შეძლებს თუ არა ირანი სომხეთის მეშვეობით გაზის ევროპისკენ გატანას შავი ზღვის გავლით, განაწყენდება თუ არა აზერბაიჯანი და რატომ დარჩა „გაზპრომი“ თამაშგარედ
„გაზპრომის“ თემა ისე მიინავლა, თითქოს არც ყოფილა. ხეირიანად ისიც ვერ გავიგეთ, თუ მაინც რას ითხოვდა და რამდენად საფუძვლიანი იყო მისი შანტაჟი და რატომ გვთავაზობდა თანხას გატარებული გაზის პროცენტის ნატურით დატოვების ნაცვლად. თუმცა ამასობაში გაირკვა, რომ ემბარგოახსნილი ირანი სომხეთს ხუთჯერ მეტ გაზს მიაწვდის. რას შეიძლება, ნიშნავდეს ეს აქტივობა, გარდა სომხეთის მიერ ალტერნატიული მიმწოდებლის პოვნისა, რამდენად რეალურია ირანული გაზის სომხეთ-საქართველოს გავლით ევროპისკენ ტრანსპორტირება და ხომ არ დატოვებს ეს პერსპექტივა თამაშგარედ აზერბაიჯანს, – ამ შეკითხვებს სანდრო თვალჭრელიძე უპასუხებს.
– ყურს მოხვდა ხუთჯერ მეტი, მაინც რამდენ კუბმეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის ირანი სომხეთს და რას შეიძლება, ნიშნავდეს ეს აქტივობა, გარდა გაზის მიწოდებისა?
– სომხეთსა და ირანს შორის ენერგოთანამშრომლობას. ახალი, დიდი, 320-კილოვოლტიანი ელექტროხაზი შენდება სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი. ირანმა სომხეთს ბევრი გაზი უნდა მიაწოდოს, რომ სომხეთმა თავის თბოსადგურებში გამოიმუშაოს ელექტროენერგია და ირანს უკან მიაწოდოს. აი, ასეთი სქემა დგება. ირანს სომხეთთან აკავშირებს 700-მილიმეტრიანი მილსადენი. ხუთჯერ რომ გაიზრდება მიწოდება ირანიდან, ის მილი მთლიანად აივსება და ახალი მილსადენის მშენებლობის გარეშე ირანიდან სომხეთისკენ მეტი გაზის მიწოდება შეუძლებლი იქნება. ეს არის მაქსიმალური რაოდენობა: დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონი კუბური მეტრი წელიწადში.
– ჩვენ სომხეთისთვის გაზის გატარების საფასურად ვიტოვებდით გატარებული მოცულობის 10 პროცენტს. სულ კი ვატარებდით 2 მილიარდ კუბურ მეტრს. თუ ახლა ირანიდან მიიღებს სომხეთი მილიარდზე მეტს, ესე იგი, „გაზპრომის“ გაზი აღარ დასჭირდება?
– „გაზპრომი” სომხეთს ორ მილიარდზე ცოტა მეტ გაზს აწვდიდა და ჩვენ, დაახლოებით, 220-230 მილიონ კუბურ მეტრს ვიტოვებდით ტრანზიტის სახით. ირანიდან გაზის მიღება ნიშნავს, რომ სომხეთი ზრდის თავის გაზის მოხმარებას. ვითარდება ქვეყანა და მეტი ენერგია სჭირდება. უბრალოდ, ორივე მილს აქვს თავისი ტექნიკური პარამეტრები და მეტის გატარება არ შეუძლია. საქართველოს კი შეუძლია მეტის მიღება, იმიტომ რომ, რუსეთთან ორი მილი გვაკავშირებს: 1 200 და 700-მილიმეტრიანი, სომხეთთან საქართველოს დამაკავშირებელი მილი კი 1 000-მილიმეტრიანია და, ამდენად, მეტის გატარება სომხეთისკენ შეუძლებელია. კერძოდ, იმ ჩრდილო-სამხრეთის მილს, რომელიც რუსეთიდან სომხეთში მიდის შეუძლია, მაქსიმუმ, ორ-ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება. ამიტომაც დაუკავშირდა სომხეთი ირანს და ახალი, 700-მილიმეტრიანი მილსადენი ააშენა.
– ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას ითხოვდა „გაზპრომი“ მოლაპარაკებებზე, მაგრამ გაზის ნაცვლად ფულს იმიტომ გვთავაზობდა, რომ სომხეთისთვის მიეწვდინა ის 10 პროცენტიც, რასაც ჩვენ ვიტოვებდით?
– ეს იყო შანტაჟის რაღაც მცდელობა, რამაც ირან-სომხეთის ურთიერთობას ძალიან შეუწყო ხელი. აი, ნახეთ, რა თქვა კახა კალაძემ: ტექნიკურად შესაძლებელია კიდევ ერთი მილიარდის გატარებაო, როგორც კი ეს გაიგეს ირანელებმა და სომხებმა მაშინვე ხელშეკრულება გააფორმეს და ამ მილიარდს პირდაპირ ირანი მიაწვდის სომხეთს. ასე რომ, „გაზპრომი“ ამ პროექტში თამაშგარედ რჩება, იმიტომ რომ, სომხეთისთვის მეტი გაზის მიწოდება ტექნიკურად შეუძლებელია. ერთადერთი მილსადენი, რომელიც ირანს აერთებს გარე სამყაროსთან, სომხეთის მილსადენის გარდა, არის თურქმენეთზე გამავალი უძველესი გაზსადენი, რომელსაც წელიწადში ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. ირანი ამ მილსადენს თავისი ჩრდილოეთ ტერიტორიებისთვის ხმარობს. ირანი უზარმაზარი ქვეყანაა, ძირითადი ენერგომარაგი კი აქვს სპარსეთის ყურის მიდამოებში და გაზის 2 000 კილომეტრზე გატარებას ურჩევნია, თურქმენეთიდან მიიღოს და თავის ჩრდილოეთ ტერიტორიებს ამ გაზით ამარაგებს. ამდენად, ტექნიკურად შეუძლებელია, „გაზპრომმა“ მეტი გაზი მიაწოდოს სომხეთს, ჯიბეში ხომ არ ჩაიდებს და ისე ხომ არ მიუტანს გაზს?! ასე რომ, ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი გზაა – საქართველოს გავლით მიაწოდოს სომხეთს გაზი.
– ისიც შეზღუდული რაოდენობის.
– მაქსიმუმ, ორ-ნახევარი მილიარდის.
– „გაზპრომის“ შანტაჟი მხოლოდ ის იყო, რაც ოფიციალურად ითქვა?
– თქვა კალაძემ, რით გამოიხატებოდა შანტაჟი: თუ უარს იტყვით ტრანზიტის საფასურის ფულით აღებაზე, მაშინ ირანიდან მივაწვდით სომხეთს გაზსო. ახლა გამოჩნდა, რომ ამას ვერაფრით გააკეთებენ. თუმცა მე მაშინაც ვთქვი, რომ „გაზპრომს“ არაფერი გამოუვიდოდა. ირანს გაზის გაცილებით მეტი რესურსი აქვს, ვიდრე რუსეთს და ასჯერ ნაკლებს ყიდის, ვიდრე რუსეთი. ამიტომ ირანის ძირითადი გამოწვევა და მიზანია, რომ თავისი გაზის ექსპორტი გაზარდოს; და რატომ გაატარებს ირანი „გაზპრომის“ გაზს, ისიც თურქმენეთის გავლით?! თავისას გაყიდის დიდი სიამოვნებით.
– ფასი? რუსეთი საკმაოდ შეღავათიან ფასად აწვდის სომხეთს გაზს. ირანული გაზი კი, როგორც ამბობენ, ძვირი ღირს.
– მგონია, ზუსტად იმიტომ მოაწერეს ხელი ირანთან შეთანხმებას, რომ კარგი ფასია ან ბარტერი იქნება და გაუცვლიან ელექტროენერგიაში. ეს კომერციული საიდუმლოა და ამის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ სომხები იმის ჩიტები არ არიან, ძალიან მაღალ ფასზე დათანხმებულიყვნენ.
– რუსეთს არ აძლევდა ხელს თუ არ შეეძლო, ხელი შეეშალა სომხეთ-ირანის ენერგოიდილიისთვის?
