავიზიტო ბარათია: ამ სიძულვილს თვით ქართული ანბანიც კი ვერ გადაურჩა („მაკარონებადაც“ მოიხსენიებენ); და ამ სიძულვილის გამოსაწვევად სავსებით საკმარისია ერთადერთი ნიშანი – ეთნიკურად ქართველობა. ქართველებისადმი სიძულვილი ოს და აფხაზ სეპარატისტულ საზოგადოებებში მისასალმებელია და კარგ ტონადაც მიიჩნევა, რაც, თავისთავად, მათ მეტად ცუდად ახასიათებთ და ცივილიზებული მსოფლიოსთვის ეს დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. ამის პარალელურად, არც ჩვენი, ქართველი საზოგადოებისთვისაა უცხო სიძულვილის ფენომენი, რომელსაც აქტიურად გამოვხატავთ რუსეთისადმი, რაც ოკუპაციის ფაქტს (და არა მხოლოდ) უკავშირდება. როგორ ახასიათებს სიძულვილი მას, ვისაც სძულს და რამდენად კარგი მოკავშირეა ის პრობლემის გადასაჭრელად? – თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– სიძულვილი, გასაგებია, რომ ადამიანური თვისებაა, მაგრამ რატომ არის მოჭარბებული ეს დესტრუქციული ემოცია პოსტ სოციალისტურ სივრცეში?
– სამწუხაროდ, უფრო მძიმე მაგალითების მოწმეებიც ვართ. პოლიტიზებული ისლამისტების, ანუ ტერორისტების დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებისადმი სიძულვილის ის ხარისხია, რომელთან შედარებითაც ჩვენი მაგალითები ღიმილის მომგვრელია და ტოლერანტობის ნიმუში უფროა. თან, ისლამისტების სიძულვილმა გააჩინა საპასუხო რეაქცია, ის, რაც ახლა ევროპის ყველა ხალხში ხდება: სარპოტესტო აქციები მუსლიმანი ლტოლვილების მიმართ. ასე რომ, სიძულვილი ტრიალებს და ის რაფინირებული დამოკიდებულება, რაც შენგენის ზონას და ზოგადად ჩრდილოატლანტიკურ სივრცეს ახასიათებს, უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. და ეს ის გამონაკლისია, რომელიც წარმოიშვა დიდი სიძულვილის შემდეგ: გავიხსენოთ წინა პერიოდი, რა სახით გამოავლინა ჰიტლერმა კაცობრიობისა და განსაკუთრებით, მთელი ევროპის მიმართ სიძულვილი. იმის კომპენსაცია იყო ტოლერანტობა და, ალბათ, ამიტომააა, რომ ამგვარი ტოლერანტობის ერთ-ერთი მედროშეა გერმანია. ამდენად, იმის მიჩნევა, რომ სიძულვილი იშვიათობაა, ალბათ, არ იქნება სწორი. სიძულვილი ხშირია; ისეთ დროს ამოტვიტივდება, როდესაც პრობლემა აქვს ხალხს სხვა ქვეყანასთან, სხვა ეთნოსთან. ასეთი პრობლემა აქვთ აფხაზებსა და ოსებს დანარჩენ საქართველოსთან, ანალოგიური პრობლემები გვაქვს ჩვენც მათდამი და, მე მიხარია, რომ ქართველებს მათდამი ნაკლები აგრესია აქვთ, თუმცა, ლოგიკურად, უნდა იყოს.
– ანგელოზებივით ვჩანვართ ხოლმე მათ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც დიდი აგრესიულობით გამოვირჩევით.
– დიახ და ამ აგრესიულობის გამო ცხვირიც წავიმტვრიეთ. ეს აგრესიულობა გამოვლინდა გასული საუკუნის 90-ან წლებში ზვიად გამსახურდიას დროს. იმ აგრესიულობამ გააჩინა შემდეგ კონფლიქტი ოსებთან, აფხაზებთან... ასე რომ, ტოლერანტობა ძალიან ხშირად ჩნდება მარცხიანი, დამღუპველი აგრესიულობის შემდგომ რაუნდზე. ანალოგიური ტოლერანტობა ჩვენ ბევრის მიმართ გვაქვს და უნდა გავიხსენოთ ის, რომ ძალიან მძიმე ისტორიული წარსული გვაკავშირებს ირანთან და თურქეთთან, ზოგადად, ისლამურ სამყაროსთან, მაგრამ დღეს არ არსებობს ამ ტიპის აგრესია მათდამი და ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურებაც არ არის. თუმცა ჩვენ გვიყვარს ამის შეფასება, როგორც პიროვნული ტოლერანტობის გამოვლენისა, მაგრამ არ არის ეს მხოლოდ პიროვნული ტოლერანტობა, უბრალოდ, მცირე ქვეყნისთვის აგრესიულობა წამგებიანია, მით უმეტეს, დიდი ქვეყნებისადმი გამოვლენილი.
