როგორ მოახერხეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა და მისმა მეუღლემ წელიწადში 125 000-ლარიანი სახელფასო შემოსავლის მიღება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი ცოტნე ყავლაშვილი 1983 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება 2000-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიუღია, 2004-2006 წლებში კი იმავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა.
მისი შრომითი ბიოგრაფია იწყება 2005 წელს, საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტის ექსპერტის თანაშემწედ. 2006 წლის სექტემბერ-დეკემბერში საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოს სპეციალისტად იმუშავა; 2007 წლის მაისამდე – საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს სპეციალისტად. 2007 წლის ნოემბერში საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად დაინიშნა, შემდეგ – უფროს სპეციალისტად. 2008 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ივნისამდე საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო; 2013 წლის იანვარ-ივნისამდე – ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი (არსადაა მითითებული, თუ რომელი უწყების საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო ბ-ნი ყავლაშვილი, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროსი). 2013 წელს სახაზინო სამსახურის უფროსად დაინიშნა, 2015 წლის ივნისში – ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და დღემდე მოადგილეცაა და სახაზინო სამსახურის უფროსიც.
ცოტნე ყავლაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1982 წელს დაბადებული სალომე მედოიძე და ორი შვილი – 2005 წელს დაბადებული ანა და 2008 წელს დაბადებული მათე.
უძრავ ქონებას მხოლოდ ჩინოვნიკის მეუღლე ფლობდა: დიდ დიღომში საცხოვრებელ ბინასა (58 კვ. მ.) და ავტოფარეხს (21 კვ. მ.). სამაგიეროდ, ბ-ნ ყავლაშვილს ჰყავდა ორი ავტომანქანა: 1995 წლის „ბე ემ ვე“ და 1999 წლის „მიცუბიში პაჯერო“. დასაქმებული კი ორივე გახლდათ.
შესაბამისად, 2011 წლის განმავლობაში ბ-ნ მა ყავლაშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსმა, 60 000 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ კი, როგორც „ალდაგი ბი სი აის“ დებიტორებთან ურთიერთობის ოფიცერმა – 12 000 ლარი.
ბოლო დეკლარაცია 2015 წელს შეავსო, როგორც მინისტრის მოადგილემ და სახაზინო სამსახურის უფროსმა. ცვლილებაა ოჯახის წევრთა რაოდენობაში – 2013 წელს შესძენიათ ქალიშვილი თეკლა. ასევე, სახაზინო სამსახურის უფროსს მიწა შეუძენია სოფელ დიღომში (1 100კვ. მ.) და მხოლოდ ერთი ავტომობილიღა ჰყავს („მიცუბიში პაჯერო“).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ცოტნე ყავლაშვილმა, როგორც სახაზინო სამსახურის უფროსმა, 99 760 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, რომელიც კვლავ „ალდაგი ბი სი აის“ დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერმა – 35 700 ლარი. 2012 წლის განმავლობაში ცოლ-ქმრის შემოსავლი (იმავე პოზიციებზე) იყო, შესაბამისად, 80 000 და 21 600 ლარი; 2013 წელს – 103 648 და 25 500 ლარი.