– არ შეეძლო რუსეთს, ხელი შეეშალა ირანისთვის. რუსეთსა და ირანს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოატყუა და ურანის ღრმა გამდიდრების ტექნოლოგიები არ მისცა.
– სომხეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდით თითქოს ირანი რუსეთისკენ გადაიხარა. სომხეთი რუსეთის ლამის ერთადერთი მოკავშირეა.
– არა, რასაკვირველია, ირანს დიპლომატიური ურთიერთობების 1 200-წლიანი ისტორია აქვს. გასულ კვირას ისაუბრეს ირანის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილმა და ჩვენებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ირანს მოუხსნიან სავიზო რეჟიმს. გარდა ამისა, როდის არ ვიცი, მაგრამ ირანი ამ შესაძლებლობებს გამოიყენებს. ვგულისხმობ შავი ზღვის სანაპიროზე გაზის გამათხევადებელი ტერმინალის აშენებას, რადგან ეს არის უმოკლესი გზა ევროპისკენ. ირანის გაზი გავა შავ ზღვაზე, იქიდან გადაიტვირთება ტანკერებზე და ერთ დღეში გავა ევროპაში. ამდენად, ეს იაფი და უმოკლესი გზაა. ამას აუცილებლად გააკეთებს ირანი პერსპექტივაში.
– თუკი ირანს იმაზე მეტის მიწოდება არ შეუძლია სომხეთის გავლით, რასაც ახლა მიაწოდებს, ესე იგი, ახალი მილის აშენებაა საჭირო.
– გრძელი არ იქნება ეს მილი. სულ 350 კილომეტრია.
– მაგრამ ხომ უნდა გამოჩნდნენ დაინტერესებული მხარეები, რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს და ასე შემდეგ.
– ამის მოგვარება შესაძლებელია მაინც.
– აზერბაიჯანი არ განაწყენდება?
– ყველას ინტერესი უნდა დაბალანსდეს. აზერბაიჯანს ფიზიკურად არ შეუძლია მეტის მოწოდება. აზერბაიჯანის მთლიანი გაზის რესურსი 1,2 ტრილიონი კუბმეტრია და მხოლოდ შაჰდენიზის ველზეა თავმოყრილი. ირანის მარაგი 34,7 ტრილიონი კუბური მეტრია, რუსეთის – 30 ტრილიონი. თან, ამ რესურსებს მალე ითვისებენ. მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდი ველის 70 პროცენტი ირანისაა, 30 პროცენტი – ყატარის. ოფშორული ველია, ზღვაშია და ამჟამად იქ შვიდი ახალი ჭაბურღილი იბურღება, რაც 5-ჯერ გაზრდის ძალიან მალე იქიდან გაზის მოპოვებას.
– „გაზპრომის“ თემა ამოიწურა? ოპოზიცია აქტიურად სპეკულირებდა ამ საკითხით, რომ არ დაუშვებდა რუსულ გაზს ჩვენს მილებში.
– როგორც იულიუს ფუჩიკმა თქვა, ადამიანები უნდა ვიყოთ ფხიზლად. „გაზპრომის“ თემა არასდროს ამოიწურება საქართველოში, სანამ ეს მილი არსებობს, მუდმივად იქნება შანტაჟის მცდელობა.
– მილში ჩვენს მაგისტრალურ გაზსადენს გულისხმობთ?
– დიახ, მაგრამ მე განსაკუთრებით მაოცებს „ნაციონალური მოძრაობის“ აბსოლუტურად არაეთიკური განცხადებები. ვინაიდან მთელი გაზსადენის მიყიდვა უნდოდათ თავის დროზე „გაზპრომისთვის“ მიხეილ სააკაშვილსა და კახა ბენდუქიძეს და ამერიკელებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა მაშინ. კონდოლიზა რაისი სპეციალურად ჩამორფინდა თბილისში, რომ ეს შეეჩერებინა და ამის შემდეგ ისინი კიდევ სხვას აბრალებენ რაღაცას. ცოტა პირი გამოიწმინდონ და ისე ილაპარაკონ. თუმცა ის, რომ ჩვენი მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტროში ყველა, გარდა მარიამ ვალიშვილისა, გამოუცდელია და არ იციან წესიერად მოლაპარაკება, ცხადია. არ შეიძლება, ასეთ მოლაპარაკებაზე მიდიოდეს ადამიანი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად არ იცის ინფრასტრუქტურა და მისი შესაძლებლობები.
– იმის თქმა გინდათ, რომ ეს პრობლემა აქვს ენერგეტიკის სამინისტროს?
– როგორც გინდა, ისე გაიგეთ ჩემი ეს შეფასება.
– აზერბაიჯანი საკმაოდ მშვიდადაა იმიტომ რომ თავისი ეკონომიკური პრობლემები აქვს თუ რა მიზეზია?
– აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რამდენიც შეუძლია, იმდენ გაზს გვაწვდის. მეტის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა არ არის. ორი მილი გვაკავშირებს აზერბაიჯანთან და ორივე დატენილია გაზით. მაქსიმუმი, რაც შეუძლია, აზერბაიჯანს მოგვაწოდოს, არის 6 მილიონი კუბური მეტრი დღეში. ჩვენ კი გვჭირდება 7 მილიონი, ანუ ერთი მილიონი გვაკლდება. ამიტომ ვიღაცისგან უნდა ვიყიდოთ. აზერბაიჯანს ესმის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ, როდესაც აშენდება გაზის საცავი, ეს პრობლემა მოიხსნება და გეტყვით, რატომ: გაზის მოხმარების ჩვენი სტრუქტურა ასეთია – ზამთრის 4-5 თვეში მოვიხმართ გაზის წლიური მოხმარების 80 პროცენტს, დანარჩენ დროს – დარჩენილ 20 პროცენტს. თუ საცავი გვექნა, შეგვიძლია დავტენოთ ეს მილი ზაფხულშიც და ჩავქაჩოთ ეს გაზი საცავში, ხოლო ზამთრის პერიოდში დეფიტიცი იქიდან შევივსოთ. ჩემი აზრით, გაზის საცავის სიმძლავრე 4 მილიარდ კუბურ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
– 4 მილიარდამდე ავედით?!
– ამჟამად წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოვიხმართ, მაგრამ 4 მილიარდამდე ავალთ, მე პერსპექტივაზე ვლაპარაკობ.
– ბოლო ორი წელია, „ფრონტერა“, თან, დაახლოებით, ამ პერიოდში, სულ იმას ამბობს, რომ აღმოაჩინა გაზის მარაგი. აქვს ამ განცხადებას რეალური საფუძველი?
– ეს მათი პირველი განცხადება არ არის. მახსოვს, 1998 წელი, როდესაც „ფრონტერამ“ გამოაცხადა, რომ იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინა 500 მილიონი ტონა ნავთობი და ბატონი ედუარდ შევარდნაძე ჩაიყვანა პირველი ჭის წითელი ლენტის გადასაჭრელად.
– თუ არ ვცდები, მაშინ თქვა შევარდნაძემ, საქართველო დგას გაზსა და ნავთობზეო. ჩაფხუტიც ეხურა და ნავთიც დალიეს.
– დიახ, მაშინ თქვა და ზუსტად იმ პერიოდში „ფრონტერამ“ თავისი აქციების კაპიტალიზაციით ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. მაშინ არასამთავრობო სექტორში ვიყავი და მთავრობის სხდომაზე დამპატიჟეს. ეს ამბავი რომ ვთქვი, „ფრონტერამ“ თავისი ვებ-გვერდი დახურა. ამის შემდეგ გავიდა 20 წელი, „ფრონტერას“ არც ერთი ჭა არ გაუბურღავს. 2 „დე“ გეოფიზიკა გააკეთეს, 3 „დეც“ კი არა და გამოაცხადეს ასეთი რამ. ეს შეუძლებელია, თუნდაც, მოცულობები რომ დათვალოთ, თუ რამდენი გაზი ჩაეტევა ჭურფელში; გამოცხადებული 3,8 ტრილიონი კუბური მეტრი ვერაფრით იქნება. მე მგონია, რომ ეს არის „ფრონტერას“ მიერ თავისი აქციების კაპიტალიზაციის მცდელობა.