– წამგებიანი რატომაა: იმიტომ, რომ ვერ მოვერევით?
– 2008 წლის ომი გავიხსენოთ: რუსეთს დაუპირისპირდი, გამოავლინე შენი აგრესიულობა და მიიღე შედეგი. შესაბამისად, თუ დაუპირისპირდი ირანს, თურქეთს, ყველას, ვის მიმართაც აგერსია შეიძლება გქონდეს, როგორც მცირე ქვეყანა, ვერ მოახერხებ ამდენი აგრესიით შენთვის მომგებიანი შედეგის მიღებას. ამიტომ ირჩევ სტრატეგიას, რომ უარი თქვა ამ აგრესიაზე და ეძებო არააგრესიული გზები მიზნის მისაღწევად, ან, შეიძლება, საერთოდაც უარი თქვა მიზნის მიღწევაზე. ვინ გამოირჩევა დღეს ასეთი აგრესიულობით? ისლამისტი ტერორისტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსოფლიო უნდა იყოს ისლამის წესების დამცველი და მათ შეუძლიათ ამის განხორციელება იარაღით ხელში. მაგრამ, როდესაც აგრესიულობამ ქვა ქვაზე არ დატოვა გერმანიაში, მას შემდეგ გახდნენ გერმანელები ტოლერანტები, თორემ, მანამდე ხომ ემხრობოდა მთელი გერმანია ჰიტლერის იდეოლოგიას?! ანალოგიურად, სანამ ისლამური სახალიფოსა და სხვა დაჯგუფების წარმომადგენლები არ მივლენ იმ წერტილამდე, რომ მათთვის წამგებიანი იქნება მსოფლიოსთან დაპირისპირება, მანამდე არ გაახსენდებათ, რომ ისლამი ჰუმანური რელიგიაცაა. ამდენად, აგრესიულობასა და ტოლერანტობას აქვს თავისი ლოგიკა. ყველა ხალხს ახასიათებს აგრესიულობის იმპულსი სხვა ადამიანების მიმართ არა მხოლოდ გარეთ, შიგნითაც.
– რამდენად პროდუქტიული იქნება ჩვენი ბრმა სიძულვილი რუსეთისადმი? ბრმა-მეთქი, ვამბობ, რადგან რუსი კლასიკოსებიც, ერთი რელიგიაც კი გვიქმნის, თურმე, საფრთხეს. ასეთი დამოკიდებულება შედეგს მოიტანს? სიყვარული ან სიძულვილი გამოგვადგება მოკავშირედ?
– თქვენ ორივე ახსენეთ: სიყვარულიც და სიძულვილიც და არცერთს არ ვისურვებ მოკავშირედ, იმიტომ, რომ ემოციები ცუდი მრჩეველია ნებისმიერისთვის. ემოციებით მოქმედებისას ცივი გონებით აღარ მოქმედებს ადამიანი და, თუ გონება არ გეხმარება, მაშინ შეცდომებს უშვებს ყველა. რაც შეეხება რუსეთისადმი აგრესიულობას: მას აქვს თავისი გამამყარებელი. საერთოდ, აგრესიასაც სჭირდება თავისი საყრდენი. ეს საყრდენია ის, რომ რუსეთი არა მარტო ჩვენ მიმართააა აგრესიული, არამედ მსოფლიოს დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილისადმიც და, შესაბამისად, რუსეთთან დაპირისპირებაში ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ პარტნიორები, ისევე, როგორც ისლამურ ტერორიზმთან დაპირისპირებაში შეგვიძლია, ვიპოვოთ პარტნიორები, თუ ეს გახდება ჩვენი პრობლემა. ანალოგიურად, რუსული სახელმწიფოც რეალურად ტერორისტული სახელმწიფოა, სხვა ქვეყნებს უქმნის ტერორისტულ საფრთხეებს და ამიტომ ჩვენც ვპოულობთ პარტნიორებს მასთან დაპირისპირებისას. რუსეთისადმი, რბილად რომ ვთქვა, უარყოფითი დამოკიდებულება ამით მყარდება და ამიტომ ნარჩუნდება, მით უმეტეს, რომ ამის შენარჩუნებას რუსეთიც უწყობს ხელს.
– ცდილობს, მუდმივად შეგვახსენოს თავი.
– დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში დგას მისი ტანკები. ანუ გასაკვირი არ არის, რომ არ გამოვირჩეოდეთ რუსეთისადმი დიდი სიყვარულით; გვქონდეს მისგან შექმნილი მტრის ხატი, მაგრამ თუ ეს გადაიზარდა აკვიატებულ სიძულვილში, რა თქმა უნდა, მეორე უკიდურესობა იქნება.
– სწორედ ეს ვიკითხე, აკვიატებული სიძულვილი ჩვენ ხომ არ გვვნებს-მეთქი. ლოგიკა ასეთია: თუ მე მომეწონება და მეყვარება ბულგაკოვი, რუსი დამიმტკიცებს, რომ ჩვენ ერთნი ვართ, თურმე.
– ირანი დამპყრობელი იყო, მაგრამ ირანული პოეზია მოგვწონდა და საქართველოს კარზე ირანული პოეზიის სტანდარტები იყო. ამის საფუძველზე იქმნებოდა ბევრი რამ და, მათ შორის, შეიქმნა „ვეფხისტყაოსანი“.
– საუკეთესოა „ვისრამიანის“ ქართული თარგმანი, დედანსაც სჯობსო.
– დიახ. ანუ ამ დაპირისპირებებში კულტურაზე უარი არ გვითქვამს, ისევე, როგორც რუსეთს არ უთქვამს უარი ფრანგულ კულტურაზე, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონს ებრძოდა, ანუ ბრძოლა არ გულისხმობს, პოზიტიურზეც თქვა უარი. ეგ სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვას ჰგავს. რუსეთს არაფერი დააკლდება, თუ ქართველები არ გაიზიარებენ ტოლსტოის, დოსტოევსკის, პუშკინსა და ბულგაკოვს, აღარ ჩამოვთვლი, ჩვენ დაგვაკლდება და, რატომ უნდა დავიკლოთ, გაუგებარია. ამიტომ ვამბობ, რომ სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვის ტოლფასია. როგორც იმას ვიხსენებთ ღიმილით, ასეთივე მწარე ღიმილითაა შესაფასებელი ეს პოზიცია, ჩემი აზრით. აქვე ერთ მაგალითს გავიხსენებ, თუ რატომ შეიძლება, იყოს წამგებიანი ღრმა მიუღებლობა: გასული საუკუნის 90-ან წლებში, როდესაც გვარიანად არეული იყო სიტუაცია, მაგრამ უკვე ცხადი იყო სრული მიუღებლობა რუსეთისადმი აფხაზეთის დაცემის გამო, ჩამოვიდა ფრანგი ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც საქართველოში შექმნილ ვითარებას შეისწავლიდნენ და მათი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იყო, რომ ეს ქვეყანა განწირულია გაუნათლებლობისთვისო. ჰქონდათ მარტივი ლოგიკა, ერთ წინადადებაში სათქმელი: იმიტომ, რომ რიგი მიზეზების გამო, მასას ორიენტაცია რუსულზე არ აქვს, აქვთ ინგლისურზე, მაგრამ არ არსებობს წყარო, ანუ ინგლისურენოვანი ლიტერატურა, არის მხოლოდ რუსულენოვანიო. ესე იგი, რუსული არ იციან, ამიტომ რუსულენოვან წყაროებს ვერ კითხულობენ, ინგლისური იციან, მაგრამ წყარო არ აქვთო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამოიხატა არაპრაგმატულობა. რუსული არ გინდა, მაგრამ, რადგან არ გინდა, უარს ამბობ რუსულ წყაროებზე ანუ გაუნათლებლობაზე ხარ თანახმა, ოღონდ რუსული არ ისწავლო და ამით აკეთებ რუსულ საქმეს. არცერთი ქვეყნის ინტერესი არ არის საქართველოს გაუნათლებლად დარჩენა, როგორც რუსეთის. ამდენად, ამ ტიპის ემოციით ხელს ვუწყობთ იმას, რა მიზანსაც რუსეთი ისახავს, მაშინ, როდესაც, დღეს რუსული, გინდ – ბეჭდური, გინდ – ინტერნეტწყაროები, გაცილებით ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქისთვის, შეიძლება, ხვალ და ზეგ შეიცვალოს მდგომარეობა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ენაზე არსებული წყაროები. ინფორმაციის მომწოდებელი კი წყაროა, თორემ, ენის ცოდნა ჭკუას არ ჰმატებს ადამიანს, თუ იმ ენაზე ვერ იღებს ინფორმაციას.
– სიძულვილი, ზოგადად, რას წარმოაჩენს: არასრულფასოვნებას, შეცდენის შიშს?
– შიშია, მეტი არაფერი.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ, ესე იგი, აღიარებ მოწინააღმდეგის უპირატესობას?
– არასრულფასოვნება ახსენეთ პირველი. ერთი მეორიდან გამომდინარეობს: თავისი თავი ძლიერად ვისაც მიაჩნია, იმას შიში არც აქვს. სიძლიერე არ გულისხმობს, რომ ჩემი კულტურა უნდა სჯობდეს სხვისას, რადგან არ არსებობს ისეთი კულტურა, ყველა სხვას სჯობდეს. არადა, როგორც ქართველი, ვარ ის პიროვნება, რომელსაც თანაბრად თავისუფლად შემიძლია, გავიგო ისლამური აღმოსავლეთი, ევროპული ცივილიზაცია, რუსული კულტურა და ასე შემდეგ. გზაჯვარედინზე ცხოვრების გამო გახსნილი გვაქვს მრავალი მიმართულებით ურთიერთობის უნარი, მათ შორის, შორეული აღმოსავლეთისკენაც, იმიტომ, რომ აბრეშუმის გზა აქ შემოდიოდა და, გარდა მატერიალურისა, კულტურის ნიშნებსაც გვმატებდა. სწორედ ისაა სიძლიერე, რომ მიიღო სხვა კულტურა და ჩვენ ეს გვახასიათებს, ჩვენი კულტურა იღებდა სხვების კულტურას. გვექნებოდა თუ არა „ვეფხისტყაოსანი“, რომ არ არსებულიყო ირანული კულტურის მიღების უნარი – ერთი მხრივ და, ქრისტიანული ფილოსოფიისა და კულტურის მიღების უნარი – მეორე მხრივ?! ამ ორი მიმართულების შერწყმაა „ვეფხისტყაოსანი“, ოღონდ, გენიალური შერწყმა.
– არ ვიცი, მართლაც აპირებდნენ თუ არა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში ლაპარაკი იყო გრიბოედოვის გადმოსვენებაზე, პუშკინის სკვერისთვის სახელის გადარქმევაზე.
– სააკაშვილთან ცოტა სხვა სიტუაციაა. ხშირად მტრის ხატი იქმნება სწორედ იმისთვის, რომ გადაფარო შენი ალიანსი მტერთან. მგონი, ამ შემთხვევაში ასეთ გულუბრყვილო სტერეოტიპთან არ გვაქვს საქმე. ეს სტერეოტიპი შემუშავდა შირმად. ისევე, როგორც, როდესაც ქურდს მოსდევენ და ის სხვისკენ იშვერს ხელს ყვირილით: არიქა, ქურდიო, – იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ეჭვი. ერთხელ, შემთხვევით, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას, „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულს, იმ პერიოდისას, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან. გამოქვეყნებული იყო პუტინის სატელეფონო ზარები და მათი სიხშირე და, ყველაზე ხშირად პუტინი, თურმე, ელაპარაკებოდა სააკაშვილს, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით. ამასთან, გავიხსენოთ, ვის ხელში გადავიდა ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ობიექტები?! გავიხსენოთ, ვინ განაგებდა ამ ობიექტების ბედ-იღბალს?! რუსეთიდან ჩამოყვანილი ბენდუქიძე. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიფასებია პოლიტიკური პერიოდები, თორემ, სააკაშვილთან ეს რუსული თემა ძალიან ჩახლართულია და ის მხოლოდ სტერეოტიპისა ან შიშის ტერმინებით ვერ შეფასდება. პირიქით, ანტირუსულობა პრორუსული პოლიტიკის ნიღბად გამოიყენებოდა, ჩემი აზრით. მაგრამ ეს უფრო დეტალური შესწავლის შემდეგ შეიძლება, ითქვას დაზუსტებით.