უკანასკნელი სიყვარული
„აბა, მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვარ“
თუმცა მწვანე საფარის დიდი სიყვარულით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდნენ („ნაციონალური“ მმართველობისას იმდენი ხე მოიჭრა, რამდენი თმაც თავზე მაქვს), როგორც ჩანს, ხელისუფლებიდან ჩამოშორებამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში ეს გრძნობა გააღვიძა (პათოსით: მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი). რადგან, მაგალითად, სწორედ მათ სახელს უკავშირდება „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზე ნადირობისა და მცენარეების მოჭრის კანონი (რაც, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს)
ჰოდა, რაკი ფლორა-ფაუნისადმი სიყვარულმა ამოხეთქა, ციხისძირში ხეების გადარგვასაც ეწინააღმდეგებიან. იმდენად ძალუმად, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებიც კი დააკავეს, რასაც, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოეხმაურნენ.
ასე, მაგალითად, ამ ფაქტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ბ-ნმა გაბაშვილმა (გოკამ) განაცხადა (მოვიხმობ ციტატას): „სრული უკანონობაა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით აქციის დაშლა… ესაა შემაშფოთებელი, როცა ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება მშვიდობიანი აქციის დაშლა.“
შეუძლებელია, არ დაეთანხმო ბ-ნ გაბაშვილს, რომ აქციის დაშლა ასეთი ფიზიკური ძალის გამოყენებით სრულიად დაუშვებელია, თუ შლი, ისე უნდა დაშალო, აქციის მონაწილეები შიგ ხერხემალში გადაამსხვრიო, როგორც მაშინ, როდესაც ბ-ნი გაბაშვილი ხელისუფლებაში იყო